კარტელური გარიგება?! - კვირის პალიტრა

კარტელური გარიგება?!

"მაგთისა" და "სილქნეტის" აბონენტებს მობილური, ინტერნეტისა და IP-ტელევიზიის პაკეტები უძვირდებათ. შეტყობინება ამის შესახებ კომპანიების მომხმარებლებმა სმს-ით უკვე მიიღეს. კომპანიების განმარტებით, ისინი მომხმარებელს გაუმჯობესებულ პაკეტებსა და ინტერნეტის გაზრდილ მოცულობას შესთავაზებენ, ოღონდ გაზრდილ ფასად. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სატელეკომუნიკაციო კომპანიების ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მოუწოდებს, შეაჩერონ ტარიფების გაზრდა, სანამ გაძვირების მიზეზების არგუმენტებს არ წარადგენენ. ეჭვს იწვევს ასევე ბაზრის ორი მსხვილი ოპერატორი კომპანიის ერთდროული გადაწყვეტილება, რაც აბონენტებს არჩევნის საშუალებას, ფაქტობრივად, უსპობს, ხოლო ექსპერტებს კარტელური გარიგების ეჭვს უჩენს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის თქმით, კომისია იწყებს საცალო ბაზრის კვლევას, რათა საცალო ბაზარი დაარეგულიროს და კომპანიებს, რომლებიც, კომისიის აზრით, უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს, ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. ბექაურის განცხადებით, კომისია არ დაუშვებს, რომ დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალა და უპირატესობა მომხმარებლის საზიანოდ გამოიყენონ. კომისიის მონაცემებით, ბაზარზე ფასების ზრდის საჭიროება არ არის და კომპანიების არგუმენტი, რომ დიდ ინვესტიციებს აბანდებენ, ტარიფის გაზრდის საბაბი ვერ იქნება. ტარიფების ზრდის მიზეზს ვერ ხედავენ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაშიც, რადგან საბითუმო ინტერნეტის ფასი დაახლოებით 3-ჯერ(!) შემცირდა.

"ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციაში" კი ორი კომპანიის კარტელურ გარიგებაზე მიანიშნებენ.

გიორგი კაპანაძე, "აფბას" ვიცე-პრეზიდენტი: "ტარიფების გასაზრდელად ამ ეტაპზე მიზეზი არ არსებობს, რადგან სატელეკომუნიკაციო კომპანიების ხარჯები, პირიქით, მცირდება. ორი კონკურენტი ფირმა ერთდროულად აცხადებს ტარიფების ზრდას, რაც კარტელური გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს. მიზეზი, თითქოს ტარიფების ზრდასთან ერთად, მომსახურებაც უმჯობესდება, აბსურდულია და საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად.

ბოლო წლებში მობილურ ოპერატორებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, მათ შორის, 2018 წლიდან მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აქციზი გაუქმდა. ხარჯების შემცირების კვალდაკვალ უნდა შემცირებულიყო ტარიფებიც, თუმცა, როგორც ვხედავთ, მაღალი მოგების მისაღებად კომპანიები უფრო ზრდიან მომსახურების საფასურს. ასევე მიუღებელია საბითუმო ინტერნეტსა და IP ტელევიზიაზე ტარიფების ზრდა, რადგან 2018 წლიდან კომპანია "კავკასუს ონლაინმა" "მაგთიკომს" საბითუმო ინტერნეტზე ტარიფი გაუნახევრა, ხოლო "სილქნეტი", რომელმაც შარშან "ჯეოსელი" იყიდა, თავად ყიდის საბითუმო ინტერნეტს. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად არის ხარჯები შემცირებული.

ფირმების ამ თავაშვებულობას ის განაპირობებს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ფაქტობრივად, ოლიგოპოლიაა - "მაგთიკომი" და "სილქნეტი" მთლიანი ბაზრის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებენ - მობილური ოპერატორების ბაზრის 75%, ინტერნეტბაზრის 78% და IP-ტელევიზიის 83% სწორედ ამ ორ კომპანიაზეა გადანაწილებული. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლია დიდ საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ინტერესებს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ეფექტიანი მუშაობის გარეშე ის სრულიად დაუცველია კომპანიების მაღალი ტარიფებისგან".

უჩა სეთური, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი: "ამ თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2018 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც შიდა ბაზარზე ინტერნეტის გატარების ფასები დაითვალა და დაადგინა, რომ მცირე და საშუალო ოპერატორები მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებისგან, მათ შორის "მაგთიკომისა" და "სილქნეტისგან", მომსახურებას საბაზროზე რამდენჯერმე ძვირად ვიღებდით. ამ კვლევის შემდეგ კომისიამ ინტერნეტის გატარების ტარიფზე კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის შიდა სატრანზიტო ინფრასტრუქტურას ფლობენ, მომსახურების საფასურის ზედა ზღვარი დაუდგინა, რამაც ხარისხიანი ინტერნეტის მიწოდება მომხმარებლისთვის უფრო უნდა გააიაფოს.

საინტერესოა ის ტენდენციები, რაც უცხოეთში ინტერნეტის ე.წ. გლობალური მიერთების წერტილებზე ხდება და რა ღირს მისი ტრანზიტი ჩვენს ქვეყნამდე. საქართველოსთვის გლობალურ ინტერნეტზე მიერთების უახლოესი წერტილებია სტამბოლი, კიევი და სოფია. ამ წერტილებში 1 მეგაბიტი/წამში ინტერნეტის ფასი 1 აშშ დოლართან მიახლოებულია და მოცულობის ზრდასთან ერთად, ეს ფასი სულ უფრო მცირდება. საზოგადოდ, მთელ მსოფლიოში იზრდება მომხმარებლისთვის ინტერნეტის ტრაფიკის მოცულობა, რომლის ზრდასთან ერთად მცირდება მისი ერთეულის ფასიც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვისაც გაურკვეველია, რას ემყარება დიდი კომპანიების გადაწყვეტილება ტარიფის გაძვირების შესახებ, მაშინ როცა საბითუმო ინტერნეტის გაიაფების ფონზე შესაძლებელი იყო გაზრდილი მოცულობები ტარიფის გაძვირების გარეშეც ასახულიყო აბონენტებისთვის შეთავაზებულ პაკეტებში. ასეთი საჭიროება ჩვენი ასოციაციის წევრებს, ანუ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებსაც კი არ უდგათ და ფიქრობენ, რომ არსებული ტარიფებით უკეთესი მომსახურება შესთავაზონ აბონენტებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ასოციაციის წევრებს მძაფრი კონკურენციისა და დემპინგური ფასების პირობებში უწევთ ოპერირება, განსაკუთრებით რეგიონებში.

"მაგთიკომი" და "სილქნეტი" რეგიონებში ნახევარ ფასად სთავაზობენ მომხმარებელს ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებს და უფასო ინსტალაციასაც. არადა, გამორიცხულია, ინსტალაცია უფასო იყოს. თბილისსა და დიდ ქალაქებში კი ეს მომსახურება ორჯერ ძვირია. ეს დემპინგური ფასები იმისთვის არის, რომ ჩაკლან კონკურენტები.

ძალიან კარგია, რომ მარეგულირებელი საცალო ბაზარს იკვლევს, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო დეტალი გაცხადდება. თუ საცალო ბაზარზეც დადასტურდება მსხვილი ფირმების არაკეთილსინდისიერი ქმედებები, მცირე და საშუალო ოპერატორებსაც მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის, რეგიონებშიც. თუ ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესი არ იქნება, ვითარება დამძიმდება. ფაქტია, ახლა ბაზარზე დუოპოლიაა, რაც ორი კომპანიის ხელში გადანაწილებულ ბაზარს ნიშნავს, ხოლო ქვეყანაც და მომხმარებელიც ამ კომპანიებისა და მათი ინტერესების ტყვეა".