როდის მოხდება ქართული ეკონომიკური სასწაული?! - კვირის პალიტრა

როდის მოხდება ქართული ეკონომიკური სასწაული?!

წლები გადის და ჩვენი ქვეყანა მუდმივად ეკონომიკური სასწაულის მოლოდინშია, რომელიც მის განვითარებაში გარდატეხას მოახდენს. თუმცა ყოველი განვლილი წლის შეჯამებისას ხელისუფლება გვეუბნება, რომ მთავარ გამოწვევად კვლავ სიღარიბესთან ბრძოლაა. რატომ ვერ შეძლო საქართველომ მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკურ ზრდაში და როგორ შეძლეს ეს თავის დროზე დღეს უკვე განვითარებულმა და მდიდარმა ქვეყნებმა?

სოსო არჩვაძე, პროფესორი: -"ეკონომიკური განვითარებისთვის ნაბიჯები შარშანაც გადავდგით, მაგრამ ეს აბსოლუტურად არასაკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობამ არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის დონეზე, არამედ თავადაც იგრძნოს გაუმჯობესება. ბოლო 2-3 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპი რომ ავიღოთ, ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლის, ბულგარეთის დონემდე მისაღწევად 12 წელიწადი მაინც დაგვჭირდება, ბევრისთვის საინტერესო და მიმზიდველი პოლონეთის დონემდე კი 2042 წლამდე ვერ მივალთ. ცხადია, არც ბულგარეთი და პოლონეთი "დაგველოდებიან", როდის დავეწევით.

ანუ ჩვენ კვლავ მაჩანჩალას როლში მოგვიწევს ყოფნა, თუ განვითარებას ახლანდელი ტემპით განვაგრძობთ. ჩვენ გვჭირდება გაცილებით მაღალი, ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც კუპონის ხანის დასრულების შემდეგ მხოლოდ 4 წლის განმავლობაში გვქონდა.

- რა არის განვითარების არასაკმარისი ტემპის მიზეზი და როგორ შეიძლება საქართველომაც მოახდინოს ეკონომიკური სასწაული? - არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სასწაულის ძალით წარმატებულად გადააქცევს. საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა თანამიმდევრული და ერთდროული გატარება მოგვცემს შანსს, ეკონომიკური ზრდა დავაჩქაროთ და განვითარებული ქვეყნების დონეს სწრაფად მივუახლოვდეთ.

სამი წინა პირობა

უნდა შევასრულოთ რამდენიმე პირობა და ამოცანა. უპირველესად უნდა შევთანხმდეთ, რა გვინდა - მეტ-ნაკლები თანასწორობა სიღარიბეში თუ განსხვავება სიმდიდრეში? ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ნეგატიური დამოკიდებულება შეძლებული და წარმატებული ადამიანების მიმართ. რამდენიმე დღის წინ გორში ფერმერს 128 ძირი მსხმოიარე ხეხილი რომ აუჩეხეს, სწორედ ასეთი დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლინება იყო.

რომ დააკვირდეთ სოციალურ ქსელებს, ნახავთ, რამდენი აგრესია, შური, ცილისწამება და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის შეძლებულ ადამიანებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან არათუ სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო სიმშვიდეც კი არ არის ჩამოყალიბებული. უნდა შევთანხმდეთ, რომ ვართ ერთი საზოგადოების წევრები, ერთ ხომალდში ვსხედვართ და მისი წარმატების გზაზე ზოგი შტურვალთან დადგება, ზოგს კი სხვა ფუნქცია ექნება, მაგრამ ყველა თავისას მიიღებს. თუმცა განსხვავება იქნება და თუ გაიზრდება, არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან განსხვავება იქნება სიმდიდრეში და არა როგორც ახლა გვაქვს - სიღარიბესა და გაჭირვებაში. თუ ამ გზას ავირჩევთ, მაშინ უფრო მეტი პრობლემის გადაჭრას შევძლებთ.

