ავიატარიფების ომი საქართველოს ცაში - კვირის პალიტრა

ავიატარიფების ომი საქართველოს ცაში

ახალი ავიაკომპანიები დაბალი, თითქმის დემპინგური ფასებით შემოდიან

ავიაბაზარზე წლების განმავლობაში დამყარებული წონასწორობა დაირღვევა - ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ, დაბალი, თითქმის დემპინგური ფასებით. თბილისი-ვარშავის მიმართულებით ერთი კვირის წინ იაფად დაიწყო ფრენა პოლონურმა ავიაკომპანია "ლოტმა", 10 ოქტომბრიდან კი ევროპის მიმართულებით თურქული კომპანია "პეგასუსი" მესამედ, ზოგიერთ რეისზე კი მეხუთედ ფასში იფრენს. როგორც თურქულ კომპანიაში ამბობენ, თუ საქართველოს ავიაბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიები ბილეთების გაიაფებით არ უპასუხებენ, ბაზრიდან წასვლა მოუწევთ.

თბილისის აეროპორტიდან დღეს რეგულარულ სამგზავრო რეისებს 24 კომპანია ასრულებს, მათი უმრავლესობა, 15 კომპანია, უცხოურია. ყველაზე ბევრი რეისი აქვთ "თურქიშ ეარლაინსს", გერმანულ "ლუფტჰანზას", "ჩეხეთის ავიახაზებს", "ბრიტიშ მიდლენდს" (ბი-ემ-აი). ქართულ კომპანიებში ყველაზე მსხვილი "აირზენაა". საქართველოს სივრცეში არარეგულარულად სხვა კომპანიებიც ფრენენ და ჩარტერულ რეისებს ასრულებენ. ცოტა ხნის წინ საქართველოს მიმართულებით ფრენები შეწყვიტა "ავსტრიის ავიახაზებმა" და მიზეზად არარენტაბელურობა და რეორგანიზაცია დაასახელა. ავსტრიის მიმართულებით "ლუფტჰანზის" ავიალაინერები იფრენენ.

ავიაკომპანიების ფასები ერთმანეთისგან ბევრად არ განსხვავდება, თუმცა, მათი დაყოფა საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე მომსახურე კომპანიებად მაინც შეიძლება. ყველაზე მაღალ სეგმენტზე გერმანული "ლუფტჰანზა" მუშაობს - ბილეთის ფასი ევროპის მიმართულებით 340 ევროდან იწყება და 1165-მდეც ადის.

"ჩეხეთის ავიახაზების" ფასები ევროპისკენ 320 ევროდან იწყება. 287-290 ევროდან 820 ევრომდე ჯდება თბილისი-სტამბულის მიმართულება. ბიზნეს-კლასის ფასი კი 2 ათას ევრომდეც ადის. ევროპის მიმართულებაზე "ავსტრიის ავიახაზებზე" ბილეთი 350-დან 850 ევრომდე ღირდა. მაღალ საფასო სეგმენტში მუშაობს "ბრიტიშ მიდლენდიც", თუმცა კომპანიას ამჟამად ფასდაკლება აქვს და ლონდონში ორმხრივი ბილეთი 303 ევრო ჯდება (სხვა დროს ფასები 520 ევროდან 1700 ევრომდე მერყეობს), ვაშინგტონში კი 419 ევროდ დაფრინავს.

აქციის პერიოდში "ბრიტიშ მიდლენდი" ფასებით აჯობებს პოლონურ "ლოტს", რომელიც კვირაში სამჯერ შეასრულებს რეისს ვარშავის, შემდეგ კი ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნების მიმართულებით. თბილისი-ვარშავის რეისზე ორივე მიმართულებით ბილეთის ფასი 275 ევროდან იწყება, ამერიკის მიმართულებით კი ყველაზე იაფი ბილეთი 685 ევრო ღირს. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით 80-ადგილიანი თვითმფრინავით დაფრინავს.

"აირზენას" ევროპის მიმართულებაზე (ვენა, ამსტერდამი, ფრანკფურტი, პარიზი) მინიმალური ფასი 229 ევრო აქვს და 430 ევრომდე აღწევს. "თურქიშ ეარლაინსი" თბილისი-სტამბულის რეისზე ბილეთს 195-დან 550 ევრომდე ყიდის. 310-დან 930 ევრომდე ჯდება თბილისი-სტამბული-ლონდონი. "პეგასუსმა" კი თბილისი-თურქეთის რეისს თითქმის სამჯერ დაბალი ფასი დაადო. თბილისი-სტამბული 79 ევრო, თბილისი-ანტალია - 99 ევრო ეღირება, თბილისი-ლონდონის რეისზე კი მაქსიმალური ფასი 139 ევრო იქნება. "პეგასუსი" ვარაუდობს, რომ წლის განმავლობაში 80-85%-იანი შევსება ექნება. "პეგასუსის" ხელმძღვანელობა საქართველოში ოქტომბერში ჩამოვა და პრეზიდენტსაც შეხვდება.

ლევან ელიზბარაშვილი ("პეგასუსის" წარმომადგენელი საქართველოში): "შარშან გამოჩნდა, რომ საქართველოში მგზავრთა ნაკადი იზრდება, ამიტომაც "პეგასუსმა" საქართველოს საჰაერო სივრცის ათვისება გადაწყვიტა. კომპანია დიდი ხანია პარტნიორს ეძებდა საქართველოში. ჩვენ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს და ეს დროებითი აქცია არ არის. კომპანია მუდმივად ამ ფასად იფრენს. მალე დაემატება რეისები აზიის, აფრიკისა და ამერიკის მიმართულებით.

"პეგასუსს" თურქეთში ყველაზე ახალგაზრდა ქსელი აქვს, მაგრამ უკვე ევროპის 28 ქალაქში დაფრინავს და წარმომადგენლობა მსოფლიოს 70-მდე აეროპორტში აქვს. მგზავრები ბილეთების გაუქმების შემთხვევაში დაზღვეული იქნებიან და ამისთვის მათ ჯარიმის გადახდა არ მოუწევთ".

ხელისუფლებას ბაზარზე კიდევ ერთი დაბალფასიანი ირლანდიური "რან ეარის" შემოყვანაც სურდა, მაგრამ შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. როგორც ამბობენ, ირლანდიურმა ავიაკომპანიამ ფრენების მაღალი სიხშირე და მგზავრთა დიდი ნაკადი მოითხოვა. დაბალფასიანი ავიაკომპანიების, ე.წ. ლოწ ცოსტ-ების, როგორებიცაა "რან ეარი" და "პეგასუსი", ბილეთის ფასში საკვები არ შედის და ეს ფასს მნიშვნელოვანად ამცირებს. მაგალითად, "რან ეარის" რეისით სეილზე, ლონდონიდან ბერლინში, 8 ევროდაც შეიძლება გადაფრენა.

ასეთი პირობა ბევრი მგზავრისთვის მისაღებია, ამიტომ ამ ტიპის ავიაკომპანიებში გაყიდვას არ უჩივიან. ძვირად ღირებული კომპანიების ბილეთის ფასში კვების წილად რამდენიმე ათეული ევრო მოდის, ლოწ ცოსტ-ის ბორტზე მგზავრს შეუძლია საკუთარი საკვები შეიტანოს, რაც შესაძლოა 10 ევროზე მეტი არც დაუჯდეს, სამაგიეროდ ბილეთს შეიძენს განახევრებულ ფასში.

მეორე მხრივ, იაფიანი თვითმფრინავის მგზავრმა ცალკე უნდა გადაიხადოს ხელბარგის საფასურიც, ხოლო აეროპორტები, რომლებიც მათ თვითმფრინავებს ემსახურებიან, ქალაქიდან ბევრად შორსაა, რაც კომპანიას დაბალი ფასის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

"პეგასუსში" მიიჩნევენ, რომ კონკურენტებს ფასების დაწევის რეზერვი აქვთ, მაგრამ ტარიფებს მათ დონემდე მაინც ვერ შეამცირებენ. ქართული კომპანია "სკაი ჯორჯია", რომელმაც სამგზავრო გადაზიდვები არარენტაბელობის გამო შეწყვიტა და ამჟამად ავღანეთის მიმართულებით გადააქვს სამხედრო ტვირთები, აცხადებს, რომ სატარიფო პოლიტიკის გადახედვა ახლა არა, მაგრამ მომავალში მაინც მოუწევს.

გიორგი კოდუა ("სკაი ჯორჯიას" დამფუძნებელი): "არ იქნება სწორი, დაბალი ფასების გამო უცხოური კომპანია არ შემოვუშვათ. ქართველ მგზავრს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ. ჩვენ თურქებს გადავიყვანთ, თურქები ქართველებს და ასე შემდეგ. ასე მუშაობენ ავიაკომპანიები ევროპაში, მაგრამ ჩვენ თუ ვუხსნით ცას უცხოურ კომპანიებს, მათაც უნდა შეგვიშვან საკუთარ ბაზარზე. ჩვენც გვინდოდა ფრენა თურქეთის, ისრაელის, საბერძნეთის მიმართულებებზე, მაგრამ ვერ შევძელით.

თურქებმა არაკონკურენტული გარემო შემიქმნეს და არ შემიშვეს. დღის რეისები მინდოდა, მაგრამ ღამის მომცეს, ფეხი რომ არ მომეკიდებინა. ახლა ვგეგმავ სამგზავრო რეისების დაწყებას ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით. ტარიფების დათვლისას ახალი, იაფიანი კონკურენტების ფასებს გავითვალისწინებ და ბილეთებს კონკურენტულ ფასს დავადებ.

"ლოტი" და "პეგასუსი" დემპინგური ფასებით შემოვიდნენ, მაგრამ მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. ყველაფერი იაფი მართლა იაფი არ არის. ბილეთს 80-100 ევროს ადებენ, მაგრამ მერე მგზავრს სხვა ხარჯები უჩნდება, ბარგის ფასი შეიძლება გადაახდევინონ (ჩვენ და "აირზენას" 20 კილო ბარგის გადატანა უფასო გვაქვს).

თუ მოგშივდა, ერთ ჰამგურგერს თვითმფრინავში 5 ევროდ მოგყიდიან, წყალს 3 ევროდ და სხვ. ბარგის თვითმფრინავამდე მიტანაც ფასიანია. თუ ამ ხარჯებს დაითვლი, აღმოჩნდება, რომ მგზავრობა სულ სხვა ფასი გიჯდება. ეს კომპანიის მარკეტინგული ხრიკია. პოლონურ "ლოტსაც" დემპინგური ფასები აქვს და შეიძლება ითქვას, ევროპის მიმართულებით მისი ბილეთი "პეგასუსზე" უფრო იაფი გამოდის. თანაც პოლონური კომპანია "ლუფტჰანზას" პარტნიორი, სახელმწიფო გადაზიდვების ფლაგმანია. "პეგასუსი" კი მეხუთე რიგშია. თურქეთში ასეთი ძალიან ბევრი კომპანიაა".

ბილეთების გაიაფებას არ აპირებს "ლუფტჰანზა". კომპანიის თბილისის ოფისში თავს იაფი ავიაკომპანიების კონკურენტად არ მიიჩნევენ, რადგან მაღალ სეგმენტზე მუშაობენ. კომპანიაში ფიქრობენ, რომ კრიზისში არა იმდენად ფასის დაწევა ჭრის, არამედ იმავე ფასში სერვისის გაზრდა. მსხვილი ევროპული ავიაკომპანიის გაყიდვაში პირველ და ბიზნესკლასს 20%-მდე უკავია, მაგრამ შემოსავლის 40% მოაქვს. ბილეთი ძვირი ღირს, ამიტომ ცოტა იყიდება, სამაგიეროდ დიდი მოგებით.

როგორც ამბობენ, იაფი ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტში მას შემდეგ გამოჩნდებიან, რაც თბილისი ე.წ. ჰაბის ფუნქციას შეიძენს. ჯერჯერობით კი თბილისს ჰაბისთვის აუცილებელი რაოდენობის მგზავრთა მოზიდვა გაუჭირდება.

ტრანსპორტის ერთიან ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ "ღია ცის" პოლიტიკა შედეგს გამოიღებს და ის ბილეთის ფასებს უნდა დაეტყოს.

ირაკლი დავითაძე (ტრანსპორტის ერთიანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი): "ჩვენი ავიაბაზარი რეგულირებისგან გათავისუფლებულია. 26 სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები და მათთვის ბაზარი გახსნილია. ნებისმიერ კომპანიას შეუძლია შემოვიდეს. ფასები ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. მთავარია შევუქმნათ პირობები შემოსასვლელად და მერე ბაზარი უკეთ უკარნახებს, იმუშაოს თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე მუშაობენ, ფასები ხელოვნურად აქვთ გაზრდილი. მაგრამ რეზერვი არის და ალბათ ფასებს შეამცირებენ.

საქართველოში მცხოვრებლებს დიდი არჩევანი აქვთ და ფასის მიხედვით თვითონ გადაწყვეტენ, რომელი კომპანიის თვითმფრინავით იმგზავრონ. მაღალფასიან ავიაკომპანიებსაც ჰყავთ მგზავრები, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათი კლიენტი არსებობს. თბილისის მიმართულება არარენტაბელური რომ არ იყოს, არ იფრენდნენ.

დაბალფასიანი ავიაკომპანიების შემოსვლას მომავალში კიდევ ველოდებით. ავიაკომპანიისთვის მთავარია, მგზავრი ჰყავდეს, სხვა შემთხვევაში ის არ იფრენს. მოლაპარაკებები გრძელდება "რან ეართანაც". ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა თუ გაგრძელდება, მგზავრთა რაოდენობაც მოიმატებს, სხვა დაბალფასიანი ავიაკომპანიებიც გამოჩნდებიან და ეს ტარიფებსაც დაეტყობა".

ნონა ქვლივიძე