"1-ლი მარტიდან შესაძლოა, დახლები დაცარიელდეს"
11-02-2019
"1-ლი მარტიდან შესაძლოა, დახლები დაცარიელდეს"
"ბიზნესისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რეკეტით წაართმევენ ფულს თუ ამას კანონით "გააპრავებენ"

პირველი მარტიდან მომხმარებელს მაღაზიის დახლები, შესაძლოა, თითქმის ცარიელი დახვდეს, ხოლო პროდუქცია, რომელსაც სავაჭრო ობიექტებში აღმოაჩენს - გაძვირებული. იმპორტიორები და დისტრიბუტორები ამის მიზეზად ახალ რეგულაციას ასახელებენ, რომელსაც ოფიციალურად ჰქვია "ტექნიკური რეგლამენტი მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე". ის პროდუქციის მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ეტიკეტზე უფრო ვრცელი და რეალური ინფორმაციის განთავსებას ავალდებულებს.

ივა ჭყონია, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი: "თუ რამე კონსენსუსამდე არ მივედით
ხელისუფლებასთან, სავაჭრო ობიექტებში 1-ლი მარტიდან გამოცარიელებული დახლების წინაშე აღმოვჩნდებით. ჯერ კიდევ შარშან მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს თხოვნით, რეგულაციის ამოქმედება ექვსი თვით მაინც გადავადებულიყო. არის საკითხები, რომლებიც უფრო სიღრმისეულ შესწავლას ითხოვს. ქართულენოვანი ეტიკეტი პროდუქციის უმეტესობაზე დღესაც გვხვდება, მაგრამ ახალი რეგულაცია ამ ეტიკეტზე უფრო მეტი ინფორმაციის დატანას გვავალდებულებს. ეს
60-გვერდიანი რეგულაცია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რომელიღაც ქვეყნის კანონმდებლობიდან გადმოწერეს ქართულ რეალობასთან მისადაგების გარეშე. ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი მომზადებული ხვდებოდა სიახლეს და ეტიკეტის კლიშეებიც შეუკვეთეს უცხოეთში, მაგრამ გასულ ოქტომბერში, ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე, ცვლილებები შესულა მთავრობის 519-ე დადგენილებაში, ამიტომ კლიშეები, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი ხდება და ბიზნესის ასიათასობით ლარის ხარჯი წყალში გადაყრილი გამოდის.

ჩვენ ახალ რეგულაციას არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა არა - ბიზნესისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. თუ მას წარმოება და მიწოდება გაუძვირდება, საბოლოოდ ეს მომხმარებელსაც დააზიანებს. ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო მოხელე ვალდებულია, ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეს ბიზნესთან, განსაკუთრებით - როცა ასეთი ცვლილება იგეგმება. ჩვენ მუდმივად ვითხოვდით კომუნიკაციას და ვთხოვდით გადავადებას, რადგან ჩვენთვის ბევრი რამ გაუგებარი იყო. მაგალითად, დახლზე ვეღარ განათავსებ ფორთოხლის წვენს, რომელიც შეიცავს ფორთოხლის კონცენტრატს და მას შეფუთვაზე ფორთოხალი ახატია. დღეს რომ დახლზე ტარხუნის ლიმონათია და ეტიკეტზეც ტარხუნა ახატია, თუ დამზადებულია ამ პროდუქციის ექსტრაქტზე, ეტიკეტზე ტარხუნას ვეღარ დაახატავ. ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ვსაუბრობთ და შეგხვედრიათ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში მსგავსი რამ? აი, ასეთმა ჩანაწერებმა შექმნა ბუნდოვანება და გარკვევას ვითხოვდით.

ჩვენთვის მიუღებელია ხელისუფლების დამოკიდებულება - ბიზნესი ხართ და უნდა გადაიხადოთო. ანდა გვეუბნებიან, რა ვალდებული ვართ აგიხსნათ, საკანონმდებლო მაცნეში წაიკითხეთო.

როცა ბიზნესს ცვლილებების შესახებ არ აცნობებ და მათ დასამტკიცებლად მთავრობას უგზავნი, ამას მავნებლობა ჰქვია.
ამიტომ ვამბობთ, რომ დისტრიბუტორების თითქმის 99% მოუმზადებელი დახვდება ამ ცვლილებას, ან დახლზე პროდუქცია არ უნდა გამოვიტანოთ, ან თუ მაღაზიებს არასრული ეტიკეტებით მივაწვდით, 2 მარტიდან სურსათის უვნებლობის სამსახური შეძლებს, დაგვაჯარიმოს. ყოველი ახალი დარღვევის აღმოჩენისას ჯარიმა 400 ლარია, განმეორებით შემთხვევებზე - 600 ლარი. ბიზნესისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რეკეტით წაართმევენ ფულს თუ ამას კანონით "გააპრავებენ"!

შემოდის ვალდებულება, ყველა დაუფასოებელ პროდუქციას ჰქონდეს თერმული ეტიკეტი. ასაწონი პროდუქციის 100 გრამიც რომ აგიწონოთ გამყიდველმა, თერმული ეტიკეტი უნდა დაგიკრათ, რომლის ღირებულება 5-დან 50 თეთრამდე მერყეობს... თერმული ეტიკეტების გამოყენება, შესაძლოა, გამოსავალი იყოს, სანამ ახალი კლიშეები ჩამოვა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა ფინანსური და ადამიანური რესურსია საჭირო, რომ საწყობებში პროდუქციის მილიონობით ერთეულს თერმული ეტიკეტი დააკრა. ყველაფერი ბიზნესს აწვება, ის იძულებულია, გაზარდოს ფასები, ამით კი მომხმარებელი ზარალდება. 1-ლი მარტიდან, შესაძლოა, პროდუქციის მიუწოდებლობისთვის სუპერმარკეტებმა დაგვაჯარიმონ, ხოლო თუ ძველი ეტიკეტებით მივაწვდით - სურსათის უვნებლობის სამსახურმა."

თენგიზ კალანდაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "რეგულაცია მიღებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე... ეს დადგენილება 2016 წელს მიიღეს და ბიზნესს მოსამზადებლად ორი წელიწადი და რვა თვე ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ბიზნესს როგორც სჩვევია, ბოლო წუთს დაიწყებენ ფიქრსა და სამზადისს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ რეგულაციების თაობაზე მათთვის ინფორმაცია დროულად მიგვეწოდებინა. გავმართეთ არაერთი შეხვედრა და განხილვა, დოკუმენტი ატვირთულია როგორც ჩვენი სამინისტროს, ისე - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს და ამისთვის მათ დროც ჰქონდათ, მაგრამ ამ რეგულაციების მთავარი მიზანი მომხმარებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.

ცვლილებები მხოლოდ ეტიკეტირების წესს არ ეხება. მაგალითად, ზოგჯერ გაიგონებთ, რომ პურის ესა თუ ის სახეობა "ომეგა 3"-ის წყაროა და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, სინამდვილეში კი ასე არ არის. ახალი წესით მწარმოებელი მომხმარებელს პროდუქციის შესახებ არარეალურ და გადაჭარბებულ წარმოდგენას ვეღარ შეუქმნის... სურსათში შემავალი ალერგენების შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე სხვა ინგრედიენტების ჩამონათვალისგან უნდა გამოირჩეოდეს. მაგალითად, თუ მაქვს ალერგია ნუშსა ან სოიაზე, ეს ინფორმაცია ეტიკეტზე თვალში საცემი უნდა იყოს. ასევე ვერ მივიღებთ ბიზნესის პრეტენზიებს დამზადებულ კლიშეებსა და თერმულ ეტიკეტთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებზე. თერმულ ეტიკეტს ახლაც გვიკრავენ ასაწონ პროდუქციაზე - რა ინფორმაციასაც შეიყვან შესაბამის მოწყობილობაში, ის იქნება დატანილი ეტიკეტზეც და მეტი ინფორმაციის განთავსება დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული ვერ იქნება. 519-ე დადგენილებაში შევიდა ერთი მარტივი ცვლილებაც - პროდუქციის ეტიკეტზე დამზადების თარიღიც უნდა იყოს მითითებული. თუ დააკვირდებით, ბევრი მწარმოებელი პროდუქციის დამზადებისა და ვარგისიანობის თარიღს არა ძირითად ეტიკეტზე, არამედ შეფუთვაზე სხვა ადგილას უთითებს. ბიზნესისთვის არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი გარემოება, რომ სურსათზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, დამზადების თარიღიც მიუთითონ. ბიზნესი ცდილობს, შექმნას მოლოდინი, რომ 1-ლი მარტიდან დახლები, შესაძლოა, დაცარიელდეს. გარწმუნებთ, არც სახელმწიფო უწყებების განწყობაა იმგვარი, რომ ეტიკეტირების პირობების დარღვევის აღმოჩენისას 1-ლი მარტიდანვე დაიწყებენ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებას. დაჯარიმება და სანქციების გამოყენება არ არის გამოსავალი. ჩვენ ვითანამშრომლებთ ბიზნესთან, რათა არც ის დაზარალდეს და მომხმარებელიც ინფორმირებული იყოს პროდუქციის შესახებ".

ემა ტუხიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?