"თქვენი ქონება რეესტრში აბსოლუტურად დაუცველია"
"თქვენი ქონება რეესტრში აბსოლუტურად დაუცველია"
"საჯარო რეესტრის შეცდომის გამო ქონებას ვკარგავ"

რატომ ვერ იცავს საჯარო რეესტრი მოქალაქის ქონებას? ყველა მოქალაქე, ვინც იუსტიციის სახლში ქონების დასარეგისტრირებლად მიდის, დარწმუნებულია, რომ მისი ქონება დაცულია. თურმე ასე არ არის, შეიძლება ერთ დღეს აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ბინა უკვე სხვისია, იუსტიციის სახლში მისულს კი გითხრან, რომ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხს არ აგებენ.(?!) მესამე წელია ნინო დოლიძე იმის შიშით­ ცხოვრობს, რომ ბინას აუქციონზე გაუყიდიან:

- ნუცუბიძის 26 ნომერში მაქვს ბინა, რომელიც 2015 წლის
13 ოქტომბერს მივაქირავე ვინმე ვალერიან მამუკაშვილს. როგორც მითხრა, ქირის ფულს სამსახური გადაუხდიდა და ნოტარიულად დამოწმებ­ული ქირავნობის ხელშეკრულება სჭირდებოდა. გამიხარდა, ვიფიქრე, უფრო დაცული ვიქნები-მეთქი. წავედით ნოტარიუსთან გასაფორმებლად, მაგრამ მას ქირავ­ნობის ნაცვლად, გარიგების ერქვა და ეს გავ­აპროტესტე, მაგრამ ნოტარიუსმა განმიმარტა, თუ ტექსტის შინაარსი გაკმაყოფილებთ, პრობლემა არ არის,
ყველანაირი შეთანხმება გარიგებააო... მოვაწერეთ ხელი, დოკუმენტი სამ ეგზემპლარად შედგა - ერთი მე წამოვიღე, ერთი თაღლითმა და ერთიც ნოტარიუსთან დარჩა. სულ 18 ადგილას მოგვაწერინა ხელი, ეს ყველაფერი აღწერილი იყო დოკუმენტის ბოლო გვერდზე. ხელშეკრულება­ 4-გვერდიანი იყო, ტიპური ქირავნობის. გაქირავებიდან 10 დღეში კი მირეკავს გამომძიებელი და მეუბნება,­ რომ ჩემი ბინა სხვამ გადაიფორმა და იპოთეკით დატვირთა. 22 ოქტომბერს გავიგე, რომ საბუთები გაყალბდა.

- ეს როგორ მოხდა?
- თაღლითური დაჯგუფების მსხვერპლი აღმოვჩნდი. ხელშეკრულების წინა გვერდები, რაც ქირავნობას ეხებოდა, მოხსნეს, დატოვეს მხოლოდ ბოლო გვერდი და იმას მიაკრეს სხვა ტექსტი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ეს ნასყიდობის ხელშეკრულება იყო და მამუკაშვილმა ჩემი ბინა იყიდა. მთლიანად შეცვალა ტექსტი, ნოტარიულად დამოწმებული ბოლო ფურცელი გამოიყენა, აკინძა და წარადგინა რეესტრში. საჯარო რეესტრმა ყალბი დოკუმენტი დაარეგისტრირა და ჩემი ბინა მამუკაშვილის სახელზე გაფორმდა.

