ავტომობილების "ბოლვაც" ლეგალიზებულია?! - კვირის პალიტრა

ავტომობილების "ბოლვაც" ლეგალიზებულია?!

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის, გზებზე ბევრი ისეთი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც ისე ბოლავს, რომ ყველაფერს შავ კვამლში ხვევს. არც არის გასაკვირი, საქართველოს მთელი ავტოპარკის თითქმის ნახევარი - 46%, 20 წელზე მეტი ხნისაა.

ვაჟა იორდანიშვილი, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე: "ტექინსპექტირების რეფორმის ამოქმედებისას ხელისუფლებამ გარკვეულწილად ლოიალური მიდგომები აირჩია და მსოფლიოში მიღებული სტანდარტები ტექნიკური პარამეტრების თვალსაზრისით დასწია. შედეგად, ტრანსპორტი შემოწმებისას შესაძლოა ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, მაგრამ მისი გადაადგილებისას შესამჩნევი იყოს მცირე ბოლვა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები გვაქვს დიზელისძრავიან ავტომობილებში და მათთვის ძრავის ბოლვის კოეფიციენტი 3-მდე განისაზღვრა. რა თქმა უნდა, არსებული სტანდარტითაც კი, ტექდათვალიერებას ვერ გადიან ის ავტომობილები, რომელთა ძრავაც მძიმე ჭვარტლსა და ლითონებს გამოყოფს, მათ ახარვეზებენ და ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაციას აძლევენ.

მაგრამ თავს კიდევ ერთი პრობლემა იჩენს, კერძოდ, კონკრეტული ფაქტებიც გვაქვს და ვიდეომასალაც, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების ცენტრში ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს - მისი გამონაბოლქვის კოეფიციენტი რამდენჯერმე აჭარბებს დასაშვებ ნორმას, შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება რამდენიმე საათში კვლავ შემოდის ცენტრში და იმავე გამზომ ხელსაწყოზე შემოწმებისას პარამეტრები უკვე ნორმაშია. მაგალითად, ერთ შემთხვევაში ავტომობილის პირველადი ინსპექტირებისას 7,5 იყო გამონაბოლქვის კოეფიციენტი, განმეორებით ინსპექტირების დროს კი ხელსაწყომ 0,7 აჩვენა. საწვავი და საცხებ-საპოხი მასალებიც რომ შეცვალოს მძღოლმა, ამგვარ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. ვვარაუდობთ, რომ მძღოლები მანიპულაციებს მიმართავენ. ერთ-ერთმა მძღოლმა ისიც მითხრა, რომ ტექინსპექტირებამდე ცოტა ხნით ადრე მაყუჩზე ასმილილიტრიან პოლიეთილენის ბოთლს ამაგრებენ და ძრავას რამდენიმე წუთს მაღალ ბრუნზე ამუშავებენ, რაც ასევე "კარგ" შედეგს იძლევა ინსპექტირებისას. არადა, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ელექტრონული სისტემით ხდება და პერსონალი გამზომი ხელსაწყოს მონაცემებში ვერ ერევა. მოკლედ, იმის ნაცვლად, დახარვეზებული ავტომობილის მძღოლებმა მანქანის შიგაწვის ძრავა მოაწესრიგონ, რაც ნამდვილად არ არის იაფი, ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, რომ გაიარონ ტექინსპექტირება.

როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ერთჯერადი ინსპექტირება და ასეთი ავტომობილების მუდმივი მონიტორინგია საჭირო, მათ შორის, საპატრულო ვიდეოკამერების მეშვეობით; ან შესაძლებელია გზებზე დაიდგას ინდიკატორები, რომლებიც გამონაბოლქვის მაჩვენებლებს ზომავენ, ასეთ ავტომობილებს ფოტოს უღებენ და აფიქსირებენ. უნდა გადავიდეთ სხვა ტიპის, შედარებით მაღალტექნოლოგიურ ადმინისტრირებაზე.

წლეულს 7 თვეში ტექნიკური ინსპექტირება 54 605-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან, პირველადი ინსპექტირების დროს გამართული იყო 40 362 ავტომობილი, ხოლო 14 243 გაუმართავი, ანუ 26%. გამოდის, ყოველი მეოთხე ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გადის. აქედან დაახლოებით 9 ათასმა ინსპექტირების ცენტრს განმეორებით მიაკითხა და მათ შორის რამდენმა გაიარა ინსპექტირება ზემოთ მოყვანილი ხრიკებით, რა თქმა უნდა, არ ვიცით. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ 5 ათასი ავტომობილი არ მისულა განმეორებით ინსპექტირებაზე და დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან გზებზე".

ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე: "რამდენიმე თვეა, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ამოქმედდა და ცენტრებს არცთუ ცოტა ავტომობილმა მიაკითხა. თუმცა მბოლავ ავტომობილებს ქუჩაში კვლავ ვხედავთ. ადმინისტრირების სტატისტიკას გავეცანით და გამონაბოლქვის გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების მაჩვენებელი არის ნული.

დამატებითი რეგულაციების შესახებ პრემიერის ინიციატივის გახმაურების შემდგომ, ჩანს, მთავრობაშიც ფიქრობენ, რომ ის, რაც კეთდება ავტოპარკის გასაახლებლად, საკმარისი არ არის, მათ შორის, გამონაბოლქვზე დაწესებული ლიმიტები ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესამცირებლად. როგორც ჩანს, ახალი ინიციატივები იქნება მნიშვნელოვანი მცდელობა, განსაზღვრული დროის შემდეგ შედარებით განახლებული ავტოპარკი მივიღოთ.

ამ ახალი ინიციატივებით სახელმწიფო საქართველოში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების გაკონტროლებას აპირებს. არაერთი ფაქტი ვიცით, რომ ავტომობილებს, ფაქტობრივად, "კერავენ" და მერე საქართველოში ყიდიან. ასეთი მანქანა შეიძლება სრულად დაიშალოს მსუბუქი დარტყმის დროს. არადა, ავტომობილის ერთ-ერთი ფუნქციაა, გაუძლოს დარტყმას და მძღოლი და მგზავრები არ დაშავდნენ. ნებისმიერ რეფორმას ეკარგება აზრი - ტექინსპექტირებას, ავტომობილების ტექნიკურ კონტროლს მათი შემოსვლისას - თუ მსგავსი საკითხები მკაცრად არ გაკონტროლდება.

ნელ-ნელა ჩვენც უნდა მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რაც თავის დროზე აზერბაიჯანმა მიიღო და "ევრო 5"-ის სტანდარტზე გადავიდეთ, ხოლო მათ, ვისაც ძველი ავტომობილები ჰყავთ, თავიანთი ტრანსპორტის განახლების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. არსებობს უტილიზაციის პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს მძღოლებს, ჩააბარონ ძველი ავტომობილი და ამაში რაღაც ფინანსური დაინტერესება ჰქონდეთ. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაცები ავკრძალოთ და ალტერნატივები არ მივცეთ ადამიანებს".

ახალი რეგულაციები

საკანონმდებლო ორგანო ახალ რეგულაციებზე მუშაობს, რითაც ძველი და გაუმართავი ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში შეიზღუდება. იმ ავტომობილისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე პირველად რეგისტრაციას 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გაივლის, სავალდებულო იქნება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება რეგისტრაციის თარიღიდან 30 დღეში. ცნობისთვის: მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გახდება. ასევე, ახალიმპორტირებული ავტომობილებისთვის ე.წ. კატალიზატორის სისტემის გამართულობაც იქნება სავალდებულო. ადგილობრივი ავტოპარკისთვის ამ ვალდებულების ამოქმედება 2020 წლიდან იგეგმება. დღეს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების, ფაქტობრივად, 90%-ს არ აქვს გამართული კატალიზატორის სისტემა, რამდენიმე თვეში კი ეს ერთ-ერთი წინა პირობა გახდება ტექნიკური შემოწმების გასავლელად. გაიზრდება განბაჟების გადასახადი მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისთვის. იგეგმება ისეთი განბაჟების სისტემის შემოღება, რომელიც ავტომობილის ასაკზე იქნება მიბმული. ხელისუფლებაში ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან მგრძნობიარე თემაა მოსახლეობისთვის, მაგრამ ყველაფერი მოასწავებს, რომ ნელ-ნელა "ევრო 5"-ის სტანდარტი შეიძლება "შემოგვაპარონ".

ემა ტუხიაშვილი