რა ჯდება ერთი ამომრჩევლის ხმა - კვირის პალიტრა

რა ჯდება ერთი ამომრჩევლის ხმა

"საქართველოში ერთ ამომრჩეველზე გაცილებით მეტი ფული იხარჯება, ვიდრე აშშ-ში"(!)

არჩევნები და ეკონომიკა - როგორ იხარჯება საბიუჯეტო თუ კერძო სახსრები საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად და რას მოგვცემდა, ამომრჩევლის გულის მოგების ნაცვლად, ამ ფულის სხვადასხვა სფეროში დაბანდება? როგორც აღმოჩნდა, არჩევნებში დახარჯული ფულით პენსიონერებისთვის ერთი წლის განმავლობაში პენსიის 15 ლარით გაზრდა იყო შესაძლებელი...

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ერთი შეხედვით, არჩევნები თითქოს ზრდის მოთხოვნას განსაზღვრული სახის პროდუქციაზე, მაისურები იქნება, კეპები თუ სულაც საარჩევნო პლაკატები, მაგრამ თუ შევხედავთ გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო მეტი სახსრები მიემართება საარჩევნო კამპანიაში, მით უფრო ხანგრძლივად ხდება ინვესტიციების გადავადება.

სხვადასხვაგვარად დახარჯულ 1 ლარს სხვადასხვა მულტიპლიკატორული ეფექტი აქვს. ინდუსტრიაში დაბანდებული 1 ლარი ერთ შედეგს იძლევა, სხვა შედეგი აქვს ამ 1 ლარს, თუ მას საპენსიო უზრუნველყოფისთვის მივმართავთ და სულ სხვა შედეგი გვექნება, თუ განათლებაში დავხარჯავთ. ამიტომ, თუ წინასაარჩევნოდ გაღებულ ხარჯებს შევხედავთ მთლიანობაში, თავისი საშუალო და გრძელვადიანი ეფექტით, მათი უკუგება არის დაახლოებით 0,7-0,8 თეთრი; ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დაბანდებული ყოველი 100 ლარიდან შესაძლებელი იქნება დამატებული ღირებულების შექმნა 70-80 ლარის ოდენობით. მაგრამ, თუ 100 ლარს დავაბანდებთ სხვა სფეროში, მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაცილებით მეტი - 160-180 ლარის უკუგება მივიღოთ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 40 მილიონი ლარით მცირდება, 67-დან 27 მილიონამდე. ეს განპირობებულია იმით, რომ მომავალი წელი არ არის საარჩევნო და ცესკოს ამხელა დაფინანსება აღარ სჭირდება. შესაბამისად, ეს დაზოგილი 40 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენ პირობითად შეგვიძლია წარვმართოთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, დამატებით მოგვიტანს დაახლოებით 65-70 მილიონი ლარის ღირებულებას, რომელიც ჩვენ შემდეგ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ ეკონომიკაში და კიდევ მეტი შედეგი მივიღოთ.

საარჩევნო ხარჯების შემცირებას ყველა ქვეყანა ცდილობს. მაგალითად, აშშ-ში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2,4 მილიარდი დოლარი დაჯდა და მთელი ამბავი ატყდა. შედარებაც კი გააკეთეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ არხებს ეს ფული 15 წლის განმავლობაში ეყოფოდა, ან შესაძლებელი იყო ყველა საჯარო სკოლაში მასწავლებლებისთვის ხელფასის 200 დოლარით გაზრდა 1 წლის განმავლობაში. თუმცა, თუ დავთვლით ამერიკის საარჩევნო ხარჯებს ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით 7,5 დოლარი გამოდის, მაშინ როცა ჩვენთან გაცილებით მეტი იხარჯება.

პარადოქსია - ეკონომიკური განვითარების დონით ამერიკას დიდად ჩამოვრჩებით, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯებით ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტს ვხარჯავთ. აქ იგულისხმება როგორც პირდაპირი ხარჯები - ცენტრალური საარჩევნო კომისია, პარტიების დაფინანსება და შემოწირულობები სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან, ასევე არაპირდაპირიც - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მათი სამუშაო დროის ხარჯზე, სატრანსპორტო მომსახურება, რომელიც საარჩევნო აგიტატორებისა თუ აქტივისტების გადაადგილებას ხმარდება.

ყველაფერი რომ დავაჯამოთ, საპრეზიდენტო არჩევნების ხარჯები დაახლოებით 130 მილიონი ლარია ყველაზე მოკრძალებული შეფასებით. ეს ფული საარჩევნო ბატალიებზე რომ არ დაგვეხარჯა და ეკონომიკაში ჩაგვედო, ეს საშუალებას მოგვცემდა, მთლიანი შიდა პროდუქტი არანაკლებ 0,3%-ით გაგვეზარდა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და ამით ჩვენ შეგვეძლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 15 ლარით გაგვეზარდა პენსია პენსიონერებისთვის.

- მაინც რა ჯდება საქართველოში ერთი ამომრჩევლის ხმა?

- ისეთი ტემპით მიდიოდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტება, რომ მოსახლეობის რიცხოვნობასა და ამომრჩევლის რაოდენობას შორის კრიტიკულად მცირე სხვაობა მივიღეთ. დაახლოებით 200 ათასი კაცია სხვაობა მოსახლეობის რაოდენობასა და ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.

კიდევ კარგი, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებს აღარ ვმართავთ პირდაპირი არჩევის წესით, თორემ შეიძლება ამომრჩეველთა რაოდენობას გადაესწრო კიდეც მოსახლეობის რიცხოვნობისთვის...

საქართველოში ერთი პოტენციური ამომრჩევლისთვის დაახლოებით 30 ლარი იხარჯება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებში, როგორც წესი, საშუალოდ ამომრჩეველთა 60% მონაწილეობს, მაშინ გამოდის, ერთი ამომრჩევლის ხმა საარჩევნო კამპანიას დაახლოებით 50 ლარი უჯდება, რაც დიდი ფუფუნებაა ჩვენისთანა ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის.

- ბიზნესზე თუ მოქმედებს არჩევნები? თუ ეს არჩევნები არ არის თავისი მნიშვნელობით იმგვარი, რომ კერძო სექტორმა ქცევის წესები შეცვალოს?

- სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა მოდელი, რომლის მიხედვითაც ბიზნესი დაჩვეულია ხელისუფლებისთვის "ხარკის" გადახდას განსაზღვრული დივიდენდის მისაღებად. ერთ-ერთი ბოლო მაგალითი, რომელიც საქართველოს არ ეხება, მაგრამ კარგად წარმოაჩინა სომხეთში არსებული ვითარება - როცა ნიკოლა პაშინიანი მოვიდა სათავეში, ბიზნესმენებმა მოითათბირეს და ხელისუფლებას დელეგაცია გაუგზავნეს, ჩვენი წილი ფული ვის უნდა მივუტანოთო. მას შემდეგ, რაც სომხეთი ჩრდილოვანი ეკონომიკისგან მნიშვნელოვანწილად გათავისუფლდა, მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის გაორმაგდა. იმის მიხედვით, ქცევის როგორ რეჟიმს შესთავაზებს ხელისუფლება ბიზნესს, ბიზნესი ხშირად კონფორმისტულიც კი არის ხელისუფლების მიმართ, ოღონდ კი ურთიერთობა არ გაიფუჭოს მასთან.

- კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობიდან - "ომეგა ჯგუფს", რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 50-მილიონიანი დავალიანება აქვს, 1 მილიონი ლარის გადახდის სანაცვლოდ წარმოების განახლების უფლება მიეცა. როცა ეს ყველაფერი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ხდება, თქვენ რა ეჭვებს გიჩენთ? - ნათქვამია, რომ გაჩერებული საათიც კი დღე-ღამეში ორჯერ ზუსტ დროს აჩვენებს. შესაძლოა ეს ორი მოვლენა დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ ასევე შესაძლოა ხელისუფლებასაც აწყობდეს, რომ ბიზნესი არ იყოს გაჩერებული, ნელ-ნელა ამოძრავდეს და სტიმული მისცეს შემდგომში მის მოქმედებას კანონის ფარგლებში. ჩავთვალოთ, რომ ეს არის კიდევ ერთი შანსი ხელისუფლების მიერ ბიზნესისთვის მიცემული, რომ ის კანონისმიერ საგადასახადო რეჟიმში მოექცეს.