მეორე ამოცანა შესაძლოა ტრივიალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ აუცილებელია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიისა და პატრიოტიზმის გაძლიერება. ყველა დაწინაურებულ ქვეყანაში ცენტრისტული ძალები საკმაოდ გაძლიერებული არიან, სამოქალაქო საზოგადოება ფორმირებულია, იზიარებენ ერთმანეთის წარმატებასა და პასუხისმგებლობას. ჩვენთან კი, მართალია, გაიზარდა სახელმწიფოს როლი შემოსავლებსა და მათ გადანაწილებაში, მაგრამ მისი წვლილი ჯერ კიდევ ძალიან მოკრძალებულია. ბევრი ქვეყანა, მათ შორის ზემოხსენებული ბულგარეთიც კი, მნიშვნელოვნად გვისწრებს ისეთი სოციალური პროგრამების დაფინანსებით, სადაც სახელმწიფოს გარეშე წარმატება ვერ იქნება მიღწეული. ამისთვის გვჭირდება ერთობა ცენტრისტული ინტერესების და არა პარტიკულარული ნიშნით. უნდა მივაღწიოთ საზოგადოების მიერ გაცნობიერებას, რომ ძლიერი სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით ყველას ინტერესშია, და ეს არანაკლებ ეფექტს მოიტანს ეკონომიკაში, ვიდრე პატრიოტული ლექსების სწავლება სასკოლო პროგრამებში აღმზრდელობითი თვალსაზრისით.

მესამე და აუცილებელი პირობაა კანონის აბსოლუტური უზენაესობა. სამწუხაროდ, ესეც სიტყვის მასალად დახურდავდა და ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ იმის მიხედვით, თუ ვინ არის დასასჯელი და ვინ მსაჯული, შესაძლოა სრულიად განსხვავებული შედეგები და პასუხისმგებლობა დადგეს. ჩინეთში, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს მსოფლიოში, ყოველწლიურად თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის 600-დან 700-მდე მოხელისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ. იქ სრულად გათავისუფლებული არიან სასჯელისგან ქრთამის მიმცემნი, მაგრამ ჯერადობით არის გაზრდილი ქრთამის ამღებების პასუხისმგებლობა. კორუფციული გარიგებებისთვის რამდენიმე მილიარდერიც დასაჯეს. კანონის უზენაესობა ეხება ყველას, თანამდებობრივი თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად.

ხშირად ამბობენ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია ჟურნალისტობაა, რადგან დიდ პასუხისმგებლობასა და რისკთან არის დაკავშირებული. იმედია, არ მიწყენთ, თუ სარკაზმითა და ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ ყველაზე რთული პროფესია არის სამხრეთ კორეის პრეზიდენტობა. დღემდე ცხრა პრეზიდენტი ჰყავდათ და მათგან ერთი ჩამოაგდეს, ერთი გაიქცა, ორს იმპიჩმენტი გამოუცხადეს და ციხეში ჩასვეს, მათ შორის ერთს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და წლების შემდეგ, სასჯელი რომ მოიხადა, შეიწყალეს. ვინც არ დაიჭირეს და მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დაასრულა პრეზიდენტობის ვადა, ოჯახის წევრები მაინც ჰყავდა დაპატიმრებული. სამაგიეროდ, სამხრეთ კორეის ეკონომიკა მსოფლიოში მე-11 ადგილზეა.

სწავლა, სწავლა და სწავლა!

კიდევ ერთი ამოცანა წარმატების მისაღწევად არის განათლებასა და მეცნიერებაზე ხარჯის ზრდა. ჩვენ კი ერთ სულ მოსახლეზე განათლებაზე დახარჯული მშპ-ის წილით 195 ქვეყანას შორის 133-ე ადგილზე ვართ. იმავე სამხრეთ კორეასთან შედარებით განათლებაზე 5-ჯერ ნაკლებს ვხარჯავთ, ხოლო მეცნიერებაზე - 49-ჯერ ნაკლებს. მეცნიერებამ ჩვენთან საერთოდ დაკარგა პრესტიჟი, არადა, უამისოდ ეკონომიკა ვერ განვითარდება. განათლება პრიორიტეტი არა მხოლოდ აღმოსავლეთშია, არამედ ევროპის ქვეყნებშიც. მაგალითად, ფინეთში, რომელიც მასშტაბით ჩვენთან ახლოსაა, განათლებაზე რვაჯერ მეტი იხარჯება და 42-ჯერ მეტი - მეცნიერებაზე. შესაბამისად, თუ გვინდა, რამეს მივაღწიოთ და მომსახურებისა და ტურიზმის შეთავაზების ქვეყნად არ დავრჩეთ, მეცნიერებამ თავისი პრესტიჟული ადგილი უნდა დაიბრუნოს და ამ მიმართულებით ინვესტირება უნდა მოხდეს. სიღარიბე მხოლოდ განათლებით დაიძლევა. გაუნათლებელი ადამიანები უფრო ადვილად ღარიბდებიან, ვიდრე განათლებულები. განათლებული უფრო სწრაფად და სწორად აანალიზებს ვითარებას, იქცევა შესაფერისად და მისი გადაწყვეტილებები უფრო შედეგის მომტანია.

წარმოება და კვალიფიკაცია

გავიძახით, ტურიზმი გადაგვარჩენსო, მაგრამ ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების კატალიზატორი რეალური სექტორია. ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯებია გადასადგმელი. მალე 40 წელიწადი შესრულდება, რაც ჩინეთმა ეკონომიკური რეფორმები დაიწყო და პირველად თავისუფალი ეკონომიკური ზონები შექმნა, სადაც მიიწვია მაღალტექნოლოგიური წარმოებები უცხოეთიდან. ინვესტიციას სოფლის მეურნეობაში, თუ ის რომელიმე წარმოებაში, ფაქტობრივად, მესაკუთრის შეცვლას გეგმავს, ქვეყნისთვის ეკონომიკური გარღვევის ეფექტი არ ექნება. ინვესტიცია ჩადებული უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალტექნოლოგიურ სფეროში, რითაც შევძლებთ შიდა ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და ექსპორტზე გასვლასაც.

- ჩვენც ხომ შევთავაზეთ უცხოელ ინვესტორებს თავისუფალი ეკონომიკური და ინდუსტრიული ზონები, რატომ ვერ დავაინტერესეთ ტექნოლოგიური გიგანტები? - ტექნოლოგიური გიგანტები საქართველოში წარმოებით რომ დავაინტერესოთ, მხოლოდ მანქანა-დანადგარების ჩამოტანა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განთავსება არ უნდა შევთავაზოთ. მათ წარმოების ასამუშავებლად შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები სჭირდებათ. თუ ისევ უცხოეთიდან ჩამოვიყვანთ სამუშაო ძალას, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენთვის მაღალტექნოლოგიური წარმოების გადმოტანას. გახსოვთ, ალბათ, როცა ნავთობსადენი შენდებოდა, საქართველოში კვალიფიციური შემდუღებლები ვერ ნახეს და პაკისტანიდან ჩამოიყვანეს. ფუნქციონალური გაუნათლებლობა და დაბალი კვალიფიკაცია არის ჩვენი განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი.

საქართველოდან გატანილი ფულის დაბრუნება

მსოფლიოში თავისუფალი კაპიტალი სულ უფრო ნაკლებია, შესაბამისად, ინვესტიციების შემოტანა სულ უფრო გართულდება. სიმპტომურია, რომ მესამე კვარტალში თითქმის მესამედით გვქონდა შემცირებული წინა წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ საქართველოდან 1990-იან და 2000-იან წლებში გატანილი კაპიტალის რეპატრიაციაზე. ოფშორულ ზონებში დაბინავებული კაპიტალი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და ადგილობრივ ინტერესებს ემსახუროს. ეს არ არის ერთი და ორი მილიარდი, გაცილებით დიდი თანხაა.

უნდა შევუწყოთ ხელი ამ კაპიტალის მფლობელებს, რომ ეს ფული ქვეყნის ინტერესებში აამოქმედონ.

აქ არაფერი გვითქვამს ისეთ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც, საქართველოშიც თუ ბურკინა-ფასოშიც, ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის ეკონომიკის დემონოპოლიზაცია, საფონდო ბაზრის განვითარება, რაც საკმაოდ პრობლემურია ჩვენთან, წვრილი აქციონერების განვითარება და მესაკუთრეთა კლასის გაძლიერება. ეს კომპონენტები თუ ერთად მოიკიდებს ფეხს და არა წყვეტილად, მაშინ გვექნება შესაძლებლობა ამ პროცესის დაწყებიდან მალე ვილაპარაკოთ ახალ ქართულ ეკონომიკურ სასწაულზე.

- პრემიერმა თავისი ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ საქართველოში ორგანული პროდუქტების წარმოება უნდა წახალისდეს და გადასახადებისგან გათავისუფლდეს. რამდენად მოგვცემს ეს შედეგს და რატომ ვერ შევძელით, თუნდაც თურქეთის მსგავსად, არათუ ორგანულ, არამედ ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში გარდატეხის მოხდენა? - არა მარტო თურქეთი, არამედ ევროპის სახელმწიფოებიც იყენებენ სუბსიდირების სისტემას და ახალისებენ ადგილობრივ წარმოებას, რათა შეძლონ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება და შემდეგ ექსპორტზე გასვლა. ჩვენ კი ამისთვის ბიუჯეტში მწირი რესურსი გვაქვს. ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი საშუალო-ევროპულ მაჩვენებელს დაახლოებით 15-ჯერ ჩამორჩება. ამიტომ ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს - Pუფრო მეტი, ვიდრე გაგვაქვს. ყოველწლიურად ადგილობრივი მოხმარებისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტის აგროსასურსათო პროდუქცია გვჭირდება, რომელსაც ვერ ვაწარმოებთ. ამის გამოც არის, რომ ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. ჩვენ ტექნოლოგიებითა და გამოცდილებით, ფაქტობრივად, ერთი ისტორიული ეპოქით ჩამოვრჩებით მოწინავე ქვეყნებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებს, ისრაელსა და თუნდაც ჩვენს მეზობელ თურქეთსაც.

რაც შეეხება ორგანული პროდუქციის წარმოებას, ეს მხოლოდ ერთ-ერთი სეგმენტია და მას არ უნდა გამოვეკიდოთ, თან მედალს ორი მხარე აქვს: ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია უფრო სასარგებლოა, მაგრამ მისი წარმოება უფრო ძვირი ჯდება. რა თქმა უნდა, ეს წარმოება მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურება, მაგრამ მისი შედეგები პირველ ეტაპზე შესაძლებლობას მოგვცემს მხოლოდ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი და სავაჭრო ბალანსი გავიუმჯობესოთ.

მსოფლიოში ეკონომიკური წარმატების ბევრი მაგალითი არსებობს, გერმანიის ეკონომიკური სასწაულით დაწყებული და ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ესტონეთისა თუ სინგაპურის ეკონომიკური სასწაულებით დასრულებული. მრავალი წარმატებული მაგალითის მიუხედავად, რომელიმე ქვეყნის მაგალითის პირდაპირ გამეორება შეუძლებელია, რადგან ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური სტრუქტურა, სპეციფიკა, გამოცდილება და მენტალიტეტი აქვს. თუმცა ცალკეული ელემენტები, თავსატეხის ნაწილების მსგავსად, შეგვიძლია გადმოვიღოთ და ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვარგოთ. კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის წარმატებისM მზა რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ ეს ამოცანა გვაძლევს სტიმულს, ვიყოთ უფრო კრეატიული და რაციონალური და რაც მთავარია, საბოლოოდ გავთავისუფლდეთ მეოცნებე ელიოზის სინდრომისგან.