რთველისთვის "ყველაფერი კარგადაა"?! - კვირის პალიტრა

რთველისთვის "ყველაფერი კარგადაა"?!

გვალვებისა და უამინდობის გამო, წლეულს ყურძნის მოსავალი მცირე და შედარებით უხარისხოც იქნება. ჯერ მასობრივი კრეფა არ დაწყებულა, რთველი მხოლოდ დედოფლისწყაროშია, მაგრამ ყურძნის ჩაბარების პრობლემა უკვე დგას.

ღვინის ქარხნებს შარშანდელი და შარშანწინდელი მარაგები არ გაუყიდიათ და წლევანდელი მოსავლის შესყიდვაზე არც კი ფიქრობენ. თუ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას არ აიძულებენ. არადა, ამის ყველა ნიშანი არსებობს.

სახელმწიფო წლეულსაც აქტიურადაა ჩართული რთველის სამზადისში და ღვინის რამდენიმე ქარხანა უკვე ყურადღების ცენტრშიც მოექცა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი. მას ჯგუფის შემადგენლობაში ხულიგნობის ჩადენასა და კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებაში დასდეს ბრალი.

ინციდენტი სანდრო მეგუთნიშვილსა და კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელ ზურაბ გრძელიშვილს შორის მოხდა. მეგუთნიშვილს ძალოვანი უწყების წარმომადგენელი რთველისთვის ყურძნის მიღებას აიძულებდა. სანდრო მეგუთნიშვილი თანახმა იყო, "ხათრით" 20 ტონამდე ყურძენი მიეღო, რადგან ბევრი ღვინო ჰქონდა დარჩენილი და თავისუფალი შესანახი ჭურჭელი არ გააჩნდა. მისგან კი ითხოვდნენ 200 ტონა მაინც დაებინავებინა.

წაკამათებას სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩხუბი მოჰყვა. როგორც თვითმხილველმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს უამბო, "ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ და პირდაპირ სანდროსთან მივიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებს სულ ნეკნებში ურტყამდნენ.

მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ორივე დააპატიმრეს". კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირაში თავი მოიკლა ასევე სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის ქარხანა „შუმის" ერთ-ერთმა მეპატრონე ოთარ ფირანიშვილმა. თვითმკვლელობამდე ღვინის კომპანიაში შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ...

"ეკოპალიტრამ" ადგილზე სცადა ვითარების გარკვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, ადგილობრივი მმართველობის მოხელეები სრულიად განსხვავებული სურათის დახატვას შეეცადნენ. ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა კი ან საერთოდ აარიდეს კომენტარს თავი, ან, გასაგები მიზეზების გამო, ნეიტრალური განცხადებებით შემოიფარგლნენ...

"ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროდან დაიწყო. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა ფასად ჩაიბარებენ ღვინის ქარხნები ყურძენს. ზოგი ამბობს, რომ შარშანდელი ფასები შენარჩუნდება. შარშან კილოგრამზე სახელმწიფო სუბსიდიის სახით იხდიდა 25 თეთრს საფერავში და 15 თეთრს რქაწითელში. მაგრამ წლეულს იგივე ფასები რომ შენარჩუნდეს, ეს გლეხისთვის ზურგში ხანჯლის ჩაცემის ტოლფასი იქნება.

ამინდები ძალიან ცუდი იყო და გლეხმა ჩვეული 4-5-ის ნაცვლად, მოსავალი რომ მიეღო, ვენახი სულ მცირე 7-8-ჯერ შეწამლა. კახეთში საუკეთესო ვენახები მაქვს, მაგრამ ერთ რიგში 9 კილოგრამ ყურძენს ან მოვკრეფ და ან არა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად კახეთში და ზოგადად საქართველოში ყველგან ცუდი მოსავალი იქნება. ლარად მაინც უნდა შეისყიდონ წლეულს ღვინის ქარხნებმა ყურძენი, რათა გლეხმა დახარჯულის ანაზღაურება შეძლოს, ამ ფასს კი არც ერთი ღვინის ქარხანა არ გადაიხდის. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ შარშანდელი და შარშანწინდელი მოსავალიც უმეტესობას გასაყიდი აქვს, საცავები გადატენილია. ეს მდგომარეობა ნანახი მაქვს თელავის ღვინის ქარხანაში, სანიორეს ღვინის ქარხანაში.

