უნებართვო მშენებლობები მერიას ორ წელიწადს "ეპარებოდა"?! - კვირის პალიტრა

უნებართვო მშენებლობები მერიას ორ წელიწადს "ეპარებოდა"?!

რატომ გაიტაცეს სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი 2017 წლის მაისში და რატომ სძალავდნენ მას 150 ათას დოლარს

გახმაურებული "ცენტრ პოინტის" საქმის შემდეგ, კიდევ ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა, მობინადრეები კი, ფაქტობრივად, ქუჩაში. სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და კომპანიის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა. დადგინდა, რომ მხოლოდ ერთი ობიექტიდან ბრალდებულებმა მიიტაცეს მენაშენეთა კუთვნილი 3.356.385 ლარი. კომპანიის ხელმძღვანელები ბრალს არ ეთანხმებიან და დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატის თქმით, ორივე ჩვენებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მისცემს, საქმის მასალები კი 2 ტომარაა და დაახლოებით 100 კილოგრამს იწონის...

ტომარაზე გამახსენდა და, შარშან მაისში კრიმინალურმა პოლიციამ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა. მათ ბრალად ედებოდათ ერთ-ერთი ბიზნესმენის გატაცება, რომელსაც 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვმ ფართობის გადაფორმებას სთხოვდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ გატაცებული ბიზნესმენი სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე იყო. როგორც ჯიბლაძემ მოგვიანებით განაცხადა, ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე მიიყვანეს. გამოძალვისთვის დაკავებული ერთი პირი მისი ბიზნესპარტნიორი იყო, რომლისთვისაც ჯიბლაძეს 150 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. ჯიბლაძის მაშინდელი ადვოკატის განმარტებით, ეს თანხა ჯიბლაძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაეხადა, თუ "სვეტი" მიიღებდა შესაბამის კოეფიციენტს მშენებლობის. განაშენიანების კოეფიციენტი განსაზღვრავს, თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი შეიძლება აშენდეს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, რაც მეტი, მით უკეთესი და მომგებიანიც მშენებლისთვის. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს მერიის არქიტექტურის სამსახური განსაზღვრავს, მისი უფლებამოსილებაა სამშენებლო ნებართვების გაცემაც.

"სვეტის" საქმის გამოძიება წლეულს, მაისში დაიწყო. როგორც გაირკვა, თბილისსა და ბათუმში 5 პროექტს კომპანია სამშენებლო ნებართვების გარეშე აგებდა. 2016 წლის დასაწყისში "სვეტმა" აქტიური სარეკლამო კამპანია გამართა და მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება დააანონსა. რამდენიმე ბინა "სუხიშვილებსაც" გადასცეს საჩუქრად. ამდენად, ძნელად წარმოსადგენია, თბილისის მერიაში ქალაქში მიმდინარე უნებართვო მშენებლობები "გამოჰპარვოდათ". ფაქტია, რომ "სვეტს" შესაძლებლობა მისცეს, მობინადრეებისგან თანხებიც მოეზიდა, უნებართვო მშენებლობებიც დაეწყო, ორი წლის შემდეგ კი უკანონობა "აღმოაჩინეს", კომპანიას ჯერ მშენებლობები შეუჩერეს, მერე ხელმძღვანელებიც დააკავეს.

ამასობაში "სვეტის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები კეთილსინდისიერი ინვესტორის გამოჩენას ელიან, რომელიც დაწყებულ პროექტებს დაასრულებს.

ამ საქმეში დაინტერესებული პირის გამოჩენას ელიან დაკავებულებიც, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ბიზნესი და თავისუფლება დიდმოხელეთა ბიზნესინტერესებს შეეწირა. დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ ჯიბლაძე და ჯანელიძე იმ პირების დასახელებას აპირებენ, ვისთან კონფლიქტსაც "სვეტის" გაჩერება და მობინადრეთა ზარალი მოჰყვა.

როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, ლაპარაკია მერიის ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და "სვეტის" ერთ-ერთ ყოფილ მეწილეს, ასევე მაღალი საჯარო თანამდებობის პირს შორის დაპირისპირებაზე, რასაც ზემოთ მოყვანილი პროცესები მოჰყვა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში კიდევ ერთი კორუფციული სკანდალის მოწმე გავხდეთ.

ვალერი გელბახიანი, კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელების ადვოკატი: "ბრალდებისგან სიურპრიზებს მომავალშიც ველოდებით, ჯერჯერობით რასაც ამბობს, ის არის, რომ თითქოს ფიქციური ხელშეკრულებები იყო გაფორმებული დირექტორსა და დამფუძნებელს შორის, რომლის თანახმადაც, ჯანელიძე ჯიბლაძეს საპროექტო სამუშაოების შესრულებისთვის გადასცემდა საცხოვრებელი ფართობების 2%-ს. ბრალდება ასევე ამბობს, რომ თითქოს ჯიბლაძემ კომპანიის გვერდის ავლით როგორც ფიზიკურმა პირმა გააფორმა ხელშეკრულებები მენაშენეებთან და მათგან ნაღდი ფული 1.639.000 დოლარი აიღო. ეს არის ბრალდების ძირითადი შინაარსი, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით. საქმის 25 ტომი გადმოგვცეს. 24 საათში ასეთი მოცულობის მასალების შესწავლა წარმოუდგენელია, თუმცა რაც ვნახე, ერთ-ერთი ხელშეკრულება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან არის დადებული და არა ფიზიკურ პირთან.

რაც შეეხება უკანონო და უნებართვო მშენებლობების საკითხს, ამაზე ბრალდებაში ერთი სიტყვაც არ წერია. კომპანიას დამტკიცებული და შეთანხმებული ჰქონდა მერიასთან პროექტებიც, განაშენიანების რეგულირების გეგმაც და ფულიც ჰქონდა გადახდილი ამაში. არ ჰქონდა მხოლოდ მშენებლობის ნებართვა, თუმცა მის მისაღებად რამდენჯერმე მიმართეს მერიას და ადმინისტრაციულმა ორგანომ გაცემისგან თავი შეიკავა.

ეს ნიშნავს, რომ კომპანია მერიასთან კანონიერ ნდობაში იყო და მერიამ ხელოვნურად შეაფერხა ნებართვის გაცემა. ეს ჩვეულებრივი რამ არის სამშენებლო ბიზნესში, როცა არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა, პროექტი, შეტანილი გაქვს განაცხადი ნებართვაზე და იწყებ მშენებლობას. რა თქმა უნდა, უნებართვოდ მშენებლობა დარღვევაა, მაგრამ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად,

გამოძიება გამოგონილი მიზეზით დაიწყო. უნებართვო მშენებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ჯარიმებს ითვალისწინებს, რომლებიც კომპანიას გადახდილი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბრალდებას სჭირდება, რომ ეს ადამიანები პატიმრობაში იყვნენ, ხოლო მშენებლობა - გაჩერებული.

პროკურატურა ხშირად მიმართავს ამ ხერხს, შემდეგ თუ შეძლო ბრალის დამტკიცება, ხომ კარგი, თუ არა და, გამართლებულიც ბევრი გვინახავს. ამასობაში კი "სვეტი", როგორც ბიზნესი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ხელმძღვანელები დაკავებული არიან, მათი ქონება დაყადაღებულია და ბიზნესი როგორ უნდა გაგრძელდეს? საინტერესოა, ასეთ პირობებში მერია როგორ აპირებს მობინადრეების დახმარებას? ამ ქონებაზე სხვა ინვესტორი როგორ უნდა შევიდეს?

საჯაროდ მოვუწოდებ მერიას, რომ დაპირება, რომელიც დაზარალებულ მობინადრეებს მისცა, შეასრულოს და საინტერესოა, ვინ გამოჩნდება ასპარეზზე.

დაკავებულები ამბობენ, რომ მათი ბიზნესის ხელში ჩაგდებით განსაზღვრული პირები იყვნენ დაინტერესებული, ასახელებენ ვინმე ძმებ ქურდიანებს. ქალაქის ხელისუფლებამ ახლა დაგვანახოს ის, რითაც დაზარალებულების დახმარებას აპირებს და მერწმუნეთ, მალე გაცხადდება, ვის ჰქონდა ინტერესი, რომ პროცესები სწორედ ასე განვითარებულიყო. ჯიბლაძე ამბობს, რომ ორ პირს შორის არსებული დაპირისპირების მსხვერპლია და მალე ბევრი კორუფციული ფაქტი გამომზეურდება".

ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი: "პირველი შეკითხვა, რაც ამ საქმეზე მიჩნდება, ასეთია: როგორ შენდებოდა 5 ობიექტი უნებართვოდ? სცადეთ და ფანჯარა გამოცვალეთ თქვენს სახლში მერიის უნებართვოდ, მერწმუნეთ, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები უმალ დაგადგებიან თავზე. ეს ხომ ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, სად უნდა ვეძებოთ ამგვარი პრობლემების სათავე? გავიგეთ, რომ

"სვეტი" უპასუხისმგებლო კომპანიაა, მაგრამ იმ პერიოდში 5 კორპუსი რომ უნებართვოდ შენდებოდა, სხვა ვერავის პასუხისმგებლობას ვერ ვხედავთ? იქნებ მოიკითხონ საგამოძიებო სამსახურებმა, ვის ევალებოდა ამის გაკონტროლება. მათი სახელები და გვარები არ არსებობს?

პირდაპირი ვაჭრობა მიდიოდა კოეფიციენტებით და ეს თვალნათლივ ჩანს, როცა ერთსა და იმავე ზონაში ვიღაც რამდენიმე სართულს აშენებს, ვიღაც კი იმხელა შენობას, რომ თვალს ვერ ააწვდენ. ნარმანია და მისი გუნდი ჩვენ, თბილისელებმა დავიქირავეთ, ვუხდიდით ხელფასს, პრემიას, დანამატებს, დაბადების დღეებს და დანა-ჩანგლით ჭამასაც კი ვასწავლიდით ბიუჯეტში ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით და მათ არ ევალებოდათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება?

მშენებელთა ასოციაცია სისტემატურად მოვუწოდებთ საზოგადოებას, სანამ არ ნახავენ მიწის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, შეთანხმებულ პროექტს, მშენებლობის ნებართვასა და ა.შ., ნუ ენდობიან ასეთ კომპანიას. როგორი მაცდუნებელიც უნდა იყოს, არ შეიძლება, ვთქვათ, 300 დოლარად გაიყიდოს 1 კვმ საცხოვრებელი ფართობი, მომხმარებელი უნდა მიხვდეს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

ახლა კი მერია ჰპირდება მობინადრეებს დახმარებას და მაინტერესებს, ჩვენი ჯიბიდან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რატომ უნდა გადავუხადოთ დაზარალებულებს განსაზღვრული თანხა, მაშინ როცა ჩვენს ოჯახებს ვაკლებთ და ვიხდით ბიუჯეტში ფულს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები გამართულად მუშაობდნენ.

საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი ხუმრობა - ეს არის ქვეყანა, რომელიც ჯერ პრობლემებს ქმნის და შემდეგ გმირულად წყვეტსო. ჩვენც ასეთი ქვეყანა აღმოვჩნდით. პროკურატურა აღძრავს საქმეს, დაზარალებულები მიტინგებს გამართავენ და ვიწყებთ პრობლემების გადაჭრის მცდელობებს.

ჩემთვის პირადად "სუხიშვილებისთვის" 25 ბინის გადაცემა იყო პირველი ინდიკატორი, რომ ახალი "ცენტრ პოინტის" საქმე მწიფდებოდა.

კომპანიამ ქველმოქმედება მას შემდეგ უნდა გასწიოს, რაც მოგებას მიიღებს, მოგების გადასახადს გადაიხდის და თანხა ქველმოქმედებისთვისაც დარჩება. სახელმწიფოს როლი სწორედ ის უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს, უნდა დაინტერესდეს, რომ ყველაფერი რიგზეა. ახლა რა გამოდის? ვიღაც ინვესტორს უნებართვოდ დაწყებული მშენებლობები უნდა გადავცეთ? თუ ის, რაც აგებულია, უნდა დაიშალოს და თავიდან დაიწყოს ვინმემ მშენებლობა? ან კიდევ, თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქის მთავრობა და იმის აშენების ნებართვას გასცემს, რასაც აქამდე არ გასცემდა, შემდეგ აღარ თქვას, ქალაქი ბეტონის ჯუნგლებად იქცაო. საგამოძიებო სამსახურებს ვურჩევდი დაინტერესებას, ვინ დგას კონკრეტული მშენებლობების უკან და ბევრ რამეს აეხდება ფარდა".