ფართოდ გარეკლამებული "ლარიზაცია" უხმაუროდ სრულდება
06-09-2010
"ლარის გაუფასურების მოლოდინი არ არის მიზეზი, რის გამოც ბანკები ლარში დაკრედიტებას ერიდებიან"


ბანკებმა ორიოდე თვის წინ ფართომასშტაბიანი სარეკლამო კომპანია დაიწყეს. ისინი მომხმარებლებს კრედიტების ლარში აღებას სთავაზობდნენ, მოუწოდებდნენ, მათთვის გრძელვადიანი, მათ შორის, იპოთეკური სესხებისთვისაც მიემართათ.

მსხვილი ბანკების ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ მსესხებლისთვის, ვინც შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებს, ლარში კრედიტის აღება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო. აგვისტოს მეორე ნახევრიდან ბანკებმა, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, მოულოდნელად შეთავაზებაზე ხელი აიღეს და ლარში იპოთეკური სესხების გაცემა შეწყვიტეს.

"საქართველოს ბანკში",
რომელიც ლარში დაკრედიტებას ყველაზე აქტიურად უწევდა რეკლამას, აცხადებენ, რომ ლარში დაკრედიტება დროებითი აქცია იყო და ის უკვე დასრულდა. ლარში კრედიტებს არც სხვა ბანკები გასცემენ. მაგ., "ვითიბი ბანკი" ლარში არანაირ გრძელვადიან სესხებს არ გასცემს.

ბანკმა იპოთეკური სესხები დაახლოებით ერთი თვის წინ განაახლა, მაგრამ გრძელვადიანი სესხის გაცემისას
სიფრთხილეს იჩენს - მსესხებლისგან თვეში 2 ათასი ლარის შემოსავალს ითხოვს. "ვითიბი"-ში იპოთეკური სესხი 13%-დან ზემოთ წლიური განაკვეთით მხოლოდ დოლარსა და ევროში გაიცემა. იპოთეკურ სესხებს ლარში არც არაბული "კეი-ეს-ბი", "ტაოპრივატბანკი" და "ბაზისბანკი" გასცემენ.

საბანკო ბაზრის მეორე ლიდერი "თიბისი ბანკი" იპოთეკურ სესხს ლარში მხოლოდ მაქსიმუმ 3-წლიანი ვადით გასცემს. ბანკი ითვალისწინებს ლარის კურსის შესაძლო მერყეობასაც, ამიტომ ლარში კრედიტის წლიური განაკვეთი დოლართან შედარებით 1%-ით მაღალია. 3-წლამდე ვადიანობის იპოთეკურ სესხს დოლარში 14,5%-ად, ხოლო ლარში 15,5%-ად გასცემს. ასევე 3 წელს არ აღემატება ლარში სესხის ვადა ბანკ "რესპუბლიკასა" და "პროკრედიტ ბანკში", ამ უკანასკნელში სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 17%-დან იწყება.

"პროკრედიტბანკის" გენერალურ დირექტორ მაია მერედოვას თქმით, გრძელი ვადით სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემისგან თავს ლარის რესურსის გამო იკავებენ. ლარის რესურსის მოზიდვა შეზღუდულია ეროვნული ბანკისგანაც. "პროკრედიტბანკის" ხელმძღვანელის თქმით, მომხმარებლები რისკებისგან თავის დასაცავად ამჯობინებენ გრძელვადიანი ანაბრები დოლარში განათავსონ, ამიტომ ბანკიც შესაბამისად თავს იზღვევს ლარის დიდი ხნით გაცემისგან.

"ბითიეი ბანკმა" იპოთეკური სესხის გაცემა რამდენიმე დღის წინ განაახლა, თუმცა ლარში მხოლოდ მაქსიმუმ ორი წლით გასცემს და იმასაც რეკორდულად მაღალ პროცენტად. წლიური პროცენტი 26%-დან იწყება და შესაძლოა 30%-საც გადააჭარბოს.

ლარში დაკრედიტების კამპანია ეროვნული ბანკის ინიციატივა იყო. ბანკების ლარიზაციისკენ მოწოდება სწორედ სებ-მა დაიწყო, რომელსაც დოლარიზაციის შემცირებაზე მუშაობა, თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმაც ურჩიეს. მათი განმარტებით, ქვეყანაში არსებული მაღალი დოლარიზაცია ეკონომიკისთვის რისკებს ქმნიდა.

იმ დროს სებ-ი აცხადებდა, რომ "ლარიზაცია ახალი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც რისკების შემცირება სურს, რადგან არ არის დამოკიდებული ვალუტის კურსის ცვალებადობაზე" და დეპოზიტის ლარში გახსნასაც ურჩევდა მომხმარებლებს, მაგრამ მისმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებში ანაბრების დიდი ნაწილი ყოველთვის უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, დოლარშია განთავსებული. მოქალაქეებსა თუ კომერციულ ორგანიზაციებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ნაკლებად სჯერათ, ამიტომაც ამჯობინებენ დანაზოგების უცხოურ ვალუტაში შენახვას.

განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ამიტომ დოლარში კონვერტირებული ანაბრების წილი საბანკო სექტორში მუდმივად 70-74%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა 2008 წლის აგვისტომდე დოლარიზაციის მაჩვენებელი 60%-მდეც დაეცა, რაც აჩვენებს, რომ იმ პერიოდში ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა ყველაზე მაღალი იყო.

სებ-ის მოწოდებამ და რამდენიმე ბანკის აქტიურობამ ხანმოკლე ეფექტი მოიტანა, დოლარიზაციის მაჩვენებელმა მცირედით, დაახლოებით 2-3%-ით დაიკლო.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში დოლარისა და ევროს შემოტანის მომხრედ ითვლება, ეროვნული ბანკის ლარიზაციის ინიციატივას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა.

იგი დედოლარიზაციასთან დაკავშირებით სებ-ის ოპტიმიზმსაც არ იზიარებდა. ამ ინიციატივას ბენდუქიძემ ვირტუალურ რეალობაში ბრძოლა უწოდა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ერთჯერად აღმასვლას გამოიწვევდა. მისი თქმით, დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი ამ ვალუტის მაღალი ფასის გამო ბევრი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი და ამ პრობლემასთან გამკლავებას წლებს ანდომებენ.

კახა ბენდუქიძე: "ეს მოსალოდნელიც იყო, უცნაური არაფერია. ლარის რა რესურსიც ჰქონდათ, უკვე ალბათ გასცეს. ახლა ამოეწურათ ლარის რესურსი, დანარჩენი დეპოზიტები კი დოლარებში აქვთ.

- ლარის გაუფასურება ხომ არ არის მოსალოდნელი და ლარში დაკრედიტებას იმიტომ ხომ არ ერიდებიან?
- არა, ამის გამო არა. ეს არ არის მიზეზი. საბანკო რესურსები ძირითადად არის დოლარში. ბანკები ლარში შეზღუდული არიან. დოლარის რესურსი ლარში რომ გასცენ, ბანკებისთვის ხელსაყრელი და მომგებიანი არ იქნება.

ბანკებს კრედიტების ლარში გაცემის საშუალება რომ ექნეთ, დეპოზიტების მასობრივად ლარში მოზიდვა უნდა მოხდეს. ეს კი ნაკლებადაა მოსალოდნელი. რადგან მოსახლეობას ლარში შენახვას ბევრად ურჩევნია, დანაზოგი დოლარში გააკეთოს. ბევრ ქვეყანაში ხდება ასე და ამაში მოულოდნელი არაფერია.

რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი ამჯერად? ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კომერციული ბანკების მხრიდან ლარში სესხების შეზღუდვა დროებითი მოვლენაა და სებ-ი განაგრძობს პოლიტიკას, რასაც ლარის რესურსის გაიაფება და ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა უნდა მოჰყვეს. სებ-ში იმედს არ კარგავენ, რომ ლარის დეპოზიტები მოიმატებს, რაც ბანკების დაკრედიტების რესურსს გაზრდის.

"ბოლო პერიოდში გაიზარდა სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა, რომელიც ძირითადად ლარშია დომინირებული და ბანკებმაც ლარის რესურსი ამ სესხებისკენ მიმართეს. ეს უნდა იყოს ბოლო პერიოდში ლარში იპოთეკური სესხების შეზღუდვის მიზეზი. მსესხებლებს ვურჩევთ, განსაკუთრებით, იპოთეკური და სხვა გრძელვადიანი სესხების აღებისას, უპირატესობა ლარში დომინირებულ სესხებს მიანიჭონ, თუნდაც პროცენტი მცირედით უფრო მაღალი იყოს", - კვლავ აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

თუმცა, როგორ შეძლებენ ლარში სესხის გამოტანას ის მომხმარებლები, რომლებსაც მის 3 წელიწადში დასაფარავად საკმარისი შემოსავალი არ აქვთ? არის კი შანსი, რომ ბანკებმა ლარში ანაბრები მოიზიდონ და საკმარისი რესურსი გაუჩნდეთ? სებ-ის ინფორმაციით, ანაბრებმა ბანკებში აგვისტოსთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4.84 მილიარდი ლარი შეადგინა.

აქედან ეროვნული ვალუტით 1,38 მილიარდი ლარია განთავსებული, ხოლო უცხოური ვალუტით 1,88 მილიარდი დოლარი. როგორც სებ-ი ირწმუნება, ამ მოცულობით ლარის დეპოზიტი საბანკო ანგარიშებზე ადრე არ ყოფილა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში ბანკებს ანაბრების მომსახურება გაუჭირდებათ (მათ სარგებლის სახით მეანაბრეებისთვის მეტი თანხის გადახდა მოუწევთ) და იძულებულები იქნებიან, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეამცირონ.

არადა, ბანკებმა დეპოზიტებზე სარგებელი უკვე საგრძნობლად შეამცირეს. ამ დროისთვის დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7,7%-ის ფარგლებშია და ის ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 2%-ითაა შემცირებული...

ნონა ქვლივიძე
zako
07 სექტემბერი 2010 23:47
ქართული ბანკები სისხლის მწოველი წურბელების ბუდეა.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?