"ბაზისბანკისა" და USAID-ის პირველი ერთობლივი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის - კვირის პალიტრა

"ბაზისბანკისა" და USAID-ის პირველი ერთობლივი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის

"ბაზისბანკსა" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად "ბაზისბანკი" USAID-ისგან 6 მილიონი აშშ დოლარის პორტფელის 50%-ის გარანტიას მიიღებს. გარანტიის ვადა 4 წელია, პროექტი კი მიმართულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის.

უკვე ცნობილია, რომ გარანტიის ფარგლებში არსებული პორტფელის 35% სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდება.

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან "ბაზისბანკის" საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ მაღალი ტემპია საკრედიტო პორტფელის ზრდისთვის. ბანკში აცხადებენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა მათთვის პრიორიტეტულია, მაგრამ უნივერსალური პროფილიდან გამომდინარე ყურადღებას არც სხვა მიმართულებით მოადუნებენ, მათ შორის კორპორატიული და საცალო დაკრედიტების თვალსაზრისით.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტად აქტიური იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელშეწყობაში. პირველი ერთობლივი პროექტის ხელშეკრულებას "ბაზისბანკის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ცაავამ და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლიმ მოაწერეს ხელი.

დავით ცაავა ("ბაზისბანკის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი): "ძალიან საინტერესო ეტაპი დადგა "ბაზისბანკის" განვითარების ისტორიაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ დაფინანსება იმ სფეროებში, რაც პრიორიტეტულია ბანკისთვის. ეს კი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება გახლავთ, რათა კიდევ უფრო ხელსაყრელი და წარმატებული გახდეს მათთვის ჩვენთან თანამშრომლობა.

ამის გაკეთება კი უპირველეს ყოვლისა შესაძლებელი გახდა აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად. უფრო კონკრეტულად კი ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება 4 წლის ვადით, 6.000.000 ამერიკული დოლარის მოცულობის თანხაზე და USAID-იმ აიღო საკრედიტო რისკის 50% თავის თავზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამარტივებული პირობებით გავცეთ სესხები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განვითარების გარკვეულ ეტაპზე ესა თუ ის ბიზნესი გარკვეული სირთულეები წინაშე აღმოჩნდება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, USAID-თან ერთად, ერთობლივად გადავჭრათ აღნიშნული პრობლემები.

მეორე მხრივ, ეს ხელშეკრულება შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტი განაცხადი განვიხილოთ და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი პროდუქტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. იმ მომხმარებელს, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დღეს ვერ აკმაყოფილებდა ბანკის მიერ წაყენებულ პირობებს, ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ თანხები თავისი ბიზნესის განვითარებისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება პრიორიტეტულია ბანკისთვის.

დღეს ჩვენი კლიენტების დაახლოებით 50% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესით არის წარმოდგენილი და მომავალშიც ვგეგმავთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით, რათა კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ამ სეგმენტს თავისი საქმიანობის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ჯონათან კონლის და უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამ მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული და შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში სხვა საინტერესო პროექტებიც შევთავაზოთ მომხმარებლებს და ამით ხელი შევუწყოთ აღნიშნული სექტორის განვითარებას საქართველოში."

ჯონათან კონლი (USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი): "ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს სახელით. ეს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ჩვენთვის. ჩვენ ვიწყებთ ახალ პარტნიორულ ურთიერთობას "ბაზისბანკთან". მოგეხსენებათ, რომ ის სასესხო გარანტია, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ "ბაზისბანკს", საშუალებას მისცემს ბანკს გაზარდოს იმ სესხების რაოდენობა, რომელსაც ისინი გასცემენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. დასაწყისისთვის ეს იქნება დაახლოებით 6 მილიონი დოლარის ოდენობის პორტფელის გარანტია, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში პორტფელის მოცულობა 9 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ეს პროექტი უშუალოდ მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და მოგეხსენებათ, რომ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის მეშვეობით ხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში. ამიტომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. "ბაზისბანკი" თავისთავად ძლიერი ორგანიზაციაა და ლიდერია საბანკო სექტორში, ამიტომ ჩვენ მოხარული და ამაყნი ვართ, რომ გვაქვს საშუალება, ვითანამშრომლოთ "ბაზისბანკთან".

თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ იმ სესხებისა, რომლებიც ამ გარანტიით გაიცემა და რა სახის ბიზნესი ისარგებლებს ამ სასესხო გარანტიით.

მაგალითად მცირე ან საშუალო ბიზნესი, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტზე და თავისი პროდუქტი გააქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც საშუალო ზომის ბიზნესს სჭირდება შეიძინოს ახალი ტექნოლოგიები ან განაახლოს უკვე არსებული დანადგარები და ამისთვის სჭირდება სესხი. შესაძლოა სესხის აღება დასჭირდეს მცირე ბიზნესს, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული და ფული სჭირდება იმისთვის, რომ გაარემონტოს ან განაახლოს თავისი სასტუმრო. სესხის გაცემა უფრო მცირე მოცულობის პროექტებზეც მოხდება. მაგალითად სოფლის მეურნეობის და აგრარულ პროექტებზე.

სწორედ ასე შეუძლია "ბაზისბანკს", დაეხმაროს მოსახლეობას, რათა გაიუმჯობესონ თავიანთი პირობები. ვაძლევთ რა "ბაზისბანკს" ამ სასესხო გარანტიას, ჩვენ ვინაწილებთ რისკს რის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს ბანკი. თუმცა ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ არც "ბაზისბანკს" და არც სხვა ბანკებს საქართველოში აღარ დასჭირდებათ რისკების დაზღვევა მსგავსი გარანტიებით. მაგრამ მანამ, სანამ ეს დრო დადგება, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ "ბაზისბანკთან", რათა საქართველოში დაცული იყოს მომავალი და ბიზნესის განვითარებისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი."

R