ტურიზმი ბიზნესი უნდა იყოს და არა გამომძალველობა - კვირის პალიტრა

ტურიზმი ბიზნესი უნდა იყოს და არა გამომძალველობა

კიდევ ორი-სამი სამი კვირაც და საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონი დასრულდება. აჭარას წლეულს ბევრი დამსვენებელი ჰყავდა, გაცილებით მეტი, ვიდრე წინა წლებში. ამ სეზონმა აჩვენა, რომ საქართველოს საზღვაო კურორტებს აქვს განვითარების პერსპექტივა.

ბათუმში ნამდვილი სამშენებლო ბუმია, გაისად დამსვენებელთა გაზრდილ ნაკადს ანაკლიაც მიიღებს. ტურიზმის განვითარება რომ სასიკეთო საქმეა, აღარავინ დავობს, მაგრამ ხშირად ისეთი შეცდომები მოგვდის, რომ ერთხელ ჩამოსულმა ტურისტმა მეორედ, შესაძლოა, აქეთ აღარც გამოიხედოს.

აჭარაში ყველაზე მეტი სტუმარი, ადგილობრივი თუ ჩამოსული, ამ სეზონზე ქობულეთს ესტუმრა. ბათუმთან შედარებით, ქობულეთის დასახლება სანაპირო ზოლთან უფრო ახლოსაა და პლაჟიც უკეთესია. ამიტომ აგვისტოში ქობულეთის სასტუმროებში თავისუფალი ნომრის, ოჯახებში კი საწოლის შოვნა ჭირდა, ზღვის სანაპიროზე კი იმდენ დამსვენებელს მოეყარა თავი, ნემსი არ ჩავარდებოდა.

ქობულეთის ცენტრალური ქუჩა, ფაქტობრივად, ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომლითაც აჭარის სხვა რეგიონებში მოხვედრაა შესაძლებელი. ამავე გზით სარგებლობენ თურქეთისკენ მიმავალი, ან იქიდან წამოსული სატვირთოები, სამგზავრო ავტობუსები და რა თქმა უნდა, ადგილობრივი დამსვენებლებიც.

საავტომობილო საცობები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც ტურისტს დისკომფორტს უქმნის და დროს, რომელიც დასვენებისთვის უნდა გამოეყენებინა, ფუჭად აკარგვინებს. საღამოობით კაფე-რესტორნებში თავისუფალი მაგიდის შოვნა ჭირს, რადგან დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს კვების ობიექტების შესაძლებლობებს. რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეები მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მაგიდების რაოდენობის გაზრდით ცდილობენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მომსახურე პერსონალის რაოდენობაც შესაბამისად უნდა გაზარდონ.

ამიტომ შეკვეთის ლოდინი ზოგჯერ საათობით გიწევს. აღარაფერს ვამბობ მომსახურების ხარისხზე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვთქვათ, მიმტანს თუ თეფშის გამოცვლას სთხოვთ, შესაძლოა გისაყვედუროთ, რომ ბევრი საქმე აქვს, ერთდროულად ყველაფრის გაკეთებას ვერ ასწრებს და აქვე მოგაძახოთ, რომ "ტანკისტი იყო ომამდე", ანუ ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული და სხვ. იმავეს ვერ ვიტყვით რესტორნებზე, რომლებსაც უცხოელი მფლობელები ჰყავთ. ისინი პერსონალისგან, მოვალეობის შესრულებასთან ერთად, იმასაც ითხოვენ, რომ კლიენტს თავაზიანი ღიმილით მოემსახურონ.

ეძიე "თავშესაფარი"

ვინაიდან მოთხოვნა დიდია, ზღვისპირა დასახლებებში დამსვენებლებზე თითქმის ყოველი საცხოვრებელი კვადრატული მეტრი ქირავდება. ქობულეთში ერთი ღამით საწოლის დაქირავება, სულ ცოტა, ათი ლარი ღირს, თუმცა ასეთ ოთახს, შესაძლოა სარკმელი არ ჰქონდეს, თანაც საერთო აბაზანითა და საპირფარეშოთი სარგებლობა მოგიწევთ. ამიტომაცაა, რომ დამსვენებელთა ერთ ნაწილს ურჩევნია, ზღვასთან ახლოს კარავი დასცეს და იაფად დაისვენოს, მით უმეტეს, ზღვაზე საუკეთესო ხედით.

ბათუმში კი ერთი კაცისთვის ღამის გათევა, სულ ცოტა, 15 ლარი ჯდება. კიდევ უფრო ძვირია საწოლის ქირაობა გონიოსა და კვარიათში, სადაც აგვისტოში ერთი ღამის გათევის საფასური 25-30 ლარიდან იწყება. მზარდმა მოთხოვნამ ადგილობრივებს ფულის შოვნისკენ უბიძგა, ვისაც დიდი სახლი ჰქონდა, საოჯახო სასტუმროდ აქცია, ხოლო ვინც მოკრძალებულად ცხოვრობდა, გაფართოვდა.

ნინო გოგიტიძე (ქობულეთის მკვიდრი): "ბანკში სესხი ავიღე და სახლს მეორე სართული დავაშენე, რომ მეტი დამსვენებელი მიმეღო. სანამ ბანკის ვალს ვიხდით, სახელმწიფო არაფერს გვთხოვს, მაგრამ ამბობენ, რომ მომავალში გადასახადებს დაგვიწესებენ.

კანონი სალარო აპარატის გამოყენებასაც გვავალდებულებს, მაგრამ თითქმის არავინ იყენებს. ზოგჯერ ხდება, რომ ტურისტებივით შორტებში გამოწყობილი საგადასახადო სამსახურის ინსპექტორები შედიან შესამოწმებლად იმ სახლებში, სადაც ოთახები ქირავდება და თუ მეპატრონე ფულის მიღებისას ჩეკს არ ამოურტყამს, აჯარიმებენ. გაგიკვირდებათ და ზოგს სასტუმროც კი არ აქვს საგადასახადოში რეგისტრირებული და მათ არაფერს ეუბნებიან".

ბელა ჟღენტი (საოჯახო სასტუმროს მეპატრონე): "ქობულეთში წლეულს ქუჩები გადათხრილი იყო და ქალაქი არ იყო მზად დამსვენებლების მისაღებად, თუმცა მაინც უკეთესი სეზონი მაქვს. ადგილობრივ, სომეხ და აზერბაიჯანელ დამსვენებლებს, წლეულს დაემატნენ უკრაინელები, რუსები, ამერიკელი ტურისტები. შარშანდელთან შედარებით ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან თუ ნომერს დღე-ღამეში 80 დოლარად ვაქირავდებდი, წლეულს 100 დოლარად ვაქირავებ. მოთხოვნა მაინც მაღალია და სასტუმროს 17 ნომერი სრულად მაქვს დატვირთული. თუმცა ასეთი მოთხოვნა და ფასი მხოლოდ აგვისტოშია. ივლისში იგივე ნომერი 100 ლარი ღირს. სხვათა შორის, მთელი სეზონის განმავლობაში საპრეზიდენტო ლუქსიც დატვირთული მქონდა".

სეზონის დაწყებამდე სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს, სახლებსა თუ რესტორნებს ადგილობრივებისგან უცხოელები, უმეტეს შემთხვევაში სომხები ქირაობენ და შემდეგ უფრო ძვირად ემსახურებიან თანამემამულეებს. სომხები აჭარაში უძრავი ქონებისა და მიწის შესყიდვითაც არიან დაინტერესებული, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ყაზახ ბიზნესმენებს გამოუვიდათ, რომლებმაც ბობოყვათში თითქმის მთელი სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია დაისაკუთრეს.

დისკომფორტი - "მოისაქმეთ... ზღვაში?!"

მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ გაზრდილ დატვირთვას ვერ გაუძლო და სეზონის პიკზე ქობულეთში ძაბვა იმდენად დაბალი იყო, რომ მაცივრები არ მუშაობდა, მეტიც, მობილურ ტელეფონსაც ვერ დატენიდი. აღარაფერს ვამბობ წყალმომარაგების გრაფიკზე, როცა ზღვიდან მობრუნებული დამსვენებლები აბაზანებთან რიგში დგანან, შხაპის მიღება რომ მოასწრონ.

რა თქმა უნდა, ფასის შესაბამისად, მეტი კომფორტია სხვადასხვა დონის სასტუმროებში. ბათუმის "შერატონში" ერთი ღამით ნომრის დაქირავების ფასი 200 დოლარიდან იწყება და რამდენიმე ათასს აღწევს. ქობულეთში კი ყველაზე მაღალი დონის სასტუმროდ "ჯორჯიან პალასი" მიიჩნევა, სადაც ერთი ღამის გატარება, სულ მცირე, 100 დოლარი ჯდება და იზოლირებული კერძო პლაჟიც აქვს. ეს სასტუმრო ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სახელს უკავშირდება.

