2019 წლის საკანონმდებლო-ეკონომიკური "რევოლუცია" - კვირის პალიტრა

2019 წლის საკანონმდებლო-ეკონომიკური "რევოლუცია"

2018 წელს ამოქმედდა ცვლილებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ ან ირიბად შეეხო. მათ შორის, სავალდებულო გახდა ტაქსების ლიცენზირება, 40 ათასი და მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა დაეკისრათ, ამოქმედდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, თამბაქოს მოწევა აიკრძალა შენობა-ნაგებობებში და ა.შ. 2019 წლიდანაც ძალაში შედის არაერთი ცვლილება, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

როგორ დაგროვდება პენსია

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება მოუწევს - 2-2%-ს დამსაქმებელი და სახელმწიფო ჩარიცხავენ.

საყოველთაო ტექინსპექტირება

2018 წელს ამოქმედდა ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, აგრეთვე 3 000 კუბ/სმ ან მეტი ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილებისთვის. მთლიანად ავტოპარკისთვის კი ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ხდება. მსუბუქი ავტომობილების ინსპექტირების ფასი 60 ლარია. მძღოლს შეუძლია ინსპექტირების ცენტრი თვითონ აირჩიოს. თუ პირველ ეტაპზე ავტომობილი ინსპექტირების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთი თვე ექნებათ, რის შემდეგაც განმეორებითი ინსპექტირება უფასოა.

სესხის გაცემა რთულდება

2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დებულება, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება, მაგალითად, თავდებობა, ვიდრე მას გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მაგალითად, სალომბარდო სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ არის და ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით შემოიფარგლება.

თეთრი ტაქსი, ფერადი ტაქსი... თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის აგვისტოდან ტაქსის ლიცენზიის აღება სავალდებულო გახდა. ცოტა ხნის წინ კი თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ახალი რეგულაციები, რომლებიც 2019 წლის ოქტომბრიდან შევა ძალაში. იქნება ორი: ა- და ბ-კატეგორიების ლიცენზია. ა-კატეგორიის თანახმად, ტაქსი უნდა იყოს თეთრი, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად). ისინი ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით; ბ-კატეგორიის ტაქსზე ფერის მოთხოვნა არ გავრცელდება, ოღონდ მხოლოდ გამოძახებით იმუშავებენ.

თბილისის ახალი "კონსტიტუცია"

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ლი იანვრისთვის უნდა დამტკიცებულიყო. გენგეგმა ქალაქის მთავრობამ უკვე მიიღო და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა.

გეგმა ქალაქის ტერიტორიების განვითარების მიმართულებების დადგენისას ოთხ ძირითად კონცეპტუალურ მოსაზრებას ეყრდნობა: კომპაქტური ქალაქი; მწვანე ქალაქი; კარგად შეკავშირებული ქალაქი; მედეგი ქალაქი. დასახელდა 11 ადგილი, სადაც ქაოსური განაშენიანების პრობლემაა და ის აუცილებლად შეჩერდება.

"გააჩნია ზონას" - პარკირება თბილისში

2019 წლის იანვრიდან იწყება საპილოტე პროექტი, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებს. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ყველა რაიონში, ყველა უბანში პარკირების განსხვავებული ტარიფი იქნება.

"დავამრგვალოთ" ხურდა ფული

2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ნაღდი ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი იმოქმედებს, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება კვლავაც 1 თეთრის სიზუსტით განხორციელდება. სებ-ის განმარტებით, როცა გადასახდელი თანხა არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე, ფასი დამრგვალდება მეტობით ან ნაკლებობით: 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა დამრგვალდება ნაკლებობით 0-მდე, 3 და 4 თეთრზე დამთავრებული - მეტობით 5-მდე, 6 და 7 თეთრზე დამთავრებული - ასევე 5-მდე, ხოლო 8 და 9 თეთრზე დამთავრებული - დამრგვალდება მეტობით ათეულამდე.

ხორბლის ავტომობილებით იმპორტი აიკრძალება ფინანსთა მინისტრმა ხორბლისა და ფქვილის ავტომობილებით იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით ბრძანება, რომელიც 2018 წლის 15 სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, ერთი წლით გადაავადა. ხორბლის იმპორტზე შეზღუდვა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ხორბლის შემოტანა ქვეყანაში მხოლოდ საზღვაო და სარკინიგზო გზით იქნება შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას ტრაილერების მძღოლების პროტესტი მოჰყვა და სახელმწიფო უწყებამ მათ შესაძლებლობა მისცა, ერთ წელიწადში სხვა პროდუქციის შემოტანაზე გადაერთონ.

დასაქმებულის დაზღვევა უბედური შემთხვევისგან

დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მუშაობის პერიოდში დასაქმებულისთვის შეიძინოს უბედური შემთხვევის დაზღვევა - ეს მუხლი შრომის უსაფრთხოების კანონში ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვისაც, რომელსაც მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილების საფუძველზე მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი მიენიჭა. უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუუნაროდ დარჩენის ან გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეულ თანამშრომელზე ან მისი ოჯახის წევრზე გასცემს. ასანაზღაურებელი თანხა წინასწარ შეთანხმებული ლიმიტის შესაბამისად განისაზღვრება.

პლასტიკის პარკები იკრძალება

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში კანონით 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა, თუმცა ბიზნესსუბიექტებს ნაშთების ამოყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი საქართველოს მთავრობამ აკრძალა ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და გაყიდვა. აკრძDალვა არ ეხება ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს.

მწარმოებელ-იმპორტიორებმა საკუთარ ნაგავს მიხედონ

2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან ნარჩენების მართვის კოდექსში შედის ცვლილება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ - ზოგიერთი პროდუქტის მწარმოებელმა და იმპორტიორმა კომპანიებმა თავად უნდა გადაამუშაონ საკუთარი პროდუქტის ნარჩენი. საუბარია სპეციფიკურ, მაგალითად, შეფუთვის ნარჩენებზე, როგორიც არის პლასტმასა, მუყაო, ქაღალდი და სხვა, აგრეთვე ელექტრონულ ნარჩენებზე, ხმარებიდან ამოღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე.

მეწველი ძროხები უნდა აღირიცხოს

2019 წლის 1-ლი იანვრიდან რძის გადამმუშავებელ საწარმოებს ეკრძალებათ რძის შეძენა იმ ფერმერებისგან, რომელთა ცხოველები არ არის იდენტიფიცირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამ რეგულაციის მიზანია რძისა და რძის პროდუქტების ხარისხიანობისა და კეთილსაიმედოობის ამაღლება.

ფილტრითაც და უფილტროდაც

1-ლი იანვრიდან თამბაქო ძვირდება. ფასები მოიმატებს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ პროდუქციაზეც. ამის მიზეზია უფილტრო სიგარეტზე აქციზის 1,7 ლარამდე გაზრდა (20 ღერ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 1,7 ლარი იყო, ხოლო უფილტროზე - 60 თეთრი). აგრეთვე გაიზარდა ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე 10%-დან 30%-მდე. საბოლოო ჯამში, 1-ლი იანვრიდან უფილტრო სიგარეტი საშუალოდ 1,1 ლარით გაძვირდება, ფილტრიან სიგარეტზე ფასი კი 40-50 თეთრით მოიმატებს.

სურსათის ეტიკეტზე - მხოლოდ სიმართლე

2019 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება პროდუქციის ეტიკეტირების ახალი წესი. სურსათის შესახებ ინფორმაცია არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი, უნდა იყოს ზუსტი და მომხმარებლისთვის ადვილად გასაგები. სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა. მალფუჭებად სურსათზე, რომელმაც შესაძლოა ხანმოკლე პერიოდში წარმოქმნას ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, "ვარგისიანობის მინიმალური ვადა" უნდა შეიცვალოს "გამოიყენება ...მდე" ვადით, რომლის გასვლის შემდეგ სურსათი მავნედ ჩაითვლება.