"თუ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, უნდა დაიწყოს მუშაობა ვაშინგტონთან" - მოვა თუ არა ხაზარაძე პოლიტიკაში?!
"თუ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, უნდა დაიწყოს მუშაობა ვაშინგტონთან" - მოვა თუ არა ხაზარაძე პოლიტიკაში?!
ფოტო:გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ხაზარაძე
"კარგ იურისტებს არ გაუჭირდებათ მოფიქრება, როგორ ჩამოაშორონ ანაკლიის პორტს მამუკა ხაზარაძე. ყველამ კარგად ვიცით, რა და როგორ მოხდა ანაკლიის ამბავში, არაფერი დამალულა... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, კვირიკაშვილი ანაკლიის პორტზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეეწირა"

აპირებს თუ არა მამუკა ხაზარაძე ბრძოლის გაგრძელებას? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამუკა ხაზარაძემ "თიბისი­ ბანკიდან" წასვლა გადაწყვიტა. ღია წერილში, რომლითაც მან საზოგადოებას მიმართა და გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა, ზოგმა ხაზარაძის გეგმებში პოლიტიკურ ველზე ბრძოლის გაგრძელების ალბათობა დაინახა.
ფაქტია, წერილში ის აკრიტიკებს ხელისუფლებას და ამბობს, რომ არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერისა და მისი მინისტრების ჩათვლით, შეხვედროდნენ და დაინტერესებულიყვნენ იმით, რაც ბანკისა და მისი დამფუძნებლის გარშემო ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს ხაზარაძემ თურმე პირადად მისწერა და დოკუმენტებიც გადაუგზავნა გასაცნობად, პასუხი
არავისგან მიუღია. ხაზარაძემ ამავე წერილში მკაცრად გააკრიტიკა რეგულატორი, როცა თქვა, რომ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. 26 თებერვალს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში ელოდებიან. ძნელი სათქმელია, რა განცხადებებს გააკეთებს ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ბანკირი საპარლამენტო ტრიბუნიდან, არ არის გამორიცხული, მის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა ხელისუფლების "ბოსტანში" აღმოჩნდეს.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:
- მამუკა ხაზარაძის ბოლო წერილი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ხელისუფლებისთვის იმის სათქმელად, რომ გაქცევას და დამალვას არ აპირებს და არც შეშინებულია. ხაზარაძე ამბობს, რომ ყველანაირად სცადა შეხვედრა ხელისუფლების წევრებთან, თუმცა უშედეგოდ; რომ ბანკიდან მიდის, მაგრამ რჩება ანაკლიის პორტის პროექტში. არადა, ვიცით, რომ ეს ამბავი მხოლოდ ანაკლიის პორტს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძემ ხაზი გაუსვა თავის გადაწყვეტილებას პორტში დარჩენის­ თაობაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი­ იყო იმედის გამოთქმა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ბოლომდე მიყვანა დასცალდება. ამ ნათქვამს შესაძლოა ბევრი ახსნა მოვუძებნოთ, დაწყებული ყველაზე მძიმე და ტრაგიკულით. მაგალითად, შესაძლოა ვინმეს არ ეყოს გონიერება, ავანტიურაზეც წავიდეს და ხაზარაძის სისხლისსამართლებ­რივი პასუხისმგებლობის საკითხიც წამოჭრას. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების არ იყოს, როცა ბანკის დამფუძნებლების სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. კარგი იურისტის ხელში ნებისმიერ საკითხს, როგორც ქოთანს, ყურს იქიდან მოაბამ, საიდანაც გინდა.

- გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურას "თიბისი ბანკის" საქმეზე გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით აქვს დაწყებული, რაც ქოთნისთვის ყურის სასურველი მხრიდან მიბმას უფრო არ გაამარტივებს?
- თუ საჭირო გახდა, კარგ იურისტებს­ არ გაუჭირდებათ მოფიქრება, როგორ ჩამ­ოაშორონ ანაკლიის პორტს მამუკა ხაზარაძე.
თინა ხიდაშელი
შესაძლოა პროკურატურაში საქმის გამოძიება გაგრძელდეს ისე, როგორც პროკურატურა აკეთებს ხოლმე, და საქმე სასა­მართლომდეც მივიდეს. მეორეა წმინდა წყლის ადმინისტრაციული "დაცდა" და ამასაც რომელიმე გონიერი იურისტის ხელით მოახერხებენ, მოითხოვენ ხაზარაძის ოფიციალურად ჩამოშორებას პორტიდან. მესამე ვარიანტიც არსებობს, რომელიც უფრო გრძელი გზაა, თუმცა თეორიულად შესაძლებელი: ხელისუფლებამ შესაძლოა იმდენად შელახოს ხაზარაძის რეპუტაცია, განსაკუთ­რებით ქვეყნის გარეთ, მის ინვესტორებსა და პარტნიორებთან, რომ თვითონ გახდეს იძულებული წავიდეს, რათა პროექტს საფრთხე არ შეექმნას. ეს ყველაზე გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება მაინცდამაინც დიდი მოთმინებით არ ხასიათდება. ასეთ გრძელვადიან გათვლებსა და სვლებს მისი უნარები ვერ გაუმკლავდება.
ხელისუფლებაზე ისე ვლაპარაკობთ, თითქოს ბევრ ადამიანზე ვსაუბრობდეთ. ამწუთას ბატონი "დირექტორი" იმხელა გაუგებრობაშია, იმდენი კვანძი შეკრა, რომ თავად­ გაიხლართა და თვითონაც არ იცის, რა გზას აირჩევს. ვფიქრობ, პროცესი, რომელიც ხაზარაძეს უკავშირდება, მთელი სიგრძე-სიგანით მასაც კი არა აქვს წარმოსახული და არ იცის, რა რის შემდეგ უნდა მოხდეს. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ ბრძოლის ეს რაუნდი ხაზარაძემ მოიგო, ასე ვთქვათ, ერთით ნული მამუკა ხაზარაძის სას­არგებლოდ.
დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ხაზარაძე სამე­თვალყურეო საბჭოდან არ წავიდოდა და სწორედ ამ ტალღაზე განაგრძობდა ხაზარ­აძის რეპუტაციის შელახვას. თუმცა გაცილებით უფრო მაღალი შეგნება და ღირებულებების პატივისცემა გამოავლინა მამუკა ხაზარაძემ, როცა ბანკის რეპუტაციას გაუფრთხილდა და თავისი სიმართლის დასაცავად ბრძოლას არ გადააყოლა. ამას ვერ წამოიდგენდა ივანიშვილი, რადგან­ ეს ისეთი ტიპის მოქმედებაა, რომელიც მისთვის­ უცხოა. ამიტომ სანამ ახალ გეგმას მოიფი­ქრებს, ალბათ, პაუზას აიღებს. თუმცა დროებითი სიჩუმე არ იქნება მომაბეზრებელი, რადგან პოლიტიკური ცხოვრება დატვირთულია ამბებით.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხაზარაძის ჩაძირვის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილისგან მოდის და სამიზნე ანაკლიის პორტია?
- ეს ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა, როცა თქვენი შეკითხვის პასუხად მოგვიყვა,­ როგორ "ალაგებდა" ურთიერთობებს მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის. იმ ფორმატისა და პირობების გათვალისწინებით, როცა ივანიშვილის ეს ინტერვიუ ჩაიწერა, საპრეზიდენტო არჩევ­ნები იყო და მისი ეს შეხვედრა ჟურნალისტ­ებთან სხვა ამოცანას ემსახურებოდა, ამაზე დიდი შეურაცხყოფა ძნელი წარმოსადგენია, რაც მან მაშინ ხაზარაძეს მიაყენა. ივანიშვილმა თქვა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ხანგრძლივი ისტორიის მქონე ბიზნესმენს საქართველოს სასამართლოებში დავა აუკრძალა, რომ თურმე ხაზარაძე არგუმენტებში ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო რეპუტაციის მქონე ადამიანთან დამარცხდა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ვანო ჩხარტიშვილის­ ფონზე. აქ ძალ­იან კარგად გამოჩნდა ყველაზე მთავარი - არა ის, თუ რას უპირებს "თიბისის", რას უპირებს ანაკლიას, ან სტრატეგიულად რა ხედვა აქვს ივანიშვილს, არამედ უფრო უარესი და მთავარი - მისი პიროვნული განწყობა და დამოკიდებულება­ მამუკა ხაზარაძის მიმართ. როცა სუბიექტური ფაქტორი ასეთი ძლიერია, რომ სრულიად უწყინარ შეკითხვაზე თავს ვერ იკავებ, უცებ ასეთი გულწრფელობა შემოგიტევს და ადამიანის მიმართ პიროვნულ ზიზღს, მიუღებლობას­ საჯაროდ აცხადებ, სავსებით ნათელია, რომ ამ ბრძოლას მარტივად არ დათმობს და ვერ შეეგუება ხაზარაძის გამარჯვებას.

