ინფლაციური "საფუარი" - კვირის პალიტრა

ინფლაციური "საფუარი"

ისედაც მომატებულ ფასებს გვალვები, მონოპოლიზმი და გადამეტებული ინფლაციური მოლოდინი "აფეთქებს"

საცალო ბაზარზე პური 10 თეთრით გაძვირდა. მსოფლიოში ხორბლის მცირე მოსავლის გამო პურის ფქვილის გაძვირება მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ამბობენ, რომ შემოდგომისთვის პური კიდევ უფრო გაძვირდება და მისი ფასი ერთ ლარს მიაღწევს. რიგი მიზეზების გამო, გაძვირება ემუქრება ზოგადად სასურსათო ბაზარს, მით უფრო, პირველადი მოხმარების პროდუქტს. ამან შესაძლოა ლარის კიდევ უფრო გაუფასურება გამოიწვიოს.

თუ ყველა ეს მოლოდინი გამართლდა, მაშინ ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა ციფრსაც ვერ გამოვრიცხავთ. აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი რამ ოფიციალურად აღარ აღრიცხულა. თუმცა ექსპერტები ამბობენ და "შეუიარაღებელი თვალითაც" ჩანს, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე უკვე ძალიან მაღალია.

დავით ნარმანია (ეკონომიკის ექსპერტი): "ქვეყანაში მიმდინარე ინფლაცია უკვე ძალიან მაღალია, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა ამას არ ადასტურებს. მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი, უპირველესად, საზაფხულო სეზონი, როცა რამდენიმე კატეგორიის საქონელზე ფასები სწრაფად იზრდება. წლის ამ დროს ასევე იზრდება მომსახურების ფასები, იქნება ეს სასტუმროებსა თუ კვების ობიექტებში.

ამას გარდა იმატებს ფასები საწვავზე, პურზე, შაქარზე. სამომხმარებლო კალათის ნუსხაში არსებული, "დიდი წონის" მქონე საქონლის ფასები სწრაფად გაიზარდა, ამან ინფლაცია წაახალისა და მისი მაჩვენებელი გაზარდა.

ორი მნიშვნელოვანი რამ არის მოსალოდნელი - საწვავზე ფასების კიდევ უფრო ზრდა და პურის გაძვირება. ინფლაციას ველოდით და ეს პროცესები შემოდგომისთვის კვლავ გაგრძელდება. ამას დაერთო გვალვა, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას ამცირებს.

ბუნებრივია, ესეც იწვევს სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდას. შემიძლია გითხრათ, რომ შემოდგომისთვის ფასების ზრდა გაცილებით თვალში საცემი იქნება, თუნდაც ვიდრე ეს წლეულს გაზაფხულზე აღინიშნა.

- დაახლოებით რამდენპროცენტიან ინფლაციას უნდა ველოდოთ? იმასაც კი ამბობენ, რომ ქვეყანაში 12-14%-იანი ინფლაცია გვექნება...

- ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, მით უფრო, ცალკეული პირის მიერ. თუმცა არსებული გარემოებები, გარე თუ შიდა ფაქტორები მიგვანიშნებს, რომ სულ მცირე, 10-12%-იანი ინფლაცია იქნება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს ლარის კურსის მაღალი მერყეობა. იმპორტიორებს ეს ყოველთვის აშინებს, ისინი თადარიგს იჭერენ, რათა არ იზარალონ კურსთა შორის სხვაობით. ეს თარიგის დაჭერა კი, სხვა სიტყვებით, შემოტანილ პროდუქციაზე მაღალი ფასის დადებას ნიშნავს.

ვითარებას ამწვავებს ბოლო წლებში სამომხმარებლო ბაზრის მასობრივი მონოპოლიზაცია, განსაკუთრებით იმ კატეგორიის საქონელსა და მომსახურებაზე, რომელზეც მაღალია მოთხოვნა. ეს იმას განაპირობებს, რომ ადამიანებს რაღაც კატეგორიის საქონელში სულ უფრო მეტის გადახდა უწევთ. მაგალითად, საწვავში, მედიკამენტებში, შაქარში, პურპროდუქტებში.

რა თქმა უნდა, შაქრის, პურისა და საწვავის ფასები მსოფლიო ფასებზეც არის დამოკიდებული, თუმცა ჩვენთან ყველა ამ პროდუქტზე გაცილებით მეტად იზრდება ფასები, ვიდრე ეს საერთაშორისო ბაზარზე ხდება. მაგალითად, 2008 წლის ზაფხულში ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე ბარელი ნავთობის მაქსიმალური ფასი 144 დოლარი იყო და საქართველოში საწვავი დაახლოებით იმ ფასად იყიდებოდა, რაც დღეს ღირს.

დღეს საერთაშორისო ბირჟებზე ბარელი ნავთობი 90 დოლარზე მეტი არ ღირს. ეს ნიშნავს, რომ ან ჩვენს ბაზარზეა მონოპოლიური ვითარება და რამდენიმე კომპანია კარნახობს ფასს, ან რამე სხვა გარიგებასთან გვაქვს საქმე.

- ლარის სავალუტო კურსთან დაკავშირებით შემოდგომისთვის რას შეიძლება ველოდოთ?

- ალბათ, ზუსტად ამის პროგნოზირებაც შეუძლებელია... თუმცა შესაძლოა ის განმეორდეს, რაც წლეულს გაზაფხულზე. ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს და ვალუტის მნიშვნელოვანი რყევები აგვარიდოს.

- დოლარის საერთაშორისო კურსი 15-წლიან მინიმუმს უახლოვდება, ეს როგორ შეიძლება აისახოს ლარის კურსზე?

- მიუხედავად კრიზისის მინელებისა, ამერიკასა და ევროპაში პერიოდულად თავს იჩენს ხოლმე ეკონომიკური პრობლემები. თუმცა უფრო მცირე იმ მასშტაბებთან შედარებით, რაც 2008 წელს იყო.

ამიტომ მნიშვნელოვან რყევებს, თუნდაც დოლარის კურსის მკვეთრ ვარდნას სხვა ვალუტების მიმართ, არ უნდა ველოდოთ. საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ვალუტებს შორის კურსის სხვაობა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, თუმცა ეს არსებითი არ არის. აი, თუ დოლარის კურსი სხვა ვალუტების მიმართ მყისიერად დაეცემა, რაც, როგორც წესი, იშვიათად ხდება, ასეთ შემთხვევაში, გავლენა მეტი იქნება.