"ხაზარაძის საუკეთესო თავდაცვა კულუარული თემების გასაჯაროება იქნება" - კვირის პალიტრა

"ხაზარაძის საუკეთესო თავდაცვა კულუარული თემების გასაჯაროება იქნება"

"თუ ილუზია აქვს, რომ როგორღაც გადააგორებს ამ პრობლემას და ვინმეს რამეზე მოელაპარაკება, ვეტყოდი, რომ ასე ვერ მოხდება. ამიტომ, რაც სათქმელი აქვს, ჯობს დღესვე თქვას. ნებისმიერი დაგვიანებული დღე მხოლოდ დაამძიმებს მის მდგომარეობას"

დროის ათვლა დაწყებულია - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკს" ორთვიანი ვადა მისცა სამეთვალყურეო საბჭოდან ბანკის დამფუძნებლებისა და ამავე საბჭოს ხელმძღვანელების გასაწვევად. არადა, თავად სებ-მა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება უკვე შეუჩერა. მაშინ რას წყვეტს ეს ორი თვე და რატომ არ მოითხოვა მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა, დაუყოვნებლივ ჩამოეშორებინათ ბანკისთვის პირები, ვისი ქმედებაც "ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევად" თავად შეაფასა? სწორედ ამ და კიდევ რამდენიმე საინტერესო გარემოების გამო, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ხაზარაძის გაფრთხილებად და ულტიმატუმად აღიქმება. რა აქვს დასათმობი ხაზარაძეს? როგორც თავად წერს საჯარო წერილში, ეს არის საქმე, თავისუფლება და ღირსება, რომელთა დათმობასაც არ აპირებს და "თიბისის", მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში დაიცავს. თუმცა "გაფრთხილება" შესაძლოა სულ სხვა საქმეს ეხებოდეს, რომლის დათმობაც ხაზარაძეს "თიბისის" შეუნარჩუნებს.

გზავნილი ბანკირებს - "თქვენ გელით..."

პირველად ინფორმაცია, რომ "თიბისი ბანკის" საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა, მედიით 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა, მაგრამ მაშინ ამას არც ბანკი ადასტურებდა და არც საგამოძიებო უწყება. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ! მალევე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, კვლავ მედიის წყალობით გახდა ცნობილი.

8 იანვარს ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაცია "თიბისი ბანკის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისეთ დეტალებს შეიცავდა, რომ წყარო საქმეში კარგად ჩახედული ადამიანი უნდა ყოფილიყო. მეორე დღეს ეს ინფორმაცია თითქმის 100%-იანი სიზუსტით გადაამღერა პროკურატურამ, თუმცა სტატიის მხოლოდ ერთი ეპიზოდი არ დაადასტურა - კერძოდ, სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის მართვას ჩამოაშორეს.

ჩნდება ეჭვი, რომ მაშინ ამ ინფორმაციის გაჟღერებას თავისი დატვირთვა ჰქონდა და ხაზარაძის ერთგვარი გაფრთხილება იყო - თუ "ჭკვიანად არ მოიქცეოდა", მოგვიანებით პროკურატურა სტატიის ამ დეტალსაც "დაადასტურებდა".

რა ხდებოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ძნელი სათქმელია, თუ, რა თქმა უნდა, ისევ "კონფიდენციალური" წყარო არ გადაწყვეტს რომელიმე მედიასაშუალებისთვის გულის გადაშლას. თუმცა მხარეების დუმილის დაგვირგვინება ეროვნული ბანკის ამ ხისტი გადაწყვეტილებით შესაძლოა მხოლოდ ერთზე მიუთითებდეს - კულუარული შეთანხმება ვერ შედგა!

რა ეჭვი აქვს ხაზარაძეს?

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკპოსტით უპასუხა, სადაც ამბობს, რომ აეჭვებს ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი მარეგულირებლის გადაწყვეტილება და რეპუტაციის შემლახველი კამპანია სწორედ მაშინ, როცა ასე ახლოს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის დაწყება.

"თიბისი ჰოლდინგი" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერია.

როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, აქტიურ პოლიტიკაში ახლად დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილ-ხაზარაძის შესაძლო ალიანსის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ გააღიზიანა და უმრავლესობის ცნობილ შეხვედრაზე, სადაც, ოფიციალური ვერსიით, მმართველი გუნდი "იუნისეფის" კვლევასა და სიღარიბის საკითხებს განიხილავდა, პარტიის თავმჯდომარეს კვირიკაშვილისთვის ანაკლიის პორტისა და ხაზარაძის შესახებ ბევრი შეკითხვა დაუსვამს.

უცნაურობები და "დამთხვევები"

რა თქმა უნდა, თუ კანონის დარღვევასთან, მათ შორის, ფულის გათეთრებასთან გვაქვს საქმე, პროკურატურა და სებ-ი ვალდებული არიან იმოქმედონ. თუმცა, "თიბისი ბანკის" საქმეში ანალიტიკოსები შემდეგ უცნაურობებზე და "დამთხვევებზე" ამახვილებენ ყურადღებას. პროკურატურა და ეროვნული ბანკი 2007-2008 წლების ტრანზაქციებით დაინტერესდნენ 11-12 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც ეს ტრანზაქციები წინა წლებში რამდენჯერმე შეისწავლეს მაკონტროლებელმა ორგანოებმა და საგანგაშო ვერაფერი ნახეს. ტრანზაქციებზე დაწყებული გამოძიება დაემთხვა ხაზარაძის მეგობრის, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან ხმაურიან წასვლას.

რატომ არის ანაკლიის პორტი გემრიელი ლუკმა?!

ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და 2021 წლიდან უკვე გემებს მიიღებს. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად განვითარდება, ინვესტიციის ჯამი კი 2,5 მილიარდი დოლარია. თანხის მიხედვით, ეს ყველაზე დიდი პროექტია, რაც კი საქართველოში განხორციელებულა. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც 10 000-კონტეინერიანი გემების მიღების საშუალებას მისცემს. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მლნ ტონა იქნება.

ანაკლიის პორტს საერთაშორისო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ამერიკელებისა და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. შესაბამისად, ვინც იქნება კონსორციუმის ძირითადი მოთამაშე, პორტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი გავლენა საქართველოში და მთლიანად რეგიონში ერთიორად გაიზრდება არა მხოლოდ ბიზნესის კუთხით. გარდა ამისა, არსებობის უფლება იმ ვერსიასაც აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებით, ან მეწილეებს შორის ძალთა ბალანსის შეცვლით დაინტერესებული არიან ის გავლენიანი პირები, რომელთაც ბიზნესინტერესები აქვთ ბათუმისა და ფოთის პორტებში.

საინტერესოა ისიც, რომ ფოთის პორტში ერთ-ერთი მოთამაშე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია, მისი დამოკიდებულება კი ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია. მათ შორის ერთ-ერთი დავა სწორედ ფოთის პორტის ნავმისადგომებს ეხებოდა. ვანო ჩხარტიშვილი ჯაფარიძესა და ხაზარაძეს მისი აქტივების მითვისებაში ადანაშაულებდა. ამის თაობაზე ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჩვენი კითხვის პასუხად ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ის შეხვდა დაპირისპირებულ მხარეებს და ვანო ჩხარტიშვილი დაარწმუნა, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის მოგების შემდეგ დავა აღარ გაეგრძელებინა "თიბისისთან".

"ეს ყვითელი ბარათის ჩვენებას ჰგავს"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "სამართლებრივ ნიუანსებში არ მოვყვები, რადგან ეს პროფესიონალების საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე გროვდება ბევრი შეკითხვა, რომლებიც პასუხებს საჭიროებს. მგონი, ნებისმიერ სადავო საკითხში და მათ შორის, როცა ფინანსურ საკითხზე ვსაუბრობთ, უნდა იყოს დაზარალებული. ამ შემთხვევაში კი გაუგებარია, ვინ დაზარალდა? დაზარალებული მხარე, ფაქტობრივად, არ არსებობს. არც იმაზეა საუბარი, რომ ათი წლის წინანდელი ტრანზაქციით ბიუჯეტმა რამე დაკარგა, არც მეანაბრეები და აქციონერები დაზარალებულან. მაშინ საერთოდ რაზეა ლაპარაკი? უპირველესად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ მიჩნდება შეკითხვა: თუ მათი ბოლო გადაწყვეტილება უკავშირდება პროკურატურაში მიმდინარე პროცესებს, რატომ გადაწყვიტეს მხოლოდ ახლა თებერვალში, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკისთვის ჩამოეცილებინათ და რატომ არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებისთანავე, მით უფრო, რომ საქმე ფულის გათეთრებას შეეხება.

გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკი თვალს ადევნებს ყველა საბანკო ოპერაციას. 11 წლის დაგვიანებით ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება, როცა ფაქტია, რომ როგორც რეგულატორი, ყველა ტრანზაქციის საქმის კურსში ხარ, ეს მაინც უნდა ახსნა და დაასაბუთო.

ყოველწლიურად საერთაშორისო აუდიტი ეწყობა ბანკებში და ისინიც ამოწმებენ ყველა გადარიცხვას. დავუშვათ, წინა ხელისუფლება ხაზარაძეს ხელს აფარებდა, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება უკვე 7 წელია ხელისუფლებაშია და ახლა რატომ გაახსენდა ეს ყველაფერი? რაღაც ბევრი მძიმე კითხვა დაგროვდა და ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი კამპანიას, რის მიზანსაც, ალბათ, ჩვენც გავიგებთ, თუ ასე გაგრძელდება ყველაფერი. რას ნიშნავს საერთოდ ორთვიანი ვადა? კარგად იფიქრეთ და ამ ორ თვეში რასაც გთხოვენ, ის გააკეთეთო? ეს რაღაც ყვითელი ბარათის ჩვენებას ჰგავს ხაზარაძისთვის. რის მომცემია ეს ორი თვე და იქნებ აგვიხსნას, რა მოხდება ორი თვის შემდეგ? ცოტა ცუდი სიტყვაა, მაგრამ ამ საქმეში რაღაც მართლაც ძალიან ყარს. გასაგებია, რომ ხაზარაძე ახლა ძალიან აქტიური ვერ იქნება, მაგრამ ის მაინც გვითხრას, რას ითხოვენ მისგან ან წაუყენეს თუ არა რაიმე ულტიმატუმი. ის არის დარტყმის ობიექტი და მას აქვს უფლება, საჯაროდ ილაპარაკოს ამ პრობლემებზე. თუ ილუზია აქვს, რომ როგორღაც გადააგორებს ამ პრობლემას და ვინმეს რამეზე მოელაპარაკება, ვეტყოდი, რომ ასე ვერ მოხდება. ამიტომ, რაც სათქმელი აქვს, ჯობს დღესვე თქვას. ნებისმიერი დაგვიანებული დღე მხოლოდ დაამძიმებს მის მდგომარეობას. მისი საუკეთესო თავდაცვა იქნება გასაჯაროება იმ კულუარული თემებისა და ზეწოლის, თუ რამე ხდებოდა".