როგორ იყიდება გეოლოგიური დასკვნა ისე, რომ ექსპერტი თვალითაც არ ნახავს სამშენებლო ტერიტორიას - კვირის პალიტრა

როგორ იყიდება გეოლოგიური დასკვნა ისე, რომ ექსპერტი თვალითაც არ ნახავს სამშენებლო ტერიტორიას

ჟურნალისტური ექსპერიმენტი

"გეოლოგიური დასკვნა თუ მხოლოდ ფორმალურად გინდათ, 250 ლარი ღირს, ხოლო თუ ისე, როგორც საჭიროა - 500 ლარი. ასეც კეთდება და ისეც"

საქართველოში მშენებლობების ნაწილი გეოლოგიური კვლევის გარეშე და ზოგჯერ ყალბი გეოტექნიკური დასკვნების საფუძველზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ კანონმდებლობის "შავი ხვრელების" წყალობით შენობა შეიძლება აშენდეს იქ, სადაც მისი აგება დაუშვებელია, მათ შორის - მოძრავი გრუნტებისა და მიწისქვეშა აგრესიული წყლების არეალშიც, ყალბი გეოტექნიკური დასკვნის ყიდვა კი 200-300 ლარად შეიძლება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სეისმურად სახიფათო რეგიონშია და კონსტრუქციის სეისმომდგრადობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ვიღაცისთვის მომგებიანი სამშენებლო ბიზნესი ხვალ, შესაძლოა, მოსახლეობის სასაკლაოდ იქცეს!

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, ჟურნალისტური ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და გეოტექნიკური დასკვნის შესაძენად ინტერნეტში საძიებო სისტემას მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ კვლევებსა და საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას ბევრი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე გვთავაზობს. პირველივე მითითებულ ნომერზე დავრეკეთ და საუბარიც ჩავწერეთ. სატელეფონო საუბრის სტილი დაცულია. არც მოსაუბრის სახელი შეგვიცვლია. სხვა ინფორმაციას საჯარო სივრცეში არ ვამხელთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინონ, მით უფრო, რომ როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ამგვარი მოქმედებები მასშტაბური ხასიათისაა.

- გამარჯობა, სანდრო ხართ? გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით გირეკავთ. როგორც მითხრეს, სახლის მშენებლობისას ეს საბუთიც მჭირდება. მითხრეს, რომ შემიძლია გთხოვოთ ამ საბუთის დამზადება და შემდეგ ელექტრონული ფოსტით გამომიგზავნით. რა დამიჯდება?

- სად არის ტერიტორიულად ნაკვეთი?

- დიღომში, სასამართლოს უკან... დაახლოებით 700 კვადრატული მეტრია...

- ეგ არაფერია, გაკეთდება... როგორი სახლია?

- ორსართულიანი...

- ორსართულიანი სახლი სარდაფით?

- დიახ, სარდაფით...

- რადგან სარდაფით კეთდება, ქალბატონო... სამ-ნახევარ მეტრზე მაინც უნდა ჩავიდეთ სიღრმეში და გრუნტის ანალიზი უნდა ავიღოთ. მანდ, ალბათ, ჭაბურღილი დაგვჭირდება. მანქანა უნდა მივიყვანოთ და გავაკეთოთ.

- ეს აუცილებელი პროცედურაა? ვინც თქვენი ტელეფონის ნომერი მომცა, მითხრა, რომ არ იქნება პრობლემა და მხოლოდ ელექტრონული ფოსტით შეიძლება გაკეთდეს. სხვა პროცედურები მინდა ავიცილო თავიდან.

- ნუ... თუ ისეთი გინდათ გაკეთდეს, ქალბატონო, და მხოლოდ საბუთისთვის გინდათ... მხოლოდ საბუთი რომ დაგიმზადოთ, გადმომიგზავნეთ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და ამის მიხედვით ვნახავ კომპიუტერში თქვენს ტერიტორიას, ამოვიღებ საკადასტრო გეგმას და მასზე ვითომ დავსვამ "შურფებს". რაღაცებს გავაკეთებ ისე, ზეპირად, არც ვნახავ იმ ტერიტორიას. დაახლოებით ვიცი, რაც არის მანდ. მაგას კი გაგიკეთებთ, მაგრამ თუ სარდაფს აკეთებთ, მანდ შესაძლებელია გრუნტის წყლები იყოს.

- მე უნდა ავაშენო სახლი და გავყიდო. შესაბამისად, მინდა მხოლოდ საბუთი, ყოველგვარი კვლევის გარეშე.

- და მშენებლობის დროს რომ წყალი ამოვიდეს? მერე რას ფიქრობთ? წყალი თუ არ არის, მაშინ მანდ ყველაფერს გავაკეთება, მაგრამ რომ იყოს?

- არა მგონია, იყოს წყალი, რადგან ირგვლივ სულ სახლებია და არსად წყალი არ არის და ჩემთან რატომ ამოვა?