აქვეა მისი ზღვისპირა აგარაკიც, დაცვით გარშემორტყმული, თავად ბიზნესმენს კი ხშირად ნახავთ სისხამ დილით საკუთარი კატერით ზღვაში სათევზაოდ გასულს. მოგვიანებით კი მისი კატერით გასეირნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ საათში 250 დოლარად. მაშველების ერთადერთი სათვალთვალო კოშკურაც ჭყონიას სასტუმროს კერძო სანაპიროზე დგას, სხვაგან კი ამ კოშკურებს სხვა დანიშნულებით იყენებენ - სიმაღლიდან ზღვაში გადახტომა 20 თეთრი ღირს.

აკრძალვის მიუხედავად, სანაპიროზე გაჩაღებულია ვაჭრობა... ჩამოტარებით. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიცია მხოლოდ მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსულ მოვაჭრეებს ებრძვის - პირველ შემთხვევაზე ფოტოს გადაუღებენ და მონაცემთა ბაზაში შეჰყავთ, ხოლო თუ განმეორებით ამხილეს, საქონელს ჩამოართმევენ და თავად შეექცევიან.

"მე აქაური ვარ და ადგილობრივი პოლიციის თანამშომლები მიცნობენ, ამიტომაც არაფერს მეუბნებიან. ოჯახს ხომ უნდა რჩენა და შედიან ჩემს მდგომარეობაში. უცხოებს კი ჯერ აფრთხილებენ, ხოლო მეორე ჯერზე გასაყიდ საქონელს ართმევენ და შემდეგ თავად "დგალარიან და ჭამენ", - მითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ. ნავაჭრით დანაყრებული დამსვენებელი კი ნარჩენებს სანაპიროზე ტოვებს, რადგან ნაგვის ურნები ან ნაგავს ვეღარ იტევს, ან მზისგან გათანგულს, მანძილის გავლა ეზარება. ამიტომ ქობულეთის სანაპიროზე ნაგვის სუნი ტრიალებს, რასაც ვერ ვიტყვით ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე.

აი, საზოგადოებრივ ტუალეტებს, ან ბიოტუალეტებს ზღვის ვერც ერთ სანაპიროზე ვერ ნახავთ, ამიტომ დამსვენებელს ან ბუნებრივი მოთხოვნილებების შეკავება უწევს, ან პირდაპირ ზღვაში, პლაჟზე ან იქვე ახლოს ბუნების წიაღში მოსაქმება... მაგალითად, ქობულეთში ერთადერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო სანაპიროდან შორს, დასასვენებელ პარკში დგას და ისიც ფასიანია. საპირფარეშო და ხელის დასაბანი ადგილი ხშირად არც კაფეებსა და რესტორნებში აქვთ. სამაგიეროდ, მაღალია მომსახურების საკომისიო: 10%, 15% და ხშირად 20%-საც კი აღწევს.

"ბრაზიანი" ფასები

აჭარაში საქონლისა და მომსახურების ფასი ხშირად ხელოვნურად არის გაზრდილი. დამსვენებელთა მატებასთან ერთად, ზღვის საკურორტო ზოლში საქონლისა და მომსახურების ფასებიც იმატებს. ბუნებრივია, ეს ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს. "თბილისთან შედარებით აქ სურსათი თითქმის ორჯერ ძვირია, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ უცხოელი ტურისტებისთვის ფასი ხშირად განსხვავებულია.

მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქისთვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება 2 ლარი ღირს, ჩვენ ბილეთში 6 ლარი გადაგვახდევინეს. ჩემმა მეგობარმა ანტალიაში 10 დღე 1200 დოლარად დაისვენა. მაღალი კლასის სასტუმროში ცხოვრობდა და სამჯერადი კვება ჰქონდა დღეში, აქ კი ღირებულებაში მხოლოდ საუზმე ან სადილი შედის.

შესაძლოა ნომერში ტანსაცმლის კარადაც კი არ იყოს... ძალიან მომწონს საქართველო, აჭარა, მაგრამ გაისად დასასვენებლად ალბათ ისეთ ქვეყანასა და კურორტს შევარჩევ, სადაც უფრო იაფად დავისვენებ და მომსახურების დონეც უფრო მაღალი იქნება", - მითხრა ერთ-ერთმა უცხოელმა ტურისტმა.