დაითვალეთ ”პურის ფული”! - კვირის პალიტრა

დაითვალეთ ”პურის ფული”!

ხორბალი და პური ძვირდება. მსოფლიო ბაზარზე ფასის მატება საქართველოზე მალევე აისახა. მეორე კვირაა, ფქვილის ფასი თითქმის ყოველდღიურად იმატებს, 50-კილოგრამიანი ტომარა 30-დან 37 ლარამდე გაძვირდა. საცხობები, რომლებიც პურის ფასს აქამდე გაჭირვებით ინარჩუნებდნენ, ამბობენ, რომ პურის 5-10 თეთრით გაძვირება მოუწევთ და ეს გარდაუვალი იქნება.

საცხობების ნაწილი, რომლებიც მაღალი კონკურენციის გამო ფასებს ვერ ზრდიან, ფასების კლების მოლოდინში გაჩერდებიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა (რამაც პირველივე დღეს გაზარდა ხორბალზე მსოფლიო ფასები 7,3%-ით), გაძვირების მოსალოდნელ ჭერს ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ამტკიცებს, რომ აგვისტოში პურის ფასი სტაბილური იქნება და ვითარება მხოლოდ სექტემბრიდან შეიცვლება.

საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასმა სწრაფი ზრდა ორი კვირის წინ დაიწყო და წინა კვირას ორწლიან მაქსიმუმს, ტონაზე 211 ევროს მიაღწია. ფასი კვლავ იზრდება. ბირჟებზე სპეკულაციური გარიგებები დაიწყო, რასაც ფასების აჟიოტაჟური ზრდა მოჰყვა. თავი და თავი მსხვილი ექსპორტიორების მიერ ხორბლის გაყიდვის შემცირებაა.

ამერიკულ ბირჟებზე ფასებს გაზრდისკენ თავდაპირველად რუსეთსა და უკრაინიდან მიღებულმა ცუდმა ამბებმა უბიძგა. მსოფლიოში სიდიდით მესამე ექსპორტიორის, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში გვალვა და მოსავლიანობის შემცირებაა, რასაც ბოლო დღეებშს მასშტაბური ხანძრები დაერთო. საქმე კარგად არც უკრაინასა და ყაზახეთშია. ფასების ზრდის მოლოდინში გაყიდვა შეაჩერეს იმ მეხორბლეებმაც, რომლებსაც გვალვა არ შეხებია.

რუსეთში ხორბლის გატანაზე ემბარგო დაწესდა 15 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე. ფასებთან დაკავშირებით ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. მათი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, სპეკულანტებმა ბირჟებზე ფასები კიდევ გაზარდონ. წინასწარი გათვლებით, ფასები ზრდას სექტემბრამდე განაგრძობს.

მსოფლიო გაძვირება მალევე დაეტყო საქართველოსაც. ხორბლის ადგილობრივი მოხმარების 80%-ზე მეტი იმპორტით იფარება.

აქაურ ფერმერებს წლევანდელმა მოსავალმა არ გაუმართლა. კახეთში ყანების დიდი ნაწილი მღრღნელებმა გაანადგურეს. წლეულს მინდვრებს უცნაური, უკუდო ვირთხა შეესია და ხორბალი მოსავლის აღებამდე გაანახევრა. როგორც ფერმერები ამბობენ, მათ საწამლავმაც ვერაფერი დააკლო. ბევრი ფერმერი ვალებში ჩავარდა, შესაბამისად, მცირე მოსავალი აიღეს და როგორც წისქვილკომბინატებში ამბობენ, ადგილობრივი ხორბლის მარაგი მხოლოდ სექტემბრის მეორე ნახევრამდე გაწვდება.

ერთი ტონა ქართული, კარგი ხარისხის ხორბალი ადგილზე მიტანით, დღგ-ის გარეშე $225 ღირდა. ვინაიდან ჩვენთან პური პოლიტიკურ პროდუქტად იქცა და მის გაძვირებაზე ინფორმაციას ხელისუფლება მუდამ მალავს, საუბარს ყველა ერიდება -მეწისქვილეცა და მეპურეც. მათი თხოვნის გათვალისწინებით, რამდენიმე რესპონდენტის ვინაობას არ გავამხელთ.

”ტონა რუსული ხორბალი ბოლო ორ კვირაში 120 დოლარითაა გაძვირებული. ჩვენ კარგად გავთვალეთ, კონტრაქტი ივნისში დავდეთ და ტონა 145-155 დოლარად შემოვიტანეთ. წინა კვირას კი ფასი უკვე 260-270 დოლარამდე გაზარდეს. ბოლო ორი წელია რუსები, უკრაინელები და ყაზახები ზარალობდნენ, ჭარბი მოსავლის გამო მარცვლეულს დაბალ ფასად ყიდდნენ. ახლა ზარალის ანაზღაურებას აპირებენ. ბუნდოვანი ვითარებაა, რა იქნება, როდის გაჩერდება ფასი, არავინ იცის. შექმნილმა გაურკვევლობამ ბოლო დღეებში ხორბალსა და ფქვილზე მოთხოვნა ჩვენთანაც გაიზარდა.

