რეკლამით მოტყუებული აბონენტები - კვირის პალიტრა

რეკლამით მოტყუებული აბონენტები

სატელეფონი კომპანიებმა ერთმანეთზე საჩივრებით აბონენტები ახეირეს

მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე ბოლო დროს ბევრი სიახლეა. კომპანიები აბონენტების მისაზიდად ახალ-ახალ ინიციატივებს მიმართავენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მობილური ოპერატორები სარეკლამო რგოლებით ზოგჯერ მომხმარებელს ატყუებენ, რისთვისაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მათ სანქციები და ჯარიმები დააკისრა.

"ეკოპალიტრა" კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროს კახი ყურაშვილს ესაუბრა.

- საიდან წამოვიდა კომპანიებისთვის სანქციების დაკისრების იდეა, ვინმემ მოგმართათ, თუ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა?

- კომისიას ნებისმიერი სამაუწყებლო რეკლამის მონიტორინგის კომპეტენცია აქვს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შპს"მაგთიკომმა" საჩივარი შემოიტანა. ის უკავშირდებოდა შპს"მობიტელის" მიერ მომხმარებლის შეცდომაში შემყვან რეკლამას. შპს"მობიტელის" ბრენდ"ბილაინს" ჰქონდა ასეთი რეკლამა -"დარეკე ყველა მიმართულებით 9 თეთრად, ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ამა და ამ ნომერზე".

"მაგთიკომის" ინფორმაციის გადამოწმებისას კომისიამ გამოარკვია, რომ"ბილაინის" აბონენტებს კალენდარული დღის განმავლობაში ერთხელ საუბრის პირველ ორ წუთზე ერიცხებოდათ 18 თეთრი, რაც რეკლამაში არ იყო მითითებული. ეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა იყო.

- კომპანია დაჯარიმდა?

-"მობიტელის" მიმართ გამოყენებულია სანქცია. იმის გამო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამე სხვა დარღვევა არ ჩაუდენიათ, კანონის მიხედვით პირველი სანქცია არის გაფრთხილება, მაგრამ არა ფინანსური.

- კომპანია აღიარებს სანქციის მართლზომიერებას?

- აღიარებს, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა და კომისიის ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თუ"მობიტელი" მსგავს ქმედებას განახორციელებს, მის მიმართ უკვე გამოყენებული იქნება ფინანსური სანქცია, ანუ ჯარიმა.

სანქციის დადების შემდეგ თავად"მობიტელიც" დაინტერესდა კონკურენტი კომპანიების საქმიანობით და ახლა მან შემოიტანა საჩივარი, რომელიც უკვე"მაგთიკომს" უკავშირდებოდა."მაგთიკომის" რეკლამაში იყო ასეთი ტექსტი:"გრანდიოზული ფასდაკლება! დარეკე სხვა ქსელში 18 თეთრად, ზარის წამოწყების ფასი 10 თეთრი, ქსელის შიგნით კი 5 თეთრი". კომისიამ გამოიკვლია"მობიტელის" საჩივრის საფუძველზე და აი, რა გამოვიდა:

თუ ძველი ტარიფით დარეკავდი სხვა ქსელში და ილაპარაკებდი 10 წამს, ამ 10 წამისთვის დაგერიცხებოდა თანხა 4,8 თეთრი, ხოლო 20-წამიან ზარზე უნდა დაგრიცხვოდა 9,6 თეთრი;

თუ"მაგთიკომის" ქსელიდან სხვა ქსელში დარეკავდი ახალი ტარიფით, ანუ 28,8 თეთრის ნაცვლად შემოთავაზებულ 18 თეთრად (ზარის წამოწყება 10 თეთრი და ერთი წუთი 8 თეთრი – სულ 18 თეთრი), როცა თითქოს მნიშვნელოვნად იყო ტარიფი გაიაფებული, 10-წამიანი ზარის საფასური გამოდიოდა 10,83 თეთრი, 20-წამიანი ზარი კი 9,6 თეთრი კი არ გამოდიოდა, არამედ 11,67 თეთრი.

ფაქტობრივად, გაძვირება გამოდიოდა, ოღონდ თუ სატელეფონო ზარი გრძელდებოდა 56 წამამდე. თუ დიდხანს ილაპარაკებდა, აბონენტს წუთი 28,8 თეთრზე ნაკლები დაუჯდებოდა.

მაგრამ როცა ვნახეთ მათი ტრაფიკი, გამოვარკვიეთ, რომ გარე ქსელში განხორციელებული ზარების 80% არის 56 წამამდე. ანუ შემთხვევების 80%-ში მომხმარებელს მომსახურება უძვირდებოდა. შიდა ქსელში კი ზარების 48% არის 26 წამამდე ხანგრძლივობისა. შიდა ქსელში 26 წამი ის ზღვარია, რა დრომდეც ტარიფი გაძვირებული გამოდის. ხოლო რეკლამა გევეუბნებოდა, ჩაერთეთ"მაგთიში" და მიიღეთ გრანდიოზული ფასდაკლებაო, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

"მაგთიკომმა" გამოიყენა მომხმარებლის გაუთვითცნობიერებლობა. მომხმარებელთა უმრავლესობამ არ იცის, რომ დადგენილია წამობრივი სიზუსტით დამრგვალება. ფასებს აცხადებენ წუთობრივად, მაგრამ თუ ადამიანმა 11 წამი ილაპარაკა, შესაბამისი თანხა უნდა დაერიცხოს. ამ სისტემის უცოდინარობა გამოიყენეს და გამოდიოდა, რომ ზარების 80%-ზე გარე ქსელში და 26%-ზე შიდა ქსელში"მაგთიმ" მომსახურება გააძვირა.

- ამის გამო"მაგთიკომი" კომისიამ დააჯარიმა?

- მისთვისაც პირველი სანქცია იყო და ამიტომ მხოლოდ გააფრთხილა.

სხვათა შორის, წამობრივ დამრგვალებას არ ახდენდა"ჯეოსელი"ლაი-ლაის" აბონენტებისთვის, როცა წუთობრივი ტარიფი 12 თეთრია. თუ ილაპარაკებდა 30 წამს, აბონენტს დაერიცხებოდა 6 თეთრი, მაგრამ თუ ილაპარაკებდა 31 წამს, ამრგვალებდა 5 წამის სიზუსტით და უკვე 35 წამის შესაბამისი თანხა ერიცხებოდა. რაც ასევე დარღვევაა. კომისიამ სანქცია დაადო და დაუყოვნებლივ მოსთხოვა"ჯეოსელს", უზრუნველყოს წამობრივი სიზუსტით აღრიცხვა და არავითარი 5 წამით დამრგვალება. კომისიამ ამისთვის კომპანია გააფრთხილა.

წამობრივი აღრიცხვის მოუწესრიგებლობის გამო"ჯეოსელი" უკვე გაფრთხილებული იყო, როდესაც ჯერ"მობიტელმა" და შემდეგ"მაგთიმაც" შემოიტანეს საჩივარი"ჯეოსელის" წინააღმდეგ.

გვითხრეს, რომ რეკლამა –"აიღე"ლაი-ლაის" სასტარტო პაკეტი 2 ლარად და მიიღე უფასოდ 5000 ეს-ემ-ესი", არ შეესაბამებოდა სიმართლეს. გამოვიკვლიეთ და გაირკვა, რომ 5000 ეს-ემ-ესი მართლაც გეძლევა საჩუქრად, სასტარტო პაკეტს რომ ჩაირთავ და 2 ლარს გადაიხდი, სიმბარათს 2 ლარის სასაუბრო დრო მოჰყვება, მაგრამ ავტომატურად 5000 ეს-ემ-ესს აბონენტს არ ჩუქნიან.

მოჰყვება მხოლოდ 1000 ეს-ემ-ესი. ხოლო 5000 ეს-ემ-ესს აბონენტი მაშინ მიიღებს, თუ ოთხჯერ მაინც შეავსებს ანგარიშს 5 ან მეტი ლარით. ეს პირობა კი არსებითია, რომელიც რეკლამაში უნდა იყოს მითითებული. სხვაგვარად მომხმარებელი შეცდომაში შედის. რადგან"ჯეოსელს" წამობრივი აღრიცხვის გამო გაფრთხილება უკვე ჰქონდა მიღებული, ამ რეკლამის გამო კომისიამ 30.000 ლარით დააჯარიმა.

- რამდენიმე წლის წინ, 30-წამიანი დამრგვალებაც არსებობდა. როდიდან არიან კომპანიები ვალდებული, საუბრის საფასური წამის სიზუსტით აღრიცხონ?

- ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტშია გათვალისწინებული, რომელიც კომისიამ 2004 წელს მიიღო.

- წამობრივი დამრგვალების მოთხოვნა მხოლოდ ადგილობრივ ზარებზე ვრცელდება თუ საერთაშორისო ზარებზეც?

- რაც შეეხება საერთაშორისო ზარებსა და ფიქსირებული ტელეფონებით მომსახურებას, იქ ვალდებულება წამობრივი სიზუსტით დამრგვალების თაობაზე არ წერია. თუმცა მალე რეგლამენტში ცვლილება შევა. ფიქსირებული სატელეფონო კომპანიებისთვისაც და საერთაშორისო ოპერატორებისთვისაც წამობრივი დამრგვალება ისევე სავალდებულო ხდება, როგორც მობილური კავშირისთვის.

-"ჯეოსელი" თუ აღიარებს, რომ ვალდებულებები არ შეასრულა და სამართლიანად დაჯარიმდა?

-"ჯეოსელმა" 5-წამიანი დამრგვალების შესახებ დადებული სანქცია გაასაჩივრა. რაც შეეხება 5000 ეს-ემ-ეს-ის ჯარიმას, არ ვიცით, გაასაჩივრა თუ არა."ჯეოსელის" წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ"წამობრივი დამრგვალება" 1 წამის სიზუსტით დამრგვალებას არ ნიშნავს. მათი პოზიციაა, რომ წუთამდე რამდენი წამითაც გაუხარდებათ, იმდენი წამით დაამრგვალებენ. ვნახოთ, სასამართლო რას გადაწყვეტს.

როცა კომისიის გადაწყვეტილება"ჯეოსელს" ჩაბარდება, თუ მეორე სამუშაო დღიდან არ ამოიღებს რეკლამას 5000 ეს-ემ-ეს-ის ჩუქების თაობაზე, გამოვა, რომ კომისიის გადაწყვეტილებას არ ასრულებს. ეს კი ცალკე დარღვევაა. ამისთვის გათვალისწინებულია ცალკე 90.000 ლარიანი ჯარიმა.

- აბონენტები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ კომპანიები ზედმეტად აჭრიან თანხას საუბრის თუ ეს-ემ-ესის გაგზავნის დროს. კომისიას თუ აქვს დარღვევების გამოვლენის საშუალება?

- თუ აბონენტი მოითხოვს ანგარიშს, ანუ ბილინგს, კომპანია ვალდებულია მიმდინარე თვის განმავლობაში განხორციელებულ ზარებზე ინფორმაცია უფასოდ გასცეს. ეს ვალდებულება ყველა კომპანიას აქვს. რაც შეეხება ყველა ზარის მონიტორინგს, კომისიას ფიზიკურად არ აქვს ამის შესაძლობლობა. მაგრამ თუ კონკრეტული საჩივარია შემოსული განუხორციელებულ ზარზე საფასურის დარიცხვაზე, მაშინ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის მეშვეობით კომისია ამ დავებს განიხილავს.

- განუხორციელებულ ზარზე რამის დამტკიცებას მომხმარებელი პრაქტიკულად ვერ ახერხებდა..

- მტკიცებულების თვალსაზრისით, დღესაც ვერ გაგახარებთ. ეს არის ბილინგი. ადრე იყო ასეთი მაგალითი: გაქვთ პრეტენზია, რომ არ დაგირეკავთ, ვთქვათ, ულან-უდეში და 4 ლარი კი დაგერიცხათ. თუ იჩივლებდით, სატელეფონო კომპანია მოგცემდათ ამონაბეჭდს, სადაც მითითებული იყო, რომ თქვენ მართლაც გაქვთ ნალაპარაკები ულან-უდესთან.

ამჟამად თითოეული ოპერატორი, მათ შორის ლოკალური ქსელისაც, ვალდებულია, კომისიაში გასული თვის ტრაფიკი CD-ზე ჩაწერილი წარმოადგინოს. კომისიას უკვე შეუძლია, ოპერატორთან მიმართვის გარეშე გადაამოწმოს ზარი, მაგრამ თუ ის კომისიისთვის მიწოდებამდეა ტრაფიკში შეტანილი, ფაქტობრივად, გამოვლენის ბერკეტი არ რჩება.

თემურ იობაშვილი