პოპულიზმი, თუ სწორად გათვლილი მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო შეძლებს მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას?!
პოპულიზმი, თუ სწორად გათვლილი მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო შეძლებს მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას?!
"ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას" - განაცხადა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 650 ათასი ადამიანი არის ე.წ შავ სიაში და მოკლებულია სრულფასოვან ცხოვრებას. სწორედ, მისი ინიციატივა იყო "შავი სიების გაუქმება".
ეკონომიკის დოქტორთან ირაკლი მაკალათიასთან შევეცადეთ გაგვერკვია რა შედეგებზეა გათვლილი ახალი რეგულაციები.

- თქვენი აზრით, არის თუ არა პოპულიზმი, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ მე ვარ "შავი სიების" წინააღმდეგი და არის თუ არა ამ სიტყვების უკან კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმი,
რომლითაც სახელმწიფო შეძლებს საკითხის მოგვარებას?

- თუ განვიხილავთ, როგორც მსესხებლებისთვის საკრედიტო ისტორიის გამოსწორების შანსს, ქვეყანა სადაც სიღარიბე და ჭარბვალიანობის პრობლემებია, მსგავსი ნაბიჯი უფრო პოპულისტურ ხასიათს ატარებს ვიდრე რეალისტურს.

ამავე დროს, სრულად არ არის ცნობილი თუ რა ფორმით განხორციელდება ეს რეგულაცია, ამდენად შედეგებზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.
მოსალოდნელ შედეგებს კი 2 კუთხით ვხედავ:

1. მიუხედავად შავი სიების გაუქმებისა, არ მგონია, რომ კომერციული ბანკები გარკვეული სიების გარეშე დარჩნენ და არ გაამკაცრონ სესხის გაცემა იმ კუთხით, რომ "პრობლემურ" მსესხებლებს კვლავ არ მისცენ სესხი, აქედან გამომდინარე, ძნელი სავარაუდოა, რომ ამ ადამიანებისთვის სესხზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

2. "შავი სიების" გაუქმების დადებითი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ დღეს შავ სიაში მყოფი ადამიანები თუ დასაქმდებიან, ბანკი მათ ხელფასს ჩამოაჭრის, შავი სიების გაუქმების შემთხვევაში ამ ადამიანებს შეეძლებათ ფინანსური დანაკარგების გარეშე დასაქმება, თუმცა ქვეყანაში დასაქმების დაბალი დონის პირობებში, ეს ცვლილება ვერ იქნება მასშტაბური, ამასთანავე, რეალურად რამდენად იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება, ძნელი სათქმელია, ცხადია ბანკები ამ პროცესის წინაღმდეგები იქნებიან, რადგან მათთვის დიდ ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს და შემდეგ სამომავლო დაკრედიტების პოლიტიკაზეც უარყოფითად აისახება.

- ამ ნაბიჯით მსესხებლებს საშუალებას აძლევენ, რომ თავიანთი საკრედიტო ისტორია გამოასწორონ, თუ ამით ბანკებს ეუბნებიან, რომ ცუდ გადამხდელსაც მისცეს სესხი?
- პირველადი დაკვირვებით ეს ნაბიჯი ორივე შედეგს მოიაზრებს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია ბანკებმა ეს დავალება შეასრულონ და პრობლემურ მსესხებლებს მაინც დაუმტკიცონ სესხი. თუ მკაცრი რეგულაციებით ამის გაკეთებას ბანკებს აიძულებენ, ცხადია კიდევ უფრო უარეს შედეგებს მივიღებთ.

ამით საბანკო სექტორიც დაზარალდება და ის კარგი გადამხდელიც, რომელსაც იმის გამო, რომ ბანკები მოგებაზე გავიდნენ და დანაკარგი გადაფარონ, კვლავ კარგ გადამხდელებს დააწვება მძიმე ფინანსურ ტვირთად.

დღეს ფიზიკური პირების ძირითადი მოთხოვნა არის სამომხმარებლო სესხებზე, მოსახლეობის უმეტესობას ბანკიდან ფული არა ბიზნესის განვითარებისათვის ან ახალი ბიზნესის დასაწყებად გამოაქვს, არამედ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ისინი ამ ფულს მხოლოდ ხარჯავენ და ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნიან, აქედან გამომდინარე, ექმნებათ სესხის დაფარვის პრობლემა, შესაბამისად, მომხმარებლის მიერ აღებული სესხის ვერ დაფარვის რისკი მაღალია და ბანკები ცდილობენ, რომ ეს რისკები მაღალი საპროცენტო განაკვეთით დააკომპენსირონ.

