გადასახადები წარმოების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

გადასახადები წარმოების წინააღმდეგ

ხორბლის ბაზარზე არსებულმა ვითარებამ, პურის გაძვირების გარდა, პრობლემები შესაძლოა ადგილობრივ წისქვილკომბინატებსაც შეუქმნას. ყაზახეთმა გადაწყვიტა, საქართველოსთვის დაპირებული 300-500 ათასი ტონა ხორბლის უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანში, აზერბაიჯანულ-ყაზახურ წისქვილკომბინატში გადაამუშაოს და საქართველოში ფქვილის სახით შემოიტანოს. ფქვილის შემოტანა კი ქართული წისქვილკომბინატების ნაწილს უმოქმედოდ დატოვებს.

 

გასულ წლებში სწორედ ფქვილის იმპორტის ზრდამ გამოიწვია წისქვილკომბინატების გაჩერება. ადგილობრივი ბაზარი თითქმის მთლიანად დაბალი ხარისხის, იაფფასიანმა თურქულმა ფქვილმა დაიკავა, რომელიც სერტიფიკატისა და შემოწმების გარეშე შემოდიოდა. ამის გამო ზოგიერთი წისქვილკომბინატი გაკოტრდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, ადგილობრივი წარმოების გადარჩენის მიზნით ფქვილის იმპორტი შეეზღუდა.

უცხოეთიდან ფქვილის შემოტანა 2009 წლის აპრილში საგანგებო დადგენილებით შეიზღუდა, რაც მთავრობაში ადგილობრივი ბაზრის დივერსიფიკაციითა და ადგილობრივი წარმოების წახალისებით ახსნეს. მას შემდეგ ფქვილის იმპორტის განსახორციელებლად კომპანიებს სურსათის უვნებლობის სამსახურიდან სპეციალური ნებართვის აღება უწევთ. შემდეგ უწყება პროდუქციის ფიტოსანიტარიულ შემოწმებას იწყებს, რომლის დროსაც ფქვილის ვარგისიანობა და შემადგენლობა მოწმდება.

საქართველოს მოსახლეობა თვეში დაახლოებით 40 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლის 2/3 ამჟამად ადგილობრივ წისქვილკომბინატებში იფქვება, ხოლო 1/3 უცხოეთიდან შემოდის. მაგრამ წისქვილკომბინატები შესაძლოა კვლავ ძველ ვითარებას დაუბრუნდნენ. საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანმა ხორბლის მსოფლიო კრიზისის დაწყების შემდეგ იმპორტი დღგ-ისგან გაათავისუფლა (ხორბალთან დაკავშირებულ ოპერაციებზე დღგ-ის მოხსნას უკრაინის მთავრობაც აპირებს.

საქართველოს მთავრობაში ეს საკითხი არ განიხილება), ამიტომ ყაზახეთისთვის ხორბლის აზერბაიჯანში დაფქვა და საქართველოში მისი ფქვილის სახით გაყიდვა უფრო მომგებიანია. ამით საქართველოსა და აზერბაიჯანში იმპორტისთვის არათანაბარი პირობები შეიქმნა.

ტონა ხორბალი აზერბაიჯანისთვის თუ 250 ჯდება, ხორბლის ქართველ იმპორტიორებს ის 18%-ით ძვირი უჯდებათ. როგორც საქართველოს პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, თუ წისქვილკომბინატები გაჩერდა, უმუშევრად დარჩენა 10 ათასამდე ადამიანს დაემუქრება. ეს დარტყმას აყენებს ადგილობრივ ფერმერსაც, რომელმაც მოწეული ხორბალი ამ წისქვილკომბინატში უნდა დაფქვას.

ტონა ხორბლის ფასი მსოფლიო ბირჟაზე უკვე 273-ს გადასცდა. ბირჟებზე ფასმა კიდევ აიწია, როცა გაჩნდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიაში, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, გვალვის საშიშროება შეიქმნა. ქართველ მეხორბლეებს კი ტონა ხორბლის საქართველომდე ჩამოტანა უმეტესად 300 უჯდებათ. ამ ფასად შემოვიდა ხორბლის ერთი პარტია ყაზახეთიდან.

შედარებით ძვირი, 350 გადაიხადა უნგრულ ხორბალში კომპანია ”აგრიკომმა”, რომელიც სულ 10 ათას ტონას შემოიტანს. იმავდროულად, კომპანია ბაქოში 6 ათას ტონა ხორბალს ყიდულობს. მიმდინარეობს მოლაპარაკება ირანიდან იმპორტზეც. პირველ ეტაპზე საცდელი პარტია -3 ათასამდე ტონა ხორბალი შემოვა. რამდენად ხარისხიანია ირანული ხორბალი, საქართველოში არ იციან, ამიტომ ჯერ გამოცდიან და თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, იმპორტს ამ შემთხვევაში გაზრდიან.

პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ჯერჯერობით საქართველოში ხორბლის თვე-ნახევრის მარაგია, დაახლოებით 70 ათასი ტონა, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, გაურკვეველია.

უკრაინა, საიდანაც საქართველოს მთავრობა ხორბლის შემოტანას გეგმავს ექსპორტზე კვოტების შემოღებას აპირებს (ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინიდან საქართველოში 15 ათასი ტონა ხორბლის იმპორტის შესახებ. უკრაინის წილი საქართველოში იმპორტირებულ ხორბალში 5-10%-ს შეადგენს). უკრაინის მთავრობამ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ ექსპორტზე კვოტებს (2,6 მლნ ტონა) შემოიღებდა და ხორბლის ტრეიდერებს ექსპორტის გრაფიკს შეუდგენდა, რათა ხორბალზე ფასების სტაბილურობა შეენარჩუნებინა და პურის დეფიციტი აეცილებინა.

უკრაინის პარლამენტში ასევე გაჩნდა კანონპროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებდა. უკრაინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, ამიტომ ექსპორტს ოფიციალურად ვერ აკრძალავს. შესაბამისად, მეხორბლეებს საბაჟო შემოწმების საბაბით აყოვნებს. საბაჟოს მიზეზით 380 ათას ტონამდე ხორბლით დატვირთული ოცამდე გემი ისევ უკრაინის პორტებში დგას.

2010 წელს საქართველოში მარცვლეული 139,8 ათას ჰექტარზე იყო დათესილი. აქედან ხორბალს 90 ათასი ჰექტარი ეკავა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ელოდებოდა, რომ წლეულს 180-200 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი იქნებოდა, მაგრამ ფერმერებს მოსავლის ნაწილი უამინდობამ და მღრღნელებმა გაუნადგურა. 2009 წელს ხორბლის მოსავალმა 193 ათასი ტონა შეადგინა, 2008 წელს 185 ათასი ტონა იყო, 2007 წელს კი -130 ათასი.

ქვეყნის მოსახლეობა ყოველთვიურად 40 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლის 85-90%-ს იმპორტი შეადგენს. იმპორტირებული ხორბლის თითქმის 80% რუსეთზე მოდიოდა, 10-10% კი უკრაინასა და ყაზახეთზე.

საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ხელახლა შემობრუნებას უწინასწარმეტყველებენ. მათი თქმით, ამჯერად კრიზისის მიზეზი სურსათზე ფასების ზრდა შეიძლება გახდეს. ფაქტია, რომ იაფი ხორბალი აღარსადაა.

უფრო მეტიც, კიდევ 17%-ით გაძვირებას ვარაუდობენ. როგორც ექსპერტები ამბობენ, ხორბლის დეფიციტის საშიშროება არ მოიხსნება, სულ ცოტა, მომავალი წლის გაზაფხულამდე, ვიდრე ახალი მოსავლის აღება არ დაიწყება. მარცვლეულის ფასიც, შესაბამისად, მოსავლიანობაზე იქნება დამოკიდებული. მსოფლიოს საბირჟო მაკლერები, ჰუმანიტარული ორგანიზაციები აკვირდებიან, რამდენ მოსავალს მოიწევს რუსეთი და მოხსნის თუ არა ემბარგოს ექსპორტზე.

მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე კვლავ აღინიშნება. გაძვირდა შაქარი, იმის გამო, რომ მის ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელ ბრაზილიას პროდუქციის გატანის პრობლემები შეექმნა. ამასთან, შესყიდვები გაზარდა პაკისტანმა. გაძვირდა ყავა, კაკაო, რაც საქართველოზეც აისახება.

ციფრების ენით

-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ხორბალზე ფასის მატებასთან დაკავშირებით, გლობალური კრიზისის განვითარებას ვარაუდობს.

-წყალდიდობამ პაკისტანში 1,3 მლნ ჰა-ზე გაანადგურა მარცვლეული, ხოლო რუსეთში სიცხემ -11 მლნ ჰა-ზე.

-მეორე მხრივ, 2010-2011 წლების სეზონისთვის აშშ-ში ხორბლისა და ზეთოვანი კულტურების რეკორდულ მოსავალს პროგნოზირებენ.

ნონა ქვლივიძე