საშიშია თუ არა სეზონური ხილ-ბოსტნეული
საშიშია თუ არა სეზონური ხილ-ბოსტნეული
"საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას 3-4-ჯერ აღემატება", - ამ ინფორმაციას, კვლევაზე დაყრდნობით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრი ორგანიზაციები ავრცელებენ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი ამბობენ, რომ მათ გამოკვლეულ ხილისა და ბოსტნეულის 30-მდე ნიმუშში ნიტრატები დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს.
იჭმება თუ არა სეზონური პროდუქტი და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შეძენისას? - პასუხებისთვის სპეციალისტებს მივმართეთ.

ხათუნა ახალაია, ეკოლოგი და გაეროს ექსპერტი: "ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ჩატარებული კვლევის
თანახმად, საზამთროსა და ნესვში დაშვებულ ნორმაზე 3-4-ჯერ მეტი ნიტრატია აღმოჩენილი.

პროდუქტების დაბ­ინძურების უმთავრესი მიზეზი ფერმერია, რომ­ელიც სასუქს იყენ­ებს, მი­უხედავად იმისა, საჭიროა თუ არა.

საზამთრო და ნესვი ჩვენთან, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში მოჰყავთ, სადაც ზოგიერთი ადგილი ძალიან მშრალია. აქ მცენარეები მალევე გადაყვავილდება და სიმწვანეს კარგავს, აზოტოვანი სასუქი
კი მცენარეს ქლოროფილს უნარჩუნებს, რომელიც ნაყოფს ზრდის. ფერმერიც ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნოს მწვანე მასა მცენარეს, რათა უფრო დიდი საზამთრო და ნესვი მიიღოს.

პროდუქციაში ნიტრატების გადაჭარბებულმა შემცველობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია, გონებრივი ჩამორჩენა და სხვ., ამიტომ უმჯობესია, მომხმარებელმა ხილი და ბოსტნეული იყიდოს იმ მაღაზიებსა და ბაზარში, სადაც ხარისხი კონტროლდება, ვიდრე ქუჩაში, სადაც არაორგანიზებული ვაჭრობაა და სახელმწიფო არ აკონტროლებს".

ანა გემაზაშვილი, სურსათის უვნებლობის სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: "ნებისმიერი კვლევის შედეგები საბოლოოდ დასტურდება ლაბორატორიაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ნიტრატების გამოკვლევა ნიტრატმზომით, სპეციალური აღჭურვილობით, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის რბილობში ერჭობა. აღსანიშნავია, რომ ნიტრატების კონცენტრაცია კანსა და რბილობში სხვადასხვაგვარია, ამიტომ ეს ხელსაწყოც სწორად უნდა გამოვიყენოთ.

ნიტრატმზომით მიღებულ შედეგებს აქვს ცდომილების განსაზღვრული მაჩვენებელი. საბოლოო დასკვნის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველადი დასკვნა ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდება. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად ვამოწმებთ ნიტრატებს სეზონურ ხილსა და ბოსტნეულში. მხოლოდ წლეულს 30-მდე ნიმუში შემოწმდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა არ აღმოგვიჩენია.

შარშან ერთხელ აღმოჩნდა ნიტრატების ჭარბი რაოდენობა ნესვში და პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან ამოვიღეთ. ჩვენი კვლევებისთვის ნიმუშებს იღებენ უფლებამოსილი პირები და კვლევა ტარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. დაგეგმილია 60-მდე ნიმუშის აღება. ეს კვლევები მუდმივად გაგრძელდება.

ჩვენ ვართ ბოლო რგოლი, რომელიც მზა სურსათში უვნებლობის მაჩვენებლებს აკონტროლებს. ეს არის ათეულობით მაჩვენებელი სხვადასხვა დასახელების სურსათში. რაც შეეხება აგროქიმიკატებისა და პესტიციდების არარაციონალურ გამოყენებას, ეს ჩვენი სამსახურის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო აკონტროლებს მათ ხარისხს და აძლევს გამოყენების ინსტრუქციას ფერმერებს, რათა თუნდაც პესტიციდები სურსათში ჭარბად არ აღმოჩნდეს.

თუ მომხმარებელს მაინც აქვს საზამთროს, ნესვის, სხვა ხილისა და ბოსტნეულის ნიტრატით დაბინძურების შიში, ის წყალში მოათავსოს. ნიტრატი არამდგრადი ნაერთია და თუ ხილს ან მწვანილს წყალში ხანგრძლივად მოვათავსებთ, ეს ნივთიერება იშლება და ადამიანის ჯანმრთელობას საშიშროებას აღარ უქმნის. აგრეთვე, ნიტრატების დაშლას ხელს უწყობს ხილ-ბოსტნეულის დაყოვნება მოკრეფიდან მიღებამდე.

მომხმარებელს მოვუწოდებდი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, რა პირობებში იყიდება სურსათი, განსაკუთრებით - მალფუჭებადი. ტემპერატურული რეჟიმის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. აირჩიოს, შეიძინოს სურსათი იქ, სადაც ორგანიზებულია ვაჭრობა და დაცულია გაყიდვის პირობები, თუ იქ, სადაც ვერ მიიღებს ინფორმაციას ვერც პროდუქტის ვარგისიანობის, ვერც დამზადების თარიღისა და ვერც მისი მოყვანის ადგილის შესახებ".

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები