კარტოფილის შემცირებული მოსავალი მოთხოვნის ნახევარსაც ვერ გასწვდება - კვირის პალიტრა

კარტოფილის შემცირებული მოსავალი მოთხოვნის ნახევარსაც ვერ გასწვდება

მეზობელ სომხეთსა და თურქეთშიც მოსავალი რეკორდულად მცირეა

წლევანდელი შემოდგომა უბარაქო გამოდგა. სიუხვით ვერც მარცვლეულმა კულტურებმა გაგვახარა, ვერც ხილმა და ბოსტნეულმა. ქვეყანაში კარტოფილის მოსავლის მოწევა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ პროგნოზი არასაიმედოა. არადა, ადგილობრივ ბაზარზე პურის, შაქრისა და მცენარეული ზეთის შემდეგ, კარტოფილზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

ფერმერების შეფასებით, წლეულს კარტოფილის მოსავალი რეკორდულად დაბალი იქნება. კარტოფილის მოწევა საქართველოში მარნეულის რაიონიდან იწყება და ზაფხულში ადგილობრივ ბაზარზე სწორედ იქაური პროდუქტი შემოდის გასაყიდად.

სექტემბერში კარტოფილის აღებას ახალციხის რაიონში იწყებენ და თვე-თვენახევრის განმავლობაში ადგილობრივ მოთხოვნას სწორედ ახალციხის კარტოფილი აკმაყოფილებს. ყველაზე გვიან კი, ოქტომბრის შუა რიცხვებში, კარტოფილის მოსავალს ახალქალაქში იღებენ.

საქართველოში ყველაზე მეტი მოსავალი სწორედ ჯავახეთის ამ რაიონში მოჰყავთ. მაგალითად, შარშან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 250 ათასი ტონა კარტოფილი აიღეს, რაც წინა წლის მოსავალზე მთელი 150 ათასი ტონით მეტი იყო. წლეულს კი ვარაუდობენ, რომ შარშანდელის ნახევარსაც ვერ მოიწევენ. უამინდობასთან ერთად, მცირემოსავლიანობა მოძველებულმა სათესლე მასალამაც განაპირობა.

გედევან გოზალიშვილი (სათესლე და სასურსათო კარტოფილის მწარმოებელთა კავშირ ”ტუბერის” თავმჯდომარე): ”კარტოფილის ნათესების ჯერ მხოლოდ 50%-ია მოწეული. ამინდები კარგია და ხალხი ჯერ არ ჩქარობს მოსავლის ამოღებას. თუმცა შარშანდელთან შედარებით კარტოფილის მოსავალი ძალიან მცირეა, რაც ძლიერმა გვალვებმა განაპირობა.

ამას დაემატა ისიც, რომ მოსახლეობას სათესლე მასალები დაუძველდა და აღარ იძლევა ისეთ მოსავალს, როგორსაც წლების წინ მოვიწევდით. კარტოფილის სათესლე მასალა ქვეყანაში რამდენიმე კომპანიას შემოაქვს. მათ შორის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მერსი ქორია”, რომელმაც, მართალია, წლეულს შემოიტანა  კლასის სათესლე მასალა, ჰოლანდიური კარტოფილი, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით, სულ რაღაც 20-30 ტონა, და ფერმერთაგან ცოტას ერგო უსასყიდლოდ.

სხვა კომპანიებსაც შემოაქვთ სათესლე კარტოფილი, მაგრამ ისინი საკმაოდ ძვირად ყიდიან, კილოგრამს 1,50 ლარად. შესაძლოა ფერმერმა გაიჭირვოს, იყიდოს 100 კილოგრამამდე, მაგრამ პირველ წელიწადს დიდი შედეგი არ მოაქვს და იძლევა მოსავლის მხოლოდ იმ რაოდენობას, რომელიც მომდევნო წლის კვლავწარმოებისთვის არის საჭირო.

მაგალითად, ახალციხის რაიონის სოფელ ვალეში 720 ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგულია. წლეულს ამ სავარგულების ნახევარი კარტოფილის ნათესებს უკავია. ჰექტარზე მოსავლიანობა 20-25 ტონას აღწევს, მაშინ როცა კარგი მოსავლის შემთხვევაში 30-40 ტონაც მოგვიწევია. ახლა კარტოფილის გასაყიდი ფასი ადგილზე კილოგრამი 70-80 თეთრია. შარშან ამ დროს ძალიან იაფი, 38-40 თეთრი იყო.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წლეულს მწირი მოსავალია ჩვენს მეზობელ თურქეთსა და სომხეთში, საიდანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის კარტოფილი იმპორტით. ჩვენი ინფორმაციით, ერევანში კარტოფილი უკვე საკმაოდ ძვირია და კილოგრამი 1 დოლარად იყიდება.

რაც შეეხება თურქეთს, იქაც ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილი არნახულად ძვირია. ასეთი მწირი მოსავლის პირობებში ძნელად წარმოსადგენია, წლეულს ხსენებული ქვეყნებიდან კარტოფილი შემოვიდეს. და თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, ალბათ ძალიან მაღალ ფასად გაიყიდება.

დაახლოებით ორ-სამ თვეში, ადგილობრივი კარტოფილის მარაგი ამოიწურება და თუ იმპორტის ალტერნატიული წყარო არ გამოიძებნა, ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის ფასი ლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს”.

შუქურა კახიანი (მესტიის მკვიდრი): ”წლეულს სვანეთშიც ცუდი მოსავალია. არადა, ტურისტების გაზრდილი სტუმრიანობის გამო, შარშანდელთან შედარებით, კარტოფილისა და სხვა სასურსათო პროდუქტების მოხმარებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ჩვენ კარტოფილი 1 ჰექტარზე გვეთესა და შარშანდელთან შედარებით განახევრებული მოსავალი მივიღეთ. ერთი წლის წინ თუ ოცი ტომარა ამოვიღეთ, წლეულს ათიც ვერ გავავსეთ. ამას ისიც ემატება, რომ სიმცირესთან ერთად, მოსავალი ძალიან უხარისხოა. ადრე ასეთ კარტოფილს პირუტყვს ვაჭმევდით, ახლა კი იძულებული ვართ, ჩვენ მოვიხმაროთ საკვებად. სვანეთში კილოგრამი კარტოფილი, ხარისხის მიხედვით, 50-80 თეთრის ფარგლებში იყიდება”.

სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ წლეულს კარტოფლის მოსავალი შარშანდელზე ნაკლებია, მაგრამ ზუსტი ციფრები მოსავლის მოცულობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ექნებათ, რაც მოსავლის აღება ყველა რეგიონში დასრულდება.

ახალციხის, ახალქალაქისა და სვანეთის გარდა, კარტოფილი წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ხულოსა და შუახევის რაიონებშიც ითესება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ წლეულს რეკორდულად დაბალი მოსავალია მეზობელ სომხეთსა და თურქეთში, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ზამთრის თვეებში ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტი უზბეკურმა კარტოფილმა შეავსოს.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად კარტოფილი 20-25 ათას ჰექტარზე ითესება. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც ყველა ბოსტნეულ კულტურას უკავია ერთად. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი ყველაზე დიდი მოცულობით მეზობელ აზერბაიჯანში ხორციელდება, შედარებით ნაკლები კარტოფილი და მისი პროდუქტი გადის ისრაელში, იმავე უზბეკეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში.

რაც შეეხება იმპორტს, კარტოფილი საქართველოში უმეტესად ზამთრის თვეებში შემოდის. იმპორტის ყველაზე დიდი წილი სომხურ კარტოფილზე მოდის. შედარებით ნაკლები მოცულობით თურქული და ირანული კარტოფილიც შემოაქვთ, თუმცა საგემოვნო თვისებებით უცხოური ადგილობრივს ვერ შეედრება.

კარგი მოსავლის შემთხვევაში, ადგილობრივი კარტოფილით მოთხოვნის 60-70%-ის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. წლეულს კი შემცირებული მოსავალი მოთხოვნის ნახევარსაც ვერ გასწვდება.

ციფრების ენით

-საქართველოში კარტოფილის ნათესები პირველად 1820-იან წლებში გაჩნდა.

-1913 წელს კარტოფილის ნათესები 6800 ჰექტარს შეადგენდა, 1975 წელს კი კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰექტარს აღემატებოდა.