ვის შეეხება ლოჯიების დემონტაჟი - კვირის პალიტრა

ვის შეეხება ლოჯიების დემონტაჟი

"სულერთია, მიშენება 2007 წლამდეა აგებული თუ მანამდე"

მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია უკანონო მიშენებებისა და ლოჯიების მიმართ ბრძოლის გამკაცრებას აპირებს. ხოლო კორპუსებზე უკანონო მიშენებების მფლობელებმა დროულად უნდა მიმართონ დედაქალაქის მერიას და მათი დემონტაჟი სთხოვონ.

საცხოვრებელი ბინების გაფართოების მიზნით კორპუსებზე მიშენებები თბილისში 80-იან წლებში დაიწყო და პიკს 1995 წელს მიაღწია. 90-იან წლებში ამგვარ შენობებს არავინ აკონტროლებდა. კორპუსების დაახლოებით 70%-ს მიშენებები აქვს. დროდადრო უბედური შემთხვევებიც ხდება. ბოლო წლებშიც რამდენიმე მიშენება ჩამოინგრა და ამას მსხვერპლიც მოჰყვა. ქალაქის მერია თბილისელებს სთავაზობს, მიშენებების შესახებ მიმართონ და მერიის სამსახურები დემონტაჟს თავიანთი ხარჯებით მოახდენენ.

თუმცა ცხადია, ყველა ლოჯია ავარიული არ იქნება. ამის გამოსარკვევად კი მობინადრეებს თავად მოუწევთ ექსპერტის მოწვევა და დადგენა -არის თუ არა უსაფრთხო ასეთ მიშენებებში ცხოვრება. გავრცელებული ინფორმაციით, მერია 2007 წლის შემდეგ მიშენებული ლოჯიების დემონტაჟს აპირებდა, თუმცა "ეკოპალიტრასთან" საუბრისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ზვიად კერვალიშვილმა განაცხადა, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, უკანონო მიშენება 2007 წლის შემდეგ არის გაკეთებული თუ მანამდე.

იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ლოჯია, კორპუსის ამხანაგობამ უნდა მიმართოს არქიტექტურის სამსახურს, მოიწვიოს ექსპერტი, რომელიც შეამოწმებს მიშენების სიმყარეს და ამის შემდეგ თუ დადასტურდება, რომ მიშენება ავარიულია, მოხდება დემონტაჟი. ექსპერტიზის ხარჯების 30%-ს კორპუსის ამხანაგობამ უნდა დაფაროს, დანარჩენი 70% - მერიამ. თუ დემონტაჟი გადაწყდება, ამ სამუშაოებს მერია უკვე 100%-ით დააფინანსებს.

დედაქალაქის მერიაში ადასტურებენ, რომ დემონტაჟი მხოლოდ და მხოლოდ იმ მიშენებებს შეეხება, რომელიც ლეგალიზებული არ არის და დღემდე დაუკანონებლად რჩება. შესაძლოა მიშენება ავარიული სულაც არ იყოს, მაგრამ დემონტაჟის საფუძველი ის გახდეს, რომ დედაქალაქს არქიტექტურულად ამახინჯებს.

არის თუ არა ავარიული, ან ამახინჯებს თუ არა -სწორედ ამას დაადგენს ექსპერტიზა. თუ გადაწყდა, რომ უკანონო მიშენება არც ავარიულია და არც ქალაქის იერსახეს აუშნოებს -მაშინ ფართი შესაბამისი წესით უნდა დაკანონდეს. მფლობელებმა მერიას უნდა მიმართონ და თუ საწინააღმდეგო არც მეზობლებს ექნებათ და არც თვით მერიას -ფართი უპრობლემოდ დაკანონდება.

საინტერესოა, რომ ზედამხედველობის სამსახურში მიშენებების შესაძლებლობას დღესაც არ გამორიცხავენ. ეს ძირითადად შეეხება იმ კორპუსებს, სადაც კარკასი უკვე არსებობს და ვთქვათ, რომელიმე სართულზე მცხოვრებს არ აქვს ამოშენება დასრულებული. ამისთვის დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიმართოს არქიტექტურის სამსახურს და თუ ნებართვას მიიღებს, მაშინ მას მიშენების დასრულება შეეძლება.

ზედამხედველობის სამსახურში გადაჭრით ამბობენ, რომ არც ერთ მიშენებას, რომელიც მერიის მიერ უკვე დაკანონებულია, არავინ შეეხება. დანარჩენ უკანონო მიშენებებს კი, რომელთაგან, ზვიად კერვალიშვილის განცხადებით, 95% ავარიულია, დემონტაჟი აუცილებლად მოუწევთ. თუ ასეთი მიშენებების პატრონები დემონტაჟს არ მოისურვებენ და ექსპერტიზას არ მიმართავენ, შესაძლოა მათ წინააღმდეგ სანქციებიც ამოქმედდეს.

საზოგადოდ, უკანონო მშენებლობის აღმოჩენისას მერიის სამსახურები 10 ათას ლარიან ჯარიმას აკისრებენ. შეეხებათ თუ არა ეს ჯარიმა უკანონო მიშენების პატრონებს, ამასაც მერიის სამსახურები გადაწყვეტენ. მეტიც - როგორც კერვალიშვილი ამბობს, დაუკანონებელი მიშენების მფლობელს ჯარიმის დაკისრებაც არ გაათავისუფლებს და დემონტაჟი, ადრე თუ გვიან, გარდაუვალი იქნება.

თემურ იობაშვილი