ვინ დააღწევს თავს ვალის ორმოს?!. - კვირის პალიტრა

ვინ დააღწევს თავს ვალის ორმოს?!.

რატომ სთავაზობს ექსპერტი ხელისუფლებას ოფშორულ ზონებში გასული კაპიტალის ფინანსურ ამინისტიას

მთავრობა გვპირდება, რომ მსესხებელთა ე. წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება, რითაც მათ დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ. საკრედიტო ამნისტია იმ პირებს შეეხება, ვინც თავის დროზე ბანკისგან თუ სხვა საკრედიტო ინსტიტუტისგან ვალად აიღო არა უმეტეს 2000 ლარისა და ბოლო 1 წლის განმავლობაში ვალის დასაფარავად 1 თეთრიც არ გადაუხდია. მათ ნაცვლად ვალებს გაისტუმრებს ფონდი "ქართუ", რომელიც საკრედიტო დაწესებულებებთან ვალების გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას მართავს. ხელისუფლება გვპირდება, რომ ეს 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს სუფთა საკრედიტო ისტორიით, ვალების გარეშე შეხვდება, თუმცა ჩნდება ბევრი კითხვა, რაზეც ხელისუფლებას პასუხი ჯერ არა აქვს, რადგან დეტალებზე ახლა მუშაობს.

ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლაპარაკია სესხებზე, რომელიც ფინანსური ორგანიზაციების ბალანსიდან უკვე ჩამოწერილია და ამ ინიციატივაში ის ფინანსური ორგანიზაციები მონაწილეობენ, ვისაც ამის სურვილი აქვს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მთავრობის ეს ინიციატივა ვერ შეეხება იმ კომპანიების მოვალეებს, რომლებიც ფონდის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდებიან. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი რამდენიმე ბანკი და ონლაინსაკრედიტო კომპანიაა. სესხების ჩამოწერა 15 დეკემბერს უნდა დაიწყოს და წლის ბოლოსთვის დასრულდეს, 3 დეკემბერს კი იღბლიანმა მოვალეებმა საკუთარი თავი ერთიან ბაზაში უნდა აღმოაჩინონ. ვინ დააღწევს თავს სავალო ორმოს, ამას ახლო მომავალში გავარკვევთ, მანამდე კი ხელისუფლების ამ ინიციატივის შეფასება ვთხოვეთ ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს.

- ამ გადაწყვეტილებით აღიარა თუ არა ხელისუფლებამ, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებული საკრედიტო პოლიტიკა უსამართლო იყო?

- ასე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან მარტივი სესხის პოლიტიკა ქართული ნოუჰაუ არ არის. თავის დროზე აშშ-ში ფინანსური კრიზისი სწორედ სესხებზე მარტივად ხელმისაწვდომობამ გამოიწვია. მაშინ ხალხი ელოდა, რომ იაფი იპოთეკური სესხით შეძენილი ქონების ფასი განსაზღვრული დროის შემდეგ გაიზრდებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა. საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, ჩვენთან სესხების დიდი ნაწილი გამოყენებულია არა საინვესტიციო დანიშნულებით, არამედ სამომხმარებლოდ. როცა სახელდება 600 ათასი მსესხებელი, ეს რიცხვი უფრო ფიგურალური დატვირთვის მგონია და, ალბათ, კიდევ დაზუსტდება. თუმცა ასეც რომ იყოს, გამოდის, ქვეყანაში, სადაც 3 730 000 კაცი ცხოვრობს, 600 ათასს არა აქვს შესაძლებლობა, მაქსიმუმ, 2000 ლარის მოცულობის სესხი გაისტუმროს. ეს არის არა მხოლოდ ტოტალური სიღარიბის, არამედ ღირსების დეფიციტის მაჩვენებელიც.

ჩვენ გვაქვს ორი სიღარიბის მაჩვენებელი - მონეტარული და მენტალური. ორივეს შველა უნდა.

- საშველი რომ ბევრია, გასაგებია, მაგრამ მიდგომა რამდენად სამართლიანია? ხელისუფლება კეთილ ნებას იჩენს იმ პირთა მიმართ, ვისაც ბოლო 1 წლის განმავლობაში საკრედიტო ორგანიზაციისთვის 1 თეთრიც კი არ გადაუხდიათ, ხოლო ვინც თუნდაც ერთხელ ვალის დაბრუნება სცადა, თუნდაც ახლა ვეღარ იხდიდეს, კვლავ ამ მძიმე ტვირთით მოუწევს ცხოვრება... - შინამეურნეობებზე გაცემული სესხების რაოდენობა მეტად დიდია. მხოლოდ კომერციულ ბანკებს შინამეურნეობებზე 13,5 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი აქვთ გაცემული. აქედან დაახლოებით 400 მილიონამდე უკვე ვადაგადაცილებულია. ამას დაუმატეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხები და ადვილი მისახვედრია, რომ სესხების ვადაგადაცილებას, გადაუხდელობას, მასობრივი ხასიათი აქვს. ამიტომ ვერც ერთი მსხვილი ბიზნესმენი თუ ფინანსური ჯგუფი ვერ აიღებდა საკუთარ თავზე ამ ვალის ჩამოწერას. შესაბამისად, ჩამოყალიბდა განსაზღვრული კრიტერიუმები, ვისზე უნდა გავრცელებულიყო სესხების ჩამოწერა.

- რა სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტს მივიღებთ ვალების ჩამოწერის ამ აქციის შემდეგ? - ამ ჩამონათვალს მე პოლიტიკურ ეფექტსაც დავუმატებდი, რადგან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამგვარი ღონისძიების გატარება ძალაუნებურად ჩრდილს აყენებს ამ აქციის შინაარსს. სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებს რომ შევეხოთ, ამ მოქალაქეებს ვალების ჩამოწერით მოეხსენებათ განსაზღვრული შეზღუდვები, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, და თავისუფლად შეძლებენ საკუთარი ცოდნის გამოყენებასა და დასაქმებას. ვალების ჩამოწერა უნდა დასრულდეს 1-ლი იანვრისთვის. ამ დროს ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლებითაც მკაცრად იქნება განსაზღვრული, ვის რა მოცულობის სესხზე მიუწვდება ხელი. შესაბამისად, მოქალაქეები ასე უპასუხისმგებლოდ სესხს ვეღარ აიღებენ. აქ სარგებელს არა მხოლოდ ის 600 ათასი კაცი ნახავს, არამედ საკრედიტო დაწესებულებებიც. მათ გაუუმჯობესდებათ ბალანსი და გაუჩნდებათ დამატებითი ნაღდი ფული, რომელიც მულტიპლიკატორული ეფექტით გაცილებით მეტი გახდება, ვიდრე ფონდ "ქართუსგან" დაფარვის ან უიმედო ვალების ამოღების მომენტში. მაგალითად, რომელიმე ბანკს აქვს 1 მილიონი უიმედო ვალი, ფონდი მას გადაუხდის განსაზღვრულ თანხას ამ ვალის მოცულობის სანაცვლოდ, რომლის ბრუნვაში ჩაშვება შეეძლება. ვინ უფრო მოიგებს ვალების ჩამოწერის ამ აქციით, საკამათო საკითხია - ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა ბანკები უფრო მოგებული დარჩნენ, ზოგ შემთხვევაში კი მოვალეები.

- გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს რეალურად კომერციული პროექტია - "ქართუ" მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდის უიმედო ვალებს, სამაგიეროდ, მისი სანდოობა გაიზრდება, ახლო მომავალში კი შესაძლოა ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს და უამრავი კლიენტი მიიზიდოს.

- თუ ეს აქცია "ქართუ ჯგუფს" რეპუტაციის მხრივ სარგებელს მოუტანს, რა თქმა უნდა, ეს ბრენდული დატვირთვის იქნება და არა მარტო რიგით მეანაბრეებს, არამედ მსხვილ ინვესტორებსაც მეტი საიმედოობით განაწყობს ამ ფინანსური ინსტიტუტის მიმართ. ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან, ჩიტი ბდღვნად ღირს.

ხელისუფლების ადგილას მე კიდევ უფრო შორს მიმავალ გეგმებზე ვიფიქრებდი. კარგი იქნება 90-იან წლებში საქართველოდან ოფშორულ ზონებში გასული არაკონტროლირებადი კაპიტალის ფინანსური ამნისტიაც. ჩვენ გვჭირდება ძლიერი საბანკო სისტემა, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მეზობელი სახელმწიფოების ბაზრებსაც. ამით რამდენიმე მილიარდი დოლარი შემოვა საქართველოში. ახლა 16 ბანკიდან 15-ში საკონტროლო პაკეტი არარეზიდენტებს აქვთ და მოგების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადის. ყაზახეთმა ორჯერ მოახდინა ასეთი უკონტროლო კაპიტალის ამნისტირება, იტალიამ ბოლო 60 წლის განმავლობაში თითქმის ოთხჯერ და საბანკო სექტორში რეპატრირებული, ლეგალიზებული შემოსავლების მხოლოდ 3% გადაახდევინა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ქვეყნიდან წაღებულ კაპიტალზე უარი ვთქვათ, აჯობებს სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ და ქვეყნისთვის გამოვიყენოთ.