"დაწკრიალების" ბიზნესში სიხალვათეა - კვირის პალიტრა

"დაწკრიალების" ბიზნესში სიხალვათეა

სისუფთავის მოთხოვნილება შესაძლოა შემოსავლის კარგ წყაროდ იქცეს

კლინინგური კომპანიები საქართველოში შედარებით ახალი ხილია. ვიტრინებისა და ვიტრაჟების წმენდას, ოფისების ან სხვა შენობების დალაგება-დასუფთავებას მომხმარებელს რამდენიმე კომპანია თუ ინდმეწარმე სთავაზობს. საქართველოში ბაზრის ეს ნიშა ბოლომდე ჯერაც აუთვისებელია და ამიტომ კონკურენციაც შედარებით მცირეა.

თურმე ქალაქს, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,2 მლნ ადამიანია, რამდენიმე ასეული "დამწკრიალებელი" კომპანია სჭირდება. დღეს კი ბაზარზე სულ 30-მდე ასეთი პროფილის კომპანიაა რეგისტრირებული. ამ ბიზნესის წარმოებისთვის საქართველოში არც საგანგებო ნებართვაა საჭირო და არც რამ ლიცენზია.

ამიტომ, სურვილისა და რა თქმა უნდა, მარიფათის შემთხვევაში, სულ რაღაც 100 ლარადაც შეიძლება მინების საწმენდი მოწყობილობის, ქიმიური საშუალებების შეძენა, საგადასახადოში ინდმეწარმედ დარეგისტრება და მომხმარებლისთვის მომსახურების შეთავაზება.

მაგრამ ასეთ შემთხვევაში "მარტო მუშაობა" მოგიწევთ და იმის თქმაც გაგიჭირდებათ, "როდის იქნება მზად". თუ სერიოზულად დაფიქრდებით კლინინგური საქმიანობის წამოწყებაზე, უმჯობესია სხვების გამოცდილება გაითვალისწინოთ.

კოკა დოლბაია (სოციალური სამუშაოების სამსახურის უფროსი): "უცხოეთში ვმუშაობდი კომპანიაში, რომელიც ამ საქმით იყო დაკავებული. როცა საქართველოში დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ეს ბაზარი, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. კომპანიის დაფუძნება გადავწყვიტე. ჯერ პროექტი დავწერეთ, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა, რა სერვისს შევთავაზებდით მომხმარებელს და ვინ უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი პოტენციური კლიენტები.

დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ ბიზნესის დასაწყებად დაახლოებით 40 ათასი დოლარი იყო საჭირო. სხვათა შორის, არც ისე დიდი თანხაა ასეთი სარფიანი ბიზნესის წამოსაწყებად. ფული ძირითადად ავტომობილების, სპეციალიზებული ტექნიკის, საწმენდი საშუალებების შეძენას მოხმარდა. ვიქირავეთ ოფისი, რისთვისაც თვეში დაახლოებით 200 ლარს ვიხდით.

საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობისა და კომპანიის დარეგისტრირების თვალსაზრისით, კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია. სხვა ქვეყანაში თუ კლინინგური კომპანიის ან დასუფთავების სამსახურის დაფუძნებას უამრავი ნებართვა და ლიცენზია სჭირდება, აქ საკმარისია მხოლოდ დაარეგისტრირო შპს და სულ რაღაც 52 ლარად ლეგალურად დაიწყო საქმიანობა.

სახელმწიფოს მოგების, დამატებული ღირებულებისა და ქონების გადასახადს ვუხდით, თანამშრომლების ხელფასებიდან -საშემოსავლოს. სულ რაღაც ერთი წელიწადია ბაზარზე ვართ და უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად არ გვაქვს. ბიზნესმა მოგების მოტანა უკვე ნახევარ წელიწადში დაიწყო. თავიდან ექვსი თანამშრომელი გვყავდა, აქედან სამი ოფისში, ბუღალტერის ჩათვლით და სამიც მუშახელი სპეციალიზებული სამუშაოს შესასრულებლად. ახლა მათი რაოდენობა 30-მდეა.

პრობლემები შეგვექმა დასუფთავების ტექნიკის შეძენასთან დაკავშირებით, რადგან ბაზარზე დიდი ასორტიმენტი არ იყო და შეკვეთა უცხოეთში გავაგზავნეთ. საწმენდი საშუალებების მარაგს კი თვეში ერთხელ ვავსებთ.

წვრილი მეწარმეები, პატარა მაღაზიის მეპატრონეები ძირითადად ვიტრინებისა და ვიტრაჟების დაწმენდას უკვეთენ. მსხვილი კორპორაციული კლიენტებისგან კი უკვე ჩნდება მოთხოვნა სრულფასოვან კლინინგმომსახურებაზე.

ყველაზე იაფი მინის გაწმენდაა, ერთი კვ.მ.-ის ფასი 70 თეთრიდან იწყება. ყველაზე ძვირი კი მარმარილოს ზედაპირის მოხვეწა-კრისტალირება ღირს, ერთი კვ.მ. 50 ლარიდან იწყება.

როცა ბიზნესს ვიწყებდით, რა თქმა უნდა, რეკლამების განთავსებაც დაგვჭირდა, მეტწილად საინფორმაციო ბუკლეტების, სტიკერებისა სახით და რადიოს საშუალებით. ჯერ ეს ბიზნესი ისე არ არის განვითარებული, რომ ძვირად ღირებულ რეკლამაში დაგვეხარჯა ფული.

თუ ხარჯებსა და მოგებას დავიანგარიშებთ, ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 12 ათასი ლარია. აქედან ყველაზე დიდი თანხა თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება, შემდეგ -გახარჯული საშუალებებისა და ინვენტარის შეკეთება-შეძენას, გადასახადებს და სხვ. მოგება თვეში დაახლოებით 20 ათას ლარამდეა.

საქართველოს ბაზარზე პროფესიონალურ კლინინგს თითქმის არავინ ახორციელებს. დასუფთავების სამსახური ჩვენთან მხოლოდ ვიტრაჟებისა და იატაკის დასუფთავებას ნიშნავს. უცხოეთში კი პროფესიონალურ კლინინგში შედის, მაგალითად, ყველა შიდა კომუნიკაციის -სავენტილაციო თუ საკანალიზაციო სისტემების დასუფთავება. დროთა განმავლობაში ასეთ სერვისზე მოთხოვნა საქართველოშიც გაჩნდება..".