სქემა, რომლითაც ჩხარტიშვილის და ოქუაშვილის კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით თანხას უმალავენ - კვირის პალიტრა

სქემა, რომლითაც ჩხარტიშვილის და ოქუაშვილის კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით თანხას უმალავენ

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" გაშიფრა სქემა, რომლითაც სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები ბიუჯეტს დიდძალ გადასახადებს უმალავენ. ბევრს ალბათ შემჩნეული გაქვთ, რომ ბოლო წლებში ჩვენს დახლებზე გამოჩნდა უფილტრო სიგარეტი, რომელსაც საჩუქრად ცალკე მოჰყვება ფილტრები. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ქვეყანაში უფილტრო სიგარეტს, ფაქტობრივად, არავინ ეწევა, თუმცა მისი წარმოება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

საქმე ისაა, რომ ფილტრიან სიგარეტზე აქციზური გადასახადი კოლოფზე 1 ლარითა და 10 თეთრით აღემატება უფილტრო სიგარეტზე დაწესებულ გადასახადს. ამ სფეროში "მოღვაწე" ბიზნესმენები ვითომ უფილტრო სიგარეტის წარმოებით სწორედ ამ სხვაობის გადახდას არიდებენ თავს, ზაზა ოქუაშვილი კი, რადგან მას მილიონობით დავალიანება სწორედ აქციზური გადასახადის გადაუხდელობის გამო დაუგროვდა, უფილტრო სიგარეტზე დაწესებული 60 თეთრის გადახდასაც კი არიდებს თავს.

ვნახოთ რას წერს გამოცემა:

2017 წლის 1-ლ იანვარს საქართველოში მწეველებისთვის სიგარეტის ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეხუთედ გაიზარდა. ამჯერად აქციზის გადასახადი ერთ შეკვრა ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრით, უფილტრო სიგარეტის ერთ კოლოფზე კი 30 თეთრით გაიზარდა. ჯამში დღეს უფილტრო სიგარეტის ღირებულებაში აქციზის ფასი 60 თეთრი, ხოლო ფილტრიანის 1,70 ლარია. სხვაობა თვალში საცემია - კოლოფზე 1,10 ლარი! სიგარეტზე აქციზის ბოლოდროინდელ ზრდას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ფასის ზრდით სიგარეტის მოხმარების შემცირება.

გარდა ამისა, საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო ვალდებულია გააძლიეროს კონტროლი თამბაქოს მოხმარებაზე. და კიდევ, აქციზით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებიც იზრდება. საინტერესოა, როგორ იმოქმედა აქციზის ზრდამ თამბაქოს ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ შემცირდა იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება, თუმცა გაიზარდა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის წარმოება და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი სარეალიზაციო ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთი შეხედვით, გამოდის, რომ მწეველებმა სიგარეტზე აქციზის და შესაბამისად ფასის ზრდას ძვირად ღირებული ფილტრიანი სიგარეტის უფრო იაფი, უფილტრო, ადგილობრივი სიგარეტის ჩანაცვლებით უპასუხეს, თუმცა ჩვენს გარშემო ერთი ადამიანიც კი ვერ ვნახეთ, ვინც უფილტრო სიგარეტს ეწევა... გავყვეთ ჩვენი ჟურნალისტური მოკვლევის ლოგიკას...

ნახეთ როგორ იზრდება უფილტრო სიგარეტის წარმოება, შესბამისად, მცირდება ბიუჯეტის შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ერთი აქციზური მარკა ერთ კოლოფ სიგარეტს ნიშნავს და სამინისტროს მონაცემებში საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ. კერძოდ,

2014-15 წლებში ფილტრიანი სიგარეტი უფილტროზე მინიმუმ ორჯერ მეტი იწარმოებოდა. 2016 წლიდან ხდება ცვლილება სიგარეტის წარმოებაში და სწრაფად იზრდება უფილტროს წილი. 2017-ში აქციზური გადასახადის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად სურათი რადიკალურად იცვლება და უპრეცედენტოდ იზრდება უფილტრო სიგარეტის წარმოება. 2018 წელს ფილტრიანის ადგილობრივი წარმოება თითქმის შეწყდა. რა მოხდა? (იხ. ინფოგრაფიკა).

როგორ ამხილა თამბაქოს მაგნატები ჯიხურის გამყიდველმა

რადგან ოფიციალურ მონაცემებში სხვა არაფერი იკითხებოდა, რამდენიმე თამბაქოს ჯიხურს მივაშურეთ და ადგილობრივი სიგარეტის სრული ასორტიმენტი მოვითხოვეთ. სწორედ აქ ამოვხსენით თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების "წარმატების ფორმულა", რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა თამბაქოს მომხმარებლის ქცევაში. როგორც აღმოჩნდა, როცა მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების ე.წ. უფილტრო სიგარეტის კოლოფს ყიდულობს, "საჩუქრად" ზუსტად 20 ცალი ფილტრი მოჰყვება. ასეთი "ინოვაციური" მიგნებისა თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კორპორაციებსაც კი შეშურდებათ! ერთი შეხედვით, უფილტრო სიგარეტი ფილტრიანისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, მაგრამ საკმარისია ღერი გადმოატრიალოთ და დაინახავთ სიცარიელეს, სადაც "ნაჩუქარი" ფილტრი უნდა მოათავსოთ. მოკლედ, ხელის მარტივი მოძრაობით უფილტრო სიგარეტი შეგიძლიათ ფილტრიანად გადააქციოთ. არის თუ არა ეს ერთგვარი ხრიკი, გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობა, არაკეთილსინდისიერი ქცევა ბაზარზე თუ კიდევ სხვა რამ, საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაარკვიონ, თუ რა თქმა უნდა, ამას მოინდომებენ. ფაქტი ერთია - ამ გზით თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებს და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავს. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო "თბილისის თამბაქოსთვის" 26 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმის მიზეზი და ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა სწორედ უფილტრო და ფილტრიანს შორის აქციზის სხვაობა დაუთვალა კომპანიას. უნდა ითქვას, რომ სწორედ ასე იყიდება ბაზარზე ოქუაშვილის "ოჯთ"-ს სიგარეტიც და იგივე ფილტრები მოჰყვება საჩუქრად, რაც "თბილისის თამბაქოს" სიგარეტ "პირველს". რეალიზატორები ამბობენ, რომ ასეთი თამბაქოს სარეალიზაციო ფასი იმპორტირებულთან შედარებით 1-1,5 ლარით ნაკლებია და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების "კომერციული საიდუმლო", რომელმაც მათ "უფილტრო" სიგარეტზე მოთხოვნა გაზარდა. საინტერესოა, რატომ ხუჭავს ამ ყველაფერზე თვალს ხელისუფლება და რატომ ამბობს უარს მრავალმილიონიან შემოსავლებზე, მას ატყუებენ, თუ თავს იტყუებს?

თუ ზემოხსენებულ აუდიოჩანაწერს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ხელისუფლებას აიძულებენ თავი მოიტყუოს, ყოველ შემთხვევაში, ჩანაწერების მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილმა შეძლო და 26-მილიონიან ჯარიმას თავი აარიდა, თამბაქოს მწარმოებლები კი წარმატებით აგრძელებენ კანონში არსებული ხვრელის გამოყენებას და ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღებას. თუმცა ამ ყველაფერზე უფრო საგანგაშო ის არის, რომ არსებობენ ადამიანები (ამ შემთხვევაში ჩხარტიშვილი), რომლებსაც აქეთ შეუძლიათ ხელისუფლების დარეკეტება და ბიუჯეტისთვის უზარმაზარი თანხის შეწერა. იხილეთ სრულად