მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ არა იმ ბარბაროსული მეთოდებით, რითაც დღეს გარევაჭრობას ებრძვიან. - კვირის პალიტრა

მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ არა იმ ბარბაროსული მეთოდებით, რითაც დღეს გარევაჭრობას ებრძვიან.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან დედაქალაქში გარევაჭრობა აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მონიტორინგი, რომელმაც სავაჭრო ქსელში სანიტარიული ნორმების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა ხორცისა და რძის პროდუქტებში, თევზეულსა თუ გამაგრილებელ სასმელებში. მერიამ ხელი ბაზრობების ადმინისტრაციებისკენ გაიშვირა, აკრძალვა მათ მოგვთხოვესო. სულ თბილისში 4 ათასამდე გარემოვაჭრეა.

როცა "დინამოს"სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეებს აძევებდნენ, მრავალმა მათგანმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა სავაჭრო საქონელი თუ ინვენტარი გაუნადგურეს. აკრძალვა თანდათან მთელ ქალაქზე გავრცელდა. ის არა მარტო სურსათით მოვაჭრეებს შეეხო, არამედ, ბუკინისტებსა და ყვავილებით მოვაჭრეებსაც.

მოვაჭრეებს მერია სანაცვლოდ სთავაზობს არსებულ ბაზრობებზე, თავისუფალ სავაჭრო ადგილებზე გადასვლას, სადაც თურმე 6 ათასი ადგილია და წლის ბოლომდე გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდება. გარდა ამისა, ჰპირდება რამდენიმე მომცრო ახალი ბაზრის გახსნას, ნინოშვილის ქუჩაზე კი ცენტრალური ბაზარი ამოქმედდება.

გარემოვაჭრეთა დიდი ნაწილი ამ დაპირებებს უნდობლობით ეკიდება -გადასახადები მათ შემოსავალს შეუმცირებთ, თანაც ახალ ადგილებზე ვაჭრობამ შესაძლოა საერთოდ არ გაამართლოს და მუშტარიც დაკარგონ. მათ საპროტესტო აქციები წამოიწყეს, ისინი სხვადასხვა ადგილას იმართება, 19 აგვისტოს კი გარემოვაჭრეები პრეზიდენტის რეზიდენციიდან თბილისის მერიამდე ფეხით მსვლელობას გეგმავენ. მათ დევნილებიც შეუერთდებიან, რომელთა გამოსახლება ბოლო დროს ინტენსიურად მიმდინარეობს. საზოგადოებაში გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ შეხედულებები გაყოფილია.

მადონა კოიძე (საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე): "გარევაჭრობა თბილისისთვის ნამდვილი "აქილევსის ქუსლი"იყო. ფედერაციაში უამრავი ზარი შემოდიოდა გარევაჭრობაზე ნაყიდი პროდუქტის უხარისხობის გამო. დავინტერესდით და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია არაერთხელ გამოვიკვლიეთ. გარემოვაჭრეებთან შეძენილმა პროდუქციამ ხშირ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილა უსაფრთხოების მოთხოვნები, ის საკვებად უვარგისი გამოდგა. როცა ანტისანიტარიულ გარემოში იყიდება ძეხვი, სოსისი, თევზი, ხორცი, რა თქმა უნდა, მომხმარებლის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგება.

ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რომ მერიამ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა გარევაჭრობის აკრძალვა. თუმცა მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვიცი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელმოკლეა, არც გარემოვაჭრეთა მდგომარეობაა სახარბიელო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ათეული და ასეული გარემოვაჭრის გამო რისკის ქვეშ დავაყენოთ ათასობით მომხმარებლის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გარემოვაჭრეებთან პროდუქტს ასევე ხელმოკლე ადამიანები ყიდულობენ, რომლებიც ცდილობენ, 20-30 თეთრით იაფად შეიძინონ საკვები. მათ მდგომარეობაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ყველამ ხმა თუ არ ავიმაღლეთ, მომხმარებელთა უფლებები ამ ქვეყანაში ყოველთვის დაუცველი იქნება.

მკაცრად უნდა გაკონტროლდეს იმ ობიექტების სანიტარიული მდგომარეობა, სადაც მალფუჭებადი პროდუქტი იყიდება. როცა 30-35-გრადუს სიცხეში, მზის გულზე იყიდება პროდუქტი, რომელიც 6 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს, რა თქმა უნდა, ის მომხმარებლის ჯანმრთელობას კარგს არაფერს უქადის.

შეიქმნა ალტერნატიული ბაზრები გარევაჭრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მართალია, იქაც არ არის ბოლომდე დაცული სანიტარიული ნორმები, მაგრამ გარევაჭრობას მაინც ყველაფერი ჯობია".

სოსო ცისკარიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "თუ ამ ქვეყანას აქვს ტურიზმის "მექად"გადაქცევის პრეტენზია, ხელისუფლებამ როგორმე უნდა შეძლოს ქუჩის ვაჭრობის ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევა. ის, რაც დღეს დედაქალაქის ქუჩებში ხდება, როგორც ესთეტიკურად, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, ნამდვილად მიუღებელია და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს უკანასკნელი ლუკმა-პურის წართმევას ისედაც გაუბედურებული ხალხისთვის. აკრძალვა და დარბევა გამოსავალი ნამდვილად არ არის. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები უნდა გატარდეს: ყველა მოვაჭრემ უნდა იცოდეს, მომავალში სად წავა და როგორ განაგრძობს ცხოვრებას. აწიოკებით ხელისუფლება მხოლოდ ამ ხალხის სიძულვილს მოიმკის და სხვას ვერაფერს.

მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ არა იმ ბარბაროსული მეთოდებით, რითაც დღეს გარევაჭრობას ებრძვიან. სასურველი იყო, მოვაჭრეებისთვის დრო მიეცათ, წინასწარ შეემზადებინათ ისინი და ერთბაშად არ გაეშვათ შეჩვეული ადგილებიდან. ახლა კი ის მაინც უნდა გაარჩიონ, რა სახის პროდუქტით ვაჭრობენ ეს ადამიანები. გაზეთებით მოვაჭრეს ისე არ უნდა მოვექცეთ, როგორც შებოლილი თევზით მოვაჭრეს და თბილისის დასალიერში არ უნდა გავისტუმროთ. გარევაჭრობა ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მას აქვს მოწესრიგებული, ცივილიზებული ფორმა.

მიზანი, რომლითაც გარევაჭრობის აკრძალვას ხსნიან, კარგია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამ მიზნის მისაღწევად არასწორ მეთოდებსა და ხერხებს იყენებს: პოლიცია დასდევს და ავიწროებს ხალხს, რომელიც ოჯახს უმძიმესი შრომით არჩენს. ასეთი რამ ცივილიზებულ ქვეყნებში ნამდვილად არ ხდება!"

ნინო ნ. (გარემოვაჭრე): "დინამოს"სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე წვრილმანებით ვვაჭრობდი. პროდუქცია, რომელსაც ვყიდი, არც მალფუჭებადია და არც ჯანმრთელობისათვის საშიში, მაგრამ ვინ იცის, რამდენი ტანჯვა გამოვიარე ამ დღეების განმავლობაში: პოლიცია ისე გვექცევა, თითქოს ადამიანები არ ვიყოთ, დაგვდევს და გვაწიოკებს. მიპასუხეთ, ჩემს ობოლ შვილებს უგულავა და სააკაშვილი არჩენენ თუ ჩვენი "მეგობარი"პოლიციელები?! არ ვიცი, რა გზას დავადგე, ზოგჯერ ვფიქრობ, წავალ და საერთოდ გადავიკარგები ამ ქვეყნიდან-მეთქი, მაგრამ შვილები ვის დავუტოვო?!"

ანიკო ლ. (გარემოვაჭრე): "ქალაქის სისუფთავეს რა ჯობია, მაგრამ ხალხს სამუშაო არ აქვს და ლუკმა-პურის საშოვნელად ყველაფერზე მიდის. არც მე მიხარია სიცხესა და სიცივეში გარეთ გდება და თავის დამცირება, მაგრამ ამას ჩემი ოჯახისთვის ვაკეთებ. თუ ჩვენი სიკეთე უნდოდათ, რატომ დაგვინგრიეს "დეზერტირების ბაზარი", სადაც უამრავი ხალხი იყო დასაქმებული და გადასახადიც ზომიერი იყო? დავუშვათ, ახალ წლამდე შეღავათი გაგვიწიონ, მაგათ აშენებულ ბაზრებში გადასახადი იმდენად მაღალია, რომ მე მაგალითად, ვერასოდეს გადავიხდი!"

ხათუნა ჩიგოგიძე