ბიზნესი საზღვრებს გარეშე - კვირის პალიტრა

ბიზნესი საზღვრებს გარეშე

საქართველოში სულ უფრო მეტი სახეობის ეგზოტიკური ცხოველების მოშენებას ცდილობენ. სირაქლემებისა და ბაყაყების შემდეგ, საქართველოში ნიანგების სანაშენე მეურნეობის შექმნის იდეაც გაჩნდა.

სირაქლემის ხორცს მომხმარებელს უკვე რამდენიმე წლის წინ მაღაზიებსა და რესტორნებში სთავაზობდნენ, ბაყაყების ბიზნესი კი, რომლის იდეაც ფრანგ კომერსანტებს ეკუთვნით, ჯერჯერობით ექსპერიმენტის ეტაპზეა.

ეს ხმაურიანი ამფიბია ჩვენთან ბუნებრივად მრავლდება, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა, რომელი სახეობების მოშენება ჯობს სამრეწველო მიზნით. გერმანელი ინვესტორების დაფინანსებით კი ქართველმა ბიოლოგებმა ექსპერიმენტისთვის არგენტინიდან ნიანგის ოთხი კვერცხი ჩამოიტანეს და ზუგდიდში, ცაიშის სანერგე მეურნეობაში ამ ეგზოტიკური მტაცებლის მოშენება დაიწყეს.

გახდება თუ არა საქართველო ნიანგის ხორცისა და ტყავის ექსპორტიორი, ამის გარკვევას წლები დასჭირდება, ჯერ კი ნიანგების ქართული ბიზნესი საკმაოდ რთულ გამოცდას გადის.

უცნაურია, მაგრამ ბიზნესის მესვეურები ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებენ, -სანამ ნიანგების მოშენების საექსპერიმენტო ვადა არ ამოიწურება. ამიტომ, დეტალების გარკვევა ამ ეგზოტიკური ბიზნესის შესახებ დამოუკიდებლად მოგვიხდა.

სოფელ ცაიშის სანერგე მეურნეობაში, სადაც ენდემური ჯიშები გამოჰყავთ, ბუნებრივი თერმული წყლები მოედინება, ამიტომაც შეარჩიეს ბიზნესის მესვეურებმა ნიანგების გამოსაზრდელად სწორედ ეს ადგილი. ოთხი კვერცხიდან ყველა ნიანგი გამოიჩეკა, მაგრამ ერთი მალევე მოუკვდათ.

გარემო პირობებთან შეგუება კიდევ ერთმა ცივსისხლიანმა მტაცებელმა ვერ შეძლო და ისიც იზარალეს ნიანგთსაშენის იდეის ავტორებმა. ამბობენ, რომ თერმული წყლები გოგირდს შეიცავს, რაც ნიანგის ზრდა-განვითარებას აფერხებს და სწორედ ეს გახდა ეგზოტიკური ცხოველის სიკვდილის მიზეზი.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნიანგების მოშენების იდეა არც ადგილობრივ მოსახლეობას ეპიტნავა და მათი მხრიდან უკმაყოფილების ტალღა წამოვიდა. ამას დაერთო პრობლემები გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ბიზნესის მესვეურებმა გადაწყვიტეს, დანარჩენი ორი ნიანგი ცოტა ხნით ცაიშიდან გაეყვანათ.

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში ნიანგების მოშენების იდეა კვლავ ძალაში რჩება. იდეის ავტორები დარჩენილი ორი ნიანგის გამოზრდას ელოდებიან, მანამდე კი მათი მოშენებისთვის საჭირო გარემო პირობების სრულყოფაზე ზრუნავენ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ცაიშის სანერგე მეურნეობაში ციტრუსების ახალი ჯიშები და გიგანტური სამშენებლო ბამბუკი გამოჰყავთ, რომლის სიმაღლე 30 მეტრს, სიგანე კი 30 სანტიმეტრს აღწევს.

გიგანტური ბამბუკის ინტროდუქციის (ახალ ბუნებრივ გარემოში გადასახლების) ეტაპი, სავარაუდოდ, წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა, მალე საქართველო სამშენებლო ბამბუკის ექსპორტიორი ქვეყანაც გახდეს. ამბობენ, რომ სამომავლოდ ცაიშის საცდელ მეურნეობაში ექსპერიმენტისთვის შესაძლოა სპილოების მოშენებაც დაიწყონ, მთავარია, ბიზნესი მომგებიანი იყოს.

რამდენიმე წლის წინ პატარა ნიანგები თბილისის ზოოპარკში, ზოომაღაზიაშიც იყიდებოდა და რამდენიმე ასეულ დოლარად იყო შეფასებული. როგორც გავარკვიეთ, მუშტარი რომ არ გამოჩნდა და მაღაზიის დახლის მასშტაბები ცხოველის ზომებს აღარ შეესაბამებოდა, ნიანგები გამოსაზრდელად ზოოპარკის ვოლიერებში გადაიყვანეს.

გურამ წიკლაური (თბილისის ზოოპარკის "ეგზოტარიუმის" ხელმძღვანელი): "მსოფლიოში ნიანგის ოცზე მეტი სახეობა არსებობს. არის ნიანგი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს და არის შედარებით იაფად შეფასებული სახეობები.

ნიანგის მინიმალური ფასი დაახლოებით 1000 დოლარიდან იწყება და ზრდასრული ნიანგის შემთხვევაში რამდენიმე ათას დოლარს აღწევს. რაც შეეხება ნიანგთსაშენის მოწყობას, ეს ბიზნესი საქარველოს პირობებში არ შეიძლება იყოს რენტაბელური.

ნიანგის გამრავლებას, გაზრდას შესაბამისი პირობები სჭირდება. დათვლილი მაქვს ყველაფერი დეტალურად. საჭიროა რამდენიმე ჰექტარი ფართობი, რომელზეც სათბური განთავსდება, შემდეგ ამ სათბურის მოწყობა შესაბამისი აღჭურვილობით. ხოლო რა ძვირი ღირს ენერგომატარებლები ჩვენთან, თავად მოგეხსენებათ.

არც ნიანგების გამრავლებაა იოლი საქმე. მაგალითად, ჩამოიტანეს ოთხი კვერცხი და ყველა ნიანგი გამოიჩეკა. 7-8 წელიწადია საჭირო, რომ ისინი ზრდასრული გახდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ოთხივე ნიანგი გაიზარდა, მათგან დაახლოებით 20-30 კვერცხს მიიღებენ. მაგრამ უნდა დავუშვათ ალბათობა, რომ შესაძლოა სულ მამლები გამოიჩეკოს ან სულ დედლები.

ხოლო თუ პროპორცია შენარჩუნდა და ეს ნიანგებიც გაიზრდებიან, მათგან კიდევ 200 პატარა ნიანგს მიიღებენ. ესეც, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახეობის ნიანგზე ვსაუბრობთ. მაგალითად, ზოგ სახეობას ზრდასრული ზომების მისაღწევად 20-25 წელიც კი სჭირდება.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნიანგი ძალიან ფაქიზი ცხოველია და საჭიროა მისი რეგულარულად დაცვა დაავადებებისა თუ ინფექციებისგან. მართალია, ბიზნესის მესვეურები საქმის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში ორასივე ნიანგს გაყიდიან, რადგან მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე დიდია, მაგრამ ჯერ დაახლოებით 10 მილიონი დოლარის დახარჯვა და შესაძლოა 20 წელი მაინც არის საჭირო, რომ მოგება ნახონ.

მსოფლიოში ეს ბიზნესი ყველგან მომგებიანია, სადაც ტროპიკული კლიმატია, რომელიც შეესაბამება მათ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის კუბაში, ვიეტნამში, იაპონიაში. ნიანგთსაშენის ინიციატორებმა ყველა წვრილმანი დეტალი უნდა გათვალონ, რადგან ნიანგების გამრავლება ქათმების მოშენება არ არის".

ციფრების ენით

-3 წლის ნიანგი 12-18 კილოგრამ ხორცს იძლევა, საერთაშორისო ბაზარზე კილოგრამის ფასი საშუალოდ 60 ევროა.

-ნიანგის ტყავით ძირითადად დიზაინერები ინტერესდებიან. ერთი ნიანგის ტყავი "შავ ბაზარზე" 500 ევრო ღირს, ხოლო ლიცენზირებული ტყავის ფასი 1000 ევროდან იწყება.

-ნიანგების ფერმები ძირითადად აფრიკაში, ავსტრალიაში, ტაილანდში, აშშ-სა და ინდონეზიაშია.

-ფერმები ძირითადად ტყავის გაყიდვაზე მუშაობენ. ხორცისა და ტყავის გარდა გამოიყენება ნიანგის შიგნეულიც.