ბიზნესმენების დევნა-დაპატიმრება ტენდენციად იქცა - კვირის პალიტრა

ბიზნესმენების დევნა-დაპატიმრება ტენდენციად იქცა

ელჩის "კარგი ფრანგულით" ნათქვამი მწარე სიმართლე

გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება კეთილმოსურნეთა შენიშვნებს

ბიზნესების დალუქვა-დახურვის შემდეგ, საქართველოში მეწარმეების დაჭერის პრაქტიკა მკვიდრდება. ჯერ იყო და, 19 მაისს სამართალდამცველებმა კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გენო მალაზონია დააკავეს, რომელიც მანამდე რამდენიმე მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, ეკონომიკისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილე.

შემდეგ კომპანია "მათე მოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია დააპატიმრეს. ახლახან კი კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსის" დამფუძნებელსა და ამჟამად კომპანია "ტექნობუმის" მეპატრონე ანზორ ქოქოლაძეს დასდეს თაღლითობაში ბრალი.

არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი. ერთი რამ ცხადია, საქართველოში ბიზნესზე ზეწოლა ამ სახითაც გაგრძელდა და ასეთ ვითარებაში ინვესტიციებზე საუბარი თითქოს უადგილოც კი ხდება. ეს საქართველოში საფრანგეთის ელჩის წერილმაც დაადასტურა. მაღალი დონის დიპლომატმა თავი ვალდებულად მიიჩნია, საინვესტიციო გარემოს მიმართ თავისი დამოკიდებულება საელჩოს ვებგვერდზე, აგვისტოს მიმართვაში გამოეხატა.

ხელისუფლებისა და ზოგიერთი ბიზნესმენის განსაკუთრებულად "თბილი" ურთიერთობა ჩვეულებრივი ამბავია, "ურჩი" ბიზნესმენების ხვედრიც საყოველთაოდაა ცნობილი. თუმცა ერთი შეხედვით კარგი დამოკიდებულებაც არაფრის გარანტიას არ იძლევა.

საიდუმლო არავისთვის ყოფილა "მათე მოტორსის" დამფუძნებელ გელა ბარკალაიას კარგი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რომელმაც ის წლეულს, 12 ივნისს, ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავა. მანამდე ბარკალაიას კომპანია სახელმწიფო ტენდერებშიც იმარჯვებდა და წინასაარჩევნოდ ოფისის წინ ყვავილებით ხუთიანებიც მან შემოხაზა. დღეს ბარკალაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება ანზორ ქოქოლაძეს, გამოძიება ედავება, რომ მან აუდიტის საშუალებით ხელოვნურად გაზარდა უძრავი ქონების ფასი და შემდეგ -"ელიტ-ელექტრონიქსის" საწესდებო კაპიტალი. ქოქოლაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რასაკვირველია, ამ კომერსანტთა არც ბრალეულობას ვამტკიცებთ და არც უდანაშაულობას. კავშირების მიუხედავად, დამრღვევი უნდა დაისაჯოს, მაგრამ სადაც საზოგადოებას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს, გადამწყვეტი ხდება კონკრეტულ მოხელეთა ნება, ვინ "დაინიშნოს" დამნაშავედ და ვინ არა. ხოლო თუ ვინმე მართლაც კანონდამრღვევია, მასსა და ხელისუფლებას შორის "შავ კატას" რომ არ გაერბინა, საკითხავია, კანონდაღვევაზე ყურადღება მაინც გამახვილდებოდა?.. და რა ხელი აქვს აქ ინვესტიციებს?

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ბ-ნი ერიკ ფურნიე, ერთ-ერთი ზესახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ჩვენი ხელისუფლებისა და განსაკუთრებით ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობას არასდროს მალავდა. საელჩოს საიტზე მისი ტრადიციული ყოველთვიური მიმართვები ქვეყნდება. წლევანდელი აგვისტოს მიმართვაში ბ-ნი ელჩი ამბობს:

"მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს კოზირად რჩება, ამ სექტორში გრძელვადიანი შედეგების დანახვა რთულია და უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ვინაიდან არ ესმით საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მათდამი მოკირკიტე დამოკიდებულება (უცხოური ინვესტიციების მოცულობაში წლის დასაწყისიდან კლების ტენდენცია შეინიშნება)".

ფრანგი დიპლომატის განცხადებებს ოფიციალური სტატისტიკა ამყარებს. წლეულს I კვარტალში საქართველოში $76 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც შარშანდელ იმავე მაჩვენებელზე 40-41%-ით ნაკლებია. არადა, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნაზე პრეზიდენტი თითქმის ყოველ გამოსვლაში საუბრობს. მკაცრი ტონითა და მუქარით თითსაც კი უქნევს ხოლმე იმ მოხელეებს, ვინც ბიზნესის განვითარებას ამა თუ იმ მიზეზით აფერხებს. თუმცა, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს.

სოსო ცისკარიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "ელჩის საუბარი იმ ქვეყნის პრობლემებზე, რომელშიც ის აკრედიტებულია, ჩვეული მოვლენა არ გახლავთ. იყო დრო, როცა ბატონი ფურნიე თავისი შეფასებებით ხელისუფლებას ახალისებდა. ახლა კი მისთვის ბოლოს და ბოლოს ნათელი გახდა ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ. ის, რომ მან ინვესტიციების თემა შეარჩია, შემთხვევითი არ არის, მაგრამ არც ყველაზე მწვავეა იმ პრობლემებს შორის, რომლებიც მისთვის არის ცნობილი.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს განცხადება მნიშვნელოვანია, ყურადსაღებია და იმედი მაქვს, მას მაინც ასცდება "გაზპრომის" აგენტის იარლიყი. დარწმუნებული ვარ, ფურნიეს მსგავსი მეგობრები მრავლად რომ ჰყავდეს საქართველოს, ასეთი შენიშვნების შემდგომ სულ რამდენიმე თვე იკმარებდა მითითებული დარღვევების აღმოსაფხვრელად.

მე ბატონ ელჩთან პირადი საუბარი არ მქონია არანაირ პოლიტიკურ თემაზე, მაგრამ ვიცი, რომ ის არ არის გულგრილი ზოგადად სამართლიანობის პრობლემის მიმართ ქვეყანაში, დემოგრაფიული ვითარების, ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის მიმართ. მისთვის მშვენივრად არის ცნობილი ყველა ნიუანსი და ეს მკაფიოდ გამოჩნდა მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ კუშნერის ვიზიტის დროსაც.

სოფლის მეურნეობა, რომელიც ფრანგისთვის ერთ-ერთი უმთავრესი და სარფიანია, ჩვენთვის ვერა და ვერ გახდა ის სფერო, რომელიც ტრადიციულად მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ეკონომიკისთვის. როცა დღეს ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, ეკონომიკაზე, ვერ დავივიწყებთ, რომ მსოფლიო ბანკმა ქართულ ეკონომიკაში არსებული ვითარება შეაფასა, როგორც 70%-მდე "ჩრდილში" გადატანილი.

გამოდის, ეკონომიკური საქმიანობის მხოლოდ 30%-ია მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე. ამის შემდეგ მართლაც არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენს სამინისტროს მდგრადი განვითარების ერქმევა თუ მდგრადი დეგრადაციის. აღარც მინისტრის ვინაობას აქვს მნიშვნელობა და ამას ყველაზე უკეთ ჩვენი პრეზიდენტი აცნობიერებს. ამიტომაც არის მისთვის სულერთი, ვინ უხელმძღვანელებს ამ უწყებას... ინვესტიციები შესაძლოა შევიდეს იმ ქვეყანაში, სადაც სამართალი პროკურატურის მძევალი არ გახლავთ".

ემზარ ჯგერენაია (ეკონომიკის ექსპერტი): "ვერ ვიტყვი, რომ მაკონტროლებლების ქმედებებს უშუალო გავლენა აქვთ ინვესტიციების მოცულობაზე. მეტიც, საქართველოში უცხოელი ინვესტორები ხშირად სასათბურე პირობებში არიან და ადგილობრივ ბიზნესმენებთან შედარებით, თავის დაცვის მეტი შესაძლებლობა აქვთ. თუმცა კონტროლის მეტისმეტად გახშირება, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია.

განსაკუთრებით არ მომწონს, 170 კაცი ერთდროულად რომ შეესევა ობიექტს და უსაფუძვლოდ ლუქავს. ამაზე პრეტენზია პრეზიდენტმაც არაერთხელ გამოთქვა, მაგრამ ობიექტები მაინც ყოველდღიურად ილუქება. ეს ბიზნესჯგუფებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, და მერწმუნეთ, ადგილობრივი ბიზნესი უფრო ზარალდება, ვიდრე უცხოელების.

რაც შეეხება საფრანგეთის ელჩის ბოლოდროინდელ განცხადებას, აუცილებლად ექნებოდა მხედველობაში კონკრეტული ბიზნესი და კარგი იქნებოდა, კონკრეტულად ეთქვა ამის შესახებ.

ინვესტიციების შემცირებას ბევრი სხვა მიზეზიც აქვს. პირველი მიზეზი მსოფლიოში არსებული ფონია, ინვესტიციების ზოგადად ნაკლებობა. საქართველო ომის შემდეგ რისკის მქონე ქვეყანად მიაჩნდათ. კრიზისიდან გამომდინარე, ჩვენი ბაზარი შემცირდა, ინვესტორი ბევრს ფიქრობს, სანამ გადაწყვეტდეს, იქნება თუ არა მისი დაბანდება საქართველოში მომგებიანი.

-როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს ქვეყნის ხელისუფლება ფრანგი დიპლომატის შენიშვნებს?

-საფრანგეთი ევროპის უდიდესი ქვეყანაა, რომელსაც ევროპაში დომინანტური ადგილი უკავია. მეორეც, საფრანგეთის ელჩი ყოველთვის გამოირჩეოდა ლოიალური დამოკიდებულებით საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მიმართ და ჩანს, რაღაც მწვავე მიზეზი აქვს, რაკი ალაპარაკდა.