"ყველაზე ცუდი სიზმარი პუტინისთვის ის არის, რომ რუსებს საქართველოში უნდათ ცხოვრება"
"ყველაზე ცუდი სიზმარი პუტინისთვის ის არის, რომ რუსებს საქართველოში უნდათ ცხოვრება"
დედაქალაქის შემდეგ, მშენებლობაში ბრუნვის მოცულობით ქვეყანაში აჭარა მეორე ადგილზეა და ამ მაჩვენებელმა შარშან 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

აჭარაში წლეულს ჩასული დამსვენებელი შენიშნავდა, რომ ბათუმში სამშენებლო ბუმია. აშენებენ ყველგან: ქალაქის ცენტრში, გარეუბნებში, ხოლო ახალი ბულვარის გასწვრივ ტერიტორია, ფაქტობრივად, სრულად არის ათვისებული. ძირითადად, მრავალსართულიანი და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. მოსახლეობის თქმით, უძრავ ქონებას ზღვისპირა ქალაქში ყიდულობენ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მეტწილად რუსები, თურქები და ირანელები.

ბათუმში სამშენებლო ბუმს ადასტურებს ოფიციალური
სტატისტიკაც. მაგალითად, შარშან 1141 ობიექტის აშენების ნებართვა გაიცა ამ რეგიონში, მათ შორის, 72% საცხოვრებელი სახლების წილად მოდიოდა და მხოლოდ 9% სასტუმროების. მშენებლობის საერთო ფართობმა 1 835,7 ათასი­ კვმ შეადგინა. შედარებისთვის: 2016 წელს აჭარაში ნებართვების 54% საცხოვრებელი სახლების აშენებაზე გასცეს, სასტუმროებზე - 26%.

დედაქალაქის შემდეგ, მშენებლობაში
ბრუნვის მოცულობით ქვეყანაში აჭარა მეორე ადგილზეა და ამ მაჩვენებელმა შარშან 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბოლო 7 წელიწადში სამშენებლო სექტორის წლიურ ბრუნვაში უცხოურ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა წილი გაოთხმაგდა(!) და 11%-დან 46,9%-ს მიაღწია.

2012-2016 წლებში უცხოელებმა საქართველოში 15 317 ბინა თუ სახლი და 5 709 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინეს. ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქეების წილად მოდის. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოში დასაქმებული უცხოელების რაოდენობასა და საქმიანობას შეისწავლიდა, აღმოჩნდა, რომ უცხოელების უმეტესობა (1088) საქართველოში სწორედ სამოქალაქო მშენებლობებზე მუშაობს.
კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი - 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდებით, ეკონომიკის სექტორებს შორის უძრავი ქონება და მშენებლობა ლიდერთა შორისაა. მშენებლობაში შარშან 284 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო უძრავ ქონებაში - 178 მილიონზე მეტი.

"ჩვენთვის არაფერი იცვლება, უცხოელები კი ხეირობენ"


იმას, რასაც სტატისტიკა ვერ გვეტყვის, ბათუმელი ტაქსის მძღოლი გვიყვება და დანიშნულების ადგილამდე იმ გზით მივყავართ, სადაც მშენებლობა, სეზონის მიუხედავად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ირაკლი გოგიტიძე, ბათუმის მკვიდრი: "ყოველდღიურად რამდენიმე ათეული მგზავრი გადამყავს, ყველა გაოცებულია ბათუმში მშენებლობის მასშტაბით. ყველაზე მეტი მშენებლობა პირველ სანაპირო ზოლშია, ახალი ბულვარის გასწვრივ თით­ქმის მთელი ტერიტორია ათვისებულია. აშენებენ როგორც ადგილობრივი კომპანიები, ისე უცხოელი ინვესტორები. სხვათა შორის, უცხოელებს თავიანთი მუშახელი ჩამოჰყავთ. თუმცა არც აქაურებს გვაქვს სასაყვედურო, მშენებლობებზე ბევრი სამუშაო ადგილი გამოჩნდა.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი უცხოელი მხვდება, ვისაც ბათუმში საკუთარი ბინა ან ნომერი აქვს სასტუმროს ტიპის შენობაში. ირანელები უფრო ჩაკეტილი ხალხია, სიტყვას ვერ დააცდენინებ. არადა, საუკეთესო ადგილები აქვთ ნაყიდი, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ფართობები. სამსახურშიც თავისიანები აჰყავთ. არც თურქებთან მიყვარს დიდად საუბარი, რადგან სიმართლეს მაინც არ გეტყვიან. რუსულენოვან ტურისტებთან უფრო გამომდის კომუნიკაცია და გადარეული არიან კლიმატით, გარემოთი, ხალხით. ბევრს უკვე საკუთარი ბინა აქვს საქართველოს შავიზღვისპირეთში, ზოგიც ახლა იშენებს.
მოსწონთ უძრავი ქონების ფასები, 85.000 ლარად, რაც 32-33 ათასი დოლარია, ბათუმში პატარა ბინის ყიდვა შეუძლიათ.

