ვინ და როგორ შეესია ბიუჯეტის "უპატრონო" ფულს
ვინ და როგორ შეესია ბიუჯეტის "უპატრონო" ფულს
"თანამშრომლებზე გაცემული დაუსაბუთებელი პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყველა სახელმწიფო თუ თვითმმართველი ერთეულის აუდიტის დასკვნაში გვხვდება. შარშან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კვარტალში 2-3-ჯერ არის გაცემული პრემიები, მათ შორის ცენტრალურ აპარატში - 59.595 ლარი, სააგენტოში - 2.200 ლარი, სულ 61.795 ლარი. შედეგად, დარღვეულია #449 დადგენილება, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება კვარტალში ერთხელ გაიცეს"

პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარადგინეს და წლის ბოლომდე დაამტკიცებენ კიდეც. მმართველი
გუნდის თქმით, ბიუჯეტი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და გაისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით მეტია წლევანდელ ხარჯებზე. ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური სფეროების დაფინანსებაზე დაახლოებით 5,5 მილიარდი ლარია გამოყოფილი, თუმცა მთავარი ის კი არ არის, რამდენს ვხარჯავთ ყოველწლიურად
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ის, თუ რამდენად ყაირათიანად ვხარჯავთ სახელმწიფო ფულს, რომელიც მოქალაქეებისა და ბიზნესის ჯიბეებიდან ამოღებული გადასახადებით ივსება.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვის ეფექტიანობას, შესაბამისობასა და მიზნობრიობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს. მის ანგარიშებში ხშირად შეხვდებით დასკვნას კონკრეტული დარღვევების შესახებ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კონკრეტულმა საჯარო უწყებამ ბიუჯეტის ფული არარაციონალურად და არაეფექტიანად გახარჯა. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, წყალში გადაყარა.

მერიის არაეფექტიანი და არაპროდუქტიული ხარჯები

სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი ბოლო ანგარიში თბილისის მერიის 2015-2016 წლების "ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის" პროგრამით გაწეულ ხარჯებს ეხება. აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული ქვეპროგრამების ფაქტობრივი, ანუ საკასო ხარჯი დამტკიცებული გეგმისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. კერძოდ, საკასო ხარჯმა 2015 წელს დამტკიცებული გეგმის 89% შეადგინა, ხოლო 2016 წელს - 34%. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს იყო ისეთი ქვეპროგრამებიც, რომელთაგან ზოგი 1%-ით შესრულდა, ზოგი - 10-%-ით.

2016 წელს დაგეგმილი ქვეპროგრამების უმრავლესობა, ფაქტობრივად, შეუსრულებელია.
ამავე პერიოდში თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის 378 თანამშრომლის სხვადასხვა სატრენინგო კურსისთვის 5-ჯერ შეისყიდა სასტუმროსა და ტრანსპორტირების მომსახურება გუდაურსა და ბორჯომში. აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ პასუხისმგებელ პირებს შეეძლოთ ტრენინგების ორგანიზება ისე, რომ გამოყოფილი თანხები უფრო პროდუქტიულად გაეხარჯათ, "კერძოდ, ტრენინგების თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებით შესაძლებელი იქნებოდა მნიშვნელოვნად მეტი სწავლების ჩატარება, გაცილებით მეტი თანამშრომლის ჩართვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება".

კიდევ ერთი პასაჟი მერიის მიერ გაწეული არაეფექტური ხარჯებიდან. როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, 2016 წელს თბილისის მერიას გამარტივებული შესყიდვის ფორმით შეუძენია თბილისის ზღვის შემოგარენის კვლევა. ხელშეკრულების მიხედვით, კვლევას უნდა შეეფასებინა თბილისის ზღვის არეალში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. გამარტივებული წესით შესყიდვის საფუძველი გახდა კვლევის შეზღუდული ვადები და შეუფერხებლად წარმართვის საჭიროება, თუმცა ეს კვლევა მერიას არც კი გამოუყენებია. შედეგად, აუდიტის სამსახური ამბობს, რომ შესყიდვაზე გახარჯული თანხა შესაძლებელია არაეფექტიან ხარჯად ჩაითვალოს. არადა, წლების განმავლობაში თბილისის მერიას 1,18 ლარი აქვს გამოყოფილი უფასო სასადილოებში 1 კაცის გამოსაკვებად და ითვლება, რომ ეს თანხა სავსებით საკმარისია აუცილებელი დღიური კალორიების მისაღებად!

გახარჯული ბენზინი და მივლინება თანამშრომლების გარეშე

აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტისა და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საკითხიც შეისწავლა. კვლევა ვრცელია და მოიცავს დარღვევებს როგორც შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებასთან, ასევე დაუსაბუთებელ პრემიებთან, აგრეთვე, დევნილი ბავშვების ბანაკში დასვენებისა და ესპანეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში აღნიშნულ პროგრამებში ერთი და იგივე ბავშვები მონაწილეობდნენ. თუმცა ამ სახელმწიფო უწყებას ერთი უცნაურობაც აღმოაჩნდა - ყველაზე მეტს აქ არასამუშაო საათებსა და სადღესასწაულო დღეებში მუშაობენ(?!).

როგორც აუდიტის დასკვნა ამბობს, "2017 წელს დევნილთა დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ორი სამორიგეო მანქანის მიერ მოხმარებულმა საწვავმა შეადგინა 3 199,34 ლიტრი. მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტში იწარმოებოდა ავტომანქანების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი, გამოვლინდა, რომ მასში შესაბამისი ჩანაწერებით ვერ დასტურდება სამორიგეო ავტომანქანების გამოყენების ფაქტები და მათი გაყვანის დანიშნულება;

1 593,16 ლიტრი საწვავი (სულ მოხმარებული საწვავის 50%) ჩასხმულია არასამუშაო დროს, სადღესასწაულო დღეებში და ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, იმ დროს, როცა მივლინებაში არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა. ჟურნალში ფიქსირდება შემთხვევა, როცა თანამშრომლები მანქანით თბილისში, ისნის რაიონში უნდა ყოფილიყვნენ (10:30 სთ-დან 14:30 სთ-მდე), ბენზინი კი სამტრედიაშია ჩასხმული 11:12 სთ-ზე.

მოყვანილი ფაქტები მიუთითებს კონტროლის არარსებობაზე, ჟურნალის წარმოების ფორმალურ ხასიათზე, რაც ავტომობილების გამოყენების კვალიფიციური ანალიზის საშუალებას არ იძლევა.
საწვავის გაუმჭვირვალე ხარჯვასთან დაკავშირებით აუდიტს შეკითხვები აქვს განათლების სამინისტროსთანაც და კვლევაში ამბობს, რომ სამინისტრომ"სუბსიდიის მუხლით მიღებული თანხიდან საწვავის შესაძენად 716,03 ათასი ლარი გაიღო. არადა, სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საწვავისთვის გაწეულია აგრეთვე საკასო ხარჯი, რომელიც 1,37 მილიონ ლარს შეადგენს. ამ მოცულობის ხარჯის მიუხედავად, საწვავის შესასყიდად თანხა "სუბსიდიის" მუხლიდანაც მიმართეს და ის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ხარჯის 52%-ს შეადგენს. აუდიტის შეფასებით, "სუბსიდიის" მუხლიდან საწვავის ამგვარი მასშტაბური მოხმარება გაუმჭვირვალეს ხდის სახაზინო და ფინანსურ ანგარიშგებაში საწვავის მოხმარების შესახებ ასახულ ინფორმაციას.

სამი პრემია ერთ კვარტალში


თანამშრომლებზე გაცემული დაუსაბუთებელი პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყველა სახელმწიფო თუ თვითმმართველი ერთეულის აუდიტის დასკვნაში გვხვდება. შარშან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კვარტალში 2-3-ჯერ არის გაცემული პრემიები, მათ შორის ცენტრალურ აპარატში - 59.595 ლარი, სააგენტოში - 2.200 ლარი, სულ 61.795 ლარი. შედეგად, დარღვეულია #449 დადგენილება, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება კვარტალში ერთხელ გაიცეს.

მილიონობით ლარის გადაყრილი წამლები


აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ასევე აუდიტის დასკვნაშია მოყვანილი. C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგო­მარეობით, სამინისტროს სოციალური დაცვის სააგენტოს აღრიცხული აქვს ვადაგასული მედიკამენტები, სულ 26.236.866 ლარის ღირებულების. სააგენტოს უფლებამოსილი პირის განმარტებით, ძირითადი მიზეზი ის არის, რომ პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წ.) ძირითად სამკურნალო პრეპარატს წარმოადგენდა "სოფოსბუვირი", რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით, სხვა მედიკამენტებთან ("ინტერფერონი" და "რიბავირინი") კომბინაციით ინიშნებოდა. 2016 წლის თებერვლიდან ეს პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით - "ჰარვონით", სამკურნალო რეჟიმებიც შეიცვალა და პირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარებაც მკვეთრად შემცირდა...

დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ დიალიზის, თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამისათვის საჭირო საშუალებებს, მასალებსა და მედიკამენტებს სააგენტო გადასცემს 27 სამედიცინო დაწესებულებას, რომლებიც ბენეფიციარებს ემსახურებიან. როგორც ირკვევა, ამ მარაგების მიღებისა და გასვლის საფუძველია სამმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი - სააგენტოს, მედიკამენტის მიმწოდებელ ორგანიზაციასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის. ეს არაეფექტური ბიუროკრატიული პროცედურა ხშირად იწვევს არასწორი ინფორმაციის გაცვლას უწყებებს შორის, რისი შედეგიც მილიონობით ლარის მედიკამენტების, ფაქტობრივად, სანაგვეზე გადაყრაა.

"უფრო დამოუკიდებელი აუდიტის სამსახური გვჭირდება"

ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი: "ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში ვართ ჩარჩენილი, რადგან უმეტესად იმაზე მსჯელობენ, შესრულდა თუ არა გეგმა. ითვლება, რომ რომელიმე სამინისტრომ გეგმა 100%-ით შეასრულა, არავის აინტერესებს, როგორ გაკეთდა საქმე, ან რაში დაიხარჯა ამ გეგმით გაწერილი ფული და რა შედეგი მიიღო. განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებებზე ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ფულს ვხარჯავთ, მაგრამ რა იცვლება - განათლების ხარისხი უარესდება, ისევე როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მასზე ხელმისაწვდომობა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯული ფულის შედეგი უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე ზემოთ მოყვანილ მიმართულებებში, მაგრამ აქაც გვაქვს პრობლემები შესრულებული სამუშაოს ხარისხში ან იკვეთება არარაციონალური ხარჯები. მე, მაგალითად, ძალიან მომწონს, როგორც გაკეთდა სააკაძის მოედანი, მაგრამ ორი წლის წინაც ჩატარდა მისი რეაბილიტაცია და მაშინ დახარჯული ფული, ფაქტობრივად, წყალში ჩაიყარა. ყველა ამ პრობლემის შესახებ აუდიტის სამსახური თავის რეკომენდაციებში წერს და მიუთითებს, რომ სახელმწიფო პროგრამები კანონის ნაწილი უნდა გახდეს ბიუჯეტის მსგავსად, რათა პასუხისმგებელ პირებს მათი შესრულების მეტი ანგარიშვალდებულება ჰქონდეთ.

ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში ხშირად კორუფციის რისკებიც იკვეთება, რაც შესაძლოა გამოიხატოს სახელმწიფო შესყიდვებში, ნეპოტიზმში ან უფლებამოსილების გულგრილად შესრულებაში. გვაქვს მაგალითები, როცა არ დასტურდება კონკრეტული სსიპ-ებისა და ა(ა)იპე-ბის საჭიროება და იქ დასაქმებულ პირებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ, რაც ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება.
არარაციონალური ხარჯვის საკმაოდ მაღალი რისკით ხასიათდება სახელმწიფო შესყიდვები, რისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიარდი ლარი იხარჯება. საკმაოდ მაღალია ტენდერებში პირდაპირი შესყიდვების წილი. სახელმწიფო ტენდერებს ხშირად იგებენ ახალდაფუძნებული კომპანიები. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების უკან პოლიტიკური ფიგურების გავლენები იკვეთება. არის შემთხვევები, როცა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მფლობელები შემდეგ მმართველ პარტიას სწირავენ თანხებს.
სახელმწიფო აუდიტი იძლევა რეკომენდაციებს კონკრეტული დარღვევებისთვის და თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, საგამოძიებო უწყებებს მიმართავს. ძალიან დაბალია სახელმწიფო უწყებების მიერ აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური არის პარლამენტს დაქვემდებარებული უწყება და საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის გაკონტროლებაში ეხმარება. პარლამენტი კი, აშკარად იგრძნობა, რომ მთავრობის პოზიციების დამცველად გვევლინება და რაღას უნდა ველოდოთ აუდიტის სამსახურის დასკვნების შესრულების ნაწილში? ფაქტია, რომ მისი უფლებამოსილებაც შეზღუდულია.

ჩვენ უფრო დამოუკიდებელი აუდიტის სამსახური გვჭირდება, რომლის რეკომენდაციები გასათვალისწინებელი იქნება სახელმწიფო უწყებებისთვის.
თითოეული ლარი უნდა გენანებოდეს ბიუჯეტიდან ტყუილად დასახარჯავად, გასაფლანგავად და მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ქვეყნის ჯიბეს, ისე როგორც ჩვენს საკუთარს ვუფრთხილდებით".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები