ფინანსთა სამინისტრო "ომეგა ჯგუფის" საქმეზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ფინანსთა სამინისტრო "ომეგა ჯგუფის" საქმეზე განცხადებას ავრცელებს

"ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, სადაგადასახადო დავალიანების აღსაკვეთად და არსებული დავალიანების ამოსაღებად, - ამის შესახებ სსიპ - შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბოლო პერიოდში, "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ:

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადების გადახდის ვალდებულება არის კონსტიტუციური ნორმა.

გადასახადების გადახდა სავალდებულოა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.

გადასახადები ირიცხება ბიუჯეტში, საიდანაც თანხები ნაწილდება სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამის დასაფინანსებლად, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შესანახად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ა.შ. შესაბამისად, გადასახადების მობილიზება წარმოადგენს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს.

შპს "ოჯთ"-მ, როგორც გადასახადის გადამხდელმა, დაარღვია გადასახადების სრულად და დროულად გადახდის ვალდებულება და საგადასახადო დავალიანება თავდაპირველად წარმოეშვა 2014 წლის ოქტომბერში, 18 444 ლარის ოდენობით.

2015 წლის მარტის მდგომარეობით, კომპანიის საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 147 952 ლარამდე, ამასთან, ამავე პერიოდში, კომპანიის თხოვნით გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება მთელ ქონებაზე (გარდა დავის პერიოდში უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი ერთი უძრავი ქონებისა). აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, გადამხდელს ასევე ერიცხებოდა მიმდინარე გადასახადები, რომლებსაც სრულად არ იხდიდა და დავალიანება იზრდებოდა.

2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შპს "ოჯთ"-ის საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 1 486 696 ლარამდე. კომპანიამ ითხოვა 2016 წლის იანვრამდე მის მიმართ არ გამოყენებულიყო იძულებითი ღონისძიებები. აღნიშნული თხოვნა დაკმაყოფილდა.

2016 წლის 6 იანვრის მდგომარეობით შპს "ოჯთ"-ის დავალიანება გაიზარდა 1 496 797 ლარამდე. კომპანიის თხოვნის საფუძველზე, მასთან გაფორმდა გრაფიკი, თუმცა, იმავე თვეს დაარღვია მიმდინარე გადასახადების გადახდის ვალდებულება და ითხოვა ახალი გრაფიკის გაფორმება, რისთვისაც საკუთარ ქონებასთან ერთად წარმოადგინა თავდების - ზაზა ოქუაშვილის ერთი უძრავი ქონებაც.

2016 წლის 26 იანვრის მდგომარეობით, შპს "ოჯთ"-ის საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 3 402 943 ლარამდე. ამასთან, დაკმაყოფილდა გადამხდელის თხოვნა და გაუფორმდა ახალი გრაფიკი, რომელსაც არღვევდა თითქმის ყველა თვეში და პარალელურად, მოგვმართავდა თხოვნით, არ გაუქმებულიყო გრაფიკი და მის მიმართ არ გავრცელებულიყო იძულებითი ღონისძიებები. ასეთი თხოვნებით მოგვმართავდა შემდეგი პერიოდულობით:

19.02.2016 - საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 4 807 314 ლარამდე, ითხოვა 3 თვით გადავადება;

21.03.2016 - საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 6 907 586 ლარამდე, ითხოვა 6 თვით გადავადება;

19.04.2016 - საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 8 710 134 ლარამდე, ითხოვა 2016 წლის ბოლომდე გადავადება;

18.05.2016 - საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 10 037 802 ლარამდე, ითხოვა 2016 წლის ბოლომდე გადავადება;

კომპანიის ყველა ზემოხსენებული თხოვნა დაკმაყოფილდა.

2016 წლის 8 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება გაიზარდა 20 283 115 ლარამდე. საბოლოოდ, 2016 წლის დეკემბერში გაუქმდა გრაფიკი და გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება.

2016 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის დავალიანება გაიზარდა 20 328 962 ლარამდე. ამასთანავე, შპს "ოჯთ"-მ ითხოვა 3 თვით გაუქმებულიყო ყადაღა და არ დადებოდა ინკასო. გადამხდელის ეს თხოვნაც დაკმაყოფილდა და გაუქმდა ყადაღა.

2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით, კომპანიის დავალიანება გაიზარდა 29 416 894 ლარამდე.