და თუ რეგულაციებით კიდევ უფრო გაიზრდება სესხის ვერ დაფარვის რისკი, ბანკები უფრო მკაცრ საკრედიტო პოლიტიკას გაატარებენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავრობა სათავეში მოსვლისათვის აქცენტს ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის სიდუხჭირეზე აკეთებს, ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენა, ფაქტობრივად, ქრება, ღარიბი მოსახლეობა იზრდება და ამ ფონზე მთავრობის წევრები ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობენ...
რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკური სიკეთეების მოსახლეობაზე გადატანა?
- დღეს ქვეყნის ეკონომიკური აქტივების დაახლოებით 70-80% სახელმწიფო საკუთრებაშია, რომელიც არ მონაწილეობს ეკონომიკურ ბრუნვაში, მათი ღირებულება 0-ია, ვერ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ვერ ამდიდრებს ქვეყნის მოსახლეობას.
მოსახლეობა რეალურად არ ფლობს ქონებას, რომელსაც ექნებოდა მაღალი ფინანსური ღირებულება და საიდანაც მოქალაქეები მიიღებდნენ ეკონომიკურ სარგებელს.

აი, ის აქტივები:
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 70% სახელმწიფო საკუთრებაშია (წყარო: საქართველოს სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2014, უფრო ახალ მონაცემებსა და კვლევებს არცერთი სახელმწიფო უწყება არ აქვეყნებს,);
წიაღისეულის რესურსი, 960 საბადო და ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვების გამოვლინებაა საქართველოში, რაც 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა და ამ აქტივებზე გაცემულია 61 ლიცენზია. ლიცენზიითა და იჯარით აქტივის ფლობა კი პირიქით დამანგრეველია ამ აქტივებისთვისაც და გარემო პირობებისთვისაც. მფლობელი არ ფიქრობს წარმოების ტექნიკურ განვითარებასა და ერიდება ზედმეტ ხარჯებს, ვერც ინვესტორს აინტერესებს იმ აქტივით, რომელიც რეალურად შენი არაა და იმ შედეგებს ვიღებთ რაც გვაქვს. ტყის რესურსი 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა;
უამრავი სახელმწიფო შენობა-ნაგებობა, რომელსაც ქვეყნის ყველა კუთხეში შეხვდებით, ინგრევა და მათი ღირებულება დღითიდღე ნულდება. 135 სახელმწიფო საწარმო, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, რეალურად ჩვენი გადასახადებიდან ვაფინანსებთ და წაგებაზე მუშაობენ.
ზემოთ ჩამოთვლილი აქტივები უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს მოქალაქეებს, უნდა გაჩნდნენ კერძო მესაკუთრეები და კერძო სექტორმა შექმნას ეკონომიკური დოვლათი. ამისთვის კი აუცილებელი, რომ სახელმწიფომ მის მფლობელობაში არსებული ქონება (ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური აქტივები) უფასოდ გადასცეს თავის მოქალაქეებს. სახელმწიფო სექტორი ყოველთვის არის კერძო სექტორის მიერ წარმოებული ეკონომიკური დოვლათის მომხმარებელი და ის მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ვერასოდეს იქნება მწარმოებელი.
დღეს როცა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შევნატრით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ განვითარებას მიაღწიეს არა სახელმწიფო ჩარევებითა და რეგულაციებით, არამედ კერძო სექტორის განვითარებით.

- გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა: "ეკონომიკური ზრდა სახეზეა". მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები უფრო ინტენსიურად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდოს. მისი ვიზიტიდან გამომდინარე შესაძლებელია თუ არა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურად შეიცვალოს რამე?
-2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, გერმანიას კი 1.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გერმანიას გავასწარით. გერმანიამ 1.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა 11.74 მილიარდი ევროს დამატებით მიაღწია, ანუ ქვეყანამ ამ ღირებულებით მეტი ეკონომიკური დოვლათი შექმნა და ისე მიიღო 1.6 პროცენტი. საქართველოს ეკონომიკის 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა კი ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის 320.4 მილიონი ლარის დამატებით მოხდა, რაც ეკონომიკაში ბევრს არაფერს ნიშნავს.

საქართველოს მცირე მთლიანი შიდა პროდუქტის ფონზე ყოველი ახალი ეკონომიკური დოვლათის წარმოებით შეუძლია მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, ხოლო გერმანიას და სხვა განვითარებულ ქვეყნებს შეუძლებელიათ ჰქონდეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რადგან თითქმის მთელი ეკონომიკური აქტივები კერძო სექტორშია, ამოწურულია ის რესურსები რის დამატებითაც ამ ქვეყნებს ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნებოდა. საქართველოს კი უნიკალური შესაძლებლობა აქვს რაც ვახსენეთ ამ ეკონომიკური აქტივების განკერძოებით და კერძო სექტორში გადასვლით. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მანამ, ვიდრე მთლიანად არ გადავა ეს აქტივები კერძო სექტორში, ხოლო შემდეგ ჩვენთვისაც მისაღები იქნება 2-3% -იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც პროცენტულად კი დაბალი მაჩვენებელი იქნებოდა, სამაგიეროდ შექმნილი ეკონომიკური ღირებულებით დავუახლოვდებოდით განვითარებულ ქვეყნებს.

მთავარი საკითხი კი, რაც გულისხმობს ეკონომიკის განვითარებას, მოსახლეობის გამდიდრებასა და ცხოვრების დონის ზრდას, ეს ჩვენი გასაკეთებელია.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად სიატისთვის)
მკითხველის კომენტარი (5)
ალექს
13 სექტემბერი 2018 10:40
სისტემა ანტისახელმწიფოებრივია ,არათუ ანტისახალხო!
რეგრესიულია !
***
11 სექტემბერი 2018 14:11
არ გვარგებს თითო კაცზე გათვლილი სტრუქტურა, სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს და იფიქრონ ხალხზე
ალექს
09 სექტემბერი 2018 05:20
თემა იმდენად დიდია ამ სტატია ინტერვიუში და ამ კომენტარში ვერ ეტევა ,ამიტომ რაც შეიძლება მოკლედ :
ერთ დროს და ისტორიულად ზომიერი კლიმატურ ბუნებრივი და საკმარისი ადამიანური ,ასევე წიაღისეული რესურსების მფლობელი და მსოფლიოს სხვა რეგიონებთან მიმართებაში მეტნაკლებად განვითარებული შეძლებული საქართველო მტრებმა ,იმპერიებმა ,არაერთგზის დაანგრიეს და გადაწვეს ადამიანურ და სხვა რესურსებთან ერთად ,წვის შემდეგ ყოველთვის დამპყრობის მარიონეტული ხელისუფლება აგრძელებდა მტრის დაწყებულ საქმეს !
ახლაც ასეა ,ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად კომკავშირია,კომპარტიის არიერგარდია და რუსეთის იმპერიის მარიონეტია !
ის არის მეხუთე კოლონა და დამპყრობლის ნაკარნახები რეგრესიული ეკონომიკის მოდელის რეპრესიულ საექსპროპრიაციო ინსტრუმენტებით სარეჟიმო პირობებში სულ უფრო კლებადი ნაღების მომხდელი !
ის არათუ წილშია ყველგან ,როგორც ინდივიდუალურად ისე ინსტიტუციურად ,მის მიერაა უზურპირებული პოლიტიკა და მონოპოლიზირებული სახელმწიფოს სახელით ეკონომიკის ყველა რგოლი ,ბანკებიც მათ შორის მის აბსოლუტურ კონტროლქვეშაა ,როგორ წარმოგიდგენიათ ბანკი ,თან უფულო,საკუთარი რესურსის არმქონე ,ჩვენნაირი, მოსახლეობისაგან ექსპროპრირებული თანხებით შექმნილი,ეურჩება ხელისუფალს და ყოველდღე ას დასაჭერ საქმეს სჩადის ,არ ეშინია ?
დიახ არ ეშინია, ის ხელისუფლების ინსტრუმენტია ,მმართველობითი დანამატია,როგორიც იყო სსრკ სახბანკი ,პარტიისა და სახელმწიფოს ფულების ერთმანეთისაგან არგამრჩეველი, და არა ეკონომიკური სუბიექტი !
natela
07 სექტემბერი 2018 20:43
ვფიქრობ სწორი აქცენტებია. უბრალოდ, არ ვიცი რა ეშველება ჩვენს ეკონომიკას(((
ნათელა
07 სექტემბერი 2018 17:51
აბსოლუტურად სწორი აქცენტებია. მადლობა ნინოს და ირაკლის:)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები