რატომ არის საქართველოში სწავლის ძირი მწარე - კვირის პალიტრა

რატომ არის საქართველოში სწავლის ძირი მწარე

"მინიმალური სასწავლო კალათი" თანდათან მძიმდება

სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო - უთქვამს ჭკვიან კაცს.… საქართველოში სწავლის ძირი მართლაც არა მხოლოდ "მწარეა" ბავშვებისთვის, არამედ ძვირიცაა - მათი მშობლებისთვის. მათ საკმაოდ ძვირად ღირებული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ინვენტარის შეძენა უწევთ. ჩვენი ანგარიშით, თითოეული მოსწავლისთვის სახელმძღვანელოებისა და რვეულების შეძენა ოჯახს, სულ მცირე, 100-150 ლარი მაინც უჯდება.

ამას ემატება სხვა ნივთები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესისთვის: სახატავი ფანქრები, რვეულები, სახაზავები და დღიურები, აკვარელის საღებავები თუ ფლომასტერები.

ცალკე საკითხია სახელმძღვანელოების სიმრავლე. ერთი საგნისთვის სკოლას რამდენიმე წიგნის შერჩევა შეუძლია. ამას ემატება გამომცემლობების მრავალფეროვნებაც. საქმე იქამდე მიდის, რომ თვით წიგნების მაღაზიებშიც უჭირთ დაზუსტებით თქმა, რა შეიძლება დაჯდეს ვთქვათ, პირველკლასელთა ან მეთორმეტეკლასელთა სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი.

მიახლოებით კი პირველკლასელს 100 და მეტი ლარის წიგნები სჭირდება, ხოლო უფროსკლასელებისთვის ამ რიცხვმა 150-საც შეიძლება მიაღწიოს. 5 თეთრიდან 10-20 თეთრამდეა გაძვირებული სასკოლო საკანცელარიო ინვენტერის თითქმის ყველა ნივთიც.

ნანა ცუცქირიძე (ორი მოსწავლის მშობელი): "ყოველი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, სასიამოვნო მოლოდინის ნაცვლად, უსიამოვნო გრძნობა მეუფლება, რადგან ვიცი, რომ ორივე ბავშვისთვის ცალ-ცალკე მომიწევს წიგნების, რვეულებისა და სასკოლო ნივთების შეძენა. სახელმძღვანელოები ყოველ წელს იცვლება, ამიტომ მშობელი იძულებული ხდება, ახალ-ახალი წიგნები შეიძინოს. ჩემს ბავშვობაში უფროსი და-ძმებისთვის ნაყიდ წიგნებს ვიყენებდით, რაც ძალიან დიდი შეღავათი იყო ნებისმიერი ოჯახისთვის.

ახლა ეს შეღავათი აღარ არსებობს. სასწავლო წლის დაწყებამდე უამრავი წვრილმანის შეძენა გვიწევს, რაც საშუალო შეძლების მქონე ქართული ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. მით უმეტეს, ყველაფერი გაძვირდა, უბრალო ჩანთაც კი 20-25 ლარი ღირს, დაუმატეთ ამას ბავშვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვა ნივთები და ადვილი წარმოსადგენია, რა სოლიდური ხარჯის გაღება უწევს მშობელს, მით უმეტეს, თუ ორი ან სამი ბავშვი ჰყავს სასკოლოდ მოსამზადებელი".

ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში წიგნების ფასიც დაგარწმუნებთ. დახლებზე შეხვდებით სხვადასხვა გამომცემლობის მიერ გამოშვებულ წიგნებს. როგორც წესი, იყიდება რამდენიმე ავტორის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, მათ შორის არჩევანი სკოლამ და პედაგოგმა უნდა გააკეთონ. საკმაოდ ძვირია პირველი კლასის სახელმძღვანელოები.

მაგალითად, "დედაენა" 12 ლარი ღირს, ინგლისური ენა - 7-7,50 ლარი, მათემატიკა - 12 ლარი. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა საშუალო და მაღალ კლასებშიც: მე-5 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო 9,50 ლარი ღირს, ინგლისური ენისა - 10 ლარი, მათემატიკისა - 9 ლარი. მე-12 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს 9 ლარად შეიძენთ, მათემატიკას - 12 ლარად, ორგანული ქიმიის წიგნს კი - 8 ლარად.

სახატავი რვეულების ფასი 0,90-2,50 ლარს შორის მერყეობს, ხოლო ფანქრები და ფლომასტერები 1 ლარიდან 22 ლარამდე ადის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მყიდველს მართლაც სოლიდური თანხა უჯდება.

სასკოლო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ოპონენტები ხელისუფლებას აბრალებენ, ხელისუფლება კი ე.წ. სასკოლო მაფიას. ექსპერტები კი საკანცელარიო საქონლის სიძვირეს საბაჟოებზე ტვირთების გაჩერებითა და ხელოვნურად შექმნილი დეფიციტით ხსნიან.

გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "შექმნილი სიტუაცია სერიოზულ ეჭვს აღძრავს, რომ ეს პროცესი ხელოვნურად იმართება. სხვათა შორის, ამას წინათ პრეზიდენტმაც ისაუბრა "სასკოლო მაფიაზე". ჩვენ ვიცით, რომ სახელმძღვანელოების ბიზნესი საკმაოდ შემოსავლიანი სფეროა, სწორედ ამიტომ, თითქმის ყოველ წელს იცვლებიან წიგნების ავტორები. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ბავშვებმა ძველი წიგნები ვერ გამოიყენონ.

ეს ძალიან მტკივნეული და სერიოზული თემაა. როგორც ჩანს, სასკოლო ინვენტარის ბიზნესშიც მნიშვნელოვანი ინტერესები იკვეთება და ვიღაც-ვიღაცები გვარიანად ითბობენ ხელს. ფაქტია, რომ არც ამ სფეროში გვაქვს ცივილიზებული ვითარება.

ყველას გვახსოვს, ამ ორიოდე კვირის წინ როგორ გააჩერეს საბაჟოზე სასკოლო ინვენტარით სავსე მანქანები და მათ მფლობელებს საქონლის განბაჟებაზე უარი უთხრეს. რაციონალური არგუმენტებიც კი არ ჰქონდათ, თუ რატომ იქცეოდნენ ამგვარად. ამით შექმნეს დეფიციტი და ხელოვნური დაძაბულობა ბაზარზე.

ბუნებრივია, მსგავსი ამბები შემთხვევით არ ხდება. ჩანს, კარგად აქვთ გათვლილი ფსიქოლოგია: ჩვენს ხალხს შვილის სწავლა-განათლებისთვის არაფერი ენანება. ამ ფაქტორს კარგად იყენებენ და მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ. მსგავსი წესები დიდი ხანია მეფობს ჩვენს ქვეყანაში და არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის. ჩემი აზრით, ეს არის უზნეო თამაში, რომელიც სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთბობას გულისხმობს.

რას ერჩოდნენ მცირე მეწარმეებს? რატომ გააჩერეს მათი ტვირთი მებაჟეებმა? რისთვის, ან ვისთვის მოხდა ეს ყველაფერი? - პასუხი, სამწუხაროდ, არ არსებობს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვინმე მართლაც ცდილობდეს სასკოლო ინვენტარის ბიზნესში მონოპოლიის დამყარებას. არც ერთი სფერო აღარ დარჩა საქართველოში, რომელიც მონოპოლიზებული არ არის და რა გასაკვირია, რომ აქაც იგივე მოხდეს? საბოლოოდ კი ყველაფერი მოსახლეობის კისერზე უნდა გადავიდეს".

სასკოლო სახელმძღვანელოების სრული არჩევანი "ბიბლუსისგან"

- სასკოლო წიგნების სრული კომპლექტების შეძენა "ბიბლუსის" ყველა ფილიალში განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფასებშია შესაძლებელი.

- თბილისში "ბიბლუსის" ხუთი მაღაზიაა, აგრეთვე არის ფილიალები ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ქუთაისში, სამტრედიაში, ხაშურში, დუშეთში, რუსთავსა და ოზურგეთში. ამ კვირიდან დაემატება ფილიალი ბოლნისშიც.

- მომხმარებელს შეუძლია დაგროვებითი ბარათით სარგებლობაც.

ხათუნა ჩიგოგიძე