"მეხორბლეთა საქმე" - ვის სურს"ხორბლის გზის" დაპატრონება - კვირის პალიტრა

"მეხორბლეთა საქმე" - ვის სურს"ხორბლის გზის" დაპატრონება

რატომ აშინებდა მაღალჩინოსანი ქართველ მძღოლებს პანკისში შესული არალეგალური იარაღით

პური გაძვირდება, ხორბლის გადამზიდავები კი აქციებით იმუქრებიან. ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის ქვეყანაში შემოტანა-გატანის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა. მეტიც, ივანე მაჭავარიანმა მას კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივი უწოდა და "როსტურიზმის" განცხადება მოიყვანა, სადაც უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს საზღვართან შექმნილი დისკომფორტისა და მრავალკილომეტრიანი რიგების ასარიდებლად საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად, ლარსზე ტურისტული ნაკადების შეფერხებას საქართველოს ხელისუფლებამ სატვირთო მანქანებით ხორბლის შემოტანის შეზღუდვა ამჯობინა. თუმცა საკითხავია, რატომ შეიზღუდა ავტოტრანსპორტით მხოლოდ ხორბლის შემოტანა, მაშინ როცა სწორედ ლარსის გავლით შემოდის ზეთით, ტკბილეულით, კონსერვებით თუ სხვადასხვა პროდუქციით დატვირთული ტრაილერები და შესაბამისად, ტურისტების ნაკადსაც აფერხებენ? პასუხად ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ გადაზიდვებში ყველაზე დიდი წილი სწორედ ხორბალს უჭირავს. ეს მიზეზი არადამაჯერებელია რეგულაციაში "მოყოლილი" გადამზიდავებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს არის მორგებული, რომლებსაც ხელისუფლებაში ამ ბიზნესიდან მისული პარლამენტარი ლობირებს, ხოლო მის უკან მეტად გავლენიანი ფიგურა დგას და ბიზნესის ამ სფეროშიც თამაშის წესების განსაზღვრა სწორედ მისი ინტერესების შესაბამისად ხდება...

ინტერესების უცნაური დამთხვევა

ნამდვილ მიზეზად რაც უნდა მივიჩნიოთ, ფაქტია, რომ გადაწყვეტილებამ ფრთები შეუკვეცა მცირე ბიზნესს, რითიც მსხვილ იმპორტიორებს კონკურენტები ჩამოაცილა. ხორბლის მსხვილი იმპორტიორები არც მალავენ, რომ ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ჰქონდათ კომუნიკაცია და სწორედ მათგან გაიგეს, რომ იგეგმებოდა ავტომობილებით ხორბლის შემოტანის შეზღუდვა. მსხვილ შემომტანებს ხორბალი ხშირად გემითა და რკინიგზით შემოაქვთ, რაც გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე ტრაილერებით შემოტანილი ხორბალი. წვრილი შემომტანები და ტრაილერების მძღოლები მათთვის ბოლო წლებში დიდ თავსატეხად იქცნენ, რადგან ხორბალი რუსეთიდან შედარებით იაფად შემოჰქონდათ და მცირე წისქვილკომბინატებს აწვდიდნენ, ისინიც ფქვილს დაბალ ფასად აწარმოებდნენ და კონკურენციას უწევდნენ მსხვილ მწარმოებლებს. ტენდენცია მზარდი იყო - თუ სამი წლის წინ ლარსის გავლით ხორბლით დატვირთული სულ რამდენიმე ტრაილერი შემოდიოდა, ბოლო დროს ხორბლის მთლიან იმპორტში მათმა წილმა 30%-ს მიაღწია. ფაქტობრივად, ლარსიდან მანქანებით შემოსული ხორბლით მარაგდება მთელი სომხეთი. ის საპორტო და სარკინიგზო გადაზიდვებით შემოსული ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ფაქტია, რომ წვრილმა გადამზიდავებმა მსხვილებს "ტკბილი ლუკმა" გამოაცალეს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში მსხვილი იმპორტიორების ინტერესები უცნაურად დაემთხვა სახელმწიფო ინტერესებს. თუმცა კიდევ უფრო უცნაურია იმ საუბრის შინაარსი, რომელიც რეგულაციის ადრესატებსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის დახურულ შეხვედრაზე გაიმართა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთმა დიდმოხელემ თავდაპირველად შეზღუდვის მიზეზად გადამზიდავებს სწორედ საჯაროდ გაცხადებული ტურისტული ნაკადების შეფერხება დაუსახელა, რაზეც მძღოლებმა მიუგეს, რომ ჩანს, ეს მოხელე ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნამყოფიც არ იყო. იმის დასამტკიცებლად, რომ ხორბლის გადამზიდავები არც ტურისტებს აფერხებენ და არც საქართველოდან რუსეთში მალფუჭებადი პროდუქციის ექსპორტს, მათ ერთთვიანი მორატორიუმის გამოცხადება შესთავაზეს სამინისტროს, რა დროსაც ხორბალს არ შემოიტანდნენ, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც ამბობენ, ამის შემდეგ მინისტრის მოადგილემ მათ აკრძალვის კიდევ ერთი მიზეზი დაუსახელა: რომ მძღოლების მიერ ხორბლის "ლევად" საყიდლად რუსეთში შეტანილი ნაღდი ფულით იძენენ არალეგალურ იარაღს, რომელიც შემდეგ პანკისის ხეობაში შედის... საინტერესოა, რატომ დამალა ეს მიზეზი ფინანსთა მინისტრმა, როცა საჯაროდ არაერთხელ გააკეთა განმარტება?

"აღურიცხავ ხორბალს კანონის გვერდის ავლით ყიდიან რუსი ფერმერები"

მთელ ამ ამბავში კიდევ ბევრი უცნაური დეტალია, რომლებიც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. შეზღუდვების დაწესების მიზეზად მსხვილი იმპორტიორები ასახელებენ რუსეთში ხორბლის შესყიდვის არალეგალურ სქემებს, რომელთა საშუალებითაც საქართველოში აღურიცხავი ხორბალი ყალბი დოკუმენტაციით შემოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრს, რომელიც ტურისტების შეუფერხებელ შემოსვლაზე საუბრობდა, არც ქვემოთ მოყვანილ არალეგალურ სქემებზე უთქვამს არაფერი.

ქეთი კუბლაშვილი, კომპანია "აგრიკომის" დირექტორი: "25 წელიწადი იქნება ამ ბაზარზე ვართ, ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ვაწვდით ხორბალს და ბაზრის დაახლოებით 25% გვიჭირავს. კონკურენცია ყოველთვის მაღალი იყო, თუმცა საავტომობილო გადაზიდვებმა არაჯანსაღი ელემენტი შემოიტანა. სამიოდე წლის წინ ბრიგადირებმა, რომლებიც რამდენიმე სატვირთოს ქირაობენ და მანამდე სხვადასხვა პროდუქციას ეზიდებოდნენ, რუსეთში ხორბლის შესყიდვის იაფ და არალეგალურ გზას მიაგნეს.

ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 50-ოდე კილომეტრში ადვილად არის შესაძლებელი ხორბლის "ლევაკის" შეძენა. ეს არის აღურიცხავი ხორბალი, რომელსაც ყოველგვარი დაბეგვრისა და კანონის გვერდის ავლით ყიდიან რუსი ფერმერები. ასე ნაყიდი ხორბალი 10-15%-ით იაფია საბაზრო ფასზე, თუმცა ამ შემთხვევაში მისი ხარისხიც დაბალია.

რუსეთში არც საბაჟოზე წარსადგენად საჭირო ყალბი დოკუმენტაციის დამზადების პრობლემა დგას. შესაბამისად, როცა მძღოლი საზღვარზე გადმოდის, საბუთები "წესრიგში" აქვს. ხორბალი არ არის დათვლადი პროდუქცია, არც ეტიკეტირება აქვს და საბაჟოზე მის წარმომავლობასა და საბუთებთან შესაბამისობასაც ვერ შეამოწმებ. საბაჟოზე არც ხარისხი მოწმდება, რადგან ხარისხს უკვე წისქვილკომბინატი ამოწმებს და ბევრჯერ აღმოუჩენიათ ქვები ასე შემოტანილ ხორბალში, რადგან ზოგჯერ პირდაპირ მინდორშია ნაყიდი. ასეთ ხორბალში ბევრჯერ აღმოგვიჩენია ცოცხალი მავნებლებიც, რადგან მოკლე მანძილის გამო ტვირთი ფუმიგაციას (სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მავნებლებთან ბრძოლა შხამიანი ორთქლისა და გაზების შეხრჩოლებით) არ ექვემდებარება, ხოლო გემისა და რკინიგზის ვაგონის ტვირთის დალუქვა ფუმიგაციის გარეშე არ ხდება. ამის გარდა, გემითა და რკინიგზით შემოტანილ ტვირთს დამოუკიდებელი მკვლევარი ამოწმებს. მსხვილი იმპორტიორებისთვის სხვაგვარი სავაჭრო ურთიერთობები მიუღებელია. ჩვენ ვერ გავუშვებთ მძღოლებს ნაღდი ფულით რუსეთში. ჩვენ ვყიდულობთ გადარიცხვით, ყველა წესისა და კანონის დაცვით და შესაბამისად, ხორბლის შემოტანაც უფრო ძვირი გვიჯდება.

ამდენად, ჩვენთვის მისაღებია რეგულაციის დაწესება. რა თქმა უნდა, დაიწყება სპეკულაციები, რომ იაფი ხორბლის შეზღუდვის გამო პურის ფასი გაიზრდება და რომ ტრაილერის მძღოლები უმუშევარი დარჩებიან. პასუხად მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ხორბალი ყველაზე ძვირი 2012 წელს ღირდა, როცა რუსეთმა თავისი ბაზარი დაგვიკეტა და უკრაინული ხორბალი შემოგვქონდა ტონა 310 დოლარად. ახლა ხორბალი 220-240 დოლარად შემოგვაქვს. სოციალური პური იგივე ღირს ახლა, რაც მაშინ ღირდა, და რატომ არ მიჰყვება მაშინ ხორბლის ფასებს?

რაც შეეხება ტრაილერებს, ამ მძღოლებს სამი წლის წინ სატვირთოებით სხვა პროდუქცია გადაჰქონდათ, მათ შორის სიმინდიც და შეუძლიათ კვლავ ამ პროდუქციაზე გადაერთონ".

ბესო ჯიქია, "სერვისაგროს" დირექტორი: "არაფერია გამორიცხული, შესაძლოა ვინმე მართლაც მუშაობდა არალეგალური სქემით, მაგრამ ამის აღსაკვეთად ყველასთვის უნდა აკრძალოს სახელმწიფომ ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა თუ კონკრეტულ კანონდამრღვევებს უნდა ებრძოლოს? მცირე წისქვილკომბინატებსა და დიდ საწარმოებს შორის დაწყებულმა კონფლიქტმა მიგვიყვანა ამ შედეგამდე. სიმართლეს არავინ ამბობს და დააბრალეს ტურისტებს, რაც სრული აბსურდია. რატომ აიკრძალა მაშინ ადგილობრივი, ქართული ხორბლის სომხეთში გატანა? ხალხი უმუშევარი დატოვეს იმის გამო, რომ ვიღაცებმა ბაზარი ვერ გაიყვეს. მე, როგორც ხორბლისა და სიმინდის იმპორტიორი კომპანია, ფულს ისევ მოვიგებ, რადგან სარკინიგზო გზით შემოვიტან ხორბალს და მაინც გავყიდი, მაგრამ დაზარალდებიან მძღოლები და მოსახლეობა, რომელსაც ან პური გაუძვირდება, ან პურის მწარმოებლები ისევ რაღაც ხრიკს მიმართავენ ფასის დასაჭერად. მოსახლეობა ახლაც ზარალდება. აგვიხსნან, რატომ არ მიჰყვება პურის ფასი ფქვილის ფასს მაშინ, როცა ძვირდება ან როცა იაფდება.

გვითხრან, რით იჭერენ პურის ფასს, იქნებ რამე მაქინაციებით, პურში ვიტამინების გარევით ან მისი წონის შემცირებით? აი, ეს გამოიკვლიოს სახელმწიფომ. მხოლოდ მინისტრის ბრძანების შემდეგ 1 კვირაში 1 კგ ხორბლის ფასი 63-დან 68 თეთრამდე გაიზარდა. ახლა კიდევ რას მოიფიქრებენ პურის ფასის დასაჭერად? თუ უვარგისი ხორბალი შემოჰქონდათ ტრაილერებს, თვით მსხვილი იმპორტიორები რატომ ყიდულობდნენ ჩვენგან ტვირთს? იმიტომ ყიდულობდნენ, რომ ხელსაყრელ ფასს ვთავაზობდით.

მე რკინიგზითაც შემომაქვს ხორბალი. ახლა გზაშია ჩემი ვაგონები და 240 დოლარად უნდა გავყიდო 1 ტონა, ტრაილერით მიღებულს კი 220 დოლარად ვყიდი. შეღავათიან ფასს მხოლოდ ლოგისტიკა გვაძლევს და არანაირ "ლევ" ხორბალზე ლაპარაკი არ არის.

გემით შემოტანილი ხორბლის ფასი რკინიგზაზე ძვირია, ანუ მთელი დატვირთვა რკინიგზაზე წამოვა. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს რკინიგზის განვითარება, მაგრამ ვის ხარჯზე? ამოვიღოთ ჯიბიდან ფული და რკინიგზის განვითარებაში ჩავდოთ? მხოლოდ ჩემთან 300 მძღოლი იყო დასაქმებული. ხორბლის გადაზიდვებზე 1000-ზე მეტი მძღოლი მუშაობდა. ვეთანხმები მსხვილ იმპორტიორებს, რომ ჩვენ, კომპანიები, უკეთეს მოგებას მივიღებთ ამ რეგულაციების ამოქმედებით, მაგრამ ამ ხალხმა რა ქნას, ვინც ბანკიდან სესხი აიღო, სატვირთო იყიდა და ოჯახს არჩენდა ხორბლის გადაზიდვით. ერთმა მითხრა, თავს დავიწვავო, რა პასუხი გავცე? ეს არის, ფაქტობრივად, 500-მილიონიანი ინვესტიცია, თითო-თითო კაცით გაკეთებული. მათ ბანკებში აიღეს სესხები, სატვირთოები იყიდეს და ხორბლის გადაზიდვებში ჩაერთვნენ. ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე ამ ხალხმა გონივრული ვადა ითხოვა რეგულაციის ამოქმედებამდე, რათა ბანკებიდან სესხად აღებული ფული დაებრუნებინათ და სხვა პროდუქციაზე მოესწროთ გადართვა, და ამაზეც უარი მიიღეს".

ვინც აკონტროლებს პურის ბაზარს, დიდ შემოსავალთან ერთად, დიდ ძალაუფლებასაც ფლობს

ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე ბრძოლა გავლენების მოსაპოვებლად არახალია. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში არაერთი სკანდალი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მფარველობაში მყოფი ბიზნესისგან ბაზრის სხვა მოთამაშეების შევიწროებას ეხებოდა. საქმე კონკურენციის სააგენტომდე მივიდა. სააგენტომ მაშინ თავისი ინიციატივით დაიწყო შესწავლა, არღვევდა თუ არა ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია კანონს "კონკურენციის შესახებ". არსებობდა ინფორმაცია, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები სააქციო საზოგადოება "აგროსისტემებს", იმავე "კარმენს", ფქვილის ფასების აწევას სთხოვდნენ.

უწყებამ 2015 წელს შეისწავლა ხორბლისა და ფქვილის ბაზარი საქართველოში და დაადგინა, რომ ადგილობრივ მოთამაშეებს შორის კარტელური გარიგება ფქვილის ფასებთან დაკავშირებით არ არსებობდა. სააგენტომ ვერც კონკურენციის დარღვევის ფაქტი აღმოაჩინა. არადა, პურის მწარმოებლები დღესაც ამბობენ, რომ ასოციაციის წევრები კვლავაც შეთანხმებული ფასებით მოქმედებენ, ხოლო წვრილი მოთამაშეების ჩამოცილების შემდეგ კი უკონკურენტო ბრძოლაში ბაზარს ხორბლისა და ფქვილის კარტელი სრულად დაეპატრონება.

პური სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნა ყველაზე მაღალია. შესაბამისად, ვინც აკონტროლებს პურის ბაზარს, დიდ შემოსავალთან ერთად, დიდ ძალაუფლებასაც ფლობს. ბაზრის მოთამაშეები გვარწმუნებენ, რომ შეზღუდვის შემოღება ძალიან მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა და ფქვილის ფასების დაწესების საკითხი ქვეყანაში აიღო ვიწრო ბიზნესჯგუფმა, რომლის უკანაც დიდი პოლიტიკური გავლენები დგას. მათი თქმით, ხორბლის მსხვილი იმპორტიორების ინტერესებს ხელისუფლებაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი გოდერძი ჩანქსელიანი ლობირებს. სხვათა შორის, ის თავად არის ერთ-ერთი მსხვილი მარცვლეულის იმპორტიორი კომპანია "ბევრილი ჯგუფის" 70%-იანი წილის მფლობელი. მის კომპანიას ელევატორები და წისქვილკომბინატები აქვს თბილისსა და ფოთში. იმავდროულად, დეპუტატი ჩანქსელიანი დღემდე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კერძოდ კი გამგეობის თავმჯდომარეა. გვაქვს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, როცა პარლამენტის წევრი ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელია და რას ფიქრობს დეპუტატი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე, ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრს თავად ვკითხეთ.

"შემიძლია დავიფიცო, რომ ამაში წვლილი არ მიმიძღვის"

გოდერძი ჩანქსელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ბლოკი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო": "სრული ტყუილია, რასაც ჩემზე ამბობენ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემკენ ხელს იშვერენ, ერთი ფაქტი მაინც მოიყვანონ იმის დასადასტურებლად, რომ სწორედ მე ვლობირებდი ამ რეგულაციების მიღებას. ჩემთვის, როგორც კომპანიის დამფუძნებლისთვის, მნიშვნელობა არა აქვს, რა გზით შემოვა საქართველოში ხორბალი. თუმცა ისტორიულად საქართველოში ხორბალი გემებითა და მატარებლით შემოდიოდა. კონკურენტებისგან განსხვავებით, სატრანსპორტო კომპანიაც მაქვს და შემიძლია ხორბალი ავტომობილით შემოვიტანო. შესაბამისად, რასაც ჩემზე ამბობენ, კი მაღიზიანებს, მაგრამ რატომ უნდა გავღიზიანდე, როცა მართალი ვარ. რა თქმა უნდა, ტრაილერის მძღოლები შესაძლოა უკმაყოფილო არიან Aშეზღუდვის დაწესებით, მაგრამ თავიანთი მანქანებით მათ შეუძლიათ ხორბლის გარდა სხვა პროდუქციაც შემოიტანონ. დაახლოებით წელიწად-ნახევარია რაც ამ მიმართულებით გააქტიურდნენ და რას შვრებოდნენ მანამდე, ხომ ეზიდებოდნენ სხვა ტვირთებს?

რაც შეეხება ამ საკითხის ლობირებას, იკითხეთ პარლამენტში, ნებისმიერ დეპუტატთან ან ნებისმიერ კომიტეტში. არც იციან, ალბათ, რომ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვარ ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ პარლამენტის დეპუტატი გავხდებოდი.

- გასაგებია, მაგრამ დღეს ხომ არ უშლის ხელს ერთმანეთს დეპუტატობა და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობა? მსგავსი ლოგიკით კახა ოქრიაშვილი შესაძლოა იყოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ისკო დასენმა სათამაშო ბიზნესის ასოციაციას უხელმძღვანელოს, ილია წულაიამ - მენაშენეთა ასოციაციას და ა.შ. - მოდი, გადავხედოთ ასოციაციის მოქმედებებს ბოლო დროს. არამკითხე მოამბეა ეს ასოციაცია. მის შემადგენლობაშია კერძო ბიზნესი და ვინ რას გვეკითხება? ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. რადგან შექმნილია სხვადასხვა ასოციაცია, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ იყოს ასეთი ასოციაციაც, რათა ვინმესთვის პასუხი თუ გვექნება გასაცემი, ასოციაციის სახელით გავცეთ. რაც შეეხება ტრაილერებისთვის დაწესებულ რეგულაციას, შემიძლია დავიფიცო, რომ ამაში მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა შეეზღუდა თუ არა სახელმწიფოს ხორბლის ტრანსპორტირება საავტომობილო ტრანსპორტით? - თუ ამ საკითხს სახელმწიფოებრივად შევხედავთ, ჩვენ ზღვა გვაქვს და ამით უნდა ვისარგებლოთ. ხვალ რომ ვიღაცამ მოიფიქროს და თქვას, ნავთობი იაფია რუსეთში და მოდი, ლარსის გავლით შემოვიტანოთო, მაშინ რა ქნან მოქალაქეებმა, ვინც ასევე ამ გზით გადაადგილდება? მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვებით ბოლო დროს შემოდიოდა 50 ათას ტონამდე ბურღულეული. ბოლო 6 თვეში კი ხორბლის იმპორტში თითქმის 90% დაიკავა საავტომობილო გადაზიდვებმა, რაც უკვე საგანგაშო მაჩვენებელი იყო.

ამას ემატებოდა 40 ათას ტონამდე ტვირთი, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთში მიდიოდა. ის დაახლოებით 4 ათას ტრაილერს გადაჰქონდა. ეს ტრაილერები რუსეთიდან სავსე მოდის და უკან ცარიელი ბრუნდება. ჩვენი ქვეყანა ეგვიპტის ქარავანს დაემსგავსა. ჩემი შეხედულებით, ეს არასწორია.

ჯიხურებით რომ იყო გავსებული მთელი საქართველო, ხალხი მუშაობდა იქაც და ყოფილიყო, რატომ ავიღეთ? გარდა ამისა, ჩვენი მეზობელი სომხები თუ აზერბაიჯანელები გაცილებით მეტ ფულს ტოვებდნენ საქართველოში გემით და რკინიგზით გადაზიდვებისას, ვიდრე ავტოტრანსპორტით, თან ფუჭდება გზებიც და მათი შეკეთება საქართველოს მილიონები უჯდება. გარდა ამისა, ხორბალი სტრატეგიული და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია და საავტომობილო გადაზიდვების დროს საფრთხე ექმნებოდა სტრატეგიულ მარაგებს ქვეყანაში - გზა რომ ჩაიკეტოს ლარსზე და ხორბალი ვერ შემოვიდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! მოიკითხეთ, დღეს რამდენი ხნის მარაგი აქვთ ფქვილის მწარმოებლებს იმის გამო, რომ გადაზიდვების მნიშვნელოვანი წილი ავტოტრანსპორტმა დაიკავა. დამერწმუნეთ, 20 დღეზე მეტი მარაგი არავის აქვს.

- ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ თქვენ უკან ძალიან მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე პირი დგას... - მაბრალებენ, ვითომ ეს არის ფარცხალაძე, მამაცაშვილი... არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილსაც თუ აბრალებენ ამ საქმეს. პარტნიორი რომ ვიყო ბიძინასი სადმე, გამიხარდება, მაგრამ არ არის ასე.

ხორბალი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ყველაზე გაჭირვებულ ფენებს შორის. დღეს ვისაც კარგად აქვს საქმე, პურს აღარ ჭამს ან ცოტას ჭამს.

- კი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სწორედ იმ სოციალურ ფენას მიეკუთვნება, ვის კვების რაციონშიც პურს, როგორც იაფ პროდუქტს, ყველაზე დიდი წილი უჭირავს. - ჰო, მაგრამ გავიხედოთ ერთი და თუნდაც წელიწად-ნახევრით უკან. ადრე რომ შემოდიოდა ეს პროდუქტი გემით, რა პრობლემა იყო? ახლა ეს ფული, რომელიც მიაქვთ საქართველოდან ტრაილერის მძღოლებს, ხელით, "შავად" გადადის. მე რა, ვერ ჩავერთვებოდი ამ სქემაში? მაგრამ არ მინდა, რადგან ბიზნესმენი ვარ. დღეს ვითვლიდით და მხოლოდ 3-5 დოლარით შეიძლება გაძვირდეს საქართველოში ტონა ხორბალი მას შემდეგ, რაც შეწყდება ავტომობილით შემოტანა. ვფიქრობთ, პურის ფასზე ეს არ აისახება. კოლეგებს, რომლებიც პურს აწარმოებენ, საკმაოდ კარგი მოგება აქვთ და შეუძლიათ ცოტა დაიკლონ კიდეც. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებს პური არ გაუძვირდებათ".

P.S. დეპუტატის კომენტარიც საკმარისია იმის დასანახავად, რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი და ბიზნესინტერესები აშკარად აღრეულია, ისევე როგორც ბიზნესმენისა და დეპუტატის ფუნქციები. სხვათა შორის, ასე ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, როცა ქვეყანაში კანონს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესჯგუფებს არგებდნენ. ეს კი ძალიან საშიში ტენდენციაა, როცა ქვეყანა დაინტერესებული ბიზნესდაჯგუფებების მიერ, ხელისუფლებაში მოსული პირებით იმართება. ამან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ოპოზიციაში გადაისროლა, ქვეყანა კი მნიშვნელოვნად დახია უკან. როცა ბაზარზე ყველა ბიზნესსუბიექტისთვის თანაბარი თამაშის წესები არ არსებობს, ამას კონკურენციის დარღვევა ჰქვია, რისი შედეგიც ფასების ზრდა და მოსახლეობის უფრო გაღარიბებაა. სხვათა შორის, პურის მცირე საცხობებში 80-თეთრიანი პური უკვე 1 ლარამდე გაძვირდა. დეპუტატისთვის შესაძლოა 20-თეთრიანი სხვაობა არაფერია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს პურის ფულს სიმწრით შოულობს.

ემა ტუხიაშვილი