ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმების ოდენობა იცვლება? - კვირის პალიტრა

ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმების ოდენობა იცვლება?

1-ელი სექტემბრიდან სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე მცირდება. აღნიშნულ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, "მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს“.

"იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან“, - აღნიშნულია კოდექსში.

ამასთან იცვლება ვადაგადაცილებულ სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობაც. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ სანქციის ოდენობა წლიურად 98.55%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

ცნობისთვის, სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით, მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლო და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს.