მილიარდერობა არასოდეს არის გვიანი - კვირის პალიტრა

მილიარდერობა არასოდეს არის გვიანი

შეუპოვრობა და იღბალი ასაკობრივ შეზღუდვებს არ ცნობს

ახალგაზრდობაში გამდიდრებას ბევრი ვერ ახერხებს, ზოგთან წარმატება მრავალწლიანი ძალისხმევის, ჩავარდნებისა და შემთხვევითი მიგნებების შემდეგ მოდის. ჟურნალმა "ფორბსმა" მდიდარი ამერიკელების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებმაც მხოლოდ ახალგაზრდობის საკმაოდ შორს ჩამოტოვების შემდეგ შეძლეს დიდძალი კაპიტალის დაგროვება.

დევიდ დაფილდმა კომპანია "პიპლსოფტი" 1987 წელს დააფუძნა 47 წლის ასაკში. ეს მისი მეოთხე წამოწყება იყო და დაფილდს სახლის დაგირავებაც დასჭირდა. თუმცა ბიზნესმენი არ შემცდარა. 2005 წლისთვის, როცა პროგრამულმა კომპანია "ორაკლმა" შეიძინა, "პიპლსოფტი" გამოყენებითი პროგრამირების სეგმენტში უკვე მსოფლიოში მეორე კომპანია იყო. გარიგების შედეგად დაფილდი ამერიკის უმდიდრესი ადამიანების 400-კაციან სიაში მოხვდა, რომელსაც "ფორბსი" აქვეყნებს. მისი ქონება $1,2 მილიარდად შეფასდა.

ახალგაზრდები, რომლებიც ელვისებურ წარმატებას აღწევენ, გაცილებით მეტ ყურადღებას იქცევენ, მაგალითად, მარკ ცუკერბერგი ("ფეისბუკი") ან სერგეი ბრინი ("გუგლი"). თუმცა საკმაოდ ბევრია ისეთი ადამიანიც, ვინც მდიდართა რეიტინგებში უკვე მოწიფულ ასაკში ხვდება. "ფორბსის" სიებში ახალბედების საშუალო ასაკი 54 წელია.

დევიდ დაფილდი, სანამ "პიპლსოფტს" დააფუძნებდა, მისივე სიტყვებით თავის კომპანიებში ვერ ახერხებდა მართვის სწორი სტილისა და კორპორატიული ეთიკის დამკვიდრებას, რასაც მომსახურების სფეროს ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. დევიდი აღიარებს, რომ მან ძველ საწარმოებში წარმატებას ვერ მიაღწია და ბევრი შეცდომაც დაუშვა.

ჯონ სპერლინგი კი გაამდიდრა თამამმა იდეამ, რომელიც მას მაშინ ეწვია, როცა უკვე მეექვსე ათწლეულში შეაბიჯა. სან-ხოსეს უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუმანიტარი, 1972 წელს სათავეში ჩაუდგა ფედერალურ პროგრამას, რომლითაც პოლიციელებსა და მასწავლებლებს მცირეწლოვან დამნაშავეებთან მოპყრობას ასწავლიდნენ. სპერლინგის გასაკვირად, პროგრამის ზრდასრული მონაწილეები დამატებით განათლებას დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ.

1976 წელს, 53 წლის ასაკში მან ფენიკსის კომერციული უნივერსიტეტი დააარსა. კომერციული განათლების ამერიკული ინდუსტრიის შემქმნელი თავის ბიოგრაფიაში წერს: "მე უნებლიე მეწარმე და შემთხვევითი ტოპმენეჯერი ვარ". სპერლინგის სიტყვებით, ის დიდ რისკზე მიდიოდა, როცა ამერიკული აკადემიური გარემოს "სიწმინდეები შებღალა".

დიტრიხ მატეშიცი არ ჩქარობდა მილიონების შოვნას. 10 წელიწადს კოლეჯიდან კოლეჯში გადადიოდა და სათხილამურო ინსტრუქტორობით ირჩენდა თავს. მარკეტინგს მან მოგვიანებით დაუთმო დრო და ყურადღება. "სტუდენტური ცხოვრება შესანიშნავი დროსტარებაა" -ასე იხსენებს მატეშიცი ახალგაზრდობას.

ის გერმანულ კოსმეტიკურ კომპანია "ბლენდექსისთვის" მუშაობდა, აზიაში მოგზაურობდა და სულ უფრო კარგად ხედავდა, როგორი პოპულარული იყო იქ ტკბილი მატონიზებელი სასმელები. გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის წყალობით, "ბლენდექსის" ერთ-ერთ ტაივანელ კონტრაგენტს ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ფაბრიკაც ეკუთვნოდა. 48 წლის მატეშიცმა მასთან პარტნიორობით დაიწყო სასმლის "დასავლური", "ვესტერნიზებული" ვარიანტის წარმოება "რედ ბულის" მარკით.

მოყვარულმა სპორტსმენმა მატეშიცმა ბრენდის ენერგიული და "ადრენალინით სავსე" იმიჯი შექმნა, როცა სპონსორობას უწევდა სპორტის ექსტრემალურ სახეობებსა და სპორტსმენებს. "რედ ბულის" მარკეტინგულმა წარმატებამ ის მილიარდერად 59 წლის ასაკში 1998 წელს გახადა. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, მატეშიცი მხოლოდ ორშაბათიდან ოთხშაბათამდე მუშაობს, ფლობს კუნძულს წყნარ ოკეანეში, "ფორმულა 1"-ის გუნდსა და ორ საფეხბურთო კლუბს.

400-კაციანი სხვადასხვა დროის სიებიდან, სულ ცოტა, ცხრა ადამიანმა კაპიტალი მაშინ დააგროვა, როცა უკვე საკმაოდ ასაკოვანი გახლდათ.

1. დიტრიხ მატეშიცი (2009 წლის რეიტინგში არ შესულა, ფიგურირებდა წინა წლებში. 66 წლის). მან მარკეტინგის შესწავლას თავისი ცხოვრების მეოთხე და მეხუთე ათწლეული დაუთმო, ყიდდა "იუნილივერისა" და "ბლენდექსის" სარეცხ საშუალებებსა და კბილის პასტებს. პირველივე მისი პროდუქტი "რედ ბული" მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა.

2. ჯონ სპერლინგი (236-ე ადგილი რეიტინგში, ქონება $1,5 მლრდ, 88 წლის). აშშ-ის კომერციული განათლების შემქმნელი კოლეჯში შესვლამდე მეზღვაური იყო. დროთა განმავლობაში სან-ხოსეს უნივერსიტეტის პროფესორობას მიაღწია. 1976 წელს 53 წლის დამწყებმა კომერსანტმა გარისკა და ფენიკსის უნივერსიტეტის გახსნისთვის პროფესორობა მიატოვა. სპერლინგის კომპანია "აპოლო გრუპი" ბირჟაზე მაშინ გავიდა, როცა ჯონი უკვე 73 წლის გახლდათ. დღეს მისი უნივერსიტეტი წელიწადში 400 ათასამდე სტუდენტს ასწავლის.

3. დევიდ დაფილდი (347-ე ადგილი რეიტინგში, ქონება $1,1 მლრდ, 69 წლის). IBM-ის ყოფილმა მენეჯერმა 47 წლის ასაკში დააგირავა თავისი სახლი და დააარსდა ფირმა, რომელმაც თავის სეგმენტში მეორე ადგილს მიაღწია. კომპანიის გაყიდვის შემდეგ დაფილდს გულზე ხელი არ დაუკრეფია. მისი ახალი ფირმა "ვორკდეი" იმავე "ორაკლს" უწევს კონკურენციას, რომელმაც მისი პირველი კომპანია შეიძინა.

4. გარი ბიურელი (347-ე ადგილი რეიტინგში, ქონება $1,1 მლრდ, 72 წლის). 1989 წელს 52 წლის ბიურელი თავის მომავალ საქმიან პარტნიორ მინ კაოს შეხვდა. მათ დააარსეს კომპანია "გარმინი", რომელიც GPS-მოწყობილობებს აწარმოებს. პილოტებისა და მეზღვაურებისთვის წამოწყებული ბიზნესი დღეს უშვებს პროდუქციას, რომლითაც უამრავი მძღოლი სარგებლობს. "გარმინის" პირველი ოფისი უბრალო მაგიდა და ორი დასაკეცი სკამი იყო.

5. ჯონ აბელი (326-ე ადგილი რეიტინგში, ქონება $1,2 მლრდ, 72 წლის). აბელმა 42 წლის ასაკში, 1979 წელს დააფუძნა სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია "ბოსტონ საიენტიფიკი". თავის მომავალ საქმიან პარტნიორ პიტერ ნიკოლასს აბელი ახალგაზრდული საფეხბურთო ლიგის მატჩზე შეხვდა.

6. შელდონ ადელსონი (26-ე ადგილი რეიტინგში, ქონება $9 მლრდ, 76 წლის). ლას-ვეგასის ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო მეწარმემ ქონების დაგროვება იმით დაიწყო, რომ 1979 წელს კომპიუტერული გამოფენა COMDEX-ი დააარსა. მაშინ ის 45 წლის გახლდათ. 55 წლისამ კი უკვე სასტუმრო და კაზინო "სანდი" შეიძინა.

7. დევიდ ჩერიტონი (2009 წლის რეიტინგში არ შესულა, ფიგურირებდა წინა წლებში. 58 წლის). კიბერნეტიკის სტენფორდელმა პროფესორმა ინვესტირებას მაშინ მიჰყო ხელი, როცა თავისი სტუდენტებისთვის -"გუგლის" დამფუძნებელ პეიჯისა და ბრინისთვის დაფინანსებას ეძებდა. აქციების პირველად განთავსებაზე ჩერიტონმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო, $29 მილიონი იშოვა. ცოტა ადრე, 1995 წელს 43 წლის ჩერიტონმა კომპანია "გრანიტ სისტემზი" დააფუძნა და ის სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩისცო შყსტემს-ს მიჰყიდა $220 მილიონად.

8. დუაიტ შარი (399-ე ადგილი რეიტინგში, ქონება $950 მლნ, 67 წლის). დეველოპერი შარი 51 წლისა გაკოტრდა, თუმცა კვლავ შეძლო გამდიდრება, როცა სამშენებლო კომპანია NVღ Iნც-ი დააფუძნა. არის სხვა კომპანიების მმართველთა და აქციონერთა შორის.

9. ჯონ მორგრიჯი (230-ე ადგილი რეიტინგში, ქონება $1,55 მლრდ, 76 წლის). მორგრიჯი ჩისცო-ს 1988 წელს ჩაუდგა სათავეში, 55 წლის ასაკისა. უკვე 1996 წლისთვის კომპანიის გაყიდვამ 200-ჯერ მოიმატა და $1 მილიარდს გადააჭარბა. პირველად სწორედ მაშინ აღმოჩნდა მორგრიჯი "ფორბსის" სიაში. ახლა ის სტენფორდის ბიზნესის სკოლაში ასწავლის და თითქმის $1,6 მილიარდის პატრონია.