- კარგი, მაშინ გავაკეთოთ... მე ახლა ჩემს მეილს გამოგიგზავნით და თუ ტოპოგრაფიაც გაქვთ გაკეთებული, საკადასტრო კოდთან ერთად გადმომიგზავნეთ. 250 ლარი დაგიჯდებათ. დღეს ოთხშაბათია და პარასკევისთვის საბუთი მზად იქნება.

- თქვენ კომპანია ხართ? პრობლემა ხომ არ მექნება თქვენ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით მერიაში? ლიცენზია გაქვთ?

- არა, არა, ქალბატონო... ინდმეწარმე ვარ და ოთხი წელია, ვაკეთებ ამ საქმეს და არავის პრობლემა არ ჰქონია. ბეჭედდასმულ ელექტროვერსიას მოგცემთ და დისკზე ჩაწერილსაც. არავითარი პრობლემა ამ საბუთს არ ექნება და არც არავინ შემოგედავებათ...

ორი დღის შემდეგ თვითონ დაგვირეკა:

- თქვენ ორი დღის წინ დამირეკეთ, გეოლოგიური დასკვნა გინდოდათ...

- დიახ, მაგრამ იცით, ჩემს მეუღლეს ველაპარაკე და მთხოვა, გამეგო, რომ მოხვიდეთ და ჩაატაროთ კვლევა ისე, როგორც წესი და რიგია, რა დაგვიჯდება?

- ამიტომ გითხარით ქალბატონო, რადგან მანდ ისეთი პრობლემებია, რომ შესაძლოა, შემდეგ იჩინოს თავი. ამიტომ მანდ ერთი ბურღი რომ მოვიყვანოთ და 3-4 მეტრამდე რომ გავბურღოთ და ზუსტად გავიგოთ, რა არის, ამას 200 ლარი სჭირდება. თუ მიწისქვეშა წყალი აღმოჩნდება, კიდევ 100 ლარი დაემატება. ძვირი ღირს წყლის აგრესიულობაზე ერთი ანალიზის გაკეთება. მანდ თაბაშირიანი თიხებია, რომელიც ბეტონზე ცუდად მოქმედებს, რეაქციაში შედის და მის დაშლას იწვევს. ამ შემთხვევაში კონსტრუქციის მშენებლობისას უნდა იყოს გამოყენებული განსაკუთრებული მარკის ბეტონი, რომელზეც მიწისქვეშა აგრესიული წყლები გავლენას ვერ მოახდენს. მოკლედ, 500 ლარი დაგიჯდებათ სულ. როგორც გითხარით, თუ მხოლოდ ფორმალურად გინდათ საბუთი, 250 ლარი ღირს, ხოლო თუ ისე, როგორც საჭიროა - 500 ლარი. ასეც კეთდება და ისეც. არც ერთი არ ვართ ანგელოზები.

სამშენებლო კანონმდებლობაში "შავი ხვრელებია"

თეა გოდოლაძე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორი:

- შენობა მოქმედებების ჯაჭვის შედეგია. მათ შორის არის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების, მისი სეისმური მდგრადობის, გეოტექტონიკის დადგენა. ეს არის მთავარი, რითაც მშენებლობა უნდა დაიწყოს. შემდეგ მოდის სეისმოინჟინერია, რომელიც ამ ინფორმაციას მშენებლებისთვის გასაგებ ენაზე "თარგმნის". ანუ პროცესი გრუნტის კვლევით იწყება და თუ სათანადოდ არ გამოიკვლევენ გარემოს, სადაც რამის აშენებას აპირებენ, ეს, შესაძლოა, მცირე სიმძლავრის ბუნებრივი კატასტროფის დროსაც კი ბუმერანგივით მოგვიბრუნდეს უკან.

გახმაურებული ამბავია ჟვანიას ქუჩაზე ე.წ. პროკურორების კორპუსის მშენებლობა. ჩვენ მოვიპოვეთ ამ კორპუსის მშენებლობისთვის გაცემული გეოლოგიური დასკვნა. დასკვნაში ყველა ის პრობლემაა აღწერილი, რომლებზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ, მათ შორის ისიც, რომ მშენებლობა მეწყერ-საშიშ ზონაშია, რომ ეს პროცესი აქტიურია და სხვ. თუმცა დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ეს პროცესები მშენებლობისთვის სახიფათო არ არის. ვის ვატყუებთ, საკუთარ თავს?

