საქართველოში უმუშევრობა მცირედით შემცირდა?
20-08-2018
საქართველოში უმუშევრობა მცირედით შემცირდა?
2018 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12,1% შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული და ძირითადად, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

„კვარტალური მონაცემები ასაკობრივ ჭრილს არ გვიჩვენებს, თუმცა წლიურ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ, უმუშევრობის მაჩვენებელი არის 15-24 წლის ასაკში, ხოლო რაც
შეეხება 65 წლის და ზემოთ ასაკის მიხედვით მოსახლეობას, ამ ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალია, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის პერიოდსა და შვიდი დღის განმავლობაში და სამსახურს ეძებდა გასული 30 დღის
განმავლობაში და იმავდროულად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობის დასაწყებად მზად იყო”, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

როგორც „საქსტატის“ მონაცემებშია აღნიშნული, 2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64 პროცენტი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად, 0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით. ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

„2018 წლის II კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით”,- აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში. რაც შეეხება სოფლად მცხოვრებთა შორის უმუშევრობას, საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით.

„2018 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა”,- აღნიშნულია სტატისტიკურ მონაცემებში.

რედაქტორის რჩევით