"დღეს ჩემს ბიზნესში სახელმწიფო ჩაერია" - კვირის პალიტრა

"დღეს ჩემს ბიზნესში სახელმწიფო ჩაერია"

საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირება აიკრძალება. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სექტემბრიდან ამ პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი. შედეგად, ბაზრის იმ მოთამაშეებს, რომლებიც ხორბლის იმპორტ-ექსპორტისთვის ავტოტრანსპორტს იყენებენ, არჩევნის შესაძლებლობა აღარ ექნებათ და კონკურენციაც შემცირდება. გადამზიდავ კომპანიებში არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი რკინიგზისა და მსხვილი წისქვილკომბინატების ინტერესების ლობირება იყოს.

"ცივილიზებული გზა" ტურისტების საამებლად

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამ გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რიგებს ასახელებს და აცხადებს, რომ ეს ტურისტების გადაადგილებას უშლის ხელს.

"ეს არის ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. ბიზნესზე არანაირი ზეწოლა არ ხდება. ტრანზიტზე შეზღუდვები დავაწესეთ, რადგან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ძალიან დიდი რიგები იყო, ტურისტები ვერ ახერხებდნენ შემოსვლას, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან, განსაკუთრებით ლარსის გამშვებ პუნქტზე. არსებობს უფრო ცივილიზებული და ეფექტიანი გზა - საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება. ეს დისონანსს არ შემოიტანს ეკონომიკაში და არც გაძვირებასთან ექნება კავშირი".

მარცვლეული ციფრებში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 6 თვეში საქართველოში 53 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი შემოვიდა, სულ დაახლოებით 276 ათასი ტონა. რკინიგზის სტატისტიკით კი მათ 6 თვის განმავლობაში 260,1 ათასი ტონა მარცვლეული გადაზიდეს. გამოდის, გადაზიდვაში უდიდესი წილი ისედაც რკინიგზაზე მოდის და დანარჩენი (10-15%) საავტომობილო გზაზე, საავტომობილო გადამზიდავები კი ბაზრის ამ 10-15%-საც დაკარგავენ. შედეგად, 1000-ზე მეტი კაცი უმუშევარი დარჩება.

"ამ აკრძალვით 300 ოჯახი უნდა დავტოვო მშიერი"

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან სილაგავა აცხადებს, რომ თვეში საქართველოში დაახლოებით 45 000 ტონა ხორბალი შემოდის და მისი უდიდესი წილი რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტზე მოდის. ამიტომაც თვლის, რომ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას ფასებზე დიდი გავლენა არ ექნება. განსხვავებული მოსაზრება აქვს "სერვისაგროს" დირექტორ ბესო ჯიქიას, რომლის აზრით, ბაზარზე დარჩება 3-4 კომპანია და კონკურენცია, ფაქტობრივად, აღარ იქნება, რაც ხორბლისა და შემდგომ უკვე პურის ფასებზე მოახდენს ზეგავლენას.

- "სერვისაგრო" ხორბლის ექსპორტ-იმპორტის ბიზნესში ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიაა. ამ დროისთვის კომპანიაში 300 მძღოლია დასაქმებული, მთლიანად კი ამ ბიზნესით 1000-ზე მეტი მძღოლია დაკავებული. თუ ფინანსთა მინისტრს ტურისტების შემოსვლის პრობლემა აწუხებს, ნეიტრალური ზონა არსებობს და იქ გამოასწორონ სიტუაცია, ამ აკრძალვით კი პირადად მე 300 კაცი უნდა დავითხოვო სამსახურიდან, 300 ოჯახი უნდა დავტოვო მშიერი. მათ ბინები ჩადეს ბანკებში, რომ ტრაილერები შეეძინათ და დასაქმებულიყვნენ. ახლა ვალები როგორ გადაიხადონ?! ვეკითხები ფინანსთა მინისტრს - რა გააკეთონ იმ მძღოლებმა, რომლებიც ამ საქმეში არიან ჩართული და ნახევარი მილიარდის ინვესტიცია აქვთ ჩადებული? მათ გონივრული ვადის მიცემის გარეშე უთხრეს, წადით სახლში, სამსახური აღარ გაქვთო...

მალე გამოჩნდება, ვის ინტერესებს ლობირებენ. აქ ერთმანეთს ეჯახება მსხვილი და წვრილი წისქვილები, რკინიგზა, მაგრამ ზუსტად რამის თქმა შეუძლებელია. პრობლემა ის არის, რომ ბაზარზე კონკურენცია შემცირდება, დარჩება 3-4 კომპანია და ისინი გაზრდიან ფასებს. აქამდე იმპორტით რამდენიმე ბიზნესოპერატორი იყო დაკავებული და ბაზარზეც ჯანსაღი კონკურენცია იყო. დღეს ჩემს ბიზნესში სახელმწიფო ჩაერია! მე ვიცი ერთი რამ - როდესაც ბიზნესში სახელმწიფო ჩაერევა, შემდეგ უნდა მოიგონოს ბევრი რეგულაცია, რეპრესიებამდე რომ მივიდეს. ამას არ დავუშვებთ!"

კორუფციული რისკები

ბიზნესსამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ფინანსთა მინისტრის ბრძანებას კორუფციული რისკების შემცველს უწოდებს: - ყველაზე ცუდი, რაც ამ ბრძანებაშია ჩადებული და კორუფციის ნიშნებს შეიცავს, არის "გამონაკლის შემთხვევაში დაშვება". ბრძანების მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ხორბლის იმპორტ-ექსპორტი შესაძლებელია ავტოსატრანსპორტით, მაგრამ არსად ჩანს, ასეთ პასუხისმგებლობას რა შემთხვევაში იღებს შემოსავლების სამსახური. სად წერია, რა პირობებით მიეცემა პირს ტრანსპორტირების უფლება. შეუძლებელია თითოეული გადამზიდავისთვის თითოეულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან ნებართვის შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ეს დიდ კორუფციულ რისკებს შეიცავს...

ელზა წიკლაური