"სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ თანამდებობრივი სარგოს სახით 2017 წელს გაცემულმა დანამატმა 6 109 030 ლარი შეადგინა" - კვირის პალიტრა

"სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ თანამდებობრივი სარგოს სახით 2017 წელს გაცემულმა დანამატმა 6 109 030 ლარი შეადგინა"

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აპარატის მიერ 2017 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით, 175-ჯერ ორმაგი და მეტი ოდენობის დანამატი გაიცა, რამაც ჯამში 6 109 030 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აპარატის მიერ "შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 60 411 753 ლარის საკასო ხარჯი. თანამდებობრივი სარგოსთვის გახარჯულია 51 357 907 ლარი, წოდებრივი სარგო 848 781 ლარი, პრემია 2 096 033 ლარი, ხოლო დანამატი 6 109 032 ლარის ოდენობით.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს აპარატის 2017 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 4587 ერთეულს შეადგენდა (2017 წლის თებერვალში საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებით, რაოდენობა 4135 ერთეულამდე შემცირდა, თუმცა შრომის ანაზღაურების ფონდი უცვლელი დარჩა), ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობა კი - 3762 ერთეულს.

"დანამატის“ მუხლით წლის განმავლობაში გაცემულია 6 109 003 ლარი. მაქსიმალური ოდენობის დანამატი კი შეადგენდა 6 250 ლარს. რამდენიმე შემთხვევაში აღნიშნული ოდენობის დანამატი ყოველთვიურად გაიცემოდა დაწესებულების დირექტორებზე, თუმცა აუდიტის ანგარიშში განმარტებულია, რომ 8-დან 7 შემთხვევაში, შვებულებაში ყოფნის გამო, გაცემულია დანიშნულზე ნაკლები ოდენობის დანამატი.

ამავე ანგარიშის თანახმად, თანამდებობრივ სარგოზე ორმაგი და მეტი ოდენობის დანამატი გაცემულია 175 შემთხვევაში.

"დანამატების გაცემა სამინისტროს მხრიდან დასაბუთებულია ზეგანაკვეთური ან/და განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულებით. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ არ ხდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, თუმცა, სახეზე იყო დანამატის თანამდებობრივ სარგოსთან თანაფარდობის მაღალი მაჩვენებელი (რაც 2018 წლიდან მინისტრის ბრძანებით დარეგულირდა და მნიშვნელოვნად შემცირდა). შედეგად, ფიქსირებული ოდენობის დანამატის ყოველთვიური დანიშვნა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებდა, ვიდრე დანამატის“, - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია იყო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე მომხდარიყო საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების ფონდის რეალური ოდენობით განსაზღვრა, რათა თავიდან აცილებულიყო წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით თავისუფალი საშტატო ერთეულებისა და შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი ეკონომიების არსებობა.

ამავე ანგარიშის სარეკომენდაციო წერილიდან ირკვევა, რომ სამინისტრომ აღნიშნული რეკომენდაცია ნაწილობრივ შეასრულა.

"კერძოდ, 2018 წლიდან საკითხი ნაწილობრივ დარეგულირებულია, სამინისტროში მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაწესებულია დანამატის ზღვრული ოდენობები, შეიცვალა საშტატო განრიგი და გაიზარდა თანამდებობრივი სარგოები, თუმცა დანამატების გაცემა კვლავ ხორციელდება თავისუფალი საშტატო ერთეულებიდან წარმოქმნილი ეკონომიებიდან“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის სარეკომენდაციო წერილში.