გურჯაანში ათასობით ტონა ღვინის კონცენტრატი უდევთ და ლიტრ ყურძნის კონცენტრატს სამ ლარადაც ვერ ჰყიდიან. თუ ყურძნის ჩაბარებას აიძულებენ, მაშინ წინა წლის კონცენტრატის გადაღვრა მოუწევთ", - ამბობს კახელი ფერმერი გიორგი შატაკიშვილი.

წლეულს ყურძენს არ ჩაიბარებს "თელავის ღვინის მარანი" და 300 ჰექტარზე გაშენებულ თავის ვენახებში მოწეულს დასჯერდება. 2006 წლიდან ყურძენს აღარ იბარებს შპს "ვაჩნაძიანი". მათაც საკუთარი მეურნეობა აქვთ და ამბობენ, ჩვენი მოსავალი სად წავიღოთ, ისიც არ ვიცითო. ნაწილ-ნაწილ შლიან და ვალებში ყიდიან ახმეტის ღვინის ქარხანას... თუმცა, გლეხებისგან ყურძენს ჩაიბარებენ "ასკანელი ძმები" და "კახეთის ტრადიციული მეურნეობა", დაახლოებით 500-600 ტონას.

"ყველაფერი რომ გაუკეთო, მორწყვა-მოწამვლიანად, კილოგრამის მოყვანა, სულ ცოტა, 50 თეთრი ჯდება. გლეხს შესაძლოა კილოგრამზე მოგება დარჩეს მხოლოდ 10 თეთრი. შარშან რიგები არ ყოფილა, მაგრამ შარშანწინ იყო ისეთი რიგები ღვინის ქარხნის ჩამბარებელ პუნქტებთან, რომ ღამეებს ათევდნენ. დღეს, ვისაც ვენახი 5 ჰექტარზე მეტი აქვს, ყურძნის ჩაბარების პრობლემა ყველას დაუდგება. ამიტომ წინასწარ ითანხმებენ ღვინის ქარხნებს, ოღონდ კი ჩაიბარონ და თანახმა არიან, თუნდაც 30 თეთრად გაყიდონ კილოგრამი რქაწითელი, რომლის ფასი რეალურად 80 თეთრია.

შარშან ალვანში მევენახემ 50 ჰექტარზე ყურძენი მოიყვანა და მოუკრეფავი დატოვა, წლეულსაც იგივე მდგომარეობა იქნება. ღვინის ქარხნებს ყურძნის მიღებას თუ აიძულებენ, თორემ თავისი ნებით ცოტა ჩაიბარებს. მაგალითად, შარშან 16-17 ღვინის ქარხანა იბარებდა ყურძენს, წლეულს 7-8 ქარხანასთან აწარმოებდა სახელმწიფო მოლაპარაკებებს, მაგრამ მხოლოდ ხუთი დაითანხმეს. მთელი მოსავლის მხოლოდ 20% უნდა მიდიოდეს ღვინის წარმოებაზე, დანარჩენი ყურძნისგან კი უფრო ფართო ასორტიმენტის პროდუქციის დამზადება უნდა ვისწავლოთ.

ბევრი ნისიად ყიდულობს წამლებს. შემოდგომიდან მოყოლებული, ჯერ უნდა გამოიხნას ვაზი, გამოითოხნოს, მიწა მიეყაროს, შედგეგ გასხვლა უნდა, გაფურჩქვნა, რამდენჯერმე შეწამვლა, რიგებს შორის ადგილის გათიბვა, თავის გადაჭრა, რომ ვაზი ძალიან მაღალი არ გაიზარდოს... ბევრი ფიქრობს გაკაფვასა და თხილისა და კაკლის გაშენებას. მაგალითად, ჩემს სოფელში ყურძნის 60% გაფუჭდა.

ყურძნის ფასს ბაზარი არ ადგენს, მას, ფაქტობრივად, სახელმწიფო აწესებს. ოღონდ კი სახელმწიფომ გლეხი არ აიმხედროს და ქარხნებზე იქნება წნეხი. შარშან თითო ქარხანამ დაახლოებით 1500 ტონა ყურძენი მიიღო, აქედან 650 ტონა ღვინო დაამზადეს საშუალოდ. წინანდლის ქარხანას ვერ გაჰქონდა ღვინო, რადგან უკრაინის ბაზარზე სახელმწიფო ლობის ქვეშ არსებულ ერთ-ერთ ქარხანას აქვს ხელი დადებული", - გვიამბო ერთ-ერთმა კახელმა მეღვინემ, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.

გელა მთივლიშვილი (კახეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი): "რთველის კონტროლი სახელმწიფო რანგშია აყვანილი. მის მიმდინარეობას აკონტროლებს როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ისე ძალოვანი უწყებები. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ წინანდლის ინციდენტი, როცა ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი დააკავეს, ამასთან პირდაპირ კავშირშია. ბოლო დღეებში შესაძლებლობა მქონდა, გავსაუბრებოდი ინციდენტის სხვა თვითმხილველებსაც. მანამდე თუ მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონდა საუბრის შესაძლებლობა, ახლა უკვე ინფორმაცია სხვებისგანაც მივიღე.

ყველამ დამიდასტურა, რომ კუდ-ის თანამშრომელი ზურაბ გრძელიშვილი მივიდა ღვინის ქარხნის დირექტორთან და პირდაპირ იყო საუბარი, რომ ყურძენი უნდა მიეღო ქარხანას, რასაც ისინი არ აპირებდნენ. ღვინის ქარხნის დირექტორის უარს მოჰყვა სწორედ ხსენებული ინციდენტი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ეს ინციდენტი რთველს პირდაპირ უკავშირდება.

რაც შეეხება "შუმის" ღვინის ქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თვითმკვლელობას, ახლა ამბობენ, რომ რომ გარდაცვლილი ოთარ ფირალიშვილი არ ყოფილა საწარმოს დირექტორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, მაგრამ როცა მანამდე ჩვენთან, ჟურნალისტებთან ჰქონდა მას ურთიერთობა, ყოველთვის წარმოგვიდგებოდა, როგორც საწარმოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ თვითმკვლელობამდე საწარმოში შევიდა ფინანსური პოლიცია და თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე ფირალიშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული. კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით, ამას ვერ გეტყვით, თუმცა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავები მისით ნამდვილად იყვნენ დაინტერესებული.

- სხვა ღვინის ქარხნებშიც შენიშნეს სამართალდამცავები?

- ოფიციალური უწყებები კატეგორიულად უარყოფენ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პოლიციის საგანგებო რეჟიმში გადასვლას. მაგრამ შარშანაც, ადრეც და წლეულსაც განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის აყვანილი ღვინის ქარხნების მუშაობა და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ბუნებრივია, სამართალდამცავებს ამას ვერ აუკრძალავ, მაგრამ კონტროლის ამ მექანიზმებს იმისთვის იყენებენ, რომ გლეხებმა უკმაყოფილება არ გამოხატონ.

გარდა ამისა, ზუსტად ვიცი, რომ გამგებელთან რწმუნებულების რიგგარეშე თათბირი გაიმართა. მათ მოსთხოვეს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, თუ რომელიმე გლეხი რამე ფორმით პროტესტის გამოხატვას შეეცდება.

მართალია, წლევანდელი მოსავალი გაცილებით ნაკლებია შარშანდელზე, თითქმის განახევრებულია, მაგრამ ჯერჯერობით არ კონკრეტდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცხადებული ღვინის ოცი საწარმო, რომლებიც გლეხებისგან ყურძენს მიიღებენ. ამ ეტაპზე იბარებს მხოლოდ "გრუზვინპრომი", სახელმწიფო საწარმო.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორშაბათ-სამშაბათს აპირებენ კიდევ რამდენიმე ღვინის ქარხნის გახსნას, მაგრამ რომელ დირექტორებსაც ვესაუბრე, მითხრეს, რომ სახელმწიფო იხდის არა მხოლოდ სუბსიდიის, არამედ ყურძნის შესაძენად საჭირო თანხასაც.

წლეულს ერთი კილოგრამი საფერავი თუ 60 თეთრი ღირს, სამოცივე თეთრს იხდის სახელმწიფო - ოღონდ ნაწილს საწარმოს დირექტორის ხელით, ხოლო ნაწილს გლეხი ბანკში მიიღებს.

რამდენიმე დღეა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქარხნებიდან შარშან დაწურული ღვინო გააქვთ, მაგრამ სად მიაქვთ, არავინ იცის. კახეთში დღემდე კარგად ახსოვთ 2007 წლის ინციდენტი სოფელ ველისციხეში, როცა გლეხები ყურძნის ჩაბარების დაბალ ფასს აპროტესტებდნენ და სამართალდამცავებმა ისინი ხელკეტების გამოყენებით დაშალეს".

დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "სახელმწიფოს ასეთი აქტიური ჩარევა მიუთითებს, რომ საქართველოში მევენახეობა, სოფლის მეურნეობის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი - სტრუქტურულად გაუმართავია. ის ოპერირების დაბალ საფეხურზე იმყოფება. ეს კი ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე რთველის "ავად თუ კარგად გადაგორებით" ვითარება არა და არ გამოსწორდება. დარგს კარგად გააზრებული ცვლილებები სჭირდება".

რეპორტაჟი

თელავში, სამხარეო ადმინისტრაციაში "ეკოპალიტრას" დაუადასტურეს, რომ სახელმწიფო წლეულსაც დაინტერესებულია რთველის ორგანიზებით და იმის იმედიც აქვთ, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. კახეთში ყურძნის მოსავლის (86 ათას ტონამდე) თითქმის ნახევარი საღვინედ არ დაიწურება და სუფრისთვის გაიყიდება.

ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ ყურძნის მისაღებად თურმე კახეთში 20-მდე ღვინის ქარხანა ყოფილა მზად და საჭიროების შემთხვევაში ამ რიცხვს 34-მდეც კი გაზრდიან. კახეთის სამხარეო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი უარყოფს, რომ ღვინის ქარხნებს წინა წლების მარაგები ისევ აქვთ და ყურძნის შესყიდვას ამიტომ არ აპირებენ. მისი თქმით, ღვინის ქარხნებს რეზერვები 2008 წელსა და ასევე 2009-შიც ჰქონდათ, თუმცა ყურძენი მაინც ჩაიბარეს...

გიორგი სიბაშვილი: "ბუნებრივია, ქარხნებში, სადაც გასაყიდი მარაგია დარჩენილი, ჩაბარება არ მოხდება. ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვექნება საშუალება, ისეთი ქარხნები გაიხსნას, სადაც ყურძნის მიღების საშუალება იქნება... ქარხანა რომ ყურძენში ფულს გადაიხდის და შეისყიდის, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის რეალიზაციის საშუალება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლები ქარხნებში რეზერვებს ამოწმებენ იმის გასარკვევად, შეუძლიათ თუ არა ყურძნის მიღება, წინანდლის ინციდენტიც ამას უკავშირდება...

- შემოწმებაზე მისვლა საჭირო არ არის. ცნობილია, რამდენი ყურძენი ჩაიბარა თავის დროზე ქარხანამ, გაცემულია სუბსიდია და არსებობს სტატისტიკა. გაყიდვისას, დოკუმენტაციის გარეშე ღვინო ქარხნის ტერიტორიიდან ვერ გავა. ვერც ერთი ქარხნის დირექტორი ვერ გაყიდის ღვინოს ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისა და საგადასახადოსთვის წარდგენის გარეშე. ამიტომ ინფორმაციისთვის საჭირო არ არის ჯგუფის მისვლა და ცისტერნების შემოწმება. წინანდლის ინციდენტზე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რთველი აქ არაფერ შუაშია".

ბუნებრივია, მივაკითხეთ ქარხანასაც, რომლის დირექტორიცაა დაკავებული სანდრო მეგუთნიშვილი. გალავანშემორტყმული ტერიტორიის ჩაკეტილი ჭიშკარი შუახნის მამაკაცმა გაგვიღო და როცა შეიტყო, რომ ჟურნალისტს ქარხანაში არსებული მდგომარეობის გარკვევა აინტერესებდა, განაცხადა: "უფროსებს ვკითხავ და თუ მეტყვიან, შემოგიშვებთო".

კარი ჩაკეტა და აღარც გამოჩენილა. ქარხნის გალავნიდან რამდენიმე თანამშრომელი მოჩანდა, რომლებიც ასევე მიეფარნენ თვალს. საუბარი არავინ ისურვა... კომპანია "შუმის" დირექტორმა აკაკი ცოფურაშვილმა გვითხრა, რომ საკუთარი ვენახების გარდა, ქარხანა ყურძნის შეძენას გლეხებისგანაც აპირებს.

აკაკი ცოფურაშვილი: "ჩვენი კომპანია თეთრ ყურძენს შეისყიდის. წითელი ღვინისთვის ჩვენივე ვენახების ყურძენს გამოვიყენებთ, 200-220 ტონამდე, ევროპული თეთრი ღვინისთვის დაახლოებით 200-250 ტონა რქაწითელს შევიძენთ. წინა წლებში ქარხანას წითელი ღვინის მარაგი დაუგროვდა.

ექსპორტი ძირითადად უკრაინაში გადის, იქ კი რთული ვითარება იყო, გრივნის დევალვაციამ და ქვეყნის შიდა მდგომარეობამ ღვინის ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. თუმცა შარშან მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და გაყიდვაც იზრდება".

ცოფურაშვილი უარყოფს ოთარ ფირანიშვილის თვითმკვლელობის კავშირს "შუმში" შესულ ფინანსურ შემოწმებასთან და ამას იმით ხსნის, რომ ფირანიშვილი მთავარი ინჟინერი იყო და არა დირექტორი. ის არაფერს ამბობს იმის შესახებაც, რომ გარდაცვლილი დასაკითხად იყო დაბარებული.

აკაკი ცოფურაშვილი: "ბატონი ოთარი მთავარი ინჟინერი იყო. მისი მოვალეობა ტექნიკის მიხედვა იყო და ფინანსურ საკითხებთან შეხება არ ჰქონია. არც დამფუძნებელი არ ყოფილა. ჩვენთან ფინანსური შემოწმება მიმდინარეობს... ბატონ ოთართან დაკავშირებით არაფერი ყოფილა, იგი არც დაუკითხავთ..."

მთავრობაში ყოველ რთველზე ტრადიციულად ამტკიცებენ, რომ ბაზარს სუბსიდირებით ეხმარებიან და ბიზნესზე წნეხს არ ახორციელებენ.

თუმცა, ასევე ტრადიციულად, ყოველ რთველზე ხდება ცნობილი ზეწოლისა და დაშინების არაერთი ფაქტის შესახებ, რომლებიც ჯიუტად არ იმალება "ხალთაში", მიუხედავად იმისა, რომ თავად ბიზნესის წარმომადგენლები, პრობლემები კიდევ უფრო რომ არ დაუმძიმდეთ, უმეტეს შემთხვევაში დუმილს ამჯობინებენ.

თემურ იობაშვილი