ახალი საგადასახადო კოდექსი - მრავალუცნობიანი განტოლება - კვირის პალიტრა

ახალი საგადასახადო კოდექსი - მრავალუცნობიანი განტოლება

არ არის გამორიცხული, ნაწილობრივ შეთანხმებულ პროექტში ყველაფერი ხელახლა შეიცვალოს

თვე-ნახევარი გავიდა, რაც საგადასახადო კოდექსი პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღეს. მას შემდეგ კოდექსის პროექტის ავკარგიანობაზე ლაპარაკი შეწყდა. სამაგიეროდ, კოდექსის ის ნაწილი, რომლის ამოქმედებაც საჩქარო იყო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მისაღებად, უკვე ამოქმედდა. მობილური კომპანიები და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები და იმპორტიორები სექტემბრიდან გაზრდილ გადასახადებს იხდიან.

ზოგიერთ მუხლზე ვერ შეთანხმდნენ და კოდექსის ადმინისტრაციული ნაწილი გვერდზე გადადეს. შეწყდა კონსულტაციები იმ ექსპერტებთანაც, რომლებიც მის შემუშავებაში მონაწილეობდნენ. ბიზნესმენებმა, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ საგადასახადო გარემოში მოუწევთ ახალი წლიდან მუშაობა, ვერ გაიგეს, რა ბედი ეწია ახალ პროექტს, რომელსაც თავიდან "რევოლუციური" უწოდეს, დაკვირვებით წაკითხვის შემდეგ კი აღტაცება გაუნელდათ.

როგორც კოდექსზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, კოდექსზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს და არ არის გამორიცხული, ყველაფერი შეიცვალოს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძეს, რომელიც საგადასახადო კოდექსის პროექტის ერთ-ერთი ავტორია, თანამდებობა აგვისტოში დაატოვებინეს. ვინ მუშაობს პროექტზე ახლა სამინისტროში, უცნობია.

ზურაბ ლალაზაშვილი (ბიზნესასოციაციის ექსპერტი, აუდიტორული კომპანია "ბიდიოს" ხელმძღვანელი): "რა იცვლება კოდექსში, ცნობილი არ არის. შესაძლებელია ყველაფერი შეიცვალოს. პრინციპული საკითხები უკვე მიღებულია. ღიადაა დარჩენილი კოდექსის რამდენიმე მუხლი, რაზეც მთავრობა პარლამენტსა და ბიზნესთან ვერ შეთანხმდა. მათ შორის დარჩენილია 168-ე მუხლიც, რაც დამატებული ღირებულების გადასახადს ეხება.

ყველაზე დიდი უკმაყოფილება უძრავი ქონების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შეხვდა. ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, საშემოსავლო გადასახადით დაებეგრა უძრავი ქონების რეალიზაცია, თუ ის პირვანდელ ღირებულებაზე 30 ათასი ლარის ნამატით გაიყიდებოდა და სავაჭრო გარიგება 2-წლიან პერიოდში მოხდებოდა. ფინანსთა სამინისტროში ჯერ ვერ გადაუწყვეტავთ, წილის ან აქციის გასხვისება დაიბეგრება თუ არა. არც სხვა საკითხებია ცნობილი".

საკანონმდებლო ორგანოში კი ამბობენ, რომ ამ უძრავი ქონების დაბეგვრის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს და მთავრობამ არსებული შეღავათი დატოვა. იგივეს ამბობს ფინანსთა მინისტრიც.

ღიადაა დარჩენილი, დღგ-ით დაიბეგრება თუ არა ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარზე მეტია. პარლამენტში აცხადებენ, რომ ახალი კოდექსით სალარო აპარატებზე მოთხოვნა აღარ გამკაცრდება. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ბუცხრიკიძე ამბობს, მოთხოვნა სალარო აპარატებზე პირიქით, შერბილებულია.

აპარატის გამოუყენებლობის პირველ შემთხვევაზე შემოსავლების სამსახური გაფრთხილებით შემოიფარგლება, მეორე შემთხვევაზე კი მეწარმეს 500 ლარით დააჯარიმებენ. მოქმედი კოდექსით კი დამრღვევი მეწარმე პირველ შემთხვევაზე 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1500 ლარით ჯარიმდება. 1500 ლარს იხდის დამრღვევი ყოველ მომდევნო შემთხვევაზეც.

ახალი კოდექსით, 12 თვის გასვლის შემდეგ ათვლა ხელახლა იწყება და მეწარმეს დარღვევას თუ აღურიცხავენ, ისევ 500 ლარს გადაახდევინებენ. თუ მეწარმეს ორი კომერციული ობიექტი აქვს და ერთსა და იმავე დღეს ორივეს შემოწმების დროს სალარო აპარატის გამოუყენებლობას აღმოუჩენენ, ერთ დარღვევად ჩაეთვლება და ერთ ჯარიმას გადაიხდის.

საგადასახადო კოდექსში არ წერია, მაგრამ 2011 წლის 1-ელი იანვრიდან სალარო აპარატის გამოყენება ნებისმიერი მიკრობიზნესისთვის სავალდებულო იქნება. 1-ელი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში სალარო აპარატების მოთხოვნა ბაზრობაზე მოვაჭრეებისთვის. თუმცა პარლამენტში აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული, ეს მოთხოვნა სხვა ფორმით ჩამოყალიბდეს და მთვარობამ მოვაჭრეებს შეღავათებიც დაუწესოს. ამჟამად კი სალარო აპარატების ქონა არ მოეთხოვებათ:

- საქონლის დატარებით მოვაჭრეებს;

- პრესის ჯიხურებს;

- ინდმეწარმეებს, რომლებიც თავის დროზე გადასახადებისგან გაათავისუფლა პრეზიდენტმა. მათ შორის მესაათეებს, მექუდეებს, პარიკმახერებს და ა.შ.

როგორც კანონმდებლები ამბობენ, ამ კატეგორიის ობიექტებს შეღავათები უვადოდ შეუნარჩუნდებათ.

ნონა ქვლივიძე