დარტყმა სავაჭრო სეზონის პიკზე - კვირის პალიტრა

დარტყმა სავაჭრო სეზონის პიკზე

სასწავლო წლის მოახლოებას სასკოლო საქონელი, დახლების ნაცვლად, შესაძლოა საბაჟოს საწყობებში შეხვდეს

ბაზრობების დახლები თითქმის ცარიელია. ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა გასაყიდი საქონელი, ძველი, გასული სეზონის სამოსით ვაჭრობს. საბაჟო ტერმინალებზე კი დატვირთული ტრაილერების კოლონები დგას, ხოლო საწყობები განუბაჟებელი საქონლით არის სავსე. თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, საქართველო სასკოლო სეზონს შესაძლოა პროდუქციის ნაკლებობითა და გაზრდილი ფასებით შეხვდეს.

"ეკოპალიტრას" ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები დაუკავშირდნენ და იმ წინააღმდეგობების შესახებ გვიამბეს, რასაც მებაჟეებისა და ზოგადად სახელმწიფო ფინანსური უწყებების მხრიდან აწყდებიან. გულახდილი საუბრის სანაცვლოდ კონფიდენციალობის დაცვა ითხოვეს, რადგან მათთვის, ვისაც პრესასთან ღიად საუბარი გაუბედავს, შემდგომში შემოსავლების სამსახურს სოლიდური ჯარიმები დაუკისრებია.

"ამ პერიოდს სასკოლო სეზონს ვეძახით. ბრუნვის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ პერიოდზე მოდის. ყველაზე მეტ შემოსავალსაც ამ დროს ვიღებთ. ათიათასობით მოსწავლე და სტუდენტი მიდის სასწავლებელში და ყველა ყიდულობს, სულ მცირე, ერთ ხელ ახალ სამოსსა და ფეხსაცმელს. მაგალითად, თუ ჩვენი წლიური ბრუნვა დაახლოებით 200 ათასი ლარია, აქედან 100-150 ათასი სწორედ ამ ვადაში გროვდება.

ლილოს მოვაჭრეთა 60-70% მთლიანად დამოკიდებულია სასკოლო სეზონზე.

თითო მოვაჭრე სეზონზე დაახლოებით 30-40 ათას დოლარს დებს ამ საქმეში, რადგან იცის, რომ ამოიღებს და თან კარგი მოგებით. ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში წავედით საქონლის შესაძენად ჩინეთში.

ჩინეთიდან საქონლის ჩამოტანას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. აგვისტოს დასაწყისში საქონელი უკვე ჩამოსული იყო თბილისში. ხალხს უდგას საქონელი ლილოს ტერმინალებში ან საზღვარზე, საწყობის ფულს იხდიან და საქონელს კი არავინ უბაჟებთ. ერთი-ორს თუ განუბაჟებენ, ისიც მათ, ვინც მაღალ ეშელონებში გამონახავს ნაცნობს ან ახლობელს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ არავინ იცის, რა არის ამის მიზეზი. რეალურად სახელმწიფოს ფული სჭირდება, რომელიც საბაჟოდან უნდა მიიღოს. მართალია, დღეს თუ ხვალ სახელმწიფო ამ ფულს მაინც მიიღებს, რადგან იმპორტიორი ვალდებული იქნება ადრე თუ გვიან ეს საქონელი განაბაჟოს, მაგრამ თუ ახლა არ მოხდა მისი განბაჟება და დახლებზე არ გავიდა, მერე ვინ იყიდის? გავკოტრდებით, ფაქტობრივად.

ეს ფული კრედიტით გვაქვს აღებული, თუ ამ საქონელს ახლა არ გავყიდით, მერე, სეზონის დამთავრების შემდეგ, საერთოდ არ გაგვეყიდება და ვალებსაც ვერ გავისტუმრებთ... ჯერ იყო და ომმა გვაზარალა, შემდეგ, ფინანსურმა კრიზისმა, ახლა კი ვიღაცის დოყლაპიობით, ან შესაძლოა მიზანმიმართული ნაბიჯით, ათასობით ადამიანი გაკოტრდება და იქნებ უსახლკაროდაც კი დარჩეს", -გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

"რამდენიმე ასეული ტრაილერი დგას საზღვარზე, საქონელი საწყობებში ყრია და თითქმის ერთი თვეა, განბაჟებას აჭიანურებენ. უწინ საქონელს ჩამომტანი სატრანსპორტო კომპანია განაბაჟებდა წონის მიხედვით. ახლა ეს სისტემა გაუქმდა, მაგრამ ცვლილებებისთვის დროც ხომ შესაბამისი უნდა შეარჩიონ. ახლა საქონელი მხოლოდ ჩამოაქვთ ე.წ. კარგოს წესით და იმპორტიორი ვალდებულია, თავად განაბაჟოს, ეს კი განბაჟების პროცესს მნიშვნელოვნად აჭიანურებს.

კი ბატონო, ამაზეც თანახმა ვართ, მაგრამ ამის შესაძლებლობასაც არ გვაძლევენ. მიზეზსაც არ ამბობენ. საწყობის ფულს კი გვახდევინებენ, კუბურ მეტრზე 10 ლარს. ჩვენთვის კი დრო არის მთავარი, საქონლის გაყიდვა ახლა უნდა მოვასწროთ", -ჩივიან ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები.

როგორც ირკვევა, წონის მიხედვით განბაჟების პროცედურა ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ გააუქმა. ვრცელდება ამგვარი ინფორმაციაც, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და კოდუების ბოლოდროინდელ დაპირისპირებას უკავშირდება, რადგან სატრანსპორტო ბიზნესი ერთ-ერთი მათგანის სახელთან ასოცირდება.

"ხელისუფლება მიხვდა, რომ ძალიან დიდ ფულს კარგავდა, როცა წონითი რეჟიმით განბაჟდებოდა იმპორტირებული საქონელი. ტონა საქონელზე სახელმწიფო 2000 ლარს იღებდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთ ტონა ბამბას შემოიტანდი თუ ერთ ტონა ოქროს, ყველაფერი ამ ტარიფით განბაჟდებოდა. როცა დიდ მოცულობებზე იყო საუბარი, ყველას ერჩივნა საქონლის ე.წ. კარგოთი ჩამოტანა. ისე დაპრესავდნენ საქონელს, ერთ კუბმეტრში იმდენი ეტეოდა, ლამის ერთ დიდ ოთახს გაავსებდა.

ჩინეთში მინახავს ეს უზარმაზარი დანადგარი, რომელიც საქონელს პრესავს... ახლა კი ყოველი საქონელი ცალ-ცალკე, ინვოისით უნდა განბაჟდეს და ამ შემთხვევაში სახელმწიფო 20-30%-ით მეტ შემოსავალს მიიღებს. ვისაც განუბაჟეს, ამბობენ, რომ თითო საცვალს ათვლევინებდნენ და ფასზეც ედავებოდნენ. ბოლოს მიხვდნენ, რომ ესეც სისულელეა და ამნაირად განბაჟებაც შეაჩერეს.

ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის მთლიანად გაუქმება სურთ და მოვაჭრეებს მიზანმიმართულად ძირავენ, რადგან იციან, რომ საამისოდ ყველაზე კარგი დრო ახლაა. დიდი ხანია სახელმწიფო "ლილოს" ცუდი თვალით უყურებს, რადგან მხოლოდ ამ ბაზრობას წელიწადში ალბათ მილიარდზე მეტიც აქვს ბრუნვა და სახელმწიფო ბიუჯეტში აქედან, ფაქტობრივად, კაპიკები შედის. რადგან ვერ აკონტროლებენ ამ ბიზნესს, გადაწყვიტეს, ჩაძირონ.

ერთი-ორი მოვაჭრე, ვინც გაბედა და კამერასთან ღიად ისაუბრა ამ თემებზე, მეორე დღეს საგადასახადომ 80 ათასი ლარით დააჯარიმა -საქონლის ღირებულება ათმაგად აუთვალეს. ამის შემდეგ პრესასთან ღიად საუბარს ვერიდებით. ახალი საქონელი რომ აღარ შემოდის, ნაყარ-ნუყარი საქონელი გამეყიდა, რომელსაც ბოშებს ლარად ვაძლევდი. ასეთი საქონელი 7-8 ლარად მეყიდება", -უამბო ლილოს ერთ-ერთმა მოვაჭრემ "ეკოპალიტრას".

მოვაჭრეების თქმით, მსგავსი მდგომარეობაა სარფის საბაჟოზეც. საწყობების გარდა, იმპორტიორებს ფულს სატრანსპორტო კომპანიაც ახდევინებს მანქანის უქმად გაჩერებისთვის, დღეში 100 დოლარის ოდენობით. მათი თქმით, საბაჟოზე მანამდეც ბევრი "სიკეთე" ხდებოდა: ხშირი იყო საბაჟო შეცდომა, რის გამოც საქონელი არ განბაჟდებოდა, ან ინვოისის ორიგინალის მოლოდინში უხდებოდათ დაცდა.

ვითარებაში გასარკვევად "ეკოპალიტრა" შემოსავლების სამსახურის უფროსს, ბ-ნ გიორგი ცხაკაიას დაუკავშირდა, რომელმაც მოკლედ მოგვიჭრა, რომ საბაჟოზე არანაირი პრობლემები არ არის და ოფიციალური კომენტარისთვის სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

პრესსამსახურმა კი ისევ ბ-ნი გიორგისკენ "გაიშვირა თითი". აქ კი შემოსავლების სამსახურის უფროსს ემოციების კონტროლი გაუძნელდა: ხომ გითხარით, პრესსამსახურს დაუკავშირდით და რაც გინდათ, ის მოსთხოვეთ-მეთქი, -მოგვიგო გაბრაზებულმა.

თუმცა გაბრაზება საქმეს არ შველის, ერთი სატელეფონო ზარიც საკმარისია, მაგალითად, საბაჟო-სასაწყობო ტერმილ "ლილო-1"-ში და თავადაც დარწმუნდება, რომ პრობლემები საბაჟოზე ყურით მოთრეული ამბავი არ არის.