გეოლოგიური დასკვნა საძირკვლის საფუძველია, სწორედ ამის მიხედვით უნდა აიგოს შენობის კონსტრუქცია. თუ მშენებლობისას მიწაში მიმდინარე პროცესებს არ გაითვალისწინებ, შენობა პირველივე საშუალო სიმძლავრის მიწისძვრისას თავზე დაგემხობა. სამშენებლო დოკუმენტაციის გამყალბებლები ადამიანებს ხოცავენ. არის განსაზღვრული ტიპის გრუნტები, სადაც არ შეიძლება მშენებლობა, ზოგან კი მრავალსართულიანი შენობების აგებაა დაუშვებელი, მაგრამ ამას არავინ აკონტროლებს. სამშენებლო კანონმდებლობაში გვაქვს "შავი ხვრელები" და იმის გამო, რომ ეს სამშენებლო ბიზნესს ხელს აძლევს, სახელმწიფო თავს არ იწუხებს საკანონმდებლო ხარვეზების გამოსასწორებლად. ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის აპარატი შენობის ავარიულობის გამო სხვა შენობაში გადაიყვანეს, არადა, ეს შენობა რვა წლის წინ აიგო. თავის დროზე ისე ააგეს, გრუნტის პირობები არ გაუთვალისწინებიათ, ამიტომ კონსტრუქცია უვარგისია და შენობა მიწისძვრის გარეშეც ინგრევა. გასათვალისწინებელია, რომ გეოლოგიური თვალსაზრისით, საქართველო და მთელი კავკასია ძალიან ახალგაზრდაა, შესაბამისად, მიწის ქანები მუდმივად მოძრაობს, იზრდება და გარდაიქმნება. თბილისშიც მოძრავი და ცვალებადი გრუნტია. შესაბამისად, თუ შენობა გეოლოგიური კვლევისა და სწორი კონსტრუქციული გათვლების გარეშე აიგება, შესაძლოა, მიწისძვრის გარეშეც დაინგრეს. თურქეთს ძალიან სამარცხვინო რამ დაემართა 1999 წელს იზმირის ცნობილი მიწისძვრის დროს, როცა ოფიციალური მონაცემებით, 18 ათასამდე ადამიანი დაიღუპა შენობების დაბალი ხარისხის გამო. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ამ საკითხისადმი ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულება.

ყველა მშენებლობის საფუძველი გეოტექნიკური დასკვნები უნდა იყოს, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიცემოდეს სამშენებლო ნებართვა და შენობა თანამედროვე სტანდარტებით აიგოს.

"თქვენც შეგიძლიათ, დაირქვათ გეოლოგი, დასკვნა დაწეროთ, ფარატინა ფურცელზე ბეჭედი დაარტყათ და გასცეთ"

უჩა ზაქაშვილი, ექსპერტი სამშენებლო სამართალში:

- მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისას მენაშენეს ევალება, ჩაატაროს გეოლოგიური კვლევა და ჰქონდეს კონსტრუქციული პროექტი, ოღონდ ამის ადმინისტრირებას სახელმწიფო არ ახდენს, ამიტომ, როგორც წესი, ბიზნესი ყიდულობს გეოლოგიურ კვლევებს. ეს არის სამარცხვინო პრაქტიკა!

ამას ყიდულობენ მყიდველის თვალის ასახვევად, რადგან კანონმდებლობით მშენებლობის ნებართვის მისაღებად გეოლოგიური კვლევის არქიტექტურის სამსახურში წარდგენა არ ევალებათ, თუმცა ევალებათ, ეს კვლევა ჰქონდეთ ობიექტზე. ამ შემთხვევაში გეოლოგიური კვლევის ყიდვა უფრო იოლია, რადგან მას მაინც არავინ შეამოწმებს. გარდა ამისა, სახელმწიფო არ აკონტროლებს იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში საქმიანობს და ასეთ დასკვნებს გასცემს. არსებული სტანდარტით თქვენც კი შეგიძლიათ, დაირქვათ გეოლოგი, დასკვნა დაწეროთ, ფარატინა ფურცელზე ბეჭედი დაარტყათ და გასცეთ. რამდენიმე ასეთი კომპანიის წინააღმდეგ, ვინც გეოლოგიურ დასკვნებს ყიდის, პროკურატურაში საქმეა აღძრული, თუმცა ეს ადამიანები საქმიანობას მაინც განაგრძობენ. აფუძნებენ კომპანიებს სხვა სახელით და კვლავ ყალბ დოკუმენტებს გასცემენ.

მოგეხსენებათ, საქართველომ ახალი სამშენებლო კოდექსი მიიღო, რომელიც 2019 წლის ივნისიდან ამოქმედდება. კარგია, რომ იქ გაჩნდა სიტყვა "სეისმომედეგობა," ოღონდ სამწუხაროდ პრინციპების და სურვილების დონეზე, რადგან არ წერია, ეს ყველაფერი როგორ უნდა შესრულდეს. თუმცა, კოდექსი გვეუბნება, რომ მას ბევრი კანონქვემდებარე აქტი უნდა მოჰყვეს და იმედი გვაქვს, მომავალში მაინც გვექნება სეისმომედეგობის თვალსაზრისით უკეთესი რეგულაციები.

არ შეიძლება ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა, სეისმორისკების თვალსაზრისით გეოლოგიური ნორმების დაცვა სავალდებულო არ იყოს და გეოლოგიური კვლევები იყიდებოდეს. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია!

ემა ტუხიაშვილი