რატომ არ დადებულა ჯერ კონტრაქტი სასაქონლო ბირჟაზე - კვირის პალიტრა

რატომ არ დადებულა ჯერ კონტრაქტი სასაქონლო ბირჟაზე

საბირჟო ვაჭრობით შესაძლოა სასაქონლო მონოპოლისტებისთვის გვერდის ავლაც მოხერხდეს

16-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში სასაქონლო ბირჟა გაიხსნა, მაგრამ დაბალი აქტივობის გამო ბროკერებმა ვაჭრობა ჯერ ვერ გამართეს. როგორც ბირჟის დირექტორი ალექსანდრე გორგიჯანიძე ამბობს, მხოლოდ მოთხოვნები დაფიქსირდა და არაფერი გაყიდულა. ამ ეტაპზე უკრაინიდან, ბელორუსიასა და რუსეთიდან მოთხოვნებია თხილზე, დაფნის ფოთოლსა და ციტრუსზე.

ბირჟაზე ვაჭრობის პროცედურა ამგვარია: მყიდველის ბროკერები სასაქონლო ბირჟაზე ქართველ კოლეგებს უკავშირდებიან და პროდუქტის ფასზეც და მოცულობაზეც ისინი თანხმდებიან. ვაჭრობა სასაქონლო ბირჟაზე, რომელიც მუხიანში, სავაჭრო ცენტრშია განთავსებული, ყოველ სამშაბათს უნდა გაიმართოს.

ალექსანდრე გორგიჯანიძე (სასაქონლო ბირჟის დირექტორი): "ყველაზე დიდი მოთხოვნა დაფნის ფოთოლზეა. ადგილობრივებმა მოგვმართეს, რომლებსაც დაფნის ფოთლის გატანა უნდათ, მაგრამ ძირითადად შუამავლები მოდიან და თავიანთ კონკრეტულ ფასსაც ვერ გვეუბნებიან. სურთ, მოვუძებნოთ თხილის მყიდველიც, მაგრამ რა ხარისხის პროდუქტი აქვთ და რა ფასად ყიდიან, ეს ვერ დაგვიკონკრეტეს.

ამის გარეშე ბროკერი მყიდველ მხარესთან ვერ შეთანხმდება. ამიტომაც გარიგებები ბირჟაზე ჯერ არ დადებულა. ერთი რეალური კომერციული წინადადება თხილზე შემოვიდა. ერთ-ერთ ინდმეწარმეს 20 ტონა თხილი აქვს ზუგდიდში გასაყიდი. მყიდველიც არის, მაგრამ ჯერ ჩვენმა ექსპერტმა უნდა ნახოს, რა ხარისხის, რა სახეობის თხილია. თუ ხარისხი მყიდველის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, შემდეგ ის ჩვენ დაგვაჯარიმებს.

რამდენიმე დღის წინ პერმში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დაგვიკავშირდა, რომელსაც სურს, საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანოს -ქართული ტყემალი, აჯიკა, ყველანაირი მურაბა. მაგრამ რუსეთის მხარე საბაჟოზე სპეციალურ სერტიფიკატს ითხოვს, რომელიც საქართველოში არ გაიცემა. ამიტომ რუსეთში ექსპორტი აზერბაიჯანის ან სომხეთის გავლით უნდა განხორციელდეს. ეს კი პროდუქციას აძვირებს. ბიზნესმენი ხარჯებს დაითვლის და ალბათ შემდეგ დაგვიკავშირდება.

ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ საქონლის ადგილზე ჩატანა არ მოუწევთ.

ვაჭრობა ორივე მხარის ბროკერებმა უნდა გამართონ. ბირჟაზე ვაჭრობას ის პლუსი აქვს, რომ ე.წ. გადაგდების პროცენტი ნულამდე დადის. ბირჟაზე ვერავინ ივაჭრებს ფალსიფიცირებული პროდუქტით. ბირჟის ექსპერტი წინასწარ ამოწმებს საქონელს, მან უნდა დაადასტუროს, რომ ის სტანდარტებს შეესაბამება.

ორიოდე თვის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ მოგვმართა, რომელსაც შაქარი ჰქონდა შემოტანილი და რეალიზაციას ვერ ახერხებდა იმის გამო, რომ ბაზარზე მონოპოლისტი უშლიდა ხელს, ქსელში შეტანის საშუალებას არ აძლევდა. პარტია დიდი არ იყო, 5 ტონა, მაგრამ მისი გაყიდვა გაუჭირდა და დახმარება გვთხოვა. მაშინ ბროკერები არ გვყავდა და შაქარი ბირჟაზე ვერ გავიტანეთ.

მერე იმპორტიორმა პარტია დაანაწილა და ბაზარში გაყიდა. ასეთივე მონოპოლისტებს აქვთ ხელში ჩაგდებული მედიკამენტების, ნავთობისა და ნებისმიერი საქონლის ბაზრები. იმის გამო, რომ ჩვენთან სასაქონლო ბირჟა არ მუშაობს, ბაზარიც მონოპოლისტების ხელშია და ცვლილებაც არ ხდება.

ბუდაპეშტის ბირჟაზე 5 დოლარად რომ იყიდება, იმ მედიკამენტს მონოპოლისტი აფთიაქები აქ 15 დოლარად ყიდიან. ჩვენ შეგვიძლია ის უფრო იაფად შევისყიდოთ და ჩამოვუტანოთ, თუ შეკვეთა იქნება.

სულაც არ არის აუცილებელი, მეწარმე წავიდეს და თვითონ ჩამოიტანოს, 10 კაცი შეიძლება შეგროვდეს, გააკეთოს განაცხადი და ჩვენი ბროკერები შეუძენენ საქონელს იმ ბროკერებისგან, რომლებიც იქაურ ბირჟაზე ვაჭრობენ. იმედებს ვამყარებთ გამოფენაზე, სადაც ველოდებით სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის მწარმოებლებს, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შანსი მიეცემათ. მათ საიჯარო ქირას არ ვახდევინებთ".

სასაქონლო ბირჟა საქართველოში 16 წლის წინ შეიქმნა. იმ ხანად თბილისში სულ სამი სასაქონლო ბირჟა მუშაობდა -"კავკასიის ბირჟა", საავტომობილო ბირჟა "მერკური" და ღვინისა და ჩაის ბირჟა. ამ უკანასკნელმა რამდენიმე ვაჭრობა გამართა და დაიხურა. დანარჩენებმაც მალევე შეწყვიტეს არსებობა.

ნონა ქვლივიძე