დღეიდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა
20-08-2018
დღეიდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა
კერძო გამსესხებლებს დღეიდან ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა ეკრძალებათ. აღნიშნულს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სესხების გაცემა ეკრძალებათ იმ კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული არ არიან.

როგორც bpn.ge წერს, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით, კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იყოს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში
არსებული უძრავი ნივთი. ასევე, დაუშვებელია ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის, სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე საშუალებების, წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით.

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი
საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.

ასევე, კოდექსის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები.

სამოქალაქო კოდექსში ცვლილების ინიციატივის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა და იგი დღეიდან ამოქმედდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით