მერიამ ნახევარი მილიონი ლარი წყალში გადაყარა?!
მერიამ ნახევარი მილიონი ლარი წყალში გადაყარა?!
"მერიამ კი არ დააგვიანა, არამედ ყველაზე არასწორი დრო შეარჩია გზების შესაკეთებლად"

"არის შემთხვევები, როცა ასფალტის საფარს დააგებენ მიწისქვეშა კომუნიკაციების შესწავლის გარეშე, შემდეგ ეს კომუნიკაციები ზიანდება და ხელახლა თხრიან ახალდაგებულ გზებს"


თბილისში ხუმრობენ, სააკაძის მოედანზე ყოველ წელს მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ძეგლი პროტესტს აცხადებს და ითხოვს, პირბადე მაინც გამიკეთეთო. თბილისში რამდენიმე ძირითად სატრანსპორტო კვანძზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს და ნაწილის დასრულებას მერია 20 სექტემბრისთვის, ნაწილისას კი უფრო გვიან გეგმავს. მათ შორის არის
შარტავა-კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, რომლის არეალშიც შარშან გადათხრილი და კაპიტალურად შეკეთებული სააკაძის მოედანი მოხვდა და კიდევ ერთხელ გადაითხარა. ექსპერტებიცა და რიგითი მოქალაქეებიც აღნიშნავენ, რომ გზების შეკეთება კარგია, თუმცა მერიას სამუშაოების დაგვიანებით დაწყებისა და არასწორი მენეჯმენტის გამო აკრიტიკებენ, რისი შედეგიც ქალაქში პარალიზებული მოძრაობა და ბიუჯეტიდან "განიავებული" თანხებია.

ჯერ კიდევ შარშან, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, ქალაქის მთავრობამ სააკაძის მოედანს რეკონსტრუქცია ჩაუტარა, რაშიც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა. მერიამ დედაქალაქის საცობების პრობლემის მოსაგვარებლად გერმანული ორგანიზაცია (A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung) დაიქირავა, რაშიც 40.000 ევრო გადაუხადა. რამდენად მოგვარდა მას შემდეგ საცობების პრობლემა, თავად განსაჯეთ, არადა, უცხოელი ექსპერტები გვირჩევდნენ, რომ საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვისთვის სააკაძის მოედანზე შუქნიშნები უნდა დამონტაჟებულიყო. სწორედ ამ 40.000-ევროიანი კვლევის შემდეგ გადაწყდა სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია: დამონტაჟდა შუქნიშნები, გაკეთდა ბორდიურები, უსაფრთხოების კუნძულები და ჯამში მერიას 2017 წელს სააკაძის მოედნის რეაბილიტაცია 514.370 ლარი დაუჯდა. ახლა სააკაძის მოედანი ისევ გადათხრილია და თავიდან კეთდება, მისი ხარჯები კი შარტავა-კოსტავას ქუჩის პროექტის 10 მილიონშია გათვალისწინებული. რა გამოდის, მერიამ ის ნახევარი მილიონი ბიუჯეტიდან უბრალოდ გადაყარა?

სხვათა შორის, ოფიციალური მონაცემებით, თბილისში ნარმანიას მერობის პერიოდში გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები 7 295 814,93 კვმ ფართობს ჩაუტარდა. სულ 755 ქუჩა შეკეთდა. კალაძეს ქალაქში ახლა ნამდვილი სამშენებლო ფრონტი აქვს გაშლილი, ერთდროულად მიმდინარეობს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები თბილისის რამდენიმე უბანში ცენტრალურ სატრანსპორტო გზებზე _ კახეთის გზატკეცილიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე. კალაძე ამბობს, ამ 4 წლის განმავლობაში ქალაქს ჩემი ხელი უნდა დავატყოო. თბილისი სულ 502 მილიონ კვმ-ზეა გადაჭიმული და აქედან სატრანსპორტო ზონას 26 769 425 კვმ უჭირავს. ამ ფართობში შედის რკინიგზაც. ამოცანა გვეკითხება: თუ ნარმანიამ 7 მილიონი კვმ ფართობი უკვე შეაკეთა, კალაძე ან მთელი თბილისის გადათხრას აპირებს, ან ნარმანიას გაკეთებულს ხელახლა აკეთებს, რატომ?

ვასილ ურუშაძე, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" ხელმძღვანელი: "აგვისტოს თვეში რომ სასწავლო პროცესი არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ სატრანსპორტო ნაკადები უფრო მცირეა, ვიდრე წლის სხვა პერიოდში. აგვისტო და ივლისი თბილისისთვის, როგორც ტურისტული ქალაქისთვის, სატრანსპორტო ნაკადებით ყველაზე დატვირთულია. ტურისტების რაოდენობა თბილისში პიკს განსაკუთრებით აგვისტოში აღწევს, ამიტომ მერიამ კი არ დააგვიანა, არამედ ყველაზე არასწორი დრო შეარჩია გზების შესაკეთებლად. ტურისტული ნაკადებიც რომ არა, მიდგომა, მოდი, მთელი წლის განმავლობაში არაფერი ვაკეთოთ და 2-3 თვეში ერთბაშად ჩავატაროთ სარეაბილიტაციო სამუშაოებიო, მსუბუქად რომ ვთქვათ, დილეტანტურია. ნებისმიერი სამუშაო, იქნება ეს მოვლა-შეკეთება, რეაბილიტაცია თუ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სულ ცოტა, ერთი წლით ადრე უნდა დაიგეგმოს და მთელი წლის განმავლობაში დროსა და ვადებში გაიწეროს სხვა სამუშაოებთან შეჯერებით, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება.

თბილისზე ბევრად გადატვირთული ქალაქები არსებობს მსოფლიოში, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ასეთი ქაოსი არ არის, როგორიც ახლა გვაქვს ქალაქში. ეს არის თბილისის მერიის არასწორი პოლიტიკის, არასწორი დაგეგმარების შედეგი.

ახლა ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ შეცდომა ამავე დროს არის შესაძლებლობა, რომ მომავალში შეცდომები აღარ დავუშვათ. საგზაო მოძრაობა, ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ზუსტი საინჟინრო მეცნიერებაა და კონკრეტულ მათემატიკურ გათვლებს ეფუძნება. ამას რატომღაც ვერ ხვდებიან თბილისის მერიაში, რომ ყველაფერი უნდა კეთდებოდეს წესებისა და სტანდარტების დაცვით. როცა იწყება გზის რეაბილიტაცია და იცი, რომ კონკრეტულ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა უნდა შეწყდეს, მინიმუმ, პროგნოზი უნდა არსებობდეს მერიის შესაბამის სამსახურებში, რა შედეგი შეიძლება დადგეს ამის გამო _ რამდენად შემცირდება გამტარუნარიანობა და ხომ არ გამოიწვევს ეს სატრანსპორტო კოლაფსს. აპრობირებული მეთოდია ბევრ ქვეყანაში, რომ ქალაქისთვის ერთიანი გეგმა მუშავდება, მაგრამ სამუშაოები მიმდინარეობს ჭადრაკის პრინციპით _ სხვადასხვა რაიონში სამუშაოები იმგვარად არის გადანაწილებული, რომ ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოდიან და მნიშვნელოვან შეფერხებებს არ ქმნიან. ჩვენთან კი პირიქით, ერთსა და იმავე უბანში, პარალელურ ქუჩებზე, ერთდროულად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც გითხარით, ეს არის არაპროფესიონალიზმის, არასწორი მენეჯმენტის შედეგი და ეს ყველაფერი ყველაზე მეტად მოსახლეობას უქმნის პრობლემას".

დავით მესხიშვილი, "ტრან-სპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე: "ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ ვართ არც საგზაო სამუშაოებისა და არც ინფრასტრუქტურის განვითარების წინააღმდეგი. წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვთ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლებას. კარგია, რომ იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთდება გზები, შენდება ახალი გზაგამტარები და ა.შ. პრობლემა ის არის, რომ მერიის სამსახურების მენეჯმენტი გასული საუკუნის 50-60-იან წლებშია ჩარჩენილი და სიახლეს ვერ გვთავაზობენ. ელემენტარულად, საავტომობილო ნაკადები რომ დათვალონ და წინასწარ გათვალონ, სად შეიძლება წარმოიქმნას საცობი, რა უნდა შესთავაზო ალტერნატივად ავტომობილებს და სხვა, ბევრ ისეთ პრობლემას ავიცილებდით თავიდან, რაც დღეს მოსახლეობას ძალიან ურთულებს ცხოვრებას.

ამას გარდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ისე, რომ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას. მაგალითად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იქ, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, დადგეს რკინის ჯებირები, რომლებიც ღამის საათებში არ ჩანს, არ არის დამონტაჟებული შუქამრეკლები, არც ყვითელი სასიგნალო შუქნიშანია და ამის გამო რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ასევე
არ მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომ მძღოლებმა იცოდნენ, სად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რათა თადარიგი დაიჭირონ და გადაადგილებისთვის სხვა გზა აირჩიონ. უამრავი შემთხვევაა, როცა კონკრეტულ ადგილზე მისვლისას აღმოუჩენიათ, რომ გზა გადაკეტილია.

სააკაძის მოედანი კიდევ ცალკე თემაა. გვაქვს ინფორმაცია, რომ მოძრაობის მიმართულება სააკაძ­ის მოედანზე კვლავ უნდა შეიცვალოს და გამოდის, რომ შარშ­ან წყალში გადავყარეთ ნახევარი­ მილიონი, რომელიც ამ მოედნის კვლევაში, შემდეგ კი მის რეკონსტ­რუქცია-რეაბილიტაციაში გადავიხადეთ ბიუჯეტიდან. ამ საკითხზე უნდა გვიპასუხოს მერიამ, უნდა უპასუხოს ყველა შეკითხვას, რომლებიც ამ მოედანზე დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შესახებ არსებობს. ეს არის ან ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა, ან სამუშაოების უხარისხოდ შესრულებასთან გვაქვს საქმე.

არის შემთხვევები, როცა ასფალტის საფარს დააგებენ მიწისქვეშა კომუნიკაციების შესწავლის გარეშე, შემდეგ ეს კომუნიკაციები ზიანდება და ხელახლა თხრიან ახალდაგებულ გზებს, რაც მოხდა, მაგალითად, ჭონქაძის ქუჩაზე. ამიტომ ეს საკითხები აუცილებლად უნდა შეისწავლონ შესაბამისმა სამსახურებმა და გაგვცენ პასუხი, რასთან გვაქვს საქმე _ არის ეს არაპროფესიონალიზმის შედეგი თუ საჯარო მოხელეების გულგრილი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საბიუჯეტო თანხების მიმართ. საჯარო მოხელეები ამ პასუხისმგებლობას თუ არ გააცნობიერებენ, მუდმივად გვექნება ეს პრობლემა, როცა ყოველი ახალი თანამდებობის პირი თავისი შეხედულებითა და ფანტაზიით განკარგავს ბიუჯეტს.

კალაძემ პრეტენზიების საპასუხოდ თქვა, თუ გაქვთ რაიმე იდეა ან ჯადოსნური ჯოხი, როგორ დავაგო გზები საცობების გარეშე, მითხარითო.
არ არის საჭირო ჯადოსნური ჯოხი, ერთი კალამია საჭირო და ხელმოწერა განკარგულებისა, რომელიც ამ სამუშაოებზე პასუხისმგებელი სამსახურების რეფორმირებას მოახდენს.

ეს სამსახურები ვეღარ პასუხობენ დღეს ქალაქში არსებულ გამოწვევებს და ისევ ძველი მიდგომებით მოქმედებენ, რისი შედეგიც, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს".

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები