ამერიკული სათესლე ხორბალი ფერმერებს არ ჰყოფნით - კვირის პალიტრა

ამერიკული სათესლე ხორბალი ფერმერებს არ ჰყოფნით

"ქართული მეთესლეობა აღარ არსებობს"

ფერმერებისთვის დიდი ხნის წინ დაპირებული ამერიკული სათესლე ხორბალი ჩამოვიდა. "ჯაგერის" ჯიშის ხორბალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებით სს "სოფლის მეურნეობის კორპორაციამ" ჩამოიტანა. პირველი პარტია - 600 ტონა კომპანიის გაჩიანისა და გორის საწყობებშია და მის გაცემას დღეიდან იწყებს.

მაგრამ სათესლე მასალა ყველა მსურველს არ შეხვდება. ფერმერებს განაცხადი 2700 ტონაზე აქვთ შეტანილი. სულ კი 2 ათასი ტონა უნდა ჩამოვიდეს.

ხორბლის თესლი კანზასსა და ოკლაჰომაში შეიძინეს. "ჯაგერი" უმაღლესი ხარისხის "ელიტის" ხორბლის პირველი რეპროდუქციაა, ამიტომ მაღალ მოსავალს იძლევა, ჰექტარზე 3-4 ტონას, რაც ქართული და რუსული ჯიშის ხორბლის მოსავლიანობას ბევრად აღემატება (ელიტური ჯიშების ხორბლის თესლი კი 5 ტონა მოსავალს იძლევა).

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, "ჯაგერი" გვალვას კარგად იტანს და ხორბლის დაავადება ჯანგას მიმართ გამძლეობითაც გამოირჩევა. დღემდე საქართველოში ადგილობრივ, ქართული ჯიშის ხორბალთან ერთად რუსეთსა და უკრაინიდან შემოტანილი ხორბალი ითესება. როგორც ფერმერები ამბობენ, ყველაზე გამძლე და პოპულარული რუსული ხორბლის ჯიშები გამოდგა, მაგრამ მოსავლიანობა დაბალია და ხარისხიც ყოველწლიურად უარესდება.

1 კილოგრამი ამერიკული სათესლე ხორბალი 1 დოლარი ეღირება, რასაც დაზღვევის ხარჯიც ემატება, დაახლოებით 5-10 ცენტი. ფერმერებს ფასი ეძვირებათ, მაგრამ მეტი მოსავლის მიღების იმედით, რისკზე მიდიან.

გიორგი ჯახუტაშვილი (სს "სოფლის მეურნეობის კორპორაციის" დირექტორი): "გვინდოდა, მთლიანად ადგილობრივი სათესლე ხორბალი შეგვესყიდა, მაგრამ ხარისხი ამის საშუალებას არ გვაძლევს. აღარც შერევა გვინდოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ამერიკული თესლის შემოტანა. კილოგრამის ფასი 1,05 დოლარზე მეტი არ იქნება, ადგილობრივი კი 1 ლარი და 40 თეთრი ღირს. თუ ფერმერები ამერიკულის ყიდვას შეძლებენ, მოსავლიანობის გაზრდა გარანტირებული ექნებათ.

სოფლები მოვიარეთ, ფერმერებს განაცხადები შევავსებინეთ, შევაგროვეთ, რათა გვცოდნოდა, რამდენი შემოგვეტანა.

წინასწარი განაცხადი ათას ტონაზე გვქონდა, მაგრამ თადარიგი დავიჭირეთ და ორჯერ მეტი შემოვიტანეთ. ბევრმა ფერმერმა ახლა მოინდომა, როცა იმპორტი დაიწყო, ამიტომ საკმარისი აღარ არის. ადგილობრივი სათესლე მასალის წარმოების გაზრდა შეიძლება, მაგრამ ქართველი დილერები მარკეტინგში მოიკოჭლებენ, ამიტომ ამაზე ჩვენ გვიწევს ზრუნვა. შევქმენით საკონსულტაციო კომპანია ფერმერების დასახმარებლად.

თესლის გაცემის დროს მათ ბუკლეტებს გადავცემთ, სადაც თესვისა და შემდეგ ნათესის მოვლის რეკომენდაციები იქნება. გაისად სათესლე სიმინდის შემოტანასაც ვაპირებთ. ვნახოთ, როგორ შედეგს მოიტანს და მერე სხვა სათესლე მასალის იმპორტზეც ვიმუშავებთ. იმ ფერმერების მონაცემებს, რომლებმაც განაცხადები შემოიტანეს, ჩვენს ბაზაში შევიყვანთ და მომავალში მათ მოთხოვნას უფრო ზუსტად განვსაზღვრავთ".

