როგორ ათეთრებენ ფულს ტოტალიზატორებში
როგორ ათეთრებენ ფულს ტოტალიზატორებში
კომპიუტერული თაღლითობა საქართველოში სულ უფრო გავრცელებული დანაშაული ხდება

"სასწრაფოდ მჭირდება 100 ლარი და შეგიძლია მასესხო? ჩემს იუზერს მოგწერ და გთხოვ, "აჭარაბეთის" ანგარიშზე ჩამირიცხე", - თუ მსგავს შეტყობინებას სოციალურ ქსელში მეგობრისგან მიიღებთ, გირჩევთ, ინფორმაცია მასთან გადაამოწმოთ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ კიბერთაღლითები, რომლებიც "ფეისბუკის" მომხმარებლების პირად გვერდზე შეღწევით მათ მეგობრებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან. თაღლითური სქემა შეტყობინების ყველა ადრესატს ვერ აბრიყვებს, თუმცა 100-დან ერთიც რომ წამოეგოს კიბერთაღლითების
ანკესს, ტოტალიზატორის ანგარიშზე არცთუ ურიგო თანხა გროვდება. ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ასეთ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ დაკავებული არავინ არის და შესაბამისად, არც თაღლითურად მითვისებული თანხა დაუბრუნებიათ დაზარალებულებისთვის.

როგორც "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი დაზარალებული უყვება, მესენჯერში შეტყობინება "ფეისბუკის" მეგობრისგან დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.
"მამაჩემის მეგობარი მწერდა, ტოტალიზატორის ანგარიშზე 100 ლარი ჩამირიცხეო. ცოტა კი გამიკვირდა, მისგან ამგვარი თხოვნა, მაგრამ ვერ შევბედე რამის კითხვა და უყოყმანოდ დავთანხმდი. არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მის გვერდს ჰაკერი იყენებდა და ფულს მძალავდა. ერთადერთი, რამაც დამაფიქრა, მისი შემოთავაზება იყო, რომ ტოტალიზატორის ანგარიშის პაროლს მომცემდა, შემეძლო შევსულიყავი და თანხა გადამერიცხა. ასეთ შემთხვევაში ჩემი საბანკო ანგარიშის მითითება მომიწევდა, რაც ნიშნავდა, რომ ჰაკერი შემდეგ შეძლებდა თანხის ჩემი ანგარიშიდან მოხსნას. მივწერე, რომ საჭირო არ იყო, რადგან მეგობრებისთვის ხშირად ჩამირიც­ხავს თანხა ტოტალიზატორის ანგარიშზე მხოლოდ მათი იუზერნეიმის გამოყენებით და ასეც მოვიქეცი. 1 საათში კი ამ ადამიანის "ფეისბუკის" გვერდზე გაჩნდა შეტყობინება, რომ სოციალური ქსელის პირადი გვერდი გაუტეხეს და იმ შეტყობინებების ავტორი, რომელიც მისი სახელითY დაეგზავნა მეგობრებს, თავად არ იყო. როგორც აღმოჩნდა, კიბერთაღლითები მისი სახელის გამოყენებით დაახლოებით 1.000 ლარს დაეუფლნენ და ალბათ მეტის გამოძალვას შეძლებდნენ, რომ არა რამდენიმე ფრთხილი "ფრენდი", ვინც წერილის შინაარსმა დააფიქრა და გზავნილის ადრესატს გადაურეკა.

მამაჩემის მეგობარი პოლიციის განყოფილებაში მივიდა, გამოძიება დაიწყეს, მიაგნეს კიდეც ეჭვმიტანილს, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთშია და ირწმუნება, რომ ტოტალიზატორის აღნიშნული აქააუნთით უკვე დიდი ხანია აღარ სარგებლობს".

როგორც შევიტყვეთ, ტოტალიზატორის ანგარიშიდან ფულის "გათეთრების" რამდენიმე სქემა არსებობს. მაგალითად, რამდენიმე ადამიანი ერთმანეთში თანხმდება, ინტერნეტპოკერის მაგიდასთან სხდებიან და თაღლითურად დაუფლებულ ფულს რომელიმე მოთამაშე "იგებს". ამის შემდეგ უკანონოდ მოპოვებული ფული ერთი ანგარიშიდან მეორეზე ისე ინაცვლებს, რომ მისი მიკვლევა ხშირად შეუძლებელი ხდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს კიბერდანაშაულის გავრცელებული შემთხვევებია: ინტერნეტთაღლითობა ან ქურდობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება. კიბერდამნაშავეები, ძირითადად, სპამის მეთოდებსა და სხვადასხვა მავნე პროგრამას იყენებენ.

ქეთევან ქავთარაძე, იურისტი: "კიბერდანაშაულის ფაქტები საკმაოდ ხშირია, რადგან ამ გზით სარგებლის მიღება მარტივია. იყო შემთხვევები, როცა "ფეისბუკის" გვერდებზე განათავსებდნენ ცრუინფორმაციას ავადმყოფი მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ და ამ გზით გვერდის შემქმნელებმა განსაზღვრული თანხა ჩაიჯიბეს. ხშირია მომხმარებლების მოტყუება "ფეისბუკზე" შექმნილი ონლაინგამოწერის გვერდებზე შესყიდვებისას. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა "ფეისბუკის" პირადი გვერდის გატეხის შემდეგ, მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებით მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ, პირადი ცხოვრების ინფორმაციის გამოყენებით ემუქრებოდნენ. როცა კიბერთაღლითობის გზით თანხების დაუფლებაზეა ლაპარაკი, უმეტესწილად მცირე ოდენობის ფინანსურ ზიანზეა საუბარი და გამოძიებაც ხშირად არ იწყება".

ლაშა პატარაია, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი: "რამდენიმე წლის წინ "ფეისბუკით" აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა მავნე კოდი ქსელის მომხმარებელთა მონაცემების მოსაპოვებლად. შემდეგ მათ სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ, მათ შორის მარკეტინგში, ლაიქების მოსამატებლად, ჯგუფების შესაქმნელად და სხვ. შემდეგ "ფეისბუკის" დაცვის სისტემა უფრო მკაცრი გახდა და მავნე კოდების მესენჯერით გავრცელება შეიზღუდა. სოციალურ ქსელში ჩაშენდა ფილტრები. თუმცა "ფეისბუკიც" ბიზნესია და ინფორმაციის კომერციული გავრცელებისთვის შექმნა ახალი მარკეტინგული ინსტრუმენტი - ე.წ. დაბუსტვა (Bოოსტ) მესენჯერის საშუალებით. ნებისმიერი ასეთი ახალი ტექნიკური სერვისი თუ ფუნქცია ჰაკერს საშუალებას აძლევს, მასში იპოვოს ტექნიკური მოწყვლადობა, რომელსაც სხვა დანიშნულებით გამოიყენებს. მათი ძებნა, განსაკუთრებით ახალ ფუნქციებში, ჰაკერების მთლიანი დღის წესრიგის დაახლოებით 60%-ია. ვვარაუდობ, რომ ზემოხსენებულ შემთხვევაშიც ასეთი რამ მოხდა - იპოვეს ახალი ტექნიკური მოწყვლადობა და შემდეგ ინფორმაცია თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის გამოიყენეს. თუმცა იმ პირის შემთხვევა, რომელიც ამჟამად აფხაზეთშია, მეტყველებს, რომ შესაძლოა იყოს ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ერთ მოქმედ პირთან, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე ტექნიკური შემსრულებელი ჰყავს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუ ეს დანაშაულები ცალ-ცალკე განიხილება, ანუ ყოველმა დაზარალებულმა დამოუკიდებლად მიმართა პოლიციას, თითოეული დაზარალებულისგან მითვისებული თანხის მოცულობის გათვალისწინებით, ამ საქმეებს შესაბამისი პრიორიტეტი ვერ მიენიჭება, ხოლო, თუ ეს საქმე განიხილება როგორც შესაძლო ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, ვფიქრობ, პრობლემური არ უნდა გახდეს მისი უფრო მაღალ დონეზე გამოძიება და დამნაშავეების გამოვლენა. საქართველოში მუშაობს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო, თუმცა მისი შესაძლებლობებიდან და ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, ყველა წვრილმან დანაშაულთან გამკლავება რთულია.

რაც შეეხება დანაშაულის მზარდ სტატისტიკას, არ გამოვრიცხავ, რომ ეს გამოწვეული იყოს ელემენტარული კიბერჰიგიენის უცოდინარობით. არ ვგულისხმობ, რომ მომხმარებელი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი უნდა გახდეს, მაგრამ საბაზო დონეზე მაინც უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას კიბერაქტივები, მათ შორის სოციალური ქსელის პროფილი, ელექტრონული ფოსტა და პირადი კომპიუტერი".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?