ზოგი ზაფხულობით ჩამოდის, ზოგიც საცხოვრებლად გადმოდის და ბიზნესს იწყებს, უმეტესად სარესტორნო ქსელში ან ვაჭრობაში. რუსები, ირანელები და თურქები იჩენენ ყველაზე დიდ ინტერესს აჭარის რეგიონში.
სხვათა შორის, ბათუმსა და გონიოს შორის არსებული ძველი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია ცოტა ხნის წინ სახელმწიფოსგან ვიღაც არაბმა შეიხმა იყიდა. ამბობენ, რომ დაახლოებით 300 ჰექტარზე ტურისტული მინიქალაქის გაშენება იგეგმება.

ბევრი ჩემი მეგობარი გემზე მეზღვაურად მუშაობს, უამრავი საპორტო თუ ზღვისპირა ქალაქი აქვთ ნანახი, უთქვამთ კიდეც, რომ ბათუმი გამორჩეულია. ალბათ ესეც არის, რაც აქ ხანგრძლივად დარჩენის სურვილს უჩენთ.
თუმცა, ჩვენისთანა ადამიანებისთვის ამით თითქმის არაფერი იცვლება. ისევე ვებრძვით სიღარიბეს. მგზავრების რაოდენობაც რომ გაიზარდოს, ჩემი შემოსავალი არ იზრდება, რადგან ტაქსოკომპანია ფიქსირებულ თანხას მიხდის, რაც არათუ ახალი ბინის შეძენას, ძველის გარემონტებასაც ვერ გასწვდება. გამოდის, რომ ჩვენს მიწა-წყალზე ისევ უცხოელები ხეირობენ".

"მისაბაძი გახდა ჩვენი მაგალითი და ბევრმა უცხოელმა დაიმკვიდრა აქ თავი"


ანა მატვეევა, ბელარუსი მიგრანტი საქართველოში:
"3 წლის წინ ჩამოვედი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად. მანამდე ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი აჭარაში, როგორც ტურისტი. მე და ჩემმა მეუღლემ ცოტა ფული მოვაგროვეთ და თქვენს ქვეყანაში მცირე ბიზნესი წამოვიწყეთ - საოჯახო­ რესტორანი გავხსენით ბათუმში. საქმე კარგად­ წავიდა და არა მხოლოდ ტურისტულ სეზონზე, სტუმრის ნაკლებობას არც წლის სხვა დროს ვუჩივით. თქვენი ქვეყანა სასურველია არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ ბიზნესის დასაწყებადაც. მანამდე არაერთხელ მოვსინჯეთ თავის დამკვიდრება ხან ჩვენს სამშობლოში, ხანაც მეზობელ რუსეთსა თუ უკრაინაში და კორუფციასთან ერთად, დიდ ბიუროკრატიულ ბარიერებს წავაწყდით. ჩვენი მაგალითი მისაბაძი გახდა ჩვენი მეგობრებისთვისაც და რამდენიმე მათგანი ჩამოვიდა საქართველოში, ზოგმა ბათუმში სამრეცხაო გახსნა, ზოგმა ჰოსტელებს დასუფთავების სერვისი შესთავაზა და მათაც დაიმკვიდრეს აქ თავი. შარშან მშენებარე კორპუსში შევიტანეთ თანხა და რამდენიმე თვეში ჩვენი ბინაც გვექნება. ვფიქრობ, უახლოეს წლებში უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება აჭარაში როგორც უძრავი ქონების შეძენით, ისე ბიზნესის დაწყებით".