დავით ლომაშვილი (ფერმერი, დედოფლისწყარო): "ამერიკული "ჯაგერი" ჯერ არ მინახავს, ამბობენ, კარგიაო. თანაც სერტიფიცირებული იქნება. ძვირია, დოლარი და ათი ცენტი ჯდება, მაგრამ ხორბალზე დღეს არსებული ფასების პირობებში, გარისკვა შეიძლება. ელიტური თესლი არ არის, მისგან მიღებული პირველი რეპროდუქციაა, მაგრამ მაინც მიღირს, რადგან სამ წელიწადს თესლის პრობლემა აღარ მექნება. სამი წლის შემდეგ, როცა თვისებებს დაკარგავს, შეიძლება საფქვავად გავუშვა. ადრე სათესლე მასალას ჩემი საკუთარი ხორბლიდან ვაწარმოებდი, შარშანწინ ნაწილი უკრაინიდან შემოვიტანე, უფრო ადრე რუსეთიდანაც შემომქონდა. მესამე წელია ვთესავ, ამიტომ მოსავალი მცირე იქნება.

მე და ჩემს მეგობარს ხორბალი 800 ჰექტარზე მოგვყავს. ერთი კილო ადგილობრივი სათესლე ხორბალი 60-65 თეთრი ღირს, მაგრამ ჩემი დაბალი ხარისხის 300 კილოგრამი ხორბალი ერთ ჰექტარს დამითესავს, მაშინ როცა ამერიკული 200 კილოგრამიც საკმარისია. თუ ამას გავითვალისწინებთ დაანგარიშებისას, ამერიკული უფრო რენტაბელური გამოვა. ამიტომ ჩემს სათესლე მარცვალს გავყიდი და უმეტეს ფართობზე ამერიკულს გამოვიყენებ. ჩემს ხორბალს მცირე ნაწილზე დავთესავ.

სულ 100 ტონა "ჯაგერს" ვყიდულობ. ბანკის საგარანტიო დოკუმენტით გამოვიტან და ვფიქრობ, დავაზღვიო თუ არა. პატარა ნაკვეთზე შეიძლება დაზღვევა გავაკეთო, თუ სადაზღვევოებმა შარი არ მომიდეს. გვალვის გარდა ყველაფერს დავაზღვევთო, ამბობენ, მაგრამ მერე შეიძლება მომედავონ, სასუქი არ დააყარეო, არ მოუარეო და ზარალი აღარ ამინაზღაურონ. ამიტომ მოსავლის დიდ ფართობზე დაზღვევას ვერ გავრისკავ. მოსავალს 5-6%-ში გვიზღვევენ, მაგრამ საბედნიეროდ სავალდებულო არ არის".

ზურაბ გაიოზიშვილი (ფერმერი, თეთრიწყარო): "მე და ჩემს რამდენიმე პარტნიორს ხორბალი 67 ჰექტარზე გვაქვს დათესილი. იჯარით გვაქვს მიწის ნაკვეთი აღებული და ახლა გამოსყიდვას ვაპირებთ. ადრე სათესლე მეურნეობაში ვმუშაობდით, ამიტომ ხორბლის ჯიშებსა და თესლის ხარისხშიც კარგად ვერკვევით. როგორც ვიცი, "ჯაგერის" ჯიში, სოფლის თონეებში გამოსაცხობად არ გამოდგება, ქალაქში პურის წარმოებაში უფრო გამოიყენება. ჩვენ კი ბიზნესი ადგილობრივ მოთხოვნილებაზე გვაქვს გათვლილი.

ადრეც შემოიტანეს ამერიკული ჯიშის ხორბალი, მაშინ კარგი მოსავალი მივიღეთ. ჰექტარზე 3 ტონამდე მოგვივიდა. თან ჩვენი ნაკვეთი შედარებით გვალვიან და მაღალმთიან ადგილზეა, თორემ იმ ადგილებში, რომლებიც ირწყვება, ის უფრო დიდ მოსავალს იძლევა.

ადრე სართიჭალიდან მოგვქონდა სათესლე ხორბალი, რუსული "ტანია", "იუნა", "მირლებენი" და ქართული "უფხო პირველი", მაგრამ ქართული მეთესლეობა აღარ არსებობს. "ჯაგერი" ძალიან ძვირია, ამიტომ მის დათესვას მხოლოდ 20 ჰექტარზე ვაპირებთ. 5 ათას დოლარზე მეტს ვერ გადავიხდით.

ამას დაზღვევის 400 დოლარი და საკომისიოები ემატება. სულ ჩვენს ფართობებს 30 ათასი დოლარის თესლი სჭირდება, ამდენი სესხის აღებას კი ვერ გავრისკავთ. სეტყვა რომ მოვიდეს ან გვალვა დაიჭიროს, დავიღუპებით. დაზღვევა 8% გვიჯდება, რაც ძალიან ძვირია. ამიტომ ნათესებს ვერ ვაზღვევთ, მარტო თანხის დაზღვევა გადავწყვიტეთ".

როგორც "სოფლის მეურნეობის კორპორაციაში" ამბობენ, რადგან სათესლე ხორბალი საკმარისი რაოდენობით არ არის, პირველად იმ ფერმერებს დააკმაყოფილებენ, ვინც ნაღდ ფულს გადაიხდის, შემდეგ მათი რიგი დადგება, ვინც საბანკო გარანტიას წარადგენს.

ნონა ქვლივიძე