პურის ქარხნებს ხორბლის მცირე მარაგი აქვთ, გაძვირების ეშინიათ და ცდილობენ, დაბალ ფასად ყიდვა მოასწრონ. მეპურეები პანიკაში არიან. ყოველდღე მეკითხებიან, რა მოხდებაო. თუ რუსეთში აჟიოტაჟი გაგრძელდა, ტომარა ფქვილის ფასი ალბათ 40 ლარამდე მოიმატებს და ეს პურის ფასზეც აისახება. ამას თქვენ გეუბნებით, თორემ ხმამაღლა თქმა არ მინდა, პანიკა რომ არ შეიქმნას”, -გვითხრა ერთ-ერთი მსხვილი წისქვილკომბინატისა და პურის ქარხნის მფლობელმა.

პურის ქარხნებში აცხადებენ, რომ ამ კვირიდან იძულებული იქნებიან, პურპროდუქტები 10 თეთრით გააძვირონ. ”ფასის შეკავება უკვე შეუძლებელი იქნება და 10 თეთრს ყველა სახეობის პურს მოვუმატებთ. ეს 10-თეთრიანი გაძვირებაც არ არის საკმარისი, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიზამთ. ზოგიერთმა საცხობმა, რომელიც გადასახადების გვერდის ავლით მუშაობს, შეიძლება ფასი შეინარჩუნოს. მაგრამ ყველა ხარჯს თუ აჩვენებს, საცხობი წაგებაზე მიდის. ასე მუშაობა უკვე შეუძლებელია. პურის ქარხნებს რამდენი მარაგი ჰქონდა, არ ვიცი, ისიც მიკვირს, აქამდე როგორ გაწვდნენ.

არც პროგნოზია დამაიმედებელი. დღეს რაც ჩვენამდე მოდის, სულ უხარისხო ფქვილია. საწამლავია. არც ლაბორატორია არსებობს, ვინც პურის ხარისხს შეამოწმებს. კონტროლი საერთოდ არ ხდება. ამ დროს მეუბნებიან, ხარისხიანი პური გამოაცხვეო, როგორ? ეს საცხობებიც სულ უფრო აპატარავებენ პურს, რა ქნან? ან უნდა იმაიმუნოს, ან უნდა დახუროს საცხობი, სხვა გზას არ უტოვებენ. გთხოვ, ჩემს ვინაობას ნუ იტყვით, არც ამდენი უნდა მელაპარაკა, მაგრამ ისეთი აღშფოთებული ვარ, თავი ვეღარ შევიკავე”.

ფქვილის გაძვირების გამო გაჩერება მოუწევს თემქის პურის ქარხანა ”კოლხურს”. ქარხნის დირექტორი ამბობს, რომ პურის ძველებურად, 30-40 თეთრად გამოცხობა გაძვირებული ფქვილით შეუძლებელი იქნება.

ოთარ თოფურია (”კოლხურის” დირექტორი): ”ჩვენ ყველა ხარჯი ბუღალტრულად აღრიცხული გვაქვს, ამიტომ ვეღარ ავუდივართ და ზარალზე ვმუშაობთ. ვინც გადასახადებს მალავს, ის ფასში ეტევა. მათ კონკურენციას ახლანდელი ფასითაც ვერ ვუწევთ, ამიტომ გაჩერება ვარჩიეთ. პურის ფასსაც ვერ გავზრდით, ბევრი ნიუნსია, რისი თქმაც არ მინდა. ან თქმას რა აზრი აქვს?”

კოკი ოსიპოვი (ხორბლის იმპორტიორი კომპანია ”აგრიკომის” ხელმძღვანელი): ”ფქვილი მართლაც სწრაფად გაძვირდა. ფასების ზრდა პურზე უფრო გვიან, მაგრამ აუცილებლად აისახება. საქართველოში ხორბლის ორი თვის მარაგია. სექტემბრის შუა რიცხვებამდე ქართული ხორბალი გვეყოფა. მერე თუ რუსეთიდან ვერ შემოვა, იმპორტს ევროპიდან დავიწყებთ. საფრანგეთში ხორბლის კარგი მოსავალია, უნგრეთშიც. ადრე ევროპული სიძვირის გამო არ შემოგვქონდა. ტონა ევროპული ხორბლის ფასი 240 დოლარის ფარგლებშია, რუსული კი ადრე 150-160 დოლარამდე ღირდა. ფასებში დიდი განსხვავება იყო, ახლა კი გათანაბრდა. ჩემი ვარაუდით, ხორბალმა შეიძლება კიდევ 30 დოლარით მოიმატოს, მაგრამ მეტად აღარ გაძვირდება”.

ციფრები ცეცხლის ფრონტიდან

-5 აგვისტოსთვის რუსეთში გვალვამ და ხანძრებმა სასაოფლო-სამეურნეო კულტურები 10 მილიონ ჰექტარზე გაანადგურა. ეს ამ ქვეყნის ნათესების 20%-ია.

-საქართველოში შარშან 80 ათასი ტონამდე ხორბალი მოიწიეს. წლეულს მოსავალმა შესაძლოა შარშანდელის ნახევარს ცოტათი გადააჭარბოს.

-რუსეთში ხორბლის წლევანდელი მოსავალი შესაძლოა შარშანდელზე თითქმის 1/3-ით ნაკლები აღმოჩნდეს -65-67 მლნ ტონა, 2009 წლის 97,1 მლნ ტონის საპირისპიროდ.

ნონა ქვლივიძე