ყველაფერი, რაც დაგროვებით პენსიაზე უნდა ვიცოდეთ - კვირის პალიტრა

ყველაფერი, რაც დაგროვებით პენსიაზე უნდა ვიცოდეთ

"დაცულები არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები საპენსიო დანაზოგის აორთქლებისგან და რას ურჩევენ ექსპერტები ხელისუფლებას"

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ავტომატურად გაწევრებიდან მაქსიმუმ 5 თვის ვადაში, ოღონდ არა უადრეს 3 თვისა. ანუ 2019 წლის აპრილსა და მარტში.

40 წლამდე დაქირავებით დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა, ხოლო 40 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ასევე თვითდასაქმებულებისთვის ნებაყოფლობითია.

საპენსიო შენატანი ყოველთვიურად ხელფასის 2%-ია. ამასთან, დამსაქმებელიც ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს ხელფასის 2% და სახელმწიფოც იღებს ვალდებულებას, იმავე ანგარიშზე ასევე ხელფასის 2% გადარიცხოს - თუ დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი წელიწადში 24.000 ლარს არ აღემატება. თუ შემოსავალი 24.000-დან 60.000 ლარამდეა, სახელმწიფო 1%-ს ჩარიცხავს, ხოლო თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი შემოსავალი 60.000 ლარზე მეტია, მაშინ არაფერი ჩაირიცხება.

დასაბეგრი ხელფასი არ გულისხმობს მხოლოდ ხელფასის სახით გაცემულ თანხას, გადას.არიცხი თანხის გაანგარიშება ხდება ბონუსების, ბენეფიტებისა და ყველა სხვა სარგებლის გათვალისწინებით. ანუ იგულისხმება ყველა ის სარგებელი, რომელიც თანამშრომლის შემოსავლად მიიჩნევა.

ერთ-ერთი ძირითადი შეკითხვა, რომელიც მოსახლეობას დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით უჩნდება, ის არის, თუ რამდენად იქნება დაცული მათი საპენსიო შენატანები, ხომ არ დაბანდდება აქტივები არაკეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში და იქნებიან თუ არა სქემის მონაწილეები დაზღვეული დანაკარგისგან? საპასუხოდ საპენსიო ფონდში ამბობენ, რომ რისკის შემცირების მიზნით, ინვესტიციები ჩაიდება დივერსიფიცირებულად, მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. რამდენად დამაჯერებელია ეს პასუხი მოსახლეობისთვის, რომელიც დღემდე ითხოვს ხელისუფლებისგან დაკარგული ანაბრების დაბრუნებას, თავად განსაჯეთ, თუმცა საგულისხმოა ის შენიშვნები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ეკონომიკის ექსპერტებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ.

მაგალითად, ექსპერტებისთვის არ არის ნათელი, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა და რატომ არის ის უალტერნატივო. ექსპერტები ასევე გვახსენებენ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა და მოჰყავთ უნგრეთისა და პოლონეთის მაგალითი. 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს პოლონეთის საპენსიო ფონდებში არსებული თანხა ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროდ გადაიქცა. მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირებული ნაწილის კონფისკაცია მოახდინა. უფრო რადიკალურად განვითარდა პროცესები უნგრეთში, სადაც მოხდა სავალდებულო საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია.

ეკონომისტების შეფასებით, დამსაქმებლის დავალდებულება, რომ 40-წლამდე ასაკის დასაქმებულების საპენსიო ფონდში შრომის ანაზღაურების 2% სავალდებულო წესით გადაიხადოს, ფაქტობრივად, გადასახადის ხასიათს ატარებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, აქციზის გარდა, ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის გამართვას მოითხოვს.

ექსპერტების შეფასებით, შემოთავაზებული რეფორმა ვერ უზრუნველყოფს ე.წ. ღირსეულ პენსიას, რადგან სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 25% არის დაქირავებით დასაქმებული, 34% თვითდასაქმებულია, ხოლო 41% უმუშევარია ან სამუშაო ძალაში არ შედის.

ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ: "გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასაქმებულთა 58,4% ორმოცი და მეტი ასაკის ადამიანები არიან, რომლებზეც საპენსიო სქემაში ჩართვის ვალდებულება არ ვრცელდება. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა სამუშაო ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 10,5%-ზე გავრცელდება.

"ღირსეული პენსიის" აღების შესაძლებლობას არ იძლევა არსებული დაბალი ხელფასები. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თვეში დაახლოებით 1000 ლარია. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში, თუ დავუშვებთ, რომ რეალური ხელფასი ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდება და საპენსიო შენატანების თანხასაც ხელსაყრელი დაბანდებებით რეალური 5%-იანი საინვესტიციო შემოსავალი დაემატება, მივიღებთ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხიდან ყოველთვიური პენსია, 15 წელიწადზე გადაანგარიშებით, 210 ლარი იქნება.

მთავრობის განცხადებით, დღევანდელი პენსია მინიმუმ დღევანდელი ღირებულებით შენარჩუნდება, ანუ გამოდის, რომ 25 წლის შემდეგ საშუალო პენსია იქნება ჯამში 410 ლარი თვეში. საკმაოდ ოპტიმისტურ სცენარში, ეს 25 წლის საშუალო ხელფასის 20%-იან, ხოლო ბოლო ხელფასის - 12%-იან ჩანაცვლებას ნიშნავს (დღეს ხელფასის პენსიით ჩანაცვლების საშუალო კოეფიციენტი 18%-ია). ასევე, დღეს რეალობაა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე მეტს ხელფასი თვეში 500 ლარი და ნაკლები აქვს. მათ, ზემოთ მოცემული დაშვებებით, 25 წლის შემდეგ პენსია თვეში 306 ლარი ექნებათ, რაც საშუალო ხელფასის 25,5%-იანი, ხოლო ბოლო ხელფასის - 15%-იანი ჩანაცვლების დონეს უზრუნველყოფს. ამჟამად ამ კონტინგენტისთვის ჩანაცვლების კოეფიციენტი 30%-ია".

ამ დასკვნის მიხედვით, "შემოთავაზებული საპენსიო სისტემით, სახელმწიფო მოსახლეობაში სოციალურ უთანასწორობის ზრდას უწყობს ხელს. საერთო ჯამში, სახელმწიფო დასაქმებულ და მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს უფრო მეტი თანხის კონტრიბუციას გაუკეთებს პენსიაში, ვიდრე უმუშევრებსა და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას.

შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობაში სოციალური უთანასწორობა გაიზრდება.

იზრდება დასაქმების საგადასახადო ტვირთი (ფაქტობრივად, ხელფასიდან გადასახადი 20%-დან 23,2%-მდე იმატებს), რაც გააძვირებს სამუშაო ძალას და უარყოფითად იმოქმედებს დასაქმებაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში, ბიზნესგარემო გაუარესდება. შემოთავაზებულმა საპენსიო სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს არაფორმალური შრომითი გარიგებების დადება და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისება".

არჩილ იაკობაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი: "მე მომხრე ვარ საპენსიო რეფორმისა და ზოგადად, დაგროვებითი სქემის. იმის მომხრეც ვარ, რომ ეს სავალდებულო იყოს, მაგრამ წინააღმდეგი ვარ, ამ პროცესში სახელმწიფომ მიიღოს მონაწილეობა. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადს იხდის ყველა, მაგრამ სხვადასხვა ფორმით. მაგალითად, როცა პენსიონერი რამე პროდუქტს ყიდულობს, ავტომატურად იხდის დამატებული ღირებულების გადასახადს და პოტენციურად ის ჩემს მომავალ პენსიას აფინანსებს. ამიტომ ბიუჯეტის საპენსიო სისტემაში მონაწილეობა, ჩემი აზრით, შეიცავს როგორც ფისკალურ, ისე სოციალური უთანასწორობის რისკებს და აჩენს შეკითხვას - რამდენი ხნის განმავლობაში უნდა დაეხმაროს ბიუჯეტი საპენსიო შენატანებით ამ სქემაში ჩართულ ადამიანებს? მიმაჩნია, რომ ყველა შემთხვევაში ეს საქმიანობა კერძო სადაზღვევო ფონდებმა უნდა განახორციელონ - საპენსიო ფონდში რესურსის მოზიდვაც და შემდეგ ამ ფულის მართვაც. პირველ რიგში, ეს კონკურენციას შექმნის და ასეთი ფონდები პენსიის დაგროვების მსურველებს სხვადასხვა სქემას შესთავაზებენ.

არსებობს დაგროვების ძალიან ბევრი ალტერნატივა და მიმაჩნია, რომ არა სახელმწიფო საპენსიო ფონდმა, არამედ კერძო სადაზღვევო კომპანიებმა უნდა შეასრულონ ეს ფუნქცია. გერმანიაში, მაგალითად, სახელმწიფო მხოლოდ იმ ფორმით მონაწილეობს დაგროვებით საპენსიო სისტემაში, რომ საშუალო და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას საგადასახადო შეღავათებს უწესებს, რათა მათ საპენსიო შენატანებში დაეხმაროს.

რაც შეეხება შეკითხვას, სად დაბანდდება ეს ფული, აქ უფრო ნაკლებ რისკებს ვხედავ, რადგან მიმაჩნია, რომ საინვესტიციო საბჭო, რომელიც ამ ფულს განკარგავს, კონტროლს დაექვემდებარება და არ მოხდება ხალხის ფულის სარისკო ფასიან ქაღალდებში დაბანდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, სახელმწიფოს თუ გაუჭირდება, ხელი არ მოჰკიდოს ამ ფონდში არსებულ ლიკვიდურ რესურსს.

სხვათა შორის, სწორედ ასე მოიქცნენ პოლონეთი, უნგრეთი და ლატვია, როცა საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად საგარეო ვალიც ვერ აიღეს და საპენსიო ფონდში არსებული თანხები გამოიყენეს. თუ ზოგადად მაკროეკონომიკური პრობლემები შეიქმნება, გამორიცხული არ არის, ფორსმაჟორულ ვითარებაში სახელმწიფომ სწორედ ასე იმოქმედოს...

მოკლედ, მიმაჩნია, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა უნდა იყოს სავალდებულო, არავითარი ასაკობრივი ცენზი არ უნდა არსებობდეს, არავითარი ფისკალური დატვირთვა ბიუჯეტზე არ უნდა მოდიოდეს, რადგან საბოლოო ჯამში, ეს გადასახადის გადამხდელებისა და სახელმწიფოს მიერ ვალის აღების შემთხვევაში, მომავალი თაობების გადასახდელი იქნება და სისტემა უნდა მართოს კერძო სექტორმა.

აქვე გეტყვით, რომ სახელმწიფოს, კონტრიბუციის ნაცვლად, შეეძლო საშემოსავლო გადასახადი შეემცირებინა 15%-მდე, მისი მხრიდან ეს უფრო წამახალისებელი იქნებოდა მოქალაქეებისთვის და უფრო მეტი ნდობა გაუჩნდებოდათ დაგროვებითი საპენსიო მოდელისადმი".

პენსიების მჭამელები

"ევროპული საქართველოს" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ტყუილია დაპირება, რომ როცა ქალები 60 წლის და კაცები 65 წლის გახდებიან, პენსიაზე გავლენ და დაგროვებული პენსიის მიღებას დაიწყებენ: "ქართული ოცნების" მიერ შემოღებული საპენსიო სქემა აუცილებლად გამოიწვევს საპენსიო ასაკის ზრდას. დარწმუნებული ვარ, დაგროვებითი პენსიის სისტემას გამაღარიბებელი ეფექტი ექნება, ხოლო პენსიონერები ღირსეულ პენსიას მაინც ვერ მიიღებენ. მთავრობამ ფული ძალდატანებით, ძირითადად ღარიბი მოსახლეობიდან უნდა მოაგროვოს. ეს ფული აღმოჩნდება მსხვილ ბიზნესში, ბანკებში და მას გამოიყენებს მთავრობა.

მთავრობა ადამიანებს, რომლებსაც ფული დღევანდელი საჭიროებებისთვის არ ჰყოფნით, სარისკო ბიზნესში შესვლას აიძულებს. მსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყანას 78 ტრილიონი აშშ დოლარის გარღვევა აქვს საპენსიო ფონდებში. გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ესპანეთის საპენსიო ფონდების ვალდებულებები 3-ჯერ მეტია, ვიდრე ამ ქვეყნების ეკონომიკა. 2016 წელს ბრაზილიაში თანაინვესტირების ფონდის დირექტორი დააპატიმრეს საპენსიო ფონდიდან 2,5 მლრდ აშშ დოლარის მოპარვისთვის. ამავე წლის ბოლოს დააპატიმრეს სამხრეთ კორეის საპენსიო ფონდის დირექტორი. 2017 წელს 14,8 მლნ აშშ დოლარის კორუფციულ სქემაზე ყაზახეთის საპენსიო ფონდის დირექტორი დააკავეს. ეს სულ ახალი, მაგრამ მცირე ნაწილია საპენსიო სქემების გაფლანგვის ისტორიული მაგალითებისა. დღეს იმ ქვეყნებში, სადაც ათწლეულების წინ ასეთი სქემა შემოიღეს, მთავრობა ან საპენსიო ასაკს ზრდის, ან საპენსიო ფონდების დანაკლისს ბიუჯეტიდან ავსებენ, რაც პოლიტიკურ მღელვარებასა და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს", - ამბობს დეპუტატი.