”აგენტურა” - ბიზნესისთვის - კვირის პალიტრა

”აგენტურა” - ბიზნესისთვის

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოში პირადი საგადასახადო აგენტის ინსტიტუტი ამოქმედდა. ხელისუფლების განმარტებით, პირადი საგადასახადო აგენტი გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულების შესრულებაში დაეხმარება, მიმდინარე სიახლეებსა და საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობას გააცნობს.

თავის მხრივ კი ბიზნესი, საჯარო ინფორმაციის მიღებისა და ”ჩიქორთულით” დაწერილი კოდექსის განმარტებისთვის, შემოსავლების სამსახურს ფულს გადაუხდის. ”ძლიერნი ამა ქვეყნისანი” ირწმუნებიან, რომ ამ გზით სურთ საგადასახადო სამსახურებსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის გამარტივება. იმასაც ამბობენ, რომ პირადი საგადასახადო აგენტის დაქირავება ბიზნესისთვის ნებაყოფლობითია.

დეკლარაციის ფორმებისა და ანგარიშების სწორად შევსება ნებისმიერმა პროფესიონალმა ბუღალტერმა იცის. მსხვილი და საშუალო ბიზნესი კარგი ბუღალტრის მომსახურებაზე უარს ისედაც არ ამბობს. თუ ვინმეს ასეთი სახის დახმარება სჭირდება, პირველ რიგში, ეს მცირე ბიზნესია, მათთვის კი ექვს თვეში 2 ათასი ლარი საკმაოდ დიდი ფულია. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს ბიზნესის მხარდაჭერა და დახმარება სურდა, საგადასახადო აგენტის მომსახურება სულაც უფასოდ ან მინიმალური ფასად უნდა დაეწესებინა.

სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ საბაჟო და საგადასახადო საკითხების განმარტებისთვის შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბაზაზე ცხელი ხაზის სამსახური - 077. მაგრამ, როგორც ჩანს, სიტყვა ”აგენტს” მაინც სხვა დატვირთვა აქვს და აღარც სახელმწიფო უწყებებს ხიბლავთ მუქთა მომსახურება.

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ ხუთი კომპანია - ”ვისოლი”, ”სოკარი”, ”ბორჯომი საქართველო”, ”კვარციტი” და ”მადნეული” - პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით უკვე სარგებლობს. სხვა მეწარმეები ჯერჯერობით ფრთხილობენ, რაც უნდა იყოს, მაინც ”აგენტია”, თანაც ამ არაპროგნოზირებად გარემოში არავინ იცის, ვის როგორ შემოუტრიალდება საგადასახადოს ინსპექტორთან თანამშრომლობა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საგადასახადო კოდექსში ასევე 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა, ”წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის” წესია. ამ მომსახურების თანახმად, ფინანსთა სამინისტროსგან კომპანიის მიერ გამოთხოვნილ ახსნას კანონის ძალა ექნება. კომპანიებს, დავის წამოჭრის შემთხვევაში, სამინისტროსგან მიღებული წერილის მტკიცებულებად გამოყენებაც შეეძლებათ. ეს მომსახურება ფასიანია და იმ კომპანიებისთვის, რომელთა ბრუნვაც 5 მილიონ ლარამდეა, წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანა 5 ათასი ლარი ეღირება, ხოლო უფრო მსხვილი კომპანიებისთვის 30 ათასი ლარი დაჯდება. მოკლედ, ხელისუფლებამ ბიუჯეტის შევსების კიდევ ერთი წყარო იპოვა, ბიზნესს კი ახალი თავსატეხი გაუჩინა.

პაატა სალია (ადვოკატი): ”რაც შეეხება პირადი საგადასახადო აგენტის ინსტიტუტს, მიმაჩნია, რომ პრაქტიკაში ეს კარგი და მისაღებია. ის გადასახადის გადამხდელს ურთიერთობას უადვილებს შემოსავლების სამსახურთან. ეს ნიშნავს, რომ მეწარმეს საგადასახადო უწყებაში ეყოლება ადამიანი, რომელიც გარკვეული საზღაურის საფასურად და ხელშეკრულების საფუძველზე მოემსახურება მას. მართალია, ამ აგენტს არ ეკისრება გადასახადების ოდენობის განსაზღვრა, მაგრამ შეუძლია ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მეწარმეს, რათა ეს გადასახადები სწორად განისაზღვროს.

თუმცა ეს მომსახურება ფასიანია და ექვსთვიანი ხელშეკრულების მომსახურების ღირებულება 2 ათასი ლარია, რისი გადახდაც ყველას არ შეუძლია. ვფიქრობ, ამ სერვისით უფრო საშუალო და მსხვილი ბიზნესი ისარგებლებს. მაგრამ ეს ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ საგადასახადო აგენტი ბუღალტრისა და აუდიტის მოვალეობებს შეასრულებს.

ბიზნესს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ბუღალტერიც და აუდიტორიც. აქ ლაპარაკია უფრო ფორმალური ფუნქციის შესრულებაზე (მაგალითად, წერილებზე პასუხის გაცემა, დაჩქარებული წესით პასუხის მოპოვება სახელმწიფო უწყებისგან, ინფორმაციის მოპოვება და სხვ.). პირადი აგენტი გაამარტივებს კომუნიკაციას საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის. დღესაც ხშირია შემთხვევა, როცა საგადასახადო ორგანოსგან ოფიციალურ წერილზე პასუხის, საჯარო ინფორმაციის მიღება ჭიანურდება. როცა ბიზნესმენს ძალიან ეჩქარება პასუხის მიღება, ამ შემთხვევაში ალბათ პირადი აგენტის მომსახურებით ისარგებლებს.

წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის წესზე ცოტა განსხვავებული მოსაზრება მაქვს და არ მიმაჩნია, რომ ეს პროგრესული ნაბიჯია. როცა ბიზნესმენს რაღაც კითხვაზე პასუხი სჭირდება, მან ეს პასუხი სწრაფად უნდა მიიღოს. წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისთვის მაქსიმალური ვადა 60 დღით არის განსაზღვრული. ორ თვეში მიღებული პასუხი შესაძლოა კომპანიისთვის უკვე დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ყველაზე ცუდი კი აქ ის არის, რომ ეს ქმნის დიფერენცირებული მიდგომის საშუალებას, რაც შესაძლოა კორუფციის წყაროც გახდეს. მართალია, გადაწყვეტილებას ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს და ხელს აწერს, მაგრამ არ არის გამორიცხული, თუ მრავალი ასეთი მოთხოვნა იქნა, შეცდომები გაიპაროს, ან კომპანიების პრივილეგირება მოხდეს და ერთი და იგივე ოპერაციისთვის ”სასურველ ბიზნესმენს” ექნეს სხვა პირობები, სხვანაირად დაუბეგრონ ოპერაცია და ”არასასურველს” - სხვანაირად. ეს ცვლილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკურ იარაღად.

კანონში არის დათქმა, რომ წინასწარი გადაწყვეტილება არ გავრცელდება გადასახადის გადამხდელზე, თუ რაღაც ინფორმაცია არასწორია ან არასრულია. ზოგადად არასრული ინფორმაცია ძალიან ბუნდოვანი განმარტებაა. შესაძლოა საგადასახადო ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ თქვას, რომ ამას კანონის ძალა არ აქვს არასწორი ინფორმაციის გამო და სხვაგვარად დაბეგროს გადასახადის გადამხდელი. ან სულაც დააჯარიმოს”.

ირაკლი შავიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): ”მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა და შესაძლებლობა მიეცა, რომ გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა, მიიღოს დამატებითი შემოსავლები. სწორედ ამისთვის შეიქმნა პირადი საგადასახადო აგენტის ინსტიტუტი, რომ შემოსავლების სამსახურმა ამაშიც ფული აკეთოს. ბიზნესიდან ამოღებული ეს ფულიც ბიუჯეტში შევა.

გადასახადის გადამხდელები იძულებული იქნებიან, ისარგებლონ პირადი აგენტის მომსახურებით. საგადასახადო ჯერ მივა მეწარმესთან, დაარიცხავს განსაზღვრულ თანხას და შემდეგ პირად საგადასახადო აგენტს მიუჩენს, რათა მასთან ურთიერთობა მოაგვაროს. ეს ახლა უწოდეს პირადი აგენტი, თორემ ასეთი სქემით შემოსავლების სამსახური უკვე დიდი ხანია მუშაობს.

მომსახურების საფასური იმგვარად არის დაწესებული, რომ მისი გადახდა ძალიან გაუჭირდება წვრილ მეწარმეს. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ეს სექტორი თითქმის მთლიანად ხელისუფლების მიერ კონტროლდება. ამ მეთოდით წვრილი მეწარმე იზღუდება და ასეთი ღონისძიებების შედეგად გაკოტრების პირას მიდის. ეს კიდევ ერთი ხელშეწყობაა მონოპოლიებისთვის”.

გოგი თოფაძე (ბიზნესმენი): ”მე, მაგალითად, არ ვაპირებ ამ აგენტის აყვანას. ჩემი აუდიტები, რომლებიც არანაკლებ კომპეტენტური არიან, მშვენივრად ართმევენ თავს ყველაფერს. ჯერ ჩამოყალიბდეს კოდექსი საბოლოო სახით, გავაანალიზებ, რა ღირს და რა - არა. სასიკეთოს რომ არაფერს მოიგონებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ხელისუფლებას ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის ფინანსურიც. ამიტომაც სჭირდება ახალი რეპრესიები მეწარმეებისთვის და ფულის აკრეფა ბიზნესიდან.

კოდექსისა და საგადასახადო სისტემის ასეთი ხშირი ცვლა მეწარმეს არ აძლევს რამის დაწყების შესაძლებლობას. საწარმოო ბიზნესი, სულ მცირე, 3-4 წლიანი პროგრამაა, ამ ხნის განმავლობაში კი კანონი შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს, მათ შორის მეწარმის საწინააღმდეგოდაც. ეს ბიზნესს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს”.

ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივება იყო. ნებისმიერი კანონი, მათ შორის გადასახადების შესახებ, ისე უნდა იყოს დაწერილი, რომ შტატიან კომენტატორებს არ უნდა საჭიროებდეს.

ახლა კი ხელთ სამოხელეო ბიზნესი გვრჩება - ბიუროკრატიული აპარატის სიდიდე და კანონის მუხლების არაერთგვაროვანი წაკითხვის შესაძლებლობა ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს ისევ ბიუროკრატიულ სისტემაში. დაქირავებული ბიუროკრატი ბიზნესს მოუგვარებს ბიუროკრატისავე მიერ შექმნილ ბიუროკრატიულ პრობლემებს, ხოლო კომენტატორები გვარიანი საზღაურის სანაცვლოდ განმარტავენ იმას, რაც წესით ისედაც ნათელი უნდა იყოს...