"სწორედ ეს არის აფხაზეთთან დაახლოების გზა"

ირაკლი როსტომაშვილი, საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი:­ "რაც უნდა საოცარი იყოს, მე სწორედ ამაში ვხედავ აფხაზეთთან დაახლოების გზას, რადგან კარგად ვიცი ის მოსაზრებები, რომელიც აქვს აფხაზეთის მოსახლეობას. ხედავენ, რა ტემპით ვითარდება ბათუმი. არადა, აჭარის სანაპირო ზოლს ვერც კი შევადარებთ აფხაზეთს და ბათუმის მაგალითზე აფხაზები ხედავენ, რას კარგავენ...
მყავს რუსი მეგობრები და ხშირად მითქვამს ირონიულად, ხომ "გაათავისუფლეთ" აფხაზეთი, რატომ არ ჩადიხართ-მეთქი. სიმწრით იცინიან, ხვდებიან, რა და როგორ არის...

როცა იზრდება უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი, ეს ქვეყნისთვის კარგია. არავინ ყიდულობს უძრავ ქონებას იქ, სადაც საომარი მოქმედებებია ან მათი განვითარების ალბათობა არსებობს. ამ სტატისტიკის მიხედვით გამოდის, რომ რუსებიც, უკრაინელებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიცა და თურქებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდება მომგებიანია. ასეა ევროპის ქვეყნებშიც, სხვადასხვა ქვეყნიდან მიგრანტები აწყდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყნები უკეთესია საცხოვრებლად, ვიდრე მათი ქვეყანა.

როცა ვამბობთ, პაკისტანელები ნუ ჩამოვლენ საქართველოშიო, არ ჩამოვლენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოც პაკისტანის მსგავსი სახელმწიფო იქნება. რატომ გარბიან ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ესპანეთსა და პორტუგალიაში? იმიტომ, რომ იქ უკეთესია!

რაც უფრო წინ წავა საქართველო და დაუახლოვდება ევროპულ ოჯახს, მიგრაციული პროცესები ქვეყანაში სულ უფრო ინტენსიური გახდება. მაგრამ ამის მართვა არ არის მენაშენეთა გადასაწყვეტი საკითხი. ეს უკვე პოლიტიკოსების კომპეტენციაა, როგორ მიგრაციულ პოლიტიკას გაატარებენ ქვეყანაში, რამდენად მარტივად მიანიჭებენ­ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობას ან მისცემენ ბინადრობის უფლებას... მე თუ მკითხავთ, ყველაზე ცუდი სიზმარი პუტინისთვის სწორედ ის არის, რომ რუსები მოდიან საქართველოში და ბინას ყიდულობენ, აქ უნდათ ცხოვრება, მიაჩნიათ, რომ აქ უფრო კარგია, ვიდრე მათ ქვეყანაში. ასე თვლიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის სამშობლოც სავსებით ობიექტურად საქართველოში მტრად არის აღქმული. წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება. ალბათ, ვერაფერი შეაჩერებს მიგრაციულ ნაკადს რუსეთიდან, ამიტომ ამაზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ერთი მიმართულების განვითარებით ქვეყნის სხვა ინტერესები არ დავაზიანოთ... ამერიკაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე 100 მილიონი მიგრანტი ჩავიდა და ათჯერ ამდენი ჩავიდოდა, რომ არა ის რეგულაციები, რომლებითაც ამერიკა ქვეყანაში მოხვედრის მსურველებს უმკლავდება. ამიტომ ის კი არ უნდა ვიძახოთ, რომ ირანელები საქართველოში სიმრავლით ქართველობას გვართმევენ, რაც სასაცილოც კი აღარ არის, არამედ გონიერი მიგრაციული პოლიტიკით უნდა დავარეგულიროთ მიგრაციული პროცესები ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის".

ემა ტუხიაშვილი