- დოკუმენტს არ ეტყობოდა, გაყალბებული რომ იყო?
- აშკარად ჩანს დარღვევები. ბოლო გვერდზე წერია, რომ 4-გვერდიანია, ყალბი კი 3-გვერდიანი იყო. ბოლო გვერდზე ეწერა, რომ დოკუმენტზე მხარეების 18 ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, ამის ნაცვლად დოკუმენტს მხოლოდ 2 ხელმოწერა ჰქონდა, არც ამას მიაქცია რეესტრმა ყურადღება. არც სანოტარო ბაზაში შეამოწმა დოკუმენტი, სადაც გამოჩნდებოდა, რომ ეს ქირავნობის ხელშეკრულება­ იყო. ასეთი დარღვევებით გადაუფორმეს 16 ოქტომბერს ჩემი ბინა მამუკაშვილს, ხოლო სამ დღეში ბინა მევახშეს ჩაუდო, იპოთეკით დატვირთა 35.000 დოლარად... როგორც გაირკვა, თაღლითური ჯგუფის წევრებს ერთ თვეში ამ სქემით 5 ბინა გადაუფორმე­ბიათ. ვინმე ტოფაძე, გორგიძე და მამუკაშვილი ერთად მოქმედებდნენ. დანაშაული ჯგუფური იყო, მაგრამ რატომღაც არ გაასამართლეს ჯგუფურად. ამბავი რომ გახმაურდა, მამუკაშვილი ქვეყნიდან გაიქცა. წელიწად-ნახევარი იმალებოდა, შემდეგ ჩაჰ­ბარდა პოლიციას, გაასამართლეს თაღლითობისთვის და 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა დღემდე ჩემი ბინა მის სახელზეა და იპოთეკით­ არის დატვირთული. 3 წელია ვიბრძვი სასამართლოს გზით. ადმინისტრაციული წესით სარჩელი­ შევიტანე რეესტრის წინააღმდეგ. სამოქალაქო წესით რომ ვიდავო, ვიცი, დამიკმაყოფილებს სასამართლო და დაეკისრება მამუკაშვილს თანხის გადახდა, მაგრამ ამ ფულს ვერასოდეს ამოვიღებ. ამიტომაც ვუჩივი საჯარო რეესტრს, ის იყო ვალდებული, ჩემი ქონება­ დაეცვა, რადგან სახელმწიფო უწყებაა. პირველი პროცესი საქალაქო სასამართლოში მოვიგე. ახლა საქმე სააპელაციოშია­ და როგორ დამთავრდება, არ ვიცი... არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებმაც ანალოგიური დავა სააპელაციოში წააგეს. საჯარო რეესტრის შეცდომის გამო ქონებას ვკარგავ. იპოთეკარმა უკვე აიღო აღსრულების ფურცელი და დღე დღეზე ქონებას აუქციონზე გაიტანენ. სად ვიპოვო სამართალი? ნოტარიუსმა­ მითხრა, გაზაფხულის მერე ასეთი ამბები მესმის, 50 ლარით მეტი რომ გადაგეხადა, დოკუმენტს მე ავტვირთავდი მაშინვე ბაზ­აში და ასე ადვილად ვერ გააყალბებდნენო. რისკი თუ იყო, რატომ არ მითხრა, მეც გადავიხდიდი იმ 50 ლარს და უფრო დაცული ვიქნებოდი.
სახელმწიფო უწყებაში რომ მივდი­ვარ, მგონია, იქ დაცულია ჩემი უფლება, თურმე სად ხარ, ყველაზე მეტად იქ ირღვევა კანონი. ამ თაღლითების უკან ვიღაც დგას, ასე მარტივად ვერ შეძლებდნენ ისინი ქონების დარეგისტრირებას.
დაზარალებული ნინო დოლიძისG ინტერესს ადვოკატი გიგი სისვაძე იცავს. თურმე თავად სისვაძის ოჯახიც გამხდარა ამ თაღლითური ჯგუფის მსხვერპლი, მათი ქონება 75.000 დოლარად დაუტვირთავთ იმავე­ სქემით. ასევე დაზარალებულია ყოფილი პროკურორი გია მათიაშვილიც. იურისტებმაც ვერ დაიცვეს ქონება.

გიგი სისვაძე:
- გიორგი ტოფაძემ, ვალერიან მამუკაშვილმა და გიორგი გორგიძემ 5 მოქალაქე დააზარალეს. მათ შორის ჩემი ოჯახიც. ყველა ბინა ქალაქის ცენტრშია, ვაკეში და საბურთალოზე. ბინა დედ­აჩემის სახელზე იყო რეგისტრირებული, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე. გვქონდა 250 კვადრატამდე კარგად გარემონტებული ბინა და პერიოდულად ვაქირავებდით 2000-3000 დოლარის ფარგლებში. ვითომ ბინის დასაქირავებლად გორგიძე მოვიდა, მას ჩემი ძმა შეხვდა. როგორც უთხრა, ხანგრძლივად სურდა ბინის დაქირავება და ნოტარიულად დამტკიცებული ქირავნობის ხელშეკრულება ითხოვა. ნოტარიუსმა კანონის სრული დაცვით აკინძა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელსაც გარკვევით აწერ­ია, რომ ეს იყო ქირავნობა. 3 ფურცელზე, ყველა­ გვერდზე მოაწერინა მხარეებს ხელი, ჯამში 18 ხელმოწერა იყო. ნოტარიუსი ამით ადასტურებს მხარეთა ნების ნამდვილ­ობას. დოკუმენტში შეღწევადობა რომ არ მოხდეს, სტიკერს აკრავს, ზონარს უკეთებს, არტყამს ბეჭედს და ბოლო გვერდზე მიუთითებს, თუ რამდენი ხელმოწერაა დოკუმენტზე, რამდენი გვერდია. ეს რომ წაეკითხა რეესტრის თანამშრომელს, უპრობლემოდ­ აღმოაჩენდა­ დარღვევებს. თაღლითმა ნოტ­არიუსის ლენტს სტიკერი მოაძრო, ორი გვერდის ნაცვლად ერთი გვერდი ჩააკრა და დააწერა, რომ ეს იყო უძრავი ნივთის ნასყიდობა. დოკ­უმენტს 18 ხელმოწერა ჰქონდა, რეესტრში­ კი 2 ხელმოწერით მიიტანეს. ასე დაარეგისტრირეს და ჩემი ოჯახის ქონება გადაიფორმეს.

- როგორ მიხვდით, რომ გაგიყიდეს?
- ანალოგიური სქემით ერთი ქალიც არის დაზარალებული. ბინის გაქირავების შემდეგ ორ დღეში რეესტრში მისულა "თელასში" წარსადგენი ამონაწერის ასაღებად და მაშინ აღმოაჩინა, რომ მისი ბინა დამ­ქირავებლის სახელზე იყო გადაფორმებული. ქალი რეესტრში რომ ვერაფერს გახდა, პოლიციაში გაიქცა. ასე გაიხსნა ეს თაღლითური სქემა. ამის მერე დაგვიკავშირდნენ ხუთივე დაზარალებულს. ის ქალი გადარჩა, რადგან მისი ბინის იპოთეკით დატვირთვა ვერ მოასწრეს და უხმაუროდ დაუბრუნა საჯარო რეესტრმა. იგივე შეცდომები აქვს დაშვებული ჩვენს საქმეებში რეესტრს, მაგრამ ჩვენთან არ აღიარებს და არ გვიბრუნებენ ქონებას. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი დაზარალებულის ხელშეკრულებაში ბოლო გვერდზე გარკვევით წერია "მეიჯარე"­ და "მოიჯარე", მაგრამ ასეთი ხელშეკრულება მაინც მიიღო რეესტრმა და ქონება თაღლითს მაინც გადაუფორმა.

- რატომ არ დგება რეესტრის პასუხისმგებლობის საკითხი?
- თავიდან გამოძიება დაიწყო როგ­ორც რეესტრის, ისე თაღლითების წინააღმდეგ, მაგრამ რეესტრის მიმართ გამოძიება მალევე შეწყვიტეს. გამომძიებელი გაკვირვ­ებული იყო. დარღვევები აშკარად ჩანდა. იმის ეჭვიც მაქვს, რომ ამაში თავად რეესტრია გარეული. ოთხივე დაზარალებულის შემთხვევაში ქონება ერთი და იმავე პირმა დაარეგისტრირა. არადა, ლოტოტრონით ხდება ოპერატორებთან მოქალაქის მისვლა. ერთი და იმავე პირთან ვერასდროს მოხვდებით. რატომ მოხდა ყველა საქმე ერთ პირთან, საკითხავია.

თავიდან ვიცოდით, რომ ჩვენ და იპოთეკ­არებსაც დაზარალებულად გვცნობდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ამბობენ, ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერია იპოთეკარი, რომელმაც ბინა ჩაიდო. ის დაიბ­რუნებს ქონებას, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? იპოთეკარს არ აინტერესებს ეს დავა, მას უზრუნველყოფილი აქვს იპოთეკა ქონებით­ და ითხოვს ქონების რეალიზაციას, რათა თავისი ფული მიიღოს. ცნება "იპოთეკით დაზარალებული" არ არსებობს. ქონება მიბრუნდება, მაგრამ მას გადმოჰყვება 75.000-დოლარიანი იპოთეკა. გვინდა ქონება უნაკლოდ დაგვიბრუნდეს, თაღლითებმა და რეესტრმა ერთობლივად დაგვაზარალეს და უნდა აგვინაზღაურონ. კანონით ჩვენ რეესტრთან გვაქვს პრეტენზია, საკუთრება უძრავ ნივთზე წარმოიშობა რეესტრში რეგისტრაციიდან, რეესტრი არის პასუხისმგებელი უძრავი ნივთის მონაცემების დაცულობაზე.
"რეესტრის შესახებ" კანონში პირდაპირ წერია, რომ რეესტრი პასუხს არ აგებს დოკუმენტის­ სიყალბეზე, მაგრამ იგი პასუხს აგებს დოკუმენტის ურთიერთშესაბამისობასა და დაცულობაზე. ერთმნიშვნელოვნად გაწერილი აქვს რეესტრს, როგორ უნდა შესრულდეს სარეგისტრაციო დოკუმენტის გაფორმება. გარდა ამისა, დოკუმენტი ერთიან ბაზაში შედის და იუსტიციას ევალება მათი შემოწმება. ნოტარიუსთა პალატა იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება, ერთი უწყებაა, ყველა ნოტარიუსი ავტორიზებულია და ტვირთავს დოკუმენტს.
ბაზაში ეს რომ შეემოწმებინათ, პირდაპირ ეწერა დოკუმენტს, რომ ეს იყო ქირავნობის ხელშეკრულება და არა ნასყიდობა. ეს არ არის რეესტრის შეცდომა? ჯერ ერთი, პირადი მონაცემებიც შეცდომით არის შეყვანილი, არც ამას მიაქციეს­ ყურადღება. ის ბარიერები,­ რაც დაწესებულია, არ გამოიყენა საჯარო მოხელემ და ამით დაარღვია კანონი.

- თუ ასეთი თვალნათელია დარღვევები,­ რატომ ვერ იგებთ საქმეს?
- ეს არის პირველი პრეცედენტი სახელმწიფოს, ანუ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ, პირდაპირ ჩანს მათი პასუხისმგებლობა. მათი პასუხი ტრაფარეტულია, დოკუმენტის სიყალბეზე პასუხს არ ვაგებთო. არ აგებს შინაარსზე პასუხს, მაგრამ დოკუმენტი ურთიერთშეუსაბამო რომ არის, ამაზე რატომ არ აგებს? საკონსტიტუციო სასამართლოშიც ვაპირებ დავის დაწყებას, თუნდაც იმაზე, რატომ არ არის პასუხისმგებელი დოკუმენტის სისწორეზე. რას არეგისტრირებს ხომ უნდა იცოდეს?

ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო უწყებასთან ბრძოლა ადვილი არ არის. ეს პრეცედენტული დავაა, თუ საქმე მოვიგეთ, ჩვენსავით დაზარალებულებს შესაძლებლობა მიეცემათ იდავონ და სწორედ ეს არ უნდა სახელმწიფოს, ამიტომ არ გვიკმაყოფილებენ სამართლიან მოთხოვნას, რადგან იციან, ბევრი მომჩივანი ჰყავთ.

დაახლოებით 2 წელიწად-ნახევარია ვიბრძვით და იპოთეკარებიც იბრძვიან.
დოლიძეებს დღე-დღეზე ბინას გაუყიდიან. მათი იპოთეკარი ყველაფერს აკეთებს, რომ ქონ­ება აუქციონზე გაიტანოს. ჩვენს ქონებას ყად­აღაც კი არ ადევს. როცა სისხლის სამართლის საქმე დასრულდა, ყველა ბინას ყადაღა მოხსნეს. ვითხოვდით, არ მოეხსნათ, სანამ დავა არ დასრულდებოდა, მაგრამ არც ეს გაითვალისწინეს.

- პროცესი ხომ მოიგეთ?
- საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და პირველი­ ინსტანცია მოვიგეთ. ვხედავდით, როგორ წნეხში იყო მოსამართლე,­ მაგრამ გაუძლო და მოვიგეთ, მაგრამ სააპელაციოში გააუქმეს... ახლა უზენაესში ვიბრძვით. საჯარო რეესტრის იურისტები მუდმივად ამბობდნენ პროცესზე, ეს პრაქტიკის შეცვლაა და არ უნდა დადგინდესო.

ასეთი სქემით თაღლითებმა 15-მილიონიანი ქონება­ ვაკეში 3 მილიონად გაყიდეს. ანალოგიური შემთხვევა ბათუმშიც ბევრია. სააპელაციოში არც მოგვისმინეს მოსამართლეებმა და რეესტრის მხარე დაიჭირეს. მაქვს ინფორმაცია, რომ დირექტივა თეა წულუკიანისგან მოდიოდა, ეს პრეცედენტი არ შეიქმნასო.

2016 წელს დაზარალებულმა ლიპარტელიანებმა მოიგეს საქმე, მათ საქმეშიც ეწერა "მეიჯარე" და "მოიჯარე". თეა წულუკიანს ვიცნობდი პირადად და ხმა მივაწვდინე, შემომითვალა, იბრძოლეთ სასამართლოთი, დარღვევა აშკარააო. მაგრამ მასთან ჩემი ბინის იპოთეკარი კვასტიანი რომ მივიდა, იმას უთხრა, ნუ გეშინია, ქონებას გაუყიდიან და შენს ფულს აიღებო. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. Aამ ყველაფერს თეა წულუკიანი ლობირებს. ვიცი, მოსამართლეებს ბაკურიანში შეხვედრის დროს ამ საკითხზე არაოფიციალურად ესაუბრა და ჩვენი ბედი იქ გადაწყდა, უთხრა, რომ პრეცედენტი არ უნდა დაუშვან. ყველა ინსტანციას მივმართე წერილით, პრემიერს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ არავინ გაგვცა პასუხი.
ქვეყანაში სასამართლო არ არის თავისუფალი. ეს უწყების კრახია, გაუმართავი სისტემის ბრალია. რეესტრი გასულია კანონის ჩარჩოებიდან. ამ უწყებას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ აქციის გამართვას ვაპირებთ იუსტიციის სახლთან, იქნებ რაღაც შეიცვალოს. ეს საქმე სტრასბურგშიც წავა. მივმართავ საზოგადოებას - ფრთხილად იყავით, თქვენი ქონება რეესტრში აბსოლუტურად დაუცველია, უვიცი თანამშრომლების წყალობით შეიძლება ქონება დაკარგოთ.

ბუნებრივია, "კვირის პალიტრამ" ამ საკითხზე საჯარო რეესტრის არგუმენტის მოსმენა სცადა. კითხვა მრავლად გვქონდა, მაგრამ პრესსამსახურიდან მხოლოდ მწირი წერილობითი კომენტარი მივიღეთ: "თითოეულ იმ დავას,­ რომლებიც დღესაც გრძელდება სასამართლოში, საფუძვლად უდევს ნასყიდობის ხელშეკრულებები. სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციით დგინდება მესამე პირთა მხრიდან რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების გაყალბების ფაქტი, რომლის სიყალბის დადგენა რეგისტრაციის ეტაპზე­ არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის უფლებამოსილებას, ვინაიდან "საჯარო რეესტრის შესახებ"" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. მითითებული საქმეებიდან ერთ შემთხვევაში (მორგენ ლიპარტელიანი) სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, დანარჩენ სამ საქმეზე კი სასამართლო დავა გრძელდება".

ადამიანები კი შეშფოთებული არიან, რადგან ქონებას კარგავენ. ვნახოთ, სასამართლოს ვერდიქტი როგორი იქნება.

თეა ხურცილავა



პოსეიდონი
19 ივლისი 2018 00:16
საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები???? აფერისტობისთვის მუხლი უნდა არსებობდეს,სინდიდიც კაი საქონელია,თურმე ტყუილად აწერ ხელს და რეესტრის ბრალია,ნუ მეზღაპრეოთ რა
ომარი
18 ივლისი 2018 23:46
წულუკიანი იცინის, იცინის, კვდება სიცილით.
...
18 ივლისი 2018 20:12
შსს-მ ბათუმში ქურდული სამყაროს წევრები 20000 ლარის გამოძალვისთვის დააკავა. ზემოთაღნიშნულ სტატიაში მოყვანილი ფაქტით, კეთილსინდისიერ დაზარალებულ მესაკუთრეებს ასიათასობით ლარის გადახდას აიძულებენ უსამართლო მოსამართლეები, ამ ვაი მოსამართლეებს როდის მიხედავს შსს ან სხვა ვინმე?! ამგენთან შედარებით ეს ქურდები უცოდველი კრავები გამოდიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები