როცა ექსპორტი "ბდღვნადაც არ ღირს" - კვირის პალიტრა

როცა ექსპორტი "ბდღვნადაც არ ღირს"

"რუსეთის სურვილით ქართული პროდუქციის აკრძალვა ყაზახეთსა და ბელორუსიაში თითქმის გამორიცხულია"

რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ კიდევ ერთხელ შეახსენა საკუთარი არსებობა საქართველოს, როცა რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის ერთობლივ საბაჟო კავშირს უჩვეულო რეკომენდაცია მისცა. საბაჟო კავშირი პროდუქციის თავისუფლად მოძრაობას გულისხმობს, რუსეთის მთავარმა სანიტარმა კი პარტნიორებს სთხოვა, ზომები მიიღონ და არ დაუშვან რუსეთში მოლდავური და ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების შეტანა.

რუსეთმა ყაზახეთსა და ბელორუსიასთან საბაჟო კავშირი პოლიტიკური გავლენისთვის შექმნა, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით ასეთი კავშირი რუსეთისთვის უსარგებლოა - მიაჩნია პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ მალხაზ მაცაბერიძეს.

საბაჟო კავშირში შიდა შეზღუდვების დაწესება რთულია, ეს ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ შესაძლოა რუსეთი მარტივად მიუდგეს საკითხს და მთლიან საბაჟო კავშირში მოითხოვოს ქართული პროდუქციის აკრძალვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში "ეკოპალიტრასთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ყაზახეთსა და ბელორუსიასთან ეკონომიკური ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება და ამ ტენდენციის შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

მიხეილ ჯანელიძე (საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი): "რუსეთის თხოვნა საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნებისადმი, მათი ტერიტორიიდან ქართული და მოლდავური პროდუქცია რუსეთში არ მოხვდეს, უკვე ადასტურებს, რომ ეს ქვეყნები ქართულ პროდუქციაზე უარის თქმას არ აპირებენ და რუსეთი შიშობს, რომ საბაჟო კავშირის შიგნით თავისუფალ ბრუნვაში არსებულ პროდუქტს ვერ გააკონტროლებს.

ამისთვის ძალიან დიდი რესურსი დასჭირდება. ამ ეტაპზე უცნობია, კონტროლის რა დამატებით მექანიზმებს შეიმუშავებენ. საქართველოს ორმხრივი სავაჭრო თუ სხვა ეკონომიკური კავშირები ბელორუსიასა და ყაზახეთთან ყოველწლიურად ფართოვდება და მყარდება.

2009 წელს, როცა საგარეო ვაჭრობა თითქმის ყველგან იკლებდა, ბელორუსიაში ქართული პროდუქციის ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, ხოლო ყაზახეთში, ფაქტობრივად, არ შემცირებულა, წლევანდელ 6 თვეში კი, შესაბამისად, 42% და 77%-ით გაიზარდა. ღვინის ექსპორტი ბოლო წლებში ბელორუსიის ბაზარზე წელიწადში საშუალოდ 45%-ით იზრდება, მინერალური წყლის - 49%-ით.

ხოლო 2010 წლის I ნახევარში მინერალური წყლის ექსპორტმა 166%-ით მოიმატა. ამავე პერიოდში ყაზახეთში ღვინის ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, ხოლო მინერალური წყლის - 163%-ით. ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები მხოლოდ სავაჭრო ბრუნვის ზრდით არ შემოიფარგლება. თანამშრომლობა ვითარდება სოფლის მეურნეობაში, ინვესტიციებში, ტურიზმში. ეწყობა მთავრობათაშორისი ორმხრივი ეკონომიკური კომისიების სხდომები".

რუსეთში ქართული პროდუქციის შეღწევის საწინააღმდეგო აკრძალვები ძველებურად მოქმედებს, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვში კონტრაბანდულად შეტანილი ქართული პროდუქცია მუდამ იყიდებოდა. "ბორჯომის" ფასი 25 დოლარსაც აღწევდა. საბაჟო კავშირის ამოქმედების შემდეგ მისი ფასი განახევრებულია. ეს ადასტურებს, რომ საბაჟო კავშირის ქვეყნებიდან მინერალური წყლის შეტანა გაიზარდა და კონტრაბანდასთან კონკურენციამ პროდუქცია გააიაფა.

კახა ბენდუქიძე (თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი): "რუსეთის სურვილით ქართული პროდუქციის აკრძალვა ყაზახეთსა და ბელორუსიაში თითქმის გამორიცხულია. რუსეთი კვლავ ცდილობს, გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ამისთვის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს. თუმცა ამ გზაზე საქართველო კვლავ რჩება რუსეთისთვის ბარიერად.

რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ბერკეტები, რათა ბელორუსიასა და ყაზახეთშიც მიაღწიოს ქართული პროდუქციის აკრძალვას, მაგრამ ეს უკიდურესად არაპროპორციული ქმედება იქნება და აქედან სარგებელს ვერ ნახავს. მაგალითად, ბელორუსიას თუ ეტყვიან, გაზს და ნავთობს აღარ მოგყიდით, საზღვარს ჩავკეტავთ, იმიტომ რომ ქართული ღვინო შემოგაქვსო – მართლაც არაპროპორციული იქნება, რადგან ქართული ღვინო ბელორუსიაში შეიძლება 5 მილიონის ღირებულებისაც არ შედის...

რუსეთი მთავრობაში ვითარებას საბაზრო დემოკრატიის პოზიციიდან არ უყურებენ და შეიძლება მაინც გამოიღონ ხელი, ოღონდაც ჩვენი ჭია გავახაროთო. თუმცა მაინც არ მგონია, ყველა ბერკეტი აამოქმედონ. მათ შორის ისედაც არსებობს სავაჭრო დისკუსიები, ვთქვათ, იმავე ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით ბელორუსიასთან.

ყაზახეთთან შედარებით ნაკლებად, თუმცა იქაც დგას საკითხები - ყაზახური გაზისა და კონდენსატის რუსეთში გადამუშავება; თენგიზის საბადოებიდან ნავთობის ტრანზიტი... თუ ასე დაუბნელდათ თვალები და საქართველოს მცირე მეორადი ექსპორტი რუსეთში ასე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, მაშინ შესაძლებელია, თუმცა მე მაინც არ მჯერა".

უარეს შემთხვევაში, თუ რუსეთმა საბაჟო კავშირის ფარგლებში ქართული პროდუქციის აკრძალვას მიაღწია, ქართული ეკონომიკა მცირე დარტყმას მიიღებს.

კახა ბენდუქიძე: "ეს იქნება სამწუხარო, მაგრამ არ იქნება ტრაგიკული. ყველაზე უარესი ვარიანტი იქნება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დანაკლისი. ჩვენი ექსპორტი თითქმის 2 მილიარდი დოლარია. მთელ ექსპორტს შეიძლება დაახლოებით 1% დააკლდეს.

აკრძალვა იმაზეა დამოკიდებული, რუსეთში რამდენად დაიჯერებენ, რომ ამის გაკეთება ღირს. რუსეთში შეიცვალა რწმენა, თითქოს ქართულ პროდუქციაზე ემბარგო საქართველოს დაშლას გამოიწვევდა. ასე არ აღმოჩნდა. და თუ რუსეთში ემბარგომ ეს პროცესი არ გამოიწვია, ყაზახეთსა და ბელორუსში ემბარგო როგორღა გამოიწვევს? ამიტომ მაინც მგონია, რომ რაღაც სუსტი ზომები შეიძლება მიიღონ, მაგრამ მნიშვნელოვანი არ იქნება".

თემურ იობაშვილი