წინა გადაწყვეტილების ვადის გასვლისა (3 თვით ყადაღის გაუქმების შესახებ) და დავალიანების გაზრდის შემდეგ, 2017 წლის მარტში, გადამხდელის მთელი ქონება ისევ დაიტვირთა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით და დაყადაღდა. ასევე, საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები. დაყადაღდა თავდების ზაზა ოქუაშვილის ქონებაც.

2017 წლის 11 მაისის მდგომარეობით, კომპანიის დავალიანება გაიზარდა 30 500 389 ლარამდე.

ამავე პერიოდში, შპს "ოჯთ"-მ კვლავ მოგვმართა თხოვნით საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე ყადაღის 6 თვის ვადით გაუქმების თხოვნით, იმ პირობით, რომ კომპანია დროულად გადაიხდიდა დარიცხულ მიმდინარე გადასახადებს. აღნიშნული თხოვნა დაკმაყოფილდა - გაუქმდა საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები და ყადაღა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე 6 თვით.

ამის შემდეგ, კომპანიამ კიდევ ითხოვა იძულებითი ღონისძიებების გადავადება, რადგან ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ჰქონდა განცხადება საგადასახადო დავალიანების რესქტრუქტურიზაციის თაობაზე.

მთლიანობაში, კომპანიამ 11-ჯერ მოგვმართა თხოვნით, რათა მის მიმართ არ გამოყენებულიყო იძულებითი ღონისძიებები და ყველა მისი თხოვნა დაკმაყოფილდა. თუმცა, 2017 წლის ბოლოდან გადამხდელი კვლავ აღარ იხდიდა სრულად დარიცხულ გადასახადებს, რის შედეგადაც დავალიანების ძირითადი თანხა 26 მილიონი ლარიდან გაიზარდა 38 მილიონ ლარამდე.

ბოლოს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების თხოვნით კომპანიამ მოგვმართა 2018 წლის თებერვალში (14.02.2018), როდესაც მისი დავალიანება გაზრდილი იყო 35 225 782 ლარამდე.

კომპანიის თხოვნა იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების თაობაზე აღარ დაკმაყოფილდა და 2018 წლის აგვისტოში დაედო ინკასო ანგარიშებს და დაყადაღდა სასაქონლო მარაგებიც.

2018 წლის 07 აგვისტოს მდგომარეობით კომპანიის დავალიანება გაიზარდა 49 159 970 ლარამდე.

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი ინფორმაციის გათვალისწინებით, ნათელია, რომ საქმე ეხება გადამხდელს, რომელიც სისტემატიურად არღვევდა არაერთხელ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებს და ნაცვლად იმისა, რომ გადაეხადა და შეემცირებინა საგადასახადო დავალიანება, პირიქით, მუდმივად ზრდიდა დავალიანების ოდენობა.

ამ პირობებში, როდესაც კომპანიას უკვე დარღვეული ჰქონდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, ასევე საკუთარი განცხადებით ნაკისრი პირობა მიმდინარე გადასახადების დროულად გადახდის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული "ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის" მოწვევა და გრძელვადიანი რესტრუქტურიზაციის განხილვა, საფუძველშივე უპერსპექტივო იყო. ამ გადაწყვეტილების მართებულობა დადასტურდა კომპანიის შემდგომი ქმედებებითაც (დავალიანების მუდმივი ზრდით).

ზემოხსენებული რისკების გათვალისწინებით, გადასახადების ამოღების საჯარო ინტერესისა და კომპანიისათვის სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების ინტერესის გათვალისწინებით, შპს "ოჯთ"-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მექანიზმით და მის მიმართ იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენებით, არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა შეუფერხებლად ეწარმოებინა სამეწარმეო საქმიანობა და პარალელურად გადაეხადა საგადასახადო დავალიანება, თუმცა კომპანიამ არათუ შეამცირა საგადასახადო დავალიანება, არამედ, ისევ გააგრძელა საგადასახადო ვალდებულებების დარღვევა და დავალიანების გაზრდა.

შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური ახორციელებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, საგადასახადო დავალიანების გაზრდის აღსაკვეთად და არსებული დავალიანების ამოსაღებად.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის მარტში შემოსავლების სამსახურმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "ოჯთ"-ს დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე ნებართვის მისაღებად. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივნისში დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და შემოსავლების სამსახურს საბოლოოდ მიეცა ნებართვა დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"