- თუ ივანიშვილს ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება უნდა, რა უშლიდა ხელს თუნდაც­ კვირიკაშვილის პრემიერობისას? როგორც ამბობენ, მისი არაფორმალური გავლენის გარეშე­ არაფერი წყდებოდა და იმთავითვე არ დაუთმობდა მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტს.
- არც არაფერი გაუჭირდება კაცს, როცა ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს და მისი გავლენა ძლიერია, მაგრამ ეს იყო მომენტი, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა მოიგო. ყველამ კარგად ვიცით, რა­ და როგორ მოხდა ანაკლიის ამბავში, არაფერი დამალულა. რომ არა მაშინდელი პრემიერის­ სერიოზული მცდელობა, სწორედ ისე მოხდებოდა, როგორც თქვენ ამბობთ. მე არ ვიცი, რა ფორმით ლობირებდა, იბრძოდა კვირიკაშვილი და მივიდა ამ შედეგამდე, მაგრამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტ­ილება, რომელსაც შეეწირა კიდეც. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დატოვა. ღირდა ეს თუნდაც იმად, რომ დღეს გვყავს პრემიერი, რომელსაც მოსახლეობის 70% ვერ ცნობს. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებს­ ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები ეწირებიან. მეც მივიღე თავის დროზე გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილს ძალიან არ უნდოდა. 28 ივლისს ჩვენ მოვ­აწერეთ ხელი ტერიტორიული თავდაცვის საქმეში ამერიკული მხარის დახმარების შესახებ ხელშეკრულებას და 1-ლ აგვისტოს გადავდექი თანამდებობიდან. იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა კვირიკაშვილი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, კვირიკაშვილი ანაკლიის პორტზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეეწირა. სხვა დანარჩენი, რაც მის გარშემო ხდებოდა, იყო მხოლოდ მცდელობა, "დაებინძურებინათ" მისი გარემოცვა.
სცენარი ხომ ყოველთვის ერთნაირად ვითარდება: ვიღაცებს ააყეფებენ, ტელევიზიებით კომენტარებს დაარიგებენ, შენს ნერვებზე იწყებენ თამაშს, თუმცა მთავარი და ძირითადი, რა თქმა უნდა, სულ სხვა საკითხია, რომლის გამოც აშკარად ვერ გიტევენ.

- მაშინ გამოდის, სულ ტყუილად ჰქონია მამუკა ხაზარაძეს იმედი, რომ დასცალდება­ ანაკლიის პორტის პროექტში ყოფნა.
- მე ასე არ ვფიქრობ და უკვე თამამად­ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ ტყუილად აქვს ბიძინა ივანიშვილს რამის იმედი. არსებობს მოვლენების განვითარების ლოგიკა, რომელიც არასდროს დარღვეულა. ახლა მხოლოდ დროის ამბავია, როდის დაისმება წერტილი და რა გახდება ფაქტორი, რომელიც აიძულებს მას თავად წასვლას. ეს ყველაფერი უკვე ნერვების ბრძოლაა. ამიტომ ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა დრო უნდა მოიგოს იმ მხარემ, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობს და რომლის გადაწყვეტილებებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

- გამოდის, მამუკა ხაზარაძემ ბანკიდან წასვლით საკუთარ თავს ხელ-ფეხი გაუხსნა, რათა საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური ფრონტის ხაზზე გადავიდეს და იქიდან იბრძოლოს საკუთარი სიმართლისთვის?
- საქართველოში სხვადასხვანაირი ბიზნესმენები გვყავს, მათ შორის ისეთიც, ვინც თავად არის პოლიტიკაში, ვინც მეგობრობს პოლიტიკოსებთან (ამ შემთხვევა­ში პოლიტიკურ მეგობრობას ვგულისხმობ და არა პირად ურთიერთობებს), და პოლიტიკოსები, რომლებიც ამა თუ იმ პოლი­ტიკური ჯგუფების უკან დგანან. ხაზარაძე ჩამოთვლილი სამი ველიდან არასდროს არც ერთში არ ყოფილა. პოლიტიკით დაინტერესება მას არასდროს გამოუვლენია.

- არც ასეთ ვითარებაში ყოფილა ჯერ, როცა იძულებული გახდა 27 წლის წინ დაფუძნებული ბანკიდან წასულიყო...
- ჩემი ინფორმაციით, უარეს მდგომარეობაშიც ყოფილა წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ განსხვავება მოქმედ და წინა ხელისუფლებებს შორის ის არის, რომ ამ ხელისუფლებას არ ჰყოფნის გონიერება, საკუთარ ამბიციებს, მოწონება-არმოწონებას არ გადააყოლოს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ინტერესები. ჩვენ გვყავდა მოძალადე ხელისუფლება, სუპერკორუმპირებული ხელისუფლება, რა არ გვინახავს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ერთი კაცისგან შედგება, საქა­რთველოში არასდროს ყოფილა. ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი რამ დაეჯახა­ ერთმანეთს, ვიდრე შევარდნაძის ცნობილი­ ფრაზა რომ მოვიშველიო, "გოგი, დაყაჭე ფულები". ხაზარაძის ფული არ აინტერესებს დღეს ბატონ "დირექტორს", განსხვავებით ყველა წინა ხელისუფლებისგან. დღევანდელ "დირექტორს" აინტერესებს, რომ მამუკა ხაზარაძე არ იყოს იქ, სადაც არის.

- თუ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის დათმობაც მოუწევს, სხვა რა გზა რჩება­ გარდა პოლიტიკური ველისა?
- ჩვენ ხომ არ ვიცით, რას ფიქრობს­ ხაზარაძე? ის საკმაოდ მდიდარი კაცია, შეუძლია წავიდეს სეიშელის კუნძულებზე და იქ იცხოვროს. ეს იმ ტიპის მოვლენაა, რაც კი უნდა გითხრათ, ჩემი სურვილისა და ძალიან ჰიპოთეზურ-თეორიული ვარაუდის კომბინაცია იქნება. თუ ის ჩათვლის, რომ ჩიტი ბდღვნად ღირს, შესაძლოა ასეც გადაწყვიტოს. მისი განცხადება მაფიქრებინებს, რომ არ აპირებს ამ ყველაფრის გადაყლაპვას, ხოლო რა დოზით გამოიხატება ეს საჯარო ცხოვრებაში, ალბათ, ვნახავთ. მამუკა ხაზარაძესთან არასდროს მქონია ახლო მეგობრობა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს განსაზღვრული არჩევანი წლების წინ, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა და შემდეგ ამ საქმეში წარმატებული გახდნენ, ძალიან ძვირფასი არიან ჩემთვის. მათ რიგშია მამუკა ხაზარაძეც. სადაც უნდა იყოს, ის ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანიც, სასარგებლოც და ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ ის არ დაკარგოს. თუმცა თავად რა არჩევანს გააკეთებს, თქმა ძნელია.

- თუ ასეთი რეალურია საფრთხე, რომელიც ანაკლიის პორტს ემუქრება, რატომ არ ცდილობს ამერიკული მხარე საკუთარი ინტერესების დაცვას, ანაკლიის კონსორციუმში "თიბისი­ ჰოლდინგთან" ერთად ხომ ამერიკული­ "კონტი ჯგუფიც" არის?
- ამ ეტაპზე ყველა ხელისუფლების შემდეგ ნაბიჯს ელოდება. როცა რეგულატორი ამბობს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უნდა წავიდეს, ამ გადაწყვეტილების დაკმაყოფილება წმინდა წყლის იურიდიული ნაბიჯია. ახლა ვიღაც რომ გამოვარდეს ამერიკაში ან ბრიუსელში და ამის გამო სკანდალი ატეხოს, არ იქნება სწორი­. ამ ეტაპზე საკმარისია ჩვენი უცხოელი პარტნიორების ის პოლიტიკური­ განცხადებებიც, რაც "თიბისი ბანკის" შესახებ მოვისმინეთ. მას შემდეგ, რაც "თიბისიმ", ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რეგულატორის ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა, თუ ხელისუფლების ქმედებები არასასურველ ფორმებს მიიღებს, დარწმუნებული ვარ, დასავლეთის რეაქცია გაცილებით მკვეთრი იქნება. ამიტომ ვურჩევდი მამუკა ხაზარაძეს, თუ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, თუნდაც­ საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, მან უნდა დაიწყოს მუშაობა ვაშინგტონთან, რათა საშუალება არ მისცეს ხელისუფლების ლობისტებს, ისტორია გაუყალბონ.

ივანიშვილს
03 მარტი 2019 18:34
ტილს რომ ფეხზე დაისვამ თავზე აგაცოცდება. თვითონ რომ იქნები გასვრილი სხვას ვერ მოთხოვ.

რუბრიკის